ბრძანება N 19311
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19311
27 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 29 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №103750/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №002-104 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ბუღალტრულ მონაცემებში დაფიქსირებული ფიზიკური პირის (დირექტორის) მიმართ ვალდებულების ფარგლებში გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიასა და მის დირექტორს შორის უძრავი ქონების განვადებით ყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სალაროდან ფ/პ-ზე გადახდილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ საწარმოს კაპიტალის ზრდისთვის განკუთვნილი ოპერაცია მის შინაარსში შეუსვლელად ჩათვლილია არარეალურად. საგზაო კომპანიების საქმიანობის სფეროს მაღალი რისკიანობის და მომავლის რთული პროგნოზირებადობის გამო, აუცილებელია კომპანიამ პერიოდულად განახორციელოს საინვესტიციო აქტივობა - ძირითადი საშუალებების შესყიდვა, რაც კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო სპეცტექნიკის მუდმივი განახლების აუცილებლობის გარდა, მოითხოვს სხვა ტიპის აქტივების შესყიდვას.
გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების გარდა, კომპანია იწყებს სხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას - მრავალსართულიანი საცხოვრებელი და კომერციული შენობების მშენებლობას, რისთვისაც მნიშვნელოვანია კომპანიის ფუნქციონირების არეალში სათანადო მიწების ფლობა.
2023 წლის 8 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით კომპანიამ დამფუძნებლისგან საბაზრო ფასად განვადებით შეიძინა მიწის ნაკვეთი. ნაკვეთის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა ეტაპობრივად კომპანიის შესაძლებლობების შესაბამისად. თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულ მიწაზე განლაგებული იყო ამორტიზირებული შენობა-ნაგებობები და აღნიშნული შენობის ფლობის ინტერესი კომპანიას არ ჰქონდა, ვერ მოხერხდა მხოლოდ მიწის ნაკვეთის დროულად გადაფორმება - საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მხოლოდ მიწის ნაკვეთის გადაფორმების მოთხოვნით რამდენჯერმე მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც არ დაასრულა გაფორმების ოპერაცია არსებული ხარვეზით - მიწაზე შენობა-ნაგებობების არსებობის პირობებში. ამასთან, სამართლიანი გარიგების პრინციპების დასაცავად, მაქსიმალურად შესაძლო მოკლე ვადაში, გამყიდველის სახსრებით განხორციელდება ნაკვეთზე მდებარე ამორტიზირებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და მოხდება ნაკლოვანების გარეშე მიწის ნაკვეთის მყიდველზე გაფორმება - საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. შენობა- ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით მიემართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. თუმცა, ამ დოკუმენტალური პროცედურის და შემდგომში ფაქტობრივი დემონტაჟის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ, კერძოდ, მიწის ნაკვეთი დაიყოფა ორ ნაწილად: შებობა-ნაგებობით და ნაგებობების გარეშე. გამიჯვნის დასრულებისთანავე შენობა-ნაგებობების გარე მიწის ნაკვეთი დაუყოვნებლივ გაფორმდება საჯარო რეესტრში, როგორც კომპანიის საკუთრება, ხოლო მეორე ნაწილი დარეგისტრირდება საწარმოს საკუთრებაში დემონტაჟის დასრულებისთანავე. მიწის ნაკვეთის გამიჯნული ნაწილის ღირებულება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე კომპანიიდან მასში ამ დროისთვის გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირზე გადახდილ თანხებზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი საშუალებების (სატვირთო ავტომობილები) იმპორტისას შეძენის ღირებულებაზე 174 947 ლარით მეტი თანხის ჩამოწერის, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს უცხოური ვალუტის ანგარიშზე 2024 წლის იანვრიდან შემოწმების დასრულებამდე დაფიქსირებული უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ საწარმოს წარმომადგენელზე - სატრანსპორტო აგენტზე უცხოეთში, გადახდილი თანხა შემოწმებით განხილულია როგორც სალაროს უძრავი ნაშთი და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. საწარმოსთვის საჭირო, სათანადო სამუშაო კონდიციებში მყოფი ტექნიკის უცხოეთში შესაძენად აუცილებელია უცხოეთში მყოფი წარმომადგენელი ყოველთვის ფლობდეს კომპანიის კუთვნილი გარკვეულ ოდენობის თანხას, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოახდინოს შერჩეული საუკეთესო, ოპტიმალური ტექნიკის შეძენა. აღნიშნული თანხა არასდროს სცდება იმ გონივრულ ოდენობას, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე ტექნიკას შესაძლოა დაჭირდეს.
