ბრძანება N 19701

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.09.2026
№ დოკუმენტი 19701
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19701

04 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ის (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------;

იურ. მის.:--------------------------)

2026 წლის 21 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) 2026 წლის 21 ივლისის №103562/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის №005-134 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების შეფასება ეფუძნება მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, სადაც ფორმალურად, ტექნიკური რეგისტრაციის მიზნით არის მითითებული, რომ ნასყიდობის ფასი გადახდილია. განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ხელშეკრულება ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება და არა იმას, რომ ფულის გადახდა რეალურად განხორციელდა. აღნიშნავს, რომ კორპუსი ჯერ არც კი აშენებულა, აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ დღგ-ის მიზნებისთვის არ მომხდარა დასაბეგრი ობიექტის მიწოდება ან ავანსის ფაქტობრივი მიღება. აცხადებს, რომ არ არსებობს თანხის მიღების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი, ბუღალტრული ან სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თანხის მიღებას საწარმოს ან დირექტორის მიერ. მიუთითებს, რომ აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ კონტრაჰენტს არ გამოუხატავს რაიმე პრეტენზია, არ მოუთხოვია თანხის უკან დაბრუნება და არ მიუმართავს სასამართლოსთვის. განმარტავს, რომ ხელშემკვრელი მხარე არ წარმოადგენს საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირს, შესაბამისად, მას არ გააჩნდა რაიმე სახის პირადი ან ეკონომიკური ინტერესი რომლითაც აიხსნებოდა მის მიერ ბინების სრული ღირებულების გადახდა. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლზე მითითებით, განმარტავს, რომ საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ შემოწმების შეფასება დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდზე და არა რეალურ ფაქტებზე. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 601 მუხლების საფუძველზე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22368 და 26 დეკემბრის №28695 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 24 ივნისის №13908 ბრძანება და ამავე თარიღის №005-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 336 513 ლარი, მათ შორის, გადასახადი 182 461 ლარი, ჯარიმა 91 230 ლარი, საურავი 62 822 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 13 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 2 თებერვლიდან. კომპანიის დამფუძნებლებს წარმოადგენენ ფ/პ ----ი (პ/ნ -------,----- და ფ/პ ------ი (პ/ნ ------), დირექტორი -------ი. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანიაში წილები ნაწილდებოდა საწესდებო კაპიტალის 50-50%-ის ოდენობით. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობა და რეალიზაცია. შპს „-----“-ის მიერ 2009 წლის 17 ივლისს შეძენილ იქნა 900 მ2 მიწის ნაკვეთი შემდეგ მისამართზე: ქ. ----ი, ----ის ქ. №--ში. (ს.კ ------). ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2022 წლის აგვისტოში და დღემდე მიმდინარეობს (დასრულებული არ არის). ქალაქ ----ის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 დეკემბრის №- ბრძანების (---) მონაცემებით საერთო ფართად დაფიქსირდა 6 634 მ2 , საიდანაც საცხოვრებელ ფართია 2 545 მ2 , ხოლო ავტოსადგომის ფართი 1 159 მ2 . საჯარო რეესტრში წარმოდგენილი განაწილების მიხედვით 33 საცხოვრებელი ბინაა და 11 ავტოსადგომი. შესამოწმებელ პერიოდში სულ რეალიზებული აქვს 6 საცხოვრებელი ბინა და 1 ავტოსადგომი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 466 088 ლარს დღგ-ის გარეშე. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის მონაცემები (ამონაწერები, ხელშეკრულებები), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომელთა ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმომ ფ/პ -----თან 2024 წლის 3 ივნისს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც რეალიზებულია 4 ბინა, ჯამური ფართობით 283 მ2, ჯამური ღირებულებით 141 650 დოლარის ექვივალენტი ლარში. (1 მ2 ფასი შეადგენს 500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში) და ავტოფარეხი ფართობით 12.75 მ2 , რომლის ღირებულებაც შეადგენს 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. (1 მ2 ფასი 1569 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). ხელშეკრულებებში დაფიქსირებულია, რომ ნასყიდობის თანხები მყიდველმა გადაიხადა სრულად, რომლის შესაბამისი ბრუნვაც გადასახადის გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, მყიდველის მიერ გადახდილი თანხები არ ფიქსირდებოდა წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში და არც საწარმოს მხრიდან