გადაწყვეტილება №27025/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2026
№ დოკუმენტი 27025/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27025/2/2026

30 აპრილი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 30.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27025/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის დარიცხვა;

2. გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. წინა საგადასახადო შემოწმებით სესხად გაცემულად ჩათვლილ თანხაზე სარგებლის გაანგარიშება და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2025 წლის №006-531 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3839 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 665 089.94 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 373 595.86

დღგ - 73 017.86

საშემოსავლო გადასახადი - 300 578

ჯარიმა - 185 177.90

საურავი - 106 316.18

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სატენდერო მომსახურებების გაწევა, ძირითად შემთხვევაში ------- რეაბილიტაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2025 წლის №27786 ბრძანება და №006-531 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3839 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის დარიცხვა

ფაქტების აღწერა

საბანკო ამონაწერით დასტურდება ანაზღაურებები, რაზეც შესაბამის პერიოდში არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტაცია. დოკუმენტურ რეალიზაციად გათვალისწინებულია დამკვეთი ორგანიზაციების მიერ ანაზღაურებული თანხებიც, რაც ასახულია შესაბამის პორტალზე. გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახავს მხოლოდ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მონაცემებს. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 16 თებერვალს 11:00 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში, კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს ტენდერების ფარგლებში. ტენდერების ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობს სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად, აქვს ხარჯი, რომელიც სრულიად გამჭვირვალეა და დასაბუთებული. ითხოვს, გათვალისწინებულ იქნეს ის გარემოება, რომ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო სრულყოფილად ეთანამშრომლა აუდიტის დეპარტამენტთან და საკითხი განსახილველად დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს, რათა საკითხის შესწავლა მოხდეს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, სრულყოფილად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის საბანკო ამონაწერით დასტურდება ანაზღაურებები, რაზეც შესაბამის პერიოდში არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტაცია. ხოლო, გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახავს მხოლოდ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, მაგრამ ვერ უთითებს რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს არამართლზომიერად. ამასთან, დავის არც ერთ ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს არგუმენტს/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშებით ფიქსირდება სამეურნეო მიზნებისთვის თანხების გატანა, სულ 936 665 ლარის ოდენობით. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დაბრუნებულია საბანკო ანგარიშზე (სულ 211 100 ლარის ოდენობით). ასევე, დასტურდება მომწოდებელ კომპანიებზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი ანაზღაურება. საბოლოოდ, 459 944 ლართან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები ან მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, 459 944 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის დღგ-ით დასაბეგრი ბაზის გაზრდასთან. დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაზრდილია 407 610 ლარით და დაახლოებით იგივე თანხა (574 930 ლარი) დაბეგრილია, როგორც დირექტორის სარგებელი.

ითხოვს, გათვალისწინებული იქნეს ის გარემოება, რომ შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო, კომპანიამ ვერ შეძლო სრულყოფილად ეთანამშრომლა აუდიტის დეპარტამენტთან და საკითხი განსახილველად დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს, რათა საკითხის შესწავლა მოხდეს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, სრულყოფილად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

დადგენილია, რომ საბანკო ანგარიშებით ფიქსირდება სამეურნეო მიზნებისთვის თანხების გატანა, სულ 936 665 ლარის ოდენობით. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დაბრუნებულია საბანკო ანგარიშზე. ასევე, დასტურდება მომწოდებელ კომპანიებზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი ანაზღაურება. საბოლოოდ, 459 944 ლართან დაკავშირებით, არ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები ან მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 459 944 ლარი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, მაგრამ ვერ უთითებს რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას არამართლზომიერად. ამასთან, დავის არცერთ ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტს/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. წინა საგადასახადო შემოწმებით სესხად გაცემულად ჩათვლილ თანხაზე სარგებლის გაანგარიშება და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა

ფაქტების აღწერა

წინა საგადასახდო შემოწმების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა დაუფარავი კრედიტორული დავალიანებები 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 1 012 431 ლარის ოდენობით. ანგარიშვალდებულ პირს კი უფიქსირდება შესაბამისი თანხების გატანა საბანკო ამონაწერების საფუძველზე. იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ჩაითვალა უპროცენტო სესხად, გაანგარიშდა შესაბამისი სარგებელი. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს დავები სასამართლო ინსტანციებში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება წინა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადგენილი კრედიტორული დავალიანების გადახდები, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მიმდინარე შემოწმების ფარგლებშიც, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ სარგებელზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წინა საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განმეორებით დაიბეგრა ერთი და იგივე თანხა 1 012 431 ლარი. წინა საგადასახადო შემოწმების აქტით „შესამოწმებელ პერიოდში (26.04.2018 - 1.01.2021) დირექტორის მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გატანილია 2 843 982 ლარის ოდენობით თანხა, ხოლო საწარმოს საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებულია 54 351 ლარის ოდენობით თანხა. თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არის წარდგენილი. საწარმოზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ანალიზით დგინდება, რომ კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს 1 012 431 ლარს“.

აუდიტორის შეფასებით „საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ითვლება რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. დირექტორის მიერ მიღებული თანხის ნაწილი, 1 012 431 ლარის ოდენობით, ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად, ხოლო 1 091 099 ლარი დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 982 , 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს უნდა დაერიცხოს მოგების და საშემოსავლო გადასახადები. დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისათვის საწარმო ექვემდებარება დაჯარიმებას საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე“.

საგადასახადო ორგანოს პოზიციას, ვერ დაეთანხმება, რადგან ამ დარიცხვას გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა და ამასთან, ეს თანხა დაიბეგრა განმეორებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ წინა საგადასახდო შემოწმების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა დაუფარავი კრედიტორული დავალიანებები 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1 012 431 ლარის ოდენობით. ანგარიშვალდებულ პირს კი უფიქსირდება შესაბამისი თანხების გატანა საბანკო ამონაწერების საფუძველზე. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული ჩაითვალა უპროცენტო სესხად, მიმდინარე შემოწმების ფარგლებშიც გაანგარიშდა შესაბამისი სარგებელი და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას, მაგრამ როგორც ირკვევა, დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტს/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის ნაწილში საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის დარიცხვა;

2. გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. წინა საგადასახადო შემოწმებით სესხად გაცემულად ჩათვლილ თანხაზე სარგებლის გაანგარიშება და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანიის საბანკო ამონაწერით დასტურდება ანაზღაურებები, რაზეც შესაბამის პერიოდში არ არის გამოწერილი შესაბამისი დოკუმენტაცია. ხოლო, გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახავს მხოლოდ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

2. შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშებით ფიქსირდება სამეურნეო მიზნებისთვის თანხების გატანა (თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დაბრუნებულია საბანკო ანგარიშზე), ასევე დასტურდება მომწოდებელ კომპანიებზე ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი ანაზღაურება. თანხაზე, რაზეც არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები ან მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

3. წინა საგადასახდო შემოწმების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა დაუფარავი კრედიტორული დავალიანებები. ანგარიშვალდებულ პირს კი უფიქსირდება შესაბამისი თანხების გატანა საბანკო ამონაწერების საფუძველზე. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული ჩაითვალა უპროცენტო სესხად, მიმდინარე შემოწმების ფარგლებშიც გაანგარიშდა შესაბამისი სარგებელი და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 164