გადაწყვეტილება №27958/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.10.2026
№ დოკუმენტი 27958/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27958/2/2026

08 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 14.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27958/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის

საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2026 წლის №007-124 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.07.2026 წლის №17043 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 063 184,39 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 808 954,56

დღგ - 707 973,89

მოგების გადასახადი - 19 360,87

საშემოსავლო გადასახადი - 1 081 619,8

ჯარიმა - 979 964

საურავი - 274 265,83

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის გასვლითი საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2026 წლის №007-124 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.07.2026 წლის №17043 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (არარეზიდენტის მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხში).

შემოსავლების სამსახურის 29.07.2026 წლის №17043 ბრძანება, საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შპს „--------“ (ს/ნ „--------“) გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 16 დეკემბერს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით, ძირითადად ბანანით. საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებიდან.დეკლარირებული ბრუნვის 22% წარმოადგენს რეექსპორტის ოპერაციებს, რომლის დროსაც მიწოდება ხდება ძირითადად „--------“-ში, „--------“-სა და „--------“-ში. რეალიზაცია ხორციელდება აგრეთვე ადგილობრივ ბაზარზე. დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 77%-ზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეალიზებულია საცალოდ. კომპანია საქმიანობას ახორციელებს 4 ობიექტზე: 1)„--------“, 2) „--------“, 3)„--------“. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისის საშუალებით, შემოწმებისთვის წარმოდგენილია მოთხოვნილი ინფორმაცია.

როგორც შემოწმებით დგინდება, საცალო რეალიზაციის შემთხვევაში იკვეთება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები, როდესაც პროდუქციის შეძენის და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. კერძოდ, ბუღალტრულად ყოველი თვის ბოლოს ხდება ერთი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ჩამოწერა რაოდენობრივად და თანხობრივად. როგორც გადასახადის გადამხდელი განმარტავს, სავაჭრო ობიექტებიდან ხდება ყოველი თვის ბოლოს სასაქონლო ნაშთების გადაცემა ბუღალტერიაში და აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად ჩამოიწერება რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა სამეურნეო ოპერაციების ნაწილის მიმართ.

შემოწმებით რაოდენობრივად (ძირითადად ყუთების მიხედვით) გაანგარიშებული იქნა ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ოდენობა შემდეგნაირად: ბუღალტრულად ჩამოწერილ ადგილობრივად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებს გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული რაოდენობა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწერილი (ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი) რაოდენობები (აღნიშნული ცხრილი დეტალურად გავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად). შემდეგ, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან თითოეული სახეობის (სულ 15) მიხედვით გაანგარიშდა ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასი. ყოველი კალენდარული თვის მიხედვით ცალ-ცალკე სახეობაზე შესაბამისად გავრცელდა აღნიშნული ფასები და დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო თანხა.

