ბრძანება N 11774
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11774
09 ივნისი 2025
ბრძანება
შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 01 და 21 მაისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 და 22 მაისის სხდომებზე (ოქმი №39 და №42) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 01 მაისის №95409/1/2025 და 21 მაისის №95825/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №023-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ში დარიცხული თანხების ოდენობას და აცხადებს, რომ სხვაობა კომპანიის მიერ და შემოწმებით გაანგარიშებულ ბრუნვებს შორის შეადგენს 11 830 ლარს, რაც ექვემდებარება შემცირებას. ამასთან, მიუთითებს, რომ მომწოდებლებს გაწეულ მომსახურებაზე გამოსაწერი აქვთ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ითხოვს ჩათვლებში გათვალისწინებას;
2. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული და ასევე, გადამხდელის მოწმობის არმქონე პირებზე გაცემული თანხებიდან 250 000 ლარი სესხად იყო გაცემული კომპანიის დამფუძნებელზე, ხოლო 163 008 ლარი გაცემულია მეწარმე პირებზე ავანსის სახით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, ხოლო 143 640 ლარი გადახდილია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელებზე. გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტებულ საჩივართან ერთად წარმოდგენილია მეწარმეებთან გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, საგადახდო დავალებები და მიღება-ჩაბარების აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2002 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 7 ივლისიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 3 აპრილის №6343 ბრძანება და ამავე თარიღის №023-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 899 019 ლარი, მათ შორის, გადასახადი 561 726 ლარი, ჯარიმა 280 453 ლარი და საურავი 56 840 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა შესწავლით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი 6 750 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადები (დღგ - 1 029.66 ლარი). ასევე, გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 999 182.61 ლარს (დღგ - 177 723.37 ლარი), ხოლო ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 36 841.20 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები შინაარსით - ხელფასი/მომსახურების ანაზღაურება და სხვა, ჯამში 712 705.20 ლარის ოდენობით. ხოლო შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები.
ამასთან, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბიუჯეტო გადარიცხვები, შემოწმებით ხელფასად დაკვალიფიცირებული გადახდები) მიხედვით გამოვლინდა სხვაობა განკარგვადი თანხის ოდენობაში - 966 548.96 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 05 თებერვლის №1722 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა პროცედურა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფული განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გამოვლენილ 11 830 ლარის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ ჰქონდა ასახული 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც გამოწერილი იყო შპს „----- “ და შპს „------- ზე“ და ამასთან, არ იყო დაკავშირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან. შესაბამისად, საჩივარში მითითებული სხვაობა გამოწვეულია ხსენებული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აუსახველობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, საწარმოს შეუძლია წარმოადგინოს დღგ-ს ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით გამოვლინდა სხვაობა განკარგვად თანხაში 966 548,96 ლარის ოდენობით. ამასთან, საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად, სალაროს ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. ხოლო გადამხდელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. შედეგად, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით ამ ნაწილში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას, შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები შინაარსით - ხელფასი/მომსახურების ანაზღაურება და სხვა, ჯამურად 712 705.20 ლარის ოდენობით. ხოლო შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტებულ საჩივართან ერთად მეწარმეებთან გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე, კერძოდ, წარმოდგენილია საგადახდო დავალებები და მეწარმეებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ში დარიცხული თანხების ოდენობას.
2.მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა შესწავლით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი 6 750 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადები.ასევე, გადამხდელმა არ წარადგინა 2024 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია.აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2.გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები შინაარსით - ხელფასი/მომსახურების ანაზღაურება და სხვა.ხოლო შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები.
ამასთან, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების მიხედვით გამოვლინდა სხვაობა განკარგვადი თანხის ოდენობაში.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა პროცედურა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფული განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. ამასთან, გადამხდელს არ წარმოუდგენია დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
101,154,174,176,275.