6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი საშუალებების გაქირავებით მიღებული და ბუღალტერიაში აუსახველი შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 დეკემბრის №27174 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14842 ბრძანება და 2 ივლისის №002-104 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 1 119 428 ლარი, მათ შორის გადასახადი 666 685 ლარი, ჯარიმა 328 872 ლარი და საურავი 123 871 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმოს წარმოდგენილ საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულება 1 232 634 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი, საწარმოს დირექტორი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული იყო გამოწვეული დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხით, თანხის შემოტანა ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დასაფარად. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნული თანხიდან 1 072 366 ლარს უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს ვალდებულებების დაფარვის მიზნით. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდზე ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმება. წინა შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებით, კომპანიას 2022 წლის 12 აპრილის მდგომარეობით აღნიშნული ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი თანხის მიღებასა და მიზნობრიობასთან დაკავშირებული რაიმე სახის დოკუმენტაცია.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 8 აპრილის უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, დგინდება, რომ შესამოწმებელ პირსა და მის დირექტორ/დამფუძნებელ ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ------- მდებარე 2 565 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის (სასტუმრო) განვადებით ყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქონების ღირებულება განისაზღვრა 3 462 750 ლარით. ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად 2027 წლის 8 აპრილამდე (4 წელი) და მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდება თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში. 2023 წლის 8 აპრილიდან 2026 წლის 22 აპრილამდე ფიზიკური პირისთვის სალაროდან გადახდილია 1 222 033 ლარი.
მოცემულ პირობებში, ქონების გამსხვისებელი ფიზიკური პირი სრულად ფლობს და განკარგავს ქონებას (აქირავებს). აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ხელშეკრულება დადებულია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ხანდაზმულ პერიოდზე მეტი ვადით, რაც ფ/პ-ს შესაძლებლობას აძლევს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია (ავანსად მიღებული თანხები, მისი მიღების მომენტში, 100 000 ლარიან ზღვარში არ გაითვალისწინება) და დღგ შესაბამისი თანხების, აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დარიცხვისას გამოიყენოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმული პერიოდი და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ხანდაზმულ პერიოდში დატოვოს.
შემოწმების მიერ აღნიშნულ ოპერაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეეცვალა კვალიფიკაცია და განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად. ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N34 ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით დაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილისა და 154-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების და საბანკო ამონაწერების შესწავლისას გამოვლინდა რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ გადახდილი ხელფასები არ შეესაბამება განაცემთა შესახებ ინფორმაციას და დეკლარირებულ მონაცემებს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის, -------, გადახდილი აქვს ბეტონის დაგების სამუშაოების ღირებულება, რომელიც დაბეგრილია ხელფასის სახით განაცემად 2024 წლის მარტის ჩათვლით, ხოლო შემდეგ პერიოდზე გაწეული სამუშაოს ნაწილში გადახდილ თანხას კომპანია არ განიხილავს ხელფასად და განიხილავს როგორც მცირე მეწარმის მიერ გაწეულ მომსახურებად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით ფიზიკურ პირზე გადახდილი ბეტონის დაგების სამუშაოების ღირებულება განხილულ იქნა გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
4. კომპანიას შემოწმების პერიოდში განხორციელებული აქვს ძირითადი საშუალებების, კერძოდ, სატვირთო ავტომობილების, იმპორტი. გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერებისა და ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, კომპანიას ძირითადი საშუალებების შეძენის ღირებულებაზე 174 947 ლარით მეტი აქვს ჩამოწერილი საქვეანგარიშო პირის ანგარიშზე სალაროდან და ბანკიდან აკუმულირებული თანხიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული დამატებითი (ხარჯის) დოკუმენტები.
ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ზედმეტად ჩამოწერილი (გაცემული) თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
5. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერების მიხედვით სალაროს უცხოური ვალუტის ანგარიშზე 2024 წლის 22 იანვრიდან შემოწმების დასრულებამდე კომპანიას უფიქსირდება უძრავი ნაშთის სახით 38 160 ევრო, ეკვივალენტი ლარში 109 859 ლარი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების დანართის N9-ის შესაბამისად, სალაროს უძრავი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
6. შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა კომპანიის მიერ ძირითადი საშუალებების გაქირავებით მიღებული შემოსავლები, რომელიც არ იყო ასახული ბუღალტრულ პროგრამაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით საწარმოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავებით მიღებული შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, დამფუძნებლის მიმართ ვალდებულების არსებობა სრულად რეალურია და დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საბანკო ამონაწერებით, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებით, სამეურნეო ოპერაციებით და ბიზნეს პროცესების მიმდინარეობით. შემოწმების აქტით ამ საკითხზე განხორციელებული დარიცხვა „არგუმენტირებულია“ მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ საწარმოში 2022 წელს ჩატარებული კამერალური შემოწმების მონაცემებით. შემოწმება ეხებოდა 2022 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდს (წყვეტა შემდეგ შემოწმებამდე 11 თვე) და შეწყვეტილი იქნა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 ოქტომბრის N2539 ბრძანებით. შესაბამისად, როგორც იურიდიულად, ასევე, ლოგიკურად უსაფუძვლოა არ ჩატარებული შემოწმების მონაცემებზე დაყრდნობით, 11 თვის შემდგომ პერიოდზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, შემმოწმებლების მტკიცდება თითქოს დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება, არ შეესაბამება რეალობას, რადგან: ა) არ მომხდარა 2023 წლამდე პერიოდის ფულადი ნაკადების მოძრაობის შესწავლა, მხოლოდ საწარმოს საგადასახადო დეკლარირების მიხედვით ფინანსური ვალდებულების ზუსტი ნაშთის დადგენა შეუძლებელი იქნებოდა; ბ) თუმცა, დეკლარირებული მონაცემების შესწავლაც იძლეოდა საფუძველს შემოწმებებს შორის პერიოდის ზარალიანობის და დამატებითი ფინანსური სახსრების საჭიროების შესახებ; გ) არ არის გათვალისწინებული საგზაო სამშენებლო პროექტების - ტენდერების დასრულებამდე, მიღებული მინიმალური ავანსების პირობებში, დამატებითი ფულადი სახსრების საჭიროება, საგზაო სამუშაოების წარმოების სპეციფიკა, სეზონურობა და სამუშაოების ჩაბარების ხანგრძლივობა.
საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელების გზით შეისწავლოს შესაბამის პერიოდში ფულადი რესურსის საჭიროების საკითხი და თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს მიღებულ შემოსავალზე მეტი ხარჯი, სხვაობის ფარგლებში დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხები განიხილოს კაპიტალად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, ი.მ ------- 2024 წლის მარტის ჩათვლით კომპანია ახორციელებდა ბეტონის მოწყობის სამუშაოების ანაზღაურებას და დაბეგვრას. 2024 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით, ი.მ ------- თვითონ აიღო ვალდებულება გადასახადის გადახდაზე.
------- ინდივიდუალურ მეწარმედ მცირე ბიზნესის სტატუსით რეგისტრირებულია 2019 წლიდან. 2022 წლის დეკემბრიდან - 2024 წლის მარტის ჩათვლით მასზე ყველა განაცემი იბეგრებოდა კომპანიის მიერ საშემოსავლო გადასახადით. მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა 1 კვ.მ ბეტონის მოწყობის სამუშაოზე 5 ლარით, საშემოსავლო გადასახადის გარეშე. შემდგომში, გაიზარდა ბეტონის მოწყობის სამუშაოს მოცულობა, ასევე გაჩნდა სხვა შემსრულებელ კომპანიასთან შედარებით იაფად სამუშაოს დაკვეთის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოხდა მოლაპარაკება ------- სამუშაოს გაზრდილ მოცულობაზე ახალი პირობების შესათანხმებლად. კერძოდ, ფიზიკურმა პირმა მიიღო შეთავაზება დაეფუძნებინა კომპანია და ამ ფორმით გაეწია მომსახურება, სადაც ფასი იქნებოდა 1 კვ.მ-ზე 5 ლარი, გადასახადების ჩათვლით. საპასუხოდ მის მიერ შეთავაზებული იქნა პირობა, რომ რადგან ის რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ თვითონ განახორციელებდა მიღებული შემოსავლის დაბეგვრას, რაზეც 2024 წლის 1 აპრილს გაფორმდა სათანადო ხელშეკრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულებას საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირზე, კერძოდ, -------, გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ------- გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემწომების აქტში აღნიშნული თანხა წარმოადგენდა 9 ერთეული ტექნიკის ტრანსპორტირების თანხას. კომპანია ტექნიკის იმპორტირებას ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ტექნიკის მოსაძიებლად კომპანიის წარმომადგენელმა მოძიებული ტექნიკა უნდა შეამოწმოს და იზრუნოს ბათუმის ან ფოთის პორტამდე ჩამოტანაზე. სწორედ ამ მიზნისთვის იქნა გადახდილი 59 800 ევრო 9 ერთეული ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის, ხოლო 9 ერთეული ტექნიკის ღირებულება ყველა შემთხვევაში გადახდილია უნაღდო ანგარიშსწორებით. შემდგომში ეტაპობრივად ხდებოდა აღნიშნული ტექნიკის ტრანსპორტირება საქართველოს პორტებამდე. საბაჟო დეკლარაციების გაფორმებისას, რა თქმა უნდა, საბაჟო ორგანომ გაითვალისწინა, როგორც შესყიდვის, ასევე ტრანსპორტირების ღირებულება, რის მიხედვითაც 9 ერთეული საბაჟო