საგადასახადო კოდექსის მუხლი 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 136-ე მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 160-ე მუხლის პირველი ნაწილის და „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-7 მუხლის მე2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის გათვალისწინებით შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმებით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმის ბუღალტრულად აღრიცხულსა და ბაზის მონაცემებს შორის სხვაობის, აგრეთვე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დასადგენად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგსა და საბუღალტრო მონაცემს შორის სხვაობის მიხედვით, რომელსაც ბოლოს გამოაკლდა საბუღალტრო ანგარიშზე „ვალდებულება პარტნიორზე“ კრედიტში ნაშთად არსებული თანხა, ჩაითვალა დირექტორის „--------“-ის (პ/ნ „--------“) მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საგადასახადო კოდექსის მუხლი 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 136-ე მუხლის პირველი ნაწილის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითების და მასში შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა პროგრამა „ორისის“ საშუალებით, თუმცა საცალო რეალიზაციის შემთხვევაში იკვეთებოდა არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები - როდესაც პროდუქციის შეძენის და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდებოდა ამავე პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. კერძოდ, ბუღალტრულად ყოველი თვის ბოლოს ხდებოდა ერთი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ჩამოწერა რაოდენობრივად და თანხობრივად. შემოწმებით რაოდენობრივად გაანგარიშებული იქნა ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ოდენობა, ბუღალტრულად ჩამოწერილ ადგილობრივად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებს გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული რაოდენობა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწერილი რაოდენობები. გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან თითოეული სახეობის (სულ 15) მიხედვით გაანგარიშდა ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასი. ყოველი კალენდარული თვის მიხედვით ცალ-ცალკე სახეობაზე შესაბამისად გავრცელდა აღნიშნული ფასები და დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო თანხა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმის ბუღალტრულად აღრიცხულსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის სხვაობის, აგრეთვე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დასადგენად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგსა და საბუღალტრო მონაცემს შორის სხვაობის მიხედვით, რომელსაც გამოაკლდა საბუღალტრო ანგარიშზე „ვალდებულება პარტნიორზე“ კრედიტში ნაშთად არსებული თანხა, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გაანგარიშებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომები. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გაანგარიშებაში არ ფიქსირდება ტექნიკური შეცდომები, ამასთან, საგადასახადო შემოწმების ეტაპზე, აღნიშნული საკითხი გავლილი იყო გადასახადის გადამხდელთან და მას რაიმე სახის პრეტენზია არ წარმოუდგენია.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასის გავრცელება და მიღებულ შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივრის არსებითად განხილვამდე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს და მომჩივანს (აუდიტორთან ერთად) სამუშაო ფორმატში გაიარონ და შეაჯერონ გაანგარიშების ცხრილებში არსებული უხეში ტექნიკური და არითმეტიკული შეცდომები.

შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას, მომჩივნის მიერ მითითებულ ტექნიკურ შეცდომებზე, შემოსავლების სამსახურმა ყოველგვარი გადამოწმებისა და სიღრმისეული ანალიზის გარეშე, ბრმად გაიზიარა აუდიტორის ზეპირი კომენტარი, თითქოს „გაანგარიშებაში ტექნიკური შეცდომები არ ფიქსირდება“.

სინამდვილეში, აუდიტორის მიერ შედგენილ საანგარიშო ცხრილებში დაშვებულია კოლოსალური და აბსურდული ტექნიკური შეცდომები. მაგალითისათვის: აუდიტორს თავის გაანგარიშების ცხრილში 1 კილოგრამი ანანასის ფასი მექანიკური/ტექნიკური შეცდომით დათვლილი და ჩაწერილი აქვს 400 ლარზე მეტი!

სრულიად აშკარაა, რომ ანანასის საბაზრო ფასი 1 კგ-ზე არცერთ პერიოდში არ ყოფილა და ვერც იქნება 400 ლარი. მსგავსი უხეში მათემატიკური და ტექნიკური ცდომილებები აკორექტირებს და ხელოვნურად ზრდის ბრუნვას მილიონობით ლარით.

იმისათვის, რომ დავების განხილვის საბჭოს საჩივრის განხილვისას ჰქონდეს ორივე მხრიდან ზუსტი, შეჯერებული, გადამოწმებული და სწორი ინფორმაცია, აუცილებელია საჩივრის განხილვამდე შედგეს სამუშაო შეხვედრა აუდიტორთან ტექნიკური შეცდომების გასასწორებლად.

შპს „--------“ ბაზარზე ოპერირებს 2016 წლის 28 ოქტომბრიდან დღემდე უცვლელი სამართლებრივი ფორმით, უცვლელი მენეჯმენტითა და იდენტური ბიზნეს-მოდელით. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხილის, კერძოდ კი ბანანის იმპორტი და საბითუმო (ყუთებით) რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე.

კომპანია წარმოადგენს უკიდურესად კეთილსინდისიერ სუბიექტს: საანგარიშო პერიოდში საწარმოს ჯამურმა ბრუნვამ შეადგინა 46 084 871,66 ლარი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით პირდაპირ და კეთილსინდისიერად არის გადახდილი 12 323 671 ლარი.

კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ბუღალტრული ბაზა (პროგრამა „ორისი“) დაფუძნების დღიდან წარმოებს უწყვეტად და სრულყოფილად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე და იგი სრულად იქნა მიწოდებული შემოწმებისთვის. ბანანი წარმოადგენს უკიდურესად სენსიტიურ და მალფუჭებად პროდუქციას, რის გამოც რეალიზაციის პროცესი შედგება შემდეგი სპეციფიკური ეტაპებისგან:

პირველი ხარისხის პროდუქცია (77%): შემოტანილი კონტეინერებიდან დახარისხების შედეგად საუკეთესო ვიზუალისა და შენახვის ვადის მქონე პროდუქტი მიეწოდება ქსელურ მარკეტებსა და ოფიციალურ მებითუმეებზე ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების გამოწერით კომპანიის მთავარი საწყობიდან (მდებარე:„--------“). აღნიშნული ნაწილი არის აბსოლუტურად დოკუმენტური, გამჭვირვალე და დადასტურებული.

მეორე ხარისხის პროდუქცია (23%): დახარისხების პროცესში დარჩენილი, გადამწიფებული, მცირედ დაზიანებული ან ვიზუალური წუნის მქონე ბანანი, რომლის შენახვის ვადაც მინიმალურია, სასწრაფოდ იგზავნება კომპანიის რეგიონულ ფილიალებსა და სარეალიზაციო პუნქტებში:

1.„--------“;

2. „--------“;

3. „--------“.

აღნიშნული პუნქტები სტრატეგიულად არის შერჩეული ბაზრობების ტერიტორიებზე, რათა პროდუქცია ყუთებით საბითუმოდ შეიძინონ ბაზრის წვრილმა მოვაჭრეებმა და ფიზიკურმა პირებმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი სრული ლპობა და განადგურება. ამ ტერიტორიებზე დოკუმენტური რეალიზაცია იშვიათად ხდება, ვინაიდან მყიდველებს სასაქონლო ზედნადების გამოწერა არ სურთ, თუმცა ყოველგვარი ასეთი ოპერაცია 100%-ით ფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის (ფისკალური მონაცემების) და საბანკო ტერმინალების მეშვეობით, რაც ასახავს რეალურ ეკონომიკურ სურათს.

პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე, საწარმო სისტემატურად ახორციელებს გაფუჭებული საქონლის აქტირებას და შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ პორტალზე (rs.ge) შესაბამისი ჩამოწერის განცხადებების გაგზავნას.

კომპანიის მაღალ ფისკალურ დისციპლინას ხაზს უსვამს ის უტყუარი ფაქტი, რომ 2016 წლიდან დღემდე საწარმო არცერთხელ არ ყოფილა დაჯარიმებული საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით (ჩეკის ამოურტყმელობა/საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა).

საგადასახადო შემოწმების აქტით, აუდიტორებმა კომპანიის საცალო/არადოკუმენტურ ბრუნვაზე (23%) საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (საშუალო შეწონილი ფასების გავრცელებით). საფუძვლად მიეთითა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 136-ე მუხლი და №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-7 და მე-9 მუხლები (დაბეგვრის ობიექტის დაუდგენლობა/არაიდენტიფიცირებადი რეალიზაცია).

საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული მეთოდის გამოსაყენებლად, რის გამოც უხეშად დაირღვა კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნები შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდი გამოიყენება, „თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა“. შპს „--------“-ს ბუღალტრული ბაზა სრულყოფილია. ბრუნვის 77% აღრიცხულია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო 23% - კანონმდებლობით აღიარებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტით - ჩეკითა და საბანკო ამონაწერით. შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია ბუნებაში არსებობს, ის არის უტყუარი და მისი მეშვეობით დაბეგვრის ობიექტის დადგენა იყო სრულად შესაძლებელი. ის გარემოება, რომ საცალო გაყიდვებისას მყიდველი ფიზიკური პირების პასპორტული იდენტიფიცირება ვერ ხდება, საცალო ვაჭრობისას არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, ვინაიდან პირველადი დოკუმენტი არის ფისკალური ჩეკი.

