გადაწყვეტილება №26951/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26951/2/2026
22 აპრილი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 18.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26951/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ის ნაწილში შესამოწმებელი პერიოდის განსაზღვრა;
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
3. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2025 წლის №002-161 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5348 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 120 300,57 ლარი. ,მათ შორის:
გადასახადი - 75 679,31
დღგ - 9 395,31
საშემოსავლო გადასახადი - 66 284
ჯარიმა - 36 152,8
საურავი - 8 468,46
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2025 წლის №002-161 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5348 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის ნაწილში შესამოწმებელი პერიოდის განსაზღვრა ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5280 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება: შემოწმდეს 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5280 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამავე დეპარტამენტის 2.05.2025 წლის №8616 ბრძანების მიხედვით, ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შემოწმდეს 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №13644 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5280 ბრძანებით მოცული საკითხებისა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 263- ე მუხლის პირველ ნაწილზე. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5280 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №13644 ბრძანებით შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5280 ბრძანებით მოცული საკითხებისა. ამდენად, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის ბრძანებებისა და საგადასახადო კოდექსის 255-ე და 263-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 მარტის №5280 ბრძანებით პირის საგადასახადო შემოწმება ჩატარდა თემატურად, მხოლოდ საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით, ხოლო 2025 წლის 26 ივნისის №13644 ბრძანებით ჩატარებულია პირის სრული საგადასახადო შემოწმება, რაც არ ეწინააღმდეგება საკანონმდებლო მოთხოვნებს. ამასთან, ამ უკანასკნელი ბრძანების საფუძველზე პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5280 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებიც. ამდენად, გადასახადის გადამხდელის არგუმენტი/პოზიცია მოსამართლის ბრძანების გარეშე უკვე შემოწმებული საანგარიშო პერიოდის ხელახალ შემოწმებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის ნაწილში, 26.06.2025 წლის №13644 ბრძანებით საგადასახადო შემოწმება უნდა შეხებოდა მხოლოდ 2025 წლის პირველი მარტიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდს, ვინაიდან 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე პერიოდი დღგ-ის ნაწილში მოცული იყო წინა შემოწმებით სრულად, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5280 და 2025 წლის 2 მაისის №8616 ბრძანებებით შემოწმებულია აღნიშნული პერიოდი დღგ-ის მიზნებისთვის, შემოწმების ბრძანებებით განსაზღვრულია, რომ „შემოწმდეს 01.01.2022-დან 01.03.2025-მდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების/საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე“.
5.03.2025 წლის შემოწმების აქტში მითითებულია, რომ „შემოწმებამ მოახდინა საწარმოს სახელზე რეგისტრირებული სალარო აპარატების და საბანკო ტერმინალების საშუალებით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული შემოსავლების ანალიზი, ასევე მოხდა მიღებული დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ და ჩასათვლელ ბრუნვებში დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით. შესაბამისად, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 14.05.2025 წლის №9533 ბრძანება და ამავე თარიღის №002-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 438 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 864 ლარი, ჯარიმა 1 057 ლარი და საურავი 517 ლარი. ხოლო, ბოლო შემოწმების დანიშვნის ბრძანებაში (26.06.2025 წლის №13644 ბრძანება) მითითებულია, რომ „შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვროს 01.01.2022-დან 01.06.2025-მდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5280 ბრძანებით მოცული საკითხებისა“, რაც ნიშნავს, რომ დღგ-ის საკითხი 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე შემოწმებული იყო წინა შემოწმებით და ახალი შემოწმების ფარგლებში აღარ უნდა შემოწმებულიყო.
