ბრძანება N 11009

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2026
№ დოკუმენტი 11009
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11009

19 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2026 წლის 30 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2026 წლის 30 აპრილის №102099/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №086-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, თუმცა არ ეთანხმება შემოწმების მიდგომას ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. კერძოდ, არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სამ ჯგუფად დაყოფას და აქედან გამომდინარე დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებას, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. შესაბამისად, ითხოვს საქონლის სახეობების რაოდენობიდან გამომდინარე ფასნამატი გაანგარიშებულ იქნას თითოეული საქონლის მიხედვით, თვეების ჭრილში. ასევე, მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში დაკვეთებიდან გამომდინარე ხდება ნაჭუჭგაცლილი კაკლის გადარჩევა და მაღალი ხარისხობრივი მახასიათებლის პროდუქციის განსაკუთრებულად მაღალ ფასად რეალიზაცია. მოცემულ ნაწილშიც ითხოვს აღნიშნული პროდუქციის ცალკე გამოყოფას და შესაბამისი ფასნამატის გაანგარიშებას. აცხადებს, რომ საჩივრის განხილვამდე წარმოადგენს არგუმენტაციის შესაბამის მტკიცებულებებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და ითხოვს კომპანიის მიერ გაცემულ დივიდენდად განხილვას, ვინაიდან ხელფასად კვალიფიცირებული თანხა შეუსაბამოა ქვეყანაში დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხის გონივრულ ოდენობასთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 თებერვლის №2514 და 27 მარტის №6917 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 16 მაისიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულოებების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 9 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7739 ბრძანება და ამავე თარიღის №086-17 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 155 823 ლარი, მათ შორის, გადასახადი 103 632 ლარი, ჯარიმა 48 048 ლარი, საურავი 4 143 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „---“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 16 მაისიდან. ამავე თარიღიდანაა რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელადაც. რეგისტრაციის დღიდან კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ---. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ძირითადად ნაჭუჭგაცლილი კაკლით ვაჭრობა. ასევე უფიქსირდება ქლიავის ჩირის და ქიშმიშის რეალიზაციაც. ნაჭუჭგაცლილი საქონლის იმპორტს ახორციელებს ძირითადად ჩინეთიდან, ქლიავის ჩირის და ქიშმიშის შემოტანა უფიქსირდება უზბეკეთიდან. იმპორტით საქონლის შემოტანამდე (2024 წლის სექტემბერი) გადასახადის გადამხდელს ადგილობრივადაც აქვს შეძენები (ძირითადად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული), რომელიც იმპორტის დაწყების შემდგომ აღარ უფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით კომპანიას კონკრეტული სავაჭრო ობიექტი არ გააჩნია. დისტრიბუციის მეშვეობით ახორციელებენ ბაზრობებზე საქონლის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით. გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა "FMG"-ში. საბუღალტრო პროგრამა წარმოდგენილია 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით. ამავე პერიოდისთვის კომპანიას უფიქსირიდება 194 893 ლარის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი. საბუღალტრო პროგრამაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვისას დაშვებულია შეცდომები. კერძოდ, საქონლის ნაწილი აღრიცხულია საბაჟოზე აფასებული თვითღირებულებით და ადგილობრივი შეძენიდან (დღგ-სგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული შეძენა) ამოღებულია დღგ. აღნიშნული შეცდომის გამო საქონლის თვითღირებულება განსხვავებულია შემოწმების მიერ გაანგარიშებულ თვითღირებულებისგან, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს როგორც დოკუმენტურ, ასევე არადოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატზე.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 9 თებერვლის №2780 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რომლის დროსაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. კომპანიას 2026 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის თარიღამდე არ აქვს განხორციელებული იმპორტი და არც ადგილობრივი შეძენა უფიქსირდება. 2026 წლის იანვარში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 3 305 ლარს. გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია საერთო რეალიზაციის 51%-ს შეადგენს. შემოწმების მიერ განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი, რომლის საფუძველზეც ნაჭუჭგაცლილი კაკლის ფასნამატმა შეადგინა 7%, ქლიავის ჩირის ფასნამატმა - 46%, ხოლო ქიშმიშის ფასნამატმა - 60%. ნაჭუჭგაცლილი კაკლის შეძენა საერთო შეძენის 99%-ია. დეკლარირებული ფასნამატი 1%-ია.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხროციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების სამ ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე გაიზარდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვაც 3 359 ლარით. შემოწმების მიერ გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 162-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნავს, რომ კომპანიას არ გააჩნია ისეთი დანახარჯები, რომელიც არ არის ასახული შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში. ასევე, 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები. აღნიშნული პერიოდიდან ინვენტარიზაციის თარიღამდე არ აქვს განხორციელებული იმპორტი და არც ადგილობრივი შეძენა უფიქსირდება. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 3 305 ლარს.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით, გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე - ---ზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 79-ე, 81-ე, 101-ე, 104-ე, 154-ე მუხლებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, საქონლის სახეობების რაოდენობიდან გამომდინარე ფასნამატის თითოეული საქონლის მიხედვით, თვეების ჭრილში გაანგარიშების, ასევე, მაღალი ხარისხობრივი ნაჭუჭგაცლილი კაკლის ცალკე კატეგორიად გამოყოფის მოთხოვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საქონლის ინვოისებით შეუძლებელია საქონლის ხარისხობრივად იდენტიფიცირება. იმპორტით შემოტანილი საქონლის ყველა ინვოისში საქონლის დასახელების გასწვრივ მითითებულია „ნაჭუჭგაცლილი კაკალი“, რაც გამორიცხავს საქონლის თვითღირებულების ჩაშლას შეძენილი საქონლის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, თვითღირებულება ერთნაირია ყველა ხარისხის საქონლისთვის.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია სულ 2 130 513 ლარის კაკალი, მათ შორის დასახელებით „ნაჭუჭგაცლილი კაკალი“ რეალიზებულია 1 991 513 ლარის ღირებულების საქონელი (ფასნამატი - 5%), დასახელებით „კაკალი ბაბოჩკა“ – 17 000 ლარის ღირებულების საქონელი (ფასნამატი - 17%) და დასახელებით „კაკალი ელიტა“ - 122 000 ლარის ღირებულების საქონელი (ფასნამატი - 42%). გადასახადის გადამხდელის ხარისხობრივად გადარჩეული საქონელი დოკუმენტური რეალიზაციის 7%-ს შეადგენს, რაც საშუალო შეწონილ ფასნამატზე ვერ ახდენს არსებით გავლენას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და ითხოვს კომპანიის მიერ გაცემულ დივიდენდად განხილვას, ვინაიდან ხელფასად კვალიფიცირებული თანხა შეუსაბამოა ქვეყანაში დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხის გონივრულ ოდენობასთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხროციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების სამ ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე გაიზარდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვაც 3 359 ლარით. შემოწმების მიერ გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

ასევე, გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).