კანონი ითხოვს გარკვეული პირობების არსებობას, რაც საქმეში საერთოდ არ ფიქსირდება, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის:

- ბ.ა და ბ.ბ პირობები: შემოწმებას არ გამოუვლენია კომპანიის ან მისი მენეჯმენტის აქტივების რაიმე სახის დაუსაბუთებელი ზრდა ან დეკლარირებულ შემოსავალზე მეტი ხარჯის გაწევა;

- ბ.გ პირობა: მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად არ გამოვლენილა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა (საწარმო არასდროს დაჯარიმებულა ჩეკის ამოურტყმელობაზე);

- ბ.დ პირობა: არ არსებობს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება (ქრონომეტრაჟი, საკონტროლო შესყიდვა) ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობისა;

ჩეკით და ტერმინალით რეალიზაცია არ არის „არაიდენტიფიცირებადი რეალიზაცია“ (№22708 ბრძანების მე-9 მუხლის დარღვევა). მეთოდური მითითება არაიდენტიფიცირებად რეალიზაციად მიიჩნევს შემთხვევას, როდესაც დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება პროდუქციის სახეობა, რაოდენობა, მიწოდების თარიღი და რეალიზაციიდან მიღებული თანხა. შპს „--------“-ის მიერ საცალო წერტილებში განხორციელებული ყოველი ოპერაცია დაფიქსირებულია ჩეკითა და ტერმინალით, რომლითაც ზუსტად და უტყუარად იდენტიფიცირდება: ოპერაციის ზუსტი კალენდარული თარიღი, საათი, წუთი, მიღებული თანხის ოდენობა და რეალიზებული პროდუქციის სახეობა (ბანანი).

2020 წელს კომპანიაში ჩატარდა ანალოგიური სრული გეგმიური საგადასახადო შემოწმება. საწარმოს 2016 წლიდან დღემდე არ შეუცვლია არც საქმიანობის პროფილი, არც ბუღალტერიის წარმოების მეთოდი („ორისი“) და არც საცალო წერტილების აღრიცხვის სპეციფიკა. წინა შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს ბუღალტრულ აღრიცხვასთან მიმართებით არანაირი კითხვა არ გაჩენია და არავითარი არაპირდაპირი მეთოდი არ გამოუყენებია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საგადასახადო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია თავისივე პრეცედენტებით. დაუშვებელია, იდენტურ გარემოებებში, საგადასახადო ორგანომ ერთ შემოწმებაში აღიაროს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებისას დაფიქსირებული ფისკალური მონაცემები, ხოლო მომდევნო შემოწმებაში უსაფუძვლოდ უარყოს ისინი.

ბანანი არის მალფუჭებადი პროდუქტი. პირველი ხარისხის ბანანი (77%) მიეწოდება ქსელურ მარკეტებს მაღალ ფასად (რომლებიც აღნიშნულ პროდუქციას თავიანთ საწყობებში და ფილიალებში ანთავსებენ) და თუ მეორე ხარისხის შეერია უკან დაბრუნებაც ხდება, ხოლო მეორე ხარისხის (გადამწიფებული/წუნდებული, მცირე შენახვის ვადის მქონე) ბანანი სასწრაფოდ რეალიზდება ბაზრობებზე ყუთებით, ხშირად თვითღირებულებაში ან მასზე დაბალ ფასად, რათა თავიდან იქნას აცილებული პროდუქტის სრული ლპობა. საგადასახადო ორგანომ კი საცალო წერტილების რეალურ ბრუნვას მექანიკურად მიუსადაგა ქსელური მარკეტების საშუალო მაღალი ფასი, რაც ეკონომიკურ აბსურდს წარმოადგენს.

დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო შემოწმებამ შექმნა ვირტუალური, თეორიული ბრუნვა, რომელიც ბუნებაში არ არსებულა. კომპანიას აღნიშნული გაზრდილი თანხა მყიდველებისგან არ მიუღია. შეუძლებელია დღგ-ით დაიბეგროს ისეთი „ანაზღაურება“, რომელსაც რეალურად ადგილი არ ჰქონია.

იმ შემთხვევაში, თუ დავების განმხილველი ორგანო მიიჩნევს, რომ ბრუნვის 23%-იან ნაწილში კანონმდებლობა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას დასაშვებად ხდიდა (რაც კატეგორიულად მიუღებელია), უნდა გაუქმდეს აუდიტორის მიერ გამოყენებული კონკრეტული მეთოდოლოგია - საშუალო შეწონილი ფასის მექანიკური გავრცელება და ჩანაცვლდეს საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული, ყველაზე მსუბუქი მიდგომით.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება ადგენს, რომ სავალდებულოა არაპირდაპირი მეთოდი მაქსიმალურად ასახავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ობიექტურ ეკონომიკურ მოცემულობას. ეს ნორმა ავალდებულებს საგადასახადო ორგანოს, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურად ხელმისაწვდომია ერთზე მეტი გამოთვლის მეთოდი, გამოიყენოს ის, რომელიც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ტვირთს ყველაზე ნაკლებად ამძიმებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი პროპორციულობის პრინციპის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ხელმისაწვდომ ღონისძიებებს შორის, ყველა თანაბარი პირობის დროს, შეარჩიოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს კერძო ინტერესს.

შპს „--------“-ის 23%-იანი ბრუნვა წარმოადგენს ხარისხობრივად სრულიად განსხვავებული პროდუქციის - მეორე ხარისხის, გადამწიფებული, ვიზუალურად წუნდებული, მინიმალური შენახვის ვადის მქონე ბანანისა და ხილის - ჩეკით ან ტერმინალით განხორციელებულ რეალიზაციას, სადაც დღეში, ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კეთდება, საშუალოდ, ერთი სასაქონლო ზედნადები არარეგულარული, წვრილი, ინდივიდუალური გარიგებების გვერდით. ეს პროდუქცია, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში იყიდება თვითღირებულების ტოლ ან მასზე დაბალ ფასად - მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული პროდუქციის სრული ლპობა, განადგურება და ამით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი. ეს ეკონომიკური რეალობა სრულად, ჩვეულ ბიზნეს-ლოგიკას ეფუძნება და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად შექმნილი სქემა სახეზე არ არის.

აუდიტორმა საშუალო შეწონილი ფასი გამოიანგარიშა დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებების) რეალიზაციის მთლიანი მასივიდან, სადაც პირველი ხარისხის, ქსელურ მარკეტებზე მიწოდებული ბანანის მაქსიმალური, კომერციული ფასები ადგენს საშუალოს და ეს, ობიექტურად ყველაზე მაღალი, საშუალო ფასი შემდეგ გაავრცელა 23%-იან რეალიზაციაზე, ობიექტურად ყველაზე დაბალფასიანი, მეორე ხარისხის საქონლის ბრუნვაზე. ეს მიდგომა სასტიკ ეკონომიკურ შეუსაბამობას ახდენს: ერთ კომერციულ პოლიტიკაში ყველაზე ძვირი პროდუქტის ფასს ავრცელებს ყველაზე იაფ, ლამის თვითღირებულება მიღწეულ პროდუქტზე.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანო მაინც მიიჩნევს, რომ კალკულაციის ჩატარება აუცილებელია, ერთადერთი ეკონომიკურად დასაბუთებული და სამართლიანი მიდგომა იქნებოდა შემდეგი:

- ყოველ კალენდარულ თვეში, ყოველ კალენდარულ დღეში, გამოვლინდება ყველა დოკუმენტური ოპერაციიდან (ზედნადებში) ბანანის ერთეულის ყველაზე დაბალი ფასი;

- ამ ყოველდღიური მინიმალური ფასების საფუძველზე გამოიანგარიშება თვის საშუალო მინიმალური ფასი;

- სწორედ ეს საშუალო მინიმალური ფასი და არა პირველი ხარისხის საქონლის საშუალო კომერციული ფასი გავრცელდება შესაბამის კალენდარულ თვეში 23%-იან რეალიზაციაზე, ფისკალური ჩეკებით დაფიქსირებული ბრუნვის ხელახლა გადასაანგარიშებლად;

- ეს მიდგომა ვრცელდება სრული შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ყველა თვეზე სათითაოდ.

ეს გამოთვლა, პირველ რიგში, