გადაწყვეტილება №28080/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28080/2/2026
09 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:--------ძე (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 4.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28080/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინება;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2026 წლის №081-96 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16785 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 612 728.46 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 386 537.08
ჯარიმა - 107 371
საურავი - 118 820.38
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ფეხსაცმლითა და სხვადასხვა სპორტული აქსესუარებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2.06.2026 წლის №12035 ბრძანება და №081-96 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის №16785 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებსა და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ი/მ -----ძეს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული აქვს სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის, „ფეხბურთის ფორმა“, „კიმონო“, „ლახტი“ და სხვა სპორტული აქსესუარები. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა რომ შესამოწმებელ პერიოდში ჩარიცხული თანხების დანიშნულებებში მითითებულია „ბოტასი“, „ჯინსი“, „ბუცი“ და ა.შ. ასევე, საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება დიდი რაოდენობით პირადი ჩარიცხვები, რომელთა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები ასევე წარმოადგენს სხვადასხვა სპორტული აქსესუარის რეალიზაციასთან დაკავშირებულ შემოსავალს. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავლები. აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანს 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს №--- საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართი. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ფარგლებში წარდგენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებული შესყიდვის აქტები, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად აღნიშნულმა გავლენა არ მოახდინა დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისა და დასაბეგრი ბაზის განსაზღვრაზე. ფეხსაცმლითა და სხვადასხვა სპორტული აქსესუარებით ვაჭრობის ფარგლებში მიღებულმა შემოსავალმა 2023 წლის 31 მარტიდან გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, ამ თარიღიდან გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შედეგად საგადასახადო კოდექსის 158- ე, 159-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის მაისში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული აქვს №---- საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართი, რომლის ღირებულებაც ხელშეკრულებაში მითითებული იყო 200 000 აშშ დოლარი. აგრეთვე, ხელშეკრულების საგნად მითითებული იყო - კომერციული ფართი და არა საცხოვრებელი ფართი.
იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს და ამასთანავე, მომჩივნის მხრიდან ვერ დადასტურდა სხვა ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავლის მიღება და №----- საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართის, როგორც საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ მიწოდება მეუღლეზე (არ არის წარმოდგენილი ქორწინების მოწმობა), შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს შემოწმების აქტში მითითებული აქვს, რომ გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმლით და სხვა სპორტული აქსესუარებით ვაჭრობა. არ ეთანხმება აღნიშნულ პოზიციას და წარმოადგენს მტკიცებულებებს ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით:
• მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის, თაფლის და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და საბითუმო რეალიზაცია. იგი არ აწარმოებს საცალო ვაჭრობას, რეალიზაცია ხდება ყუთებით, შეკვრით, ტომრით ან სხვა განსაზღვრული ერთეულით. სხვადასხვა პერიოდში მეწარმეს ჰქონდა რამდენიმე ობიექტი ბაზრობის ტერიტორიაზე ადგილმონაცვლეობით, სადაც ახორციელებდა ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობას.
• შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა ადგილობრივ ბაზარზე საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - შესყიდვის აქტები, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა საქონლის გამყიდველებთან დაკავშირება და წარდგენილი დოკუმენტაციის სინამდვილესთან შესაბამისობის დადასტურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტს აღარ უნდა დარჩენოდა შეკითხვა მეწარმის საქმიანობასთან მიმართებით, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმოდგენილი შესყიდვის აქტები უგულებელყოფილ იქნა და მეწარმის შემოსავალი მთლიანად დაკვალიფიცირებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებად.
• გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი შესყიდვის აქტების უგულებელყოფა. დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ ნოტარიულად დამოწმებულ შესყიდვის აქტებს, რომელიც ადასტურებს განხორციელებული ოპერაციების სინამდვილეს. შესაბამისად მეწარმის მთლიანი შემოსავლის დაკვალიფიცირება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებად არასწორი და არამართებულია.
