ბრძანება № 30749

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.12.2023
№ დოკუმენტი 30749
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 30749

08 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ ----------- (ს/ნ ----------) №78476/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №056-60 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, 2019-2020 წლებზე აუდირებული ფასნამატის გავრცელებას და აცხადებს, რომ ამ პერიოდებზე მის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატების გაანგარიშება (პოზიციების და წლების მიხედვით), რაც თითქმის საკონტროლო შესყიდვისას გამოვლენილი ფასნამატების იდენტურია. ამასთან, გაურკვეველია რა პრინციპით იქნა მოძიებული შემოწმებით გამოყენებული ფასნამატი, ვინაიდან, მომჩივნისთვის ცნობილია --------- რაიონში ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგები, სადაც შემოწმებით დადგენილი ფასნამატი დაახლოებით თანხვედრაშია მის მიერ დეკლარირებულ ფასნამატთან.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არასწორია 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების ფასნამატის გავრცელება. არ ეთანხმება ცემენტისა და ფილების სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული ფასნამატის ოდენობას. მიუთითებს საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებულ ფასებსა და შესყიდვის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ფასებზე და აცხადებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებული ფასნამატი ნაკლებია შემოწმებით დადგენილზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9758 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32633 ბრძანება და ამავე თარიღის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 225 864 ლარი, მათ შორის გადასახადი 123 406 ლარი, ჯარიმა 55 946 ლარი და საურავი 46 512 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 5 ივნისის №12368 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12368 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 26 ოქტომბრის №20034/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12368 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ი/მ --------- ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალებით, საღებავებით, რკინა-კავეულით და მისთანებით საცალო რეალიზაცია. პირი აღნიშნულ საქმიანობას ეწევა ქალაქ ----------, იჯარით აღებულ ფართში. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 8.1%-ს, 2020 წელს - 6.8%-ს, ხოლო 2021 წელს - 7.5%-ს. პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 19 მაისს და 2022 წლის 13 ოქტომბერს ჩაუტარდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის მიხედვითაც საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე გამოთვლილი იქნა ფასნამატები და 2021-2022 წლების შესამოწმებელ პერიოდებში გავრცელდა ამ ჯგუფში არსებულ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე. ხოლო ისეთ საქონელზე, რომლის კატეგორიაზეც ფასნამატი არ იქნა დაფიქსირებული, გავრცელდა სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი - 6%.

რაც შეეხება 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდს, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით გაუვრცელდა აუდირებული ფასნამატი 16.46%. პირს, გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ასევე გაეზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რაც გამოწვეულია კრედიტისთვის გადახდილი პროცენტის არასწორად დეკლარირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

2019-2020 წლებზე აუდირებული ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის წილი მთლიანი რეალიზაციის 4%-საც კი არ შეადგენდა, რაც ძალიან ცოტაა და მთლიან რეალიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ არაგონივრულად მიიჩნია დოკუმენტური ფასნამატის მთლიან რეალიზაციაზე გავრცელება.

რაც შეეხება ამავე პერიოდებზე გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, შემოწმებისას გამოყენებულ იქნა იმ პირის აუდირებული ფასნამატი, რომელიც ი/მ ---------- მსგავს საქმიანობას ეწევა იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე. ეს ორი პირი, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული აუდირებული პირებისგან განსხვავებით, მსგავს პირობებში იყვნენ.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მართლზომიერია 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმებით გამოყენებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის გავრცელება, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

წებოცემენტისა და ფილების სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად:

2022 წლის 13 ოქტომბერს (N781025 ოქმი) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას შესყიდულია - წებოცემენტი ლფ100 25კგ / 1 ცალი/ 10.50 ლარი, წებოცემენტი პირველი 25კგ/ 1 ცალი/ 8.50 ლარი. სასაქონლო ზედნადებებით (N0--------) შესყიდვის საფუძველზე, წებოცემენტი ------- 25კგ-ის შესყიდვის ფასმა შეადგინა 9 ლარი, ხოლო (N--------) წებოცემენტი პირველი 25კგ-ის შესყიდვის ფასმა შეადგინა 8,5 ლარი. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წებოცემენტის ჯგუფზე არსებულმა საშუალო ფასნამატმა შეადგინა 8%, ნაცვლად შემოწმების მიერ გამოყენებული 16%-ისა.

2022 წლის 13 ოქტომბერს (N781033 ოქმი) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას შესყიდულია - კერამიკული ფილა 60×60/ 1 კვ.მ/ 13.00 ლარი, კერამიკული ფილა 50×50/ 1 კვ.მ/ 10.50 ლარი. სასაქონლო ზედნადებებით (N---------) შესყიდვის საფუძველზე კერამიკული ფილა 50×50-ის შესყიდვის ფასმა შეადგინა 10 ლარი, ხოლო (N---------) -------- (----------) კერამიკული ფილის შესყიდვის ფასმა შეადგინა 12,5 ლარი

ასევე, 2022 წლის 19 მაისს (N759296 ოქმი) ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას, შესყიდულია - კერამიკული ფილა ------/ 1 მ³/ 13.00 ლარი. სასაქონლო ზედნადებებით (N------------) შესყიდვის საფუძველზე კერამიკული ფილა 50*50 (-----------)-ის შესყიდვის ფასმა შეადგინა 12 ლარი. საერთო ჯამში, აღნიშნული პოზიციების საშუალო ფასნამატმა შეადგინა 5.8%. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაკორექტირებელია შემოწმების მიერ საკონტროლო შესყიდვის შედეგად მიღებული ფასნამატი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წებოცემენტისა და ფილების ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წებოცემენტისა და ფილების ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ი/მ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალებით, საღებავებით, რკინა-კავეულით და მისთანებით საცალო რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 8.1%-ს, 2020 წელს - 6.8%-ს, ხოლო 2021 წელს - 7.5%-ს. პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

გადაწყვეტილება

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);160(ა);161(1,2);159(1ა);163(1);80(1);100(3ბ)