თუ აუდიტის დეპარტამენტი ჩათვლიდა, რომ აღნიშნული პერიოდი მაინც უნდა დაქვემდებარებოდა შემოწმებას, უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რომლის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
შესაბამისად, შემოწმებული პერიოდის ხელახალი შემოწმება უნდა მომხდარიყო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბოლო შემოწმების ფარგლებში აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შეემოწმებინა მხოლოდ 2025 წლის 1 მარტიდან 1 ივნისამდე პერიოდი. შესაბამისად, უკვე შემოწმებულ პერიოდზე დამატებით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში არამართლზომიერია და უნდა გაუქმდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5280 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5280 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამავე დეპარტამენტის 2.05.2025 წლის №8616 ბრძანების მიხედვით, შემოწმდა 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების/საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №13644 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 4 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5280 ბრძანებით მოცული საკითხებისა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №13644 ბრძანებით დანიშნულია კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5280 ბრძანებით მოცული საკითხებისა, ხოლო აღნიშნული ბრძანებით დანიშნული იყო თემატური საგადასახადო შემოწმება მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ განხორციელებულა პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს --- (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 6 აპრილს, დღგ-ის გადამხდელად - 2012 წლის 15 მაისს. შესამოწმებელ პერიოდში პირის საქმიანობას წარმოადგენს ჩანთების, ჩემოდნების და სხვა საქონლის ჩინეთიდან იმპორტი და საცალო რეალიზაცია, შემდეგ მისამართებზე მდებარე მაღაზიებში: ქ. --- კმ (სავაჭრო ცენტრი---), ც. --- (სავაჭრო ცენტრი ---ა) და ---. გადასახადის გადამხდელმა არასრულად ითანამშრომლა შემოწმებასთან - დაკისრებულია ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. პირს 2022 წელზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 ივნისამდე პერიოდზე აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ორის 5“-ის მეშვეობით, დანარჩენ პერიოდზე, 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 1 ივნისამდე, პროგრამა „ორის 7“-ის მეშვეობით, თუმცა „ორის 5“-ის საბოლოო ნაშთები არ ემთხვევა, პროგრამა „ორის 7“-ის საწყის ნაშთებს (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გაიგზავნა წერილი, გამოთხოვილ იქნა დაბეჭდილი და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ბრუნვითი უწყისები, აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებისთვის).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. რეალიზაციის განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა ინვოისები, განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება.
საქონელი დაიყო ჯგუფებად: I ჯგუფი - ჩემოდნები, II ჯგუფი - ჩანთები, III ჯგუფი - სხვა საქონელი. პირველი და მე-2 ჯგუფებისთვის გამოყენებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს ---ში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მონაცემების საფუძველზე გამოანგარიშებული ფასნამატი - 303% და 238%, ხოლო მე-3 ჯგუფისთვის დოკუმენტური ფასნამატი - 85% (სულ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია 5 საკონტროლო შესყიდვა). გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის და პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ პირს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტი ვერ დგინდება. რეალიზაციის განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა ინვოისები, განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. საქონელი დაიყო ჯგუფებად: I ჯგუფი - ჩემოდნები, II ჯგუფი - ჩანთები, III ჯგუფი - 5 სხვა საქონელი. პირველი და მეორე ჯგუფებისთვის გამოყენებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს ---ში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მონაცემების საფუძველზე გამოანგარიშებული ფასნამატი - 303% და 238%, ხოლო მესამე ჯგუფისთვის დოკუმენტური ფასნამატი 85%.
შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის და პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და პირველი და მეორე ჯგუფებისთვის საკონტროლო შესყიდვის მონაცემების საფუძველზე გამოანგარიშებული ფასნამატის, ხოლო მესამე ჯგუფისთვის დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით საქონლის რეალიზაცია მართლზომიერად განხორციელდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი სრულყოფილად ახდენდა რეალიზებული პროდუქციის დეკლარირებას და კუთვნილი დღგ-ის თანხების გადახდას ბიუჯეტში, აღნიშნულზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე (41 თვე) დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენ 1 055 810 ლარს, დეკლარირებული ფასნამატი კი 230%-ს. აღნიშნული სადავოდ არ არის გამხდარი არც აუდიტორის მხრიდან. შემოწმებით კი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე (41 თვეზე) არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული 248%-იანი ფასნამატის გამოყენებით გაზრდილია სულ 57 684 ლარით და შეადგენს 1 113 494 ლარს. გარდა იმისა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ფასნამატი შეუსაბამოდ მაღალი და არარეალურია, ასევე არაპირდაპირი მეთოდით ბიუჯეტში დამატებით გადასახდელი დღგ-ის თანხები გაზრდილია ყოველთვიურად საშუალოდ 220 ლარით, რაც არაარსებითია. შესაბამისად, შემოწმების მიერ დღგ-ის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და თვით ეს მეთოდი არამართლზომიერია.