• ადასტურებს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც მეწარმის პირად ანგარიშზე ირიცხებოდა თანხები, სადაც დანიშნულებაში მითითებული იყო "ბოტასი", "ჯინსი" , "ბუცი" და ა.შ. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტს მიეცა ახსნა-განმარტება, კერძოდ მეწარმის შვილები ბაზრის ტერიტორიაზე მუშაობდნენ დაქირავებით სხვა საქმიანობის განმახორციელებელ მეწარმეებთან(ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე პირები) გამომუშავების პრინციპით, ისინი არ ღებულობდნენ უნაღდო ანგარიშსწორებას და პოტენციური კლიენტის არ დაკარგვის მიზნით კლიენტის მხრიდან უნაღდო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში ი/მ -----თან არიცხინებდნენ თანხას საქონლის დასახელების მითითებით, ხოლო -----ძე დღის ბოლოს ნაღდ ფულს აძლევდა შვილებს ანგარიშის გასასწორებლად. შესამოწმებელ პერიოდში სულ ასეთი დანიშნულებით ჩარიცხული თანხა შეადგენს არაუმეტეს 2 000 ლარს. ანალოგიური პრინციპით მოხდა რამდენჯერმე ზედნადების გაწერა ი/მ ----ძის მიერ კლიენტისთვის, სულ შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ოპერაცია განხორციელებულია 2 435 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მეწარმის განხილვა ფეხსაცმლითა და სხვა სპორტული ინვენტარით მოვაჭრე სუბიექტად რეალობას მოკლებულია.
• 2025 წლის ბოლოდან მეწარმეს შეექმნა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და თვითონ ნაკლებად ახერხებდა ეკონომიკურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობას. რამდენჯერმე გაიკეთა მძიმე ოპერაცია, 2026 წლიდან ასევე დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, „---“-ს გამო შეექმნა გადაადგილების პრობლემები და ფაქტიურად ვერ ახერხებდა უშუალოდ მიეღო მონაწილეობა ეკონომიკურ აქტივობაში. 2026 წლის თებერვლიდან მის კუთვნილ ობიექტებში შვილებმა გააგრძელეს საქმიანობა იმ სფეროთი, რაშიც იყვნენ მანამდე დასაქმებული, კერძოდ ძირითადად ფეხსაცმლის და ნაწილობრივ ტანსაცმლის გაყიდვის სფეროში.
• ითხოვს, მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, წარდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით მოხდეს გადასახადის გადამხდელის მიმართ განხორციელებული დარიცხვისა და პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებულის გათვალისწინებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება გვინდა მივაქციოთ, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2026 წლის №-- წერილის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული ჰქონდა სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის, „ფეხბურთის ფორმა“, „კიმონო“, „ლახტი“ და სხვა სპორტული აქსესუარები. ასევე, საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა რომ შესამოწმებელ პერიოდში ჩარიცხული თანხების დანიშნულებებში მითითებული იყო - „ბოტასი“, „ჯინსი“, „ბუცი“ და ა.შ. აგრეთვე, წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში ფიქსირდებოდა დიდი რაოდენობით პირადი ჩარიცხვები, რომელთა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა სხვადასხვა სპორტული აქსესუარის რეალიზაციასთან დაკავშირებულ შემოსავალს. ამასთან, 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული ჰქონდა N--- საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართი. შესამოწმებელ პერიოდში, მეწარმის მიერ მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2023 წლის 31 მარტს და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული იყო სპორტული ტანსაცმელი, ამასთან, თანხის ჩამრიხცველების ნაწილი გადამოწმდა და მათ დაადასტურეს, რომ ნამდვილად ჰქონდათ შეძენილი მომჩივნისაგან სპორტული ფეხსაცმელი/ტანსაცმელი, შესაბამისად, ჩათვალა, რომ მისი საქმიანობაა სპორტული ტანსაცმლით და ფეხსაცმელებით ვაჭრობა. ხილ-ბოსტანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს ჰკითხა ჰქონდა თუ არა დღგ-საგან გათავისუფლებული ბრუნვები, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. საქმეზე წარმომადგენლების ჩართვის შემდეგ წარმოდგენილი იქნა ნოტარიულად დადასტურებული ხილ-ბოსტანის შესყიდვის აქტები მილიონ ლარზე მეტის, თუმცა შესაბამისი სარწმუნო ინფორმაციის არ არსებობის გამო მათი გათვალისწინება არ მოხდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, მოპასუხე ორგანოს მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან ვერ შეძლო საგადასახადო ორგანოს გამაბათილებელი, რაიმე არგუმენტის ან მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მისი მხრიდან ზემოთ დასახელებული არგუმენტების მართებულობას დაადასტურებდა და მოპასუხე ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმებისას დამატებით გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც მომჩივანს არ ჰქონდა დეკლარირებული, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნისათვის დღგ-ის დარიცხვის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინება
ფაქტების აღწერა
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
• საგადასახადო შემოწმების აქტში ასევე მითითებულია, რომ 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს N--- - საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართი, რომელიც დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. N---- საკადასტრო კოდზე არსებული ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომელიც გაქირავებული იყო საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის. აღნიშნული ფართი საჯარო რეესტრში 2025 წლის მაისის თვეში გადაფორმებულია მის მეუღლეზე, რომელიც წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს, ხოლო საჯარო რეესტრში შეცდომით მოხდა ნასყიდობის ოპერაციის მითითება.
• ზემოაღნიშნული ოპერაციის შინაარსი უნდა დაექვემდებაროს კორექტირებას, რადგან -----ძე (პ/ნ -------) წარმოადგენს მეუღლეს და ამ ოპერაციის ნასყიდობად დაკვალიფიცირება და ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა არამართებულია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
2. ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/ არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.
3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2026 წლის №--- წერილის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებული ინფორმაციის მიხედვით, მეწარმეს 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული აქვს N----- საკადასტრო კოდზე არსებული კომერციული ფართი, რომლის ღირებულებადაც ხელშეკრულების მხარეთა მიერ განსაზღვრულია 200 000 აშშ დოლარი, აგრეთვე ხელშეკრულებაშივეა დაკონკრეტებული ნასყიდობის საგნის სტატუსიც (კომერციული ფართი). ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ N---- საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ქონება განხილულ იქნა „კომერციულ ფართად“ და დაიბეგრა დამატებითი ღირებულების გადასახადით.
ამასთან, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული ობიექტი გაქირავებული იყო და ფუნქციონირებს ბაღი, ასევე, უძრავი ქონების გამყიდველი და მყიდველი იურიდიულად სამოქალაქო (ოფიციალურ) ქორწინებაში არ არიან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია ისეთი ინფორმაცია/მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანმა განახორციელა კომერციული ფართის რეალიზაცია, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართის რეალიზაციის საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად კვალიფიცირების და დღგ-ით დაბეგვრის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
პირველი დავის საგნის ნაწილში დღგ-ში განხორციელებული დარიცხვიდან გამომდინარე, საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2026 წლის №081-96 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, საწარმოს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა 107 371 ლარი და საურავი - 118 820.38 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ საჩივრის წარმოდგენისას მოხდა ტექნიკური უზუსტობა და აღნიშნული დავის საგანი საჩივარში არ იქნა მითითებული და ზეპირ განხილვაზე მოითხოვეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;
2. კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე მიღებული შემოსავლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინება;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც დგინდება, რომ შემოწმების ფარგლებში შემმოწმებლის მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია-დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული აქვს სხვადასხვა პროდუქცია. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა რომ შესამოწმებელ პერიოდში ჩარიცხული თანხების დანიშნულებებში მითითებულია ზემოაღნიშნული პროდუქცია. ასევე, საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება დიდი რაოდენობით პირადი ჩარიცხვები, რომელთა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები ასევე წარმოადგენს სხვადასხვა სპორტული აქსესუარის რეალიზაციასთან დაკავშირებულ შემოსავალს. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება იჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავლები. აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებული ინფორმაციის მიხედვით, მომივანს 2025 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს კომერციული ფართი. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ფარგლებში წარმოდგენილ იქნა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებული შესყიდვის აქტები, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ზემოაღნიშნული შესყიდვის აქტები აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად აღნიშნულმა გავლენა არ მოახდინა დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისა და დასაბეგრი ბაზის განსაზღვრაზე. ვინაიდან დადგინდა, რომ მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფეხსაცმლითა და სხვადასხვა სპორტული აქსესუარებით ვაჭრობა, რომლის ფარგლებშიც მიღებული შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს, შედეგად მომჩივანს 2023 წლის 31 მარტიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №12035 ბრძანება და №081-96 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №16785 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმებისას დამატებით გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც მომჩივანს არ ჰქონდა დეკლარირებული, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნისათვის დღგ-ის დარიცხვის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო,ვინაიდან მომჩივანმა განახორციელა კომერციული ფართის რეალიზაცია, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართის რეალიზაციის საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად კვალიფიცირების და დღგ-ით დაბეგვრის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 165(1); 269(7); 282(1);