ბრძანება N871

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.01.2024
№ დოკუმენტი 871
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 871

23 იანვარი 202

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -----)

(მის.: ------)

2024 წლის 4 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 4 იანვრის №86460/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №001-275 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შესაბამისად დარიცხულ დღგ-ს. მიუთითებს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. საცალო რეალიზაციისას საქონლის დეტალურ ჩამოწერასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს მიდგომა არის აბსურდული, რადგან შეუძლებელია თითოეული რეალიზებული საქონლის თვითღირებულების და შედეგის გამოყვანა როგორც თეორიულად (ბუღალტრული აღრიცხვის ნორმებიდან გამომდინარე), ასევე, ტექნიკურად (არც ერთი ბუღალტრული პროგრამა არ არის პროგრამირებული ასეთ ოპერაციებზე). მიიჩნევს, რომ აქტში არ არის მითითებული რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც გადამხდელს ავალდებულებს საცალო რეალიზაციის გაშიფვრას. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც მიიჩნევს, რომ გადამხდელი ვალდებულია მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი ამოარტყას, მიუხედავად იმისა საბითუმოა მიწოდება თუ საცალო. აგრეთვე, აცხადებს, რომ საანგარიშო პერიოდის (თვე) ჭრილში რეალიზებული პროდუქციის ცალკეული სახეების (მიუხედავად იმისა რეალიზებულია საქონელი ბითუმად თუ საცალოდ) თვითღირებულების გაანგარიშება ხდება თვითღირებულების საშუალო შეწონილი მეთოდის გამოყენებით, რაც აბსოლუტურად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით გადამხდელი მიუთითებს, რომ მათთვის უცნობია პერიოდულობის რა ჭრილში არის გაკეთებული ფასნამატის გაანგარიშება, ხდება თუ არა საქონლის დაჯგუფება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, ფასნამატის გაანგარიშებისას რა წესით აქვთ აღებული საქონლის ხარისხი (პროდუქცია აღირიცხება ერთი თვითღირებულებით, ხოლო იყიდება დახარისხებულ მდგომარეობაში გარიგების ფასად), არის თუ არა მიღებული მხედველობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბუნებრივი შრობის კრიტერიუმები (სოფლის მეურნეობის სხვადა სხვა პროდუქტს აქვს სხვადასხვა ბუნებრივი შრობის ნორმები), გათვალისწინებულია, თუ არა საქონლის შენახვის (მაცივარი, ბუნებრივი პირობა) პირობები და სარეალიზაციო პროცესის ხანგრძლივობა, არის თუ არა მიღებული მხედველობაში პროდუქციის მექანიკური დაზიანება ტრანსპორტირების და შენახვის დროს, მავნებლებით, სოკოებით, დაავადებებით დაზიანებული დამპალი ხილის მოცულობა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადახდის წყაროსთან დაბეგრილ საშემოსავლო გადასახადს, რადგან აღნიშნული დარიცხვის საფუძველია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი. ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მეთოდს. მიუთითებს, რომ შემოწმების აქტის მონაცემებიდან არ დგინდება რითია გამოწვეული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზის და დარიცხული გადასახადების ასეთი სხვაობა, კერძოდ, დღგ-ში დარიცხვა არის 639 082 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადში 1 390 644 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17089 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 დეკემბრის №30684 ბრძანება და ამავე თარიღის №001-275 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 3 338 953 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 049 726 ლარი, ჯარიმა 1 037 645 ლარი, საურავი 251 582 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „----------" (ს/ნ ----------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ხილისა და ბოსტნეულის საბითუმოდ და საცალოდ რეალიზაცია. კომპანია ბუღალტერიას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა ორისში, მაგრამ საცალო (ზედნადების გარეშე) რეალიზაციის შემთხვევაში საქონლის დეტალურ ჩამოწერას არ ახორციელებს და ჩამოწერს ჯამურად. გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური (ზედნადებით) რეალიზაციის წილი მთლიანი რეალიზაციიდან შეადგენს დაახლოებით 35%-ს. ასევე, საბაჟო ინვოისების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება. გამომდინარე იქიდან რომ ბუღალტერიაში სრულყოფილად არ იშიფრება საცალო (დოკუმენტის გარეშე) რეალიზაციები, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდით. დადგინდა მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამიჯნვა. ასევე, გაანგარიშდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი საქონლის დასახელებების მიხედვით, რომელიც გავრცელდა საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ფასნამატმა საშუალოდ შეადგინა 77%.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც აღემატება კომპანიის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს. შპს „----------" დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის ბრუნვა. გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ნაწილში გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდს გამოყენებით. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვის და შემოსავლის გაზრდა, რომელიც კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა კომპანიაში აღურიცხველი ფულის ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი საცალო (ზედნადების გარეშე) რეალიზაციის შემთხვევაში საქონლის დეტალურ ჩამოწერას არ ახორციელებს და ჩამოწერს ჯამურად. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური (ზედნადებით) რეალიზაციის წილი მთლიანი რეალიზაციიდან შეადგენდა დაახლოებით 35%-ს. შემოწმების მიერ პირველადი დოკუმენტებით დადგინდა მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამიჯნვა, ასევე, გაანგარიშდა კომპანიის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი თითოეული საქონლის დასახელებების მიხედვით, რომელიც გავრცელდა საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ფასნამატმა საშუალოდ შეადგინა 77%. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვა. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შეძენილი საქონლის კავშირი რეალიზებულ საქონელთან და ასევე, აღნიშნულის შესაბამისად ფასნამატის თვითონვე გამოყვანა. შედეგად, მოწოდებულ ცხრილში გადამხდელმა მიიღო იგივე ფასნამატი, რაც შემოწმებამ.

აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, შემოწმების მიმდინარეობისას, გარდა საცალო რეალიზაციისა, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს საბუღალტრო პროგრამის მონაცემები, რომელიც შეუდარდა პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციებს. რაც შეეხება გაფუჭებული პროდუქციის ჩამოწერებს, ყველა მათგანი გათვალისწინებულია, რომელიც ჩამოწერილია კანონით დადგენილი წესით და ატვირთულია ელექტრონული განცხადება გაფუჭებული საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით. ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულია საშუალო შეწონილი მეთოდი, რომელშიც მოიაზრება დაბალი და მაღალი ფასიც, ასევე, ყველა გარიგების ფასი რომელიც დოკუმენტურად ფიქსირდება რეალიზაციის დროს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადში დარიცხვა განხორციელდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შემოსავალი, რომელიც კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული და დაბეგრილი. შესაბამისად, დადგინდა კომპანიაში აღურიცხველი ფულის ოდენობა, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, დარიცხული დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის სხვაობის მიზეზია, საწარმოს მიერ საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის თანხები, რომელიც გადახდილია საქონლის აფასებული ღირებულებიდან და აღნიშნული თანხით შემცირდა გადასახდელი დამატებული ღირებულების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის შესაბამისად დარიცხულ დღგ-ს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადახდის წყაროსთან დაბეგრილ საშემოსავლო გადასახადს

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დოკუმენტური (ზედნადებით) რეალიზაციის წილი მთლიანი რეალიზაციიდან შეადგენს დაახლოებით 35%-ს. ასევე, საბაჟო ინვოისების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის იმპორტისას უმეტეს შემთხვევაში ხდება საქონლის ღირებულების აფასება.გამომდინარე იქიდან რომ ბუღალტერიაში სრულყოფილად არ იშიფრება საცალო (დოკუმენტის გარეშე) რეალიზაციები, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდით.დადგინდა მთლიანი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საიდანაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გამიჯნვა. ასევე, გაანგარიშდა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი საქონლის დასახელებების მიხედვით, რომელიც გავრცელდა საცალოდ (დოკუმენტის გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ფასნამატმა საშუალოდ შეადგინა 77%. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც აღემატება კომპანიის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებ.

კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.

2.შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის ბრუნვა. გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის ნაწილში გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდს გამოყენებით. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-თ დასაბეგრი ბრუნვის და შემოსავლის გაზრდა, რომელიც კომპანიას არ ჰქონდა აღრიცხული საბუღალტრო პროგრამაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა კომპანიაში აღურიცხველი ფულის ოდენობა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);101;154