ტექნიკის ღირებულებამ შეადგინა 638 500 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო ორგანომ გაითვალისწინა ტრანსპორტირების ღირებულება, შემმოწმებლებმა საბაჟო ღირებულების ნაწილი, ტრანსპორტირების თანხა, არ გაითვალისწინეს ტექნიკის თვითღირებულებაში, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების გაანგარიშების წესს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიას სალაროს უცხოური ვალუტის ანგარიშზე 2024 წლის 22 იანვრიდან შემოწმების დასრულებამდე უფიქსირდება უძრავი ნაშთის სახით 38 160 ევრო, ეკვივალენტი ლარში 109 859 ლარი. სალაროს უძრავი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სალაროს უძრავი ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა კომპანიის მიერ ძირითადი საშუალებების გაქირავებით მიღებული შემოსავლები, რომელიც არ იყო ასახული ბუღალტრულ პროგრამაში. აღნიშნული შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიასა და მის დირექტორ/დამფუძნებელ ფიზიკურ პირს შორის 2023 წლის 8 აპრილს გაფორმდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ------- მდებარე 2 565 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის (სასტუმრო) განვადებით ყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ქონების ღირებულება განისაზღვრა 3 462 750 ლარით. ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად 2027 წლის 8 აპრილამდე (4 წელი) და მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდება თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში. 2023 წლის 8 აპრილიდან 2026 წლის 22 აპრილამდე ფიზიკური პირისთვის სალაროდან გადახდილია 1 222 033 ლარი.
მოცემულ პირობებში, ქონების გამსხვისებელი ფიზიკური პირი სრულად ფლობს და განკარგავს ქონებას (აქირავებს). შემოწმების მიერ აღნიშნულ ოპერაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეეცვალა კვალიფიკაცია და განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად. ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის N34 ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით დაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელების გზით შეისწავლოს შესაბამის პერიოდში ფულადი რესურსის საჭიროების საკითხი და თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს მიღებულ შემოსავალზე მეტი ხარჯი, სხვაობის ფარგლებში დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხები განიხილოს კაპიტალად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ------- გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმოს წარმოდგენილ საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულება. აღნიშნული გამოწვეული იყო დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხით, თანხის შემოტანა ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დასაფარად. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
2. კომპანიასა და მის დირექტორ/დამფუძნებელ ფიზიკურ პირს შორის 2023 წლის 8 აპრილს გაფორმდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის (სასტუმრო) განვადებით ყიდვის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა განხორციელდება ეტაპობრივად 2027 წლის 8 აპრილამდე (4 წელი) და მყიდველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდება თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში. მოცემულ პირობებში, ქონების გამსხვისებელი ფიზიკური პირი სრულად ფლობს და განკარგავს ქონებას (აქირავებს). შემოწმების მიერ აღნიშნულ ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად. დაანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი/დეკლარირებული დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემების და საბანკო ამონაწერების შესწავლისას გამოვლინდა რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ გადახდილი ხელფასები არ შეესაბამება განაცემთა შესახებ ინფორმაციას და დეკლარირებულ მონაცემებს. შემოწმებით ფიზიკურ პირზე გადახდილი ბეტონის დაგების სამუშაოების ღირებულება განხილულ იქნა გაცემულ ხელფასად.
4. კომპანიას შემოწმების პერიოდში განხორციელებული აქვს ძირითადი საშუალებების, კერძოდ, სატვირთო ავტომობილების, იმპორტი. გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერებისა და ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, კომპანიას ძირითადი საშუალებების შეძენის ღირებულებაზე მეტი აქვს ჩამოწერილი საქვეანგარიშო პირის ანგარიშზე სალაროდან და ბანკიდან აკუმულირებული თანხიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული დამატებითი (ხარჯის) დოკუმენტები. ზედმეტად ჩამოწერილი (გაცემული) თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
5. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერების მიხედვით სალაროს უცხოური ვალუტის ანგარიშზე უფიქსირდება უძრავი ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
6. შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა კომპანიის მიერ ძირითადი საშუალებების გაქირავებით მიღებული შემოსავლები, რომელიც არ იყო ასახული ბუღალტრულ პროგრამაში. აღნიშნული შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს შესაბამის პერიოდში ფულადი რესურსის საჭიროების საკითხი და თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს მიღებულ შემოსავალზე მეტი ხარჯი, სხვაობის ფარგლებში დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხები განიხილოს კაპიტალად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონესთვის გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას; მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4, 9); 982(3-ზ); 101; 154