რაც შეეხება შემოწმების აქტში მითითებულ ინფორმაციას, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა და „ორის 5“-ის საბოლოო ნაშთები არ ემთხვევა, პროგრამა „ორის 7“-ის საწყის ნაშთებს, განხორციელდა ანალიზი და „ორის 5“-ისა და „ორის 7“-ის ნაერთ ნაშთებს შორის სხვაობა არ დგინდება, რის მტკიცებულებად წარმოდგენილია დანართი ნაშთების შესახებ. 2023-2025 წლებზე კომპანიის ბუღალტრული მონაცემები იძლევა საკმარის ინფორმაციას, რათა არ მოხდეს ამ პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგულისხმოა, რომ კომპანიაში არაერთხელ არის განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რომლის დროსაც გადასახადის გადამხდელი არცერთხელ არ არის დაჯარიმებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის საქმიანობას წარმოადგენს ჩანთების, ჩემოდნების და სხვა საქონლის ჩინეთიდან იმპორტი და საცალო რეალიზაცია. შემოწმების პროცესში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობისთვის გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით.
გადასახადის გადამხდელს 2022 წელზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, 1.01.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდზე აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ორის 5“-ის მეშვეობით, 1.06.2024 წლიდან 1.06.2025 წლამდე, პროგრამა „ორის 7“-ის მეშვეობით, თუმცა „ორის 5“-ის საბოლოო ნაშთები არ ემთხვევა, პროგრამა „ორის 7“-ის საწყის ნაშთებს. გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნილი იქნა დაბეჭდილი და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ბრუნვითი უწყისები, რაც არ იქნა წარმოდგენილი. მოძიებული იქნა ინვოისები, განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება.
საქონელი დაიყო ჯგუფებად: I ჯგუფი - ჩემოდნები, II ჯგუფი - ჩანთები, III ჯგუფი - სხვა საქონელი. პირველი და მე-2 ჯგუფებისთვის გამოყენებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს ---ში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მონაცემების საფუძველზე გამოანგარიშებული ფასნამატი - 303% და 238%, ხოლო მე-3 ჯგუფისთვის დოკუმენტური ფასნამატი - 85%. სულ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია 5 საკონტროლო შესყიდვა. გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის და პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მთლიან ნაშთებს შორის სხვაობა შესაძლოა არაარსებითი იყო, თუმცა სუბანგარიშებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობები ფიქსირდება. არ ემთხვევა ანგარიშების რაოდენობრივი და თანხობრივი ნაშთები.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წელზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ბუღალტრული პროგრამის ცვლილებისას პროგრამის საბოლოო ნაშთები არ ემთხვევა, განახლებული პროგრამის საწყის ნაშთებს, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დაბეჭდილი და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ბრუნვითი უწყისები და აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების პროცესში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შემმოწმებელმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და მასში შესული შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მოძიებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით დარჩენილი ფულის ნაშთი 322 294 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, ----ზე (პ/ნ ---), გაცემულ ხელფასად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების პროცესში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მოძიებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით, დარჩენილი ფულის ნაშთი 322 294 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ შემოსავალიდან გამოსაქვით ხარჯებში არ არის გათვალისწინებული მის მიერ გაწეული რიგი ხარჯები, კერძოდ: - მივლინების ხარჯები დაახლოებით 53 000 ლარი, კერძოდ ტრანსპორტირების ხარჯები (არსებობს ელექტრონული ავია ბილეთები), სასტუმროსა და დღიური ხარჯების ნორმები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში.