მომხდარა დამატებით ინფორმაციის წარმოდგენა (მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია აღნიშნულ თანხების მოძრაობასთან მიმართებით). შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადახდილი თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადები და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „----“-ის მიერ 2009 წლის 17 ივლისს შეძენილ იქნა 900 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელზეც სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2022 წლის აგვისტოში და დღემდე მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი. ---ის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 28 დეკემბრის №--- ბრძანების (----) მონაცემებით საერთო ფართად დაფიქსირდა 6 634 მ2 , საიდანაც საცხოვრებელ ფართს წარმოადგენს 2 545 მ2 , ხოლო ავტოსადგომის ფართი 1 159 მ2. საჯარო რეესტრში არსებული განაწილების მიხედვით ფართი ნაწილდება 33 საცხოვრებელ ბინად და 11 ავტოსადგომად.შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომელთა ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმომ ფ/პ -----თან 2024 წლის 3 ივნისს გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც რეალიზებულია 4 ბინა, ჯამური ფართობით 283 მ2, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 141 650 დოლარის ექვივალენტი ლარში და ავტოფარეხი ფართობით 12.75 მ2 , რომლის ღირებულებაც შეადგენს 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულებებში მითითებული იყო, რომ ნასყიდობის თანხები მყიდველმა გადაიხადა სრულად, თუმცა, შესაბამისი ბრუნვა გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შემოწმებამ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ფ/პ ------საგან გამოითხოვა ინფორმაცია, მათ შორის ხელშეკრულება და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. თავის მხრივ კომპანიის მიერ შემოწმებისთვის განმარტებულ იქნა, რომ ფ/პ -----თან შედგენილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ატარებდა შაბლონურ ხასიათს, რეალურად არ მომხდარა ნასყიდობის ფასის გადახდა და ფიქსირდებოდა დავალიანებად. აღნიშნული ოპერაცია არ იყო ასახული შემოწმებისთვის წარდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას განუცხადა, რომ აპირებდა აღნიშნული რეგისტრაციის გაბათილებას, რისთვისაც შემოწმების მხრიდან განესაზღვრა დრო, თუმცა შემოწმების დასრულების მომენტისთვის მყიდველთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავის დაწყების ან/და საჯარო რეესტრში ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე მიმართვის რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარდგენილა. ასევე, ფ/პ -----მა დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნულ უძრავი ქონებაზე გადაეცა საკუთრების უფლება, რადგან შპს „----“-სთან ყველა ვალდებულება შესრულებული ჰქონდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 601 მუხლების საფუძველზე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22368 და №28695 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №13908 ბრძანება და №005-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 336 513 ლარი, მათ შორის, გადასახადი 182 461 ლარი, ჯარიმა 91 230 ლარი, საურავი 62 822 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობა და რეალიზაცია. კომპანიის მიერ შეძენილ იქნა 900 მ2 მიწის ნაკვეთი.სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2022 წლის აგვისტოში და დღემდე მიმდინარეობს (დასრულებული არ არის). გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 466 088 ლარს დღგ-ის გარეშე. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის მონაცემები (ამონაწერები, ხელშეკრულებები), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომელთა ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმომ ფ/პ-თან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც რეალიზებულია 4 ბინა,ჯამური ღირებულებით 141 650 დოლარის ექვივალენტი ლარში. ხელშეკრულებებში დაფიქსირებულია, რომ ნასყიდობის თანხები მყიდველმა გადაიხადა სრულად, რომლის შესაბამისი ბრუნვაც გადასახადის გადამხდელს არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, მყიდველის მიერ გადახდილი თანხები არ ფიქსირდებოდა წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში და არც საწარმოს მხრიდან მომხდარა დამატებით ინფორმაციის წარმოდგენა (მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია აღნიშნულ თანხების მოძრაობასთან მიმართებით). შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადახდილი თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადები და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12(1 „გ“); 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158; 159(1 „ა“ და „ბ“); 160(1); 163(1.2.6 „ბ“); 164(1);

ასევე,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შედეგ ნორმებს: 53; 96; 601;