ბრძანება N 2169
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2169
03 თებერვალი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 8 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვარს (ოქმი №8) გამართულ სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 იანვრის №26295/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 8 სექტემბრის №140164/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №050-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ დასაბეგრი შემოსავლების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საწარმოს დებიტორული დავალიანება. კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემოსავლების დასადგენად საწარმოს მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებით ისარგებლეს, მაგრამ დებიტორული დავალიანების განსაზღვრისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ფინანსური ანგარიშგების მონაცემები არ იქნა გათვალისწინებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 13 აგვისტოს №18269 ბრძანება და 14 აგვისტოს №050-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 970 000 ლარი, მათ შორის გადასახადი 539 645 ლარი, ჯარიმა 255 119 ლარი და საურავი 175 236 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 17 ნოემბრის №25150 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 19 ივნისის №13133 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №050-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 5 იანვრის №26295/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ნოემბრის №25150 ბრძანება და საჩივარი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 იანვრის №26295/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 იანვრის №26295/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან საბჭოს სხდომაზე მხარეთა განმარტებით, შესაძლოა არსებობდეს ისეთი მტკიცებულებები, რომელმაც გავლენა მოახდინოს დებიტორული დავალიანების ნაშთის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე, აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს შემოსავლების სამსახურის მიერ, რისთვისაც ამ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მანქანის ზეთებისა და ფილტრების იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია საქონლის იმპორტს ახდენდა ბელგიიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან, ხოლო საქონლის რეალიზაცია ხდებოდა „-------“-ის რაიონის სოფელ „-------“-ში. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც კომპანიას არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ ჰქონდა საქონლის, დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა 1 194 577 ლარის სმფ-ები (მოგების გადასახადის დეკლარაციისა და ფინანსური ანგარიშგების მიხედვით), ხოლო შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა 352 571 ლარის სმფ-ები. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 1 986 472 ლარს, საიდანაც დოკუმენტური რეალიზაციაა 1 384 388 ლარი. კომპანია 2023 წლის ნოემბრის შემდგომ აღარ საქმიანობდა და ამასთან, 2025 წლის პირველი თებერვლიდან გაუქმებული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხვა ნაწარმოები და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან არ ხდებოდა კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იშიფრებოდა საწყისი საქონლის ნაშთი სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში, ასევე არ იდენტიფიცირდებოდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მიღებული შემოსავალი, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნტქტის შესაბამისად და შემოსავლები განსაზღვრა არაპირიდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საწყისი სმფ-ებისა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც დაყოფილ იქნა კატეგორიებად და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებაზე, კატეგორიის ჭრილში, გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (საშუალოდ 73%). შედეგად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, გაზრდილი შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასხადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, დასაბეგრი შემოსავლების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საწარმოს დებიტორული დავალიანება.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ნაშთის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ნაშთის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით,შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ დასაბეგრი შემოსავლების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული საწარმოს დებიტორული დავალიანება.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა მანქანის ზეთებისა და ფილტრების იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.კომპანიას არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები,ამასთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ ჰქონდა საქონლის, დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთი. კომპანიას 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა 1 194 577 ლარის სმფ-ები,ხოლო შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა 352 571 ლარის სმფ-ები. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 1 986 472 ლარს, საიდანაც დოკუმენტური რეალიზაციაა 1 384 388 ლარი. კომპანია 2023 წლის ნოემბრის შემდგომ აღარ საქმიანობდა და ამასთან, 2025 წლის პირველი თებერვლიდან გაუქმებული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა დღგ სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, გაზრდილი შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასხადი სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, დებიტორული დავალიანების ნაშთის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),101,154.