გადაწყვეტილება № 27778/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27778/2/2026
11 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----13.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27778/2/2026).
დავის საგანი:
1. მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. დღგ-ის ჩათვლების გაუთვალისწინებლობა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №002-221 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9670 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 813 859.74 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 967 136.31
დღგ - 589 713.24
მოგების გადასახადი - 306 833.07
საშემოსავლო გადასახადი - 70 590
ჯარიმა - 484 405.9
საურავი - 362 317.53
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №28740 ბრძანება და №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9670 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის სხვაობის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9670 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აშენებული აქვს ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ------ რაიონში, -----, -----მიმდებარედ (ს/კ -----). შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც ნაწარმოები აქვს პროგრამა ინფოში. გადამხდელის მხრიდან ასევე წარმოდგენილია შემოწმების მიერ მოთხოვნილი პირველადი დოკუმენტაცია (ბანკის ცნობები და ამონაწერები, ხელშეკრულებები და სხვა). შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2019 წლის 23 ივლისს კომპანიასა და მიწის მეპატრონე ფიზიკური პირს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირი კომპანიას გადასცემდა 2 262 კვ.მ მიწის ნაკვეთს ----- (ს/კ -----) და აღნიშნულ მიწაზე ასაშენებელი მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურულ პროექტს, რაზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, რის სანაცვლოდაც კომპანია ფიზიკურ პირს გადაცემდა აშენებულ კომპლექსში 900 კვ.მ სასარგებლო ფართს. 2021 წლის 22 სექტემბერს (ამ პერიოდისათვის შენობის აშენებისათვის გაწეული ხარჯის 70%-მდე უკვე გაწეული იყო და მიმდინარეობდა მშენებლობა) კომპანიასა და მიწის მეპატრონეს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა მიწის ნასყიდობის ანგარიშსწორების წესი, კერძოდ, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ ფიზიკურ პირს გადასცემდა 2 500 000 ლარს არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა. გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას მიწის მეპატრონისათვის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადახდილი აქვს 2023 წელს
1 300 000 ლარი და 2024 წელს 1 200 000 ლარი, რაც ჯამში ანგარიშსწორების დღეებისათვის არსებული ვალუტის კურსის გათვალისწინებით შეადგენს 940 606 აშშ დოლარს.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2025 წლის 24 დეკემბრის №----- დასკვნის მიხედვით განხორციელდა 2 262.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე: -----, ----- მიმდებარედ (ს/კ -----) საბაზრო ღირებულების განსაზღვრა 2021 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით და მიწის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 421 000 ლარი. შემოწმების შედეგად განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ ------) მიერ ფ/პ ------ (პ/ნ ------) შეძენილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ------), მშენებლობის პროექტისა და ნებართვის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, კერძოდ, მიწის საბაზრო ღირებულებას, 421 000 ლარს, დაემატა პროექტისა და მშენებლობის ნებართვის ღირებულება
340 279 ლარი (მშენებლობის სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე საშუალოდ შენობის აშენებაზე გაწეული ხარჯების 10%), რამაც ჯამში შეადგინა 761 279 ლარი. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად სხვაობა საწარმოს მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ 2 500 000 ლარსა და საბაზრო ღირებულებას შორის, რამაც შეადგინა 1 738 721 ლარი, დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით მე-18 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2019 წლის 23 ივლისს გადამხდელსა და მიწის მეპატრონეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირი კომპანიას გადასცემდა 2 262 კვ.მ მიწის ნაკვეთს ------ და აღნიშნულ მიწაზე ასაშენებელი მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურულ პროექტს, რაზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, რის სანაცვლოდაც გადამხდელი მიწის მეპატრონეს გადაცემდა აშენებულ კომპლექსში 900 კვ.მ. სასარგებლო ფართს. 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც შენობის აშენებისათვის გაწეული ხარჯის 70%მდე უკვე გაწეული იყო და მიმდინარეობდა მშენებლობა, კომპანიასა და მიწის მეპატრონეს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა მიწის ნასყიდობის ანგარიშსწორების წესი, კერძოდ, გადამხდელმა აიღო ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ მიწის მეპატრონეს გადასცემდა 2 500 000 ლარს. გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას აღნიშნული თანხა მიწის მეპატრონისათვის გადახდილი აქვს სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების შედეგად განხორციელდა გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტისა და ნებართვის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. კერძოდ, მიწის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №------ ექსპერტიზის დასკვნით, რამაც შეადგინა 421 000 ლარი. აღნიშნულ თანხას დაემატა პროექტისა და მშენებლობის ნებართვის ღირებულება 340 279 ლარი (მშენებლობის სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე საშუალოდ შენობის აშენებაზე გაწეული ხარჯების 10%), რამაც ჯამში შეადგინა 761 279 ლარი. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის 1 738 721 ლარის ოდენობით, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლის მე-2 მაგალითში მოცემულ შენიშვნის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, ჩაითვლება პირი, რომელიც ახორციელებს საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი).
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არ არის დადგენილი პირის მიერ განხორციელებული საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული სანებართვო საქმიანობა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით არ არის დასაბუთებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე, გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის სხვაობის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის სხვაობის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხზე საჩივარში მომჩივნის არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 ნაწილების და მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
11.ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9670 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის სხვაობის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9670 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9670 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლების გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში ასევე დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე არსებული ინფორმაცია (კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინების შესახებ სრული ინფორმაცია), გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, პირველადი დოკუმენტაციისა და გასს-ში არსებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადი გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს ჯამში
161 832 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 163 517 ლარს. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 1 683 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენდა ჯამში 161 832 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 163 517 ლარს. შემოწმების შედეგად დღგის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 1 683 ლარით.
ამასთან, საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულ იქნა ყველა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხზე საჩივარში მომჩივნის არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, პირველადი დოკუმენტაციისა და გასს-ში არსებული მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს ჯამში 161 832 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 163 517 ლარს. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 1 683 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ამ ნაწილში შემცირების საფუძველი გახდებოდა, მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №002-221 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა 484 405.9 ლარი და საურავი - 362 317.53 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. დღგ-ის ჩათვლების გაუთვალისწინებლობა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება;
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ კომპანიამ მიწის მესაკუთრესთან საწყისი ხელშეკრულებით ითვალისწინებდა ანგარიშსწორებას აშენებულ კომპლექსში ფართის გადაცემით, თუმცა მშენებლობის მიმდინარეობისას გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით ანგარიშსწორების წესი შეიცვალა ფულადი ანაზღაურებით. ბუღალტრული პროგრამის მონაცემებით დასტურდება, რომ კომპანიამ მიწის მესაკუთრეს სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა შესაბამისი თანხა.
ამასთან დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და შემოწმებით დადგენილი თანხა ერთმანეთს არ ემთხვეოდა შემოწმებით დადგენილი ოდენობა აღემატებოდა დეკლარირებულს, რის შედეგადაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შესაბამისად გაიზარდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9);97;981;174;175;275