ამასთან, აღნიშნავს, რომ მივლინებების დამატებით მტკიცებულებად წარმოადგენს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ----ის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ, შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციას; - არ არის გათვალისწინებული გადამზიდავ კომპანიაზე გაწეული ხარჯები, რომელიც ირიცხებოდა კომპანიის ანგარიშიდან დამფუძნებლის/დირექტორის ---ძის ანგარიშზე და ის ახორციელებდა აღნიშნული თანხების გადარიცხვას გადამზიდავი კომპანიის დირექტორის ---ის პირად ანგარიშზე. შესაბამისად, აღნიშნული თანხები ამოსარიცხია დირექტორის ხელფასად განხილული თანხებიდან;
- არ არის გათვალისწინებული კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის ---ის მიერ ჩინეთში განხორციელებული გარკვეული ხარჯები, როგორიცაა ჩინეთში საქონლის შიდა ტრანსპორტირება, დასაწყობება, შეფუთვა. ასევე არ არის გათვალისწინებული ჩინეთში კომპანიის დირექტორის მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორია შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის ოდენობა 322 294 ლარი, ვინაიდან შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არ არის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული რიგი ხარჯები, კერძოდ: - მივლინების ხარჯები დაახლოებით 53 000 ლარი, კერძოდ ტრანსპორტირების ხარჯები (არსებობს ელექტრონული ავია ბილეთები. დანართი), სასტუმროსა და დღიური ხარჯების ნორმები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში. ამასთან, მივლინებების დამატებით მტკიცებულებად წარმოადგენს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ---ის (პ/ნ ---) მიერ საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ, სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციას (დანართი); - არ არის გათვალისწინებული გადამზიდავ კომპანიაზე გაწეული ხარჯები, რომელიც ირიცხებოდა კომპანიის ანგარიშიდან დამფუძნებლის/დირექტორის ---ის ანგარიშზე და ის ახორციელებდა აღნიშნული თანხების გადარიცხვას გადამზიდავი კომპანიის დირექტორის ---ის პირად ანგარიშზე. შესაბამისად, ეს თანხები ამოსარიცხია დირექტორის ხელფასად განხილული თანხებიდან (დანართი); - არ არის გათვალისწინებული კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის ---ის მიერ ჩინეთში განხორციელებული გარკვეული ხარჯები, როგორიცაა ჩინეთში საქონლის შიდა ტრანსპორტირება, დასაწყობება, შეფუთვა. ასევე არ არის გათვალისწინებული ჩინეთში კომპანიის დირექტორის მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები (დანართი); - არ არის გათვალისწინებული ბრენდის შეძენის და რეგისტრაციის ხარჯი. შესაბამისად, ხელფასის სახით განხილული თანხების ნაწილში გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული არგუმენტები/მტკიცებულებები და დარიცხული საშემოსავლო გადასახადი უნდა დაექვემდებაროს შემცირებას. ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურმა. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში წარადგენს დოკუმენტებს და დაელოდება გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების პროცესში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მოძიებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით განისაზღვრა ფულის ნაშთი 322 294 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5348 ბრძანებით, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5348 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის ნაწილში შესამოწმებელი პერიოდის განსაზღვრა;
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
3. ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
პირს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტი ვერ დგინდება. რეალიზაციის განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა ინვოისები, განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. საქონელი დაიყო ჯგუფებად: I ჯგუფი-ჩემოდნები, II ჯგუფი-ჩანთები, III ჯგუფი-სხვა საქონელი. პირველი და მეორე ჯგუფებისთვის გამოყენებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მონაცემების საფუძველზე გამოანგარიშებული ფასნამატი - 303% და 238%, ხოლო, მესამე ჯგუფისთვის დოკუმენტური ფასნამატი 85%. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის და პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
შემოწმების პროცესში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შემოწმებამ იხელმძღვანელა ,,ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით და მასში შესული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მოძიებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით, დარჩენილი ფულის ნაშთი 322 294 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 255 (6); 263 (1); 73 (5,9); 101 (1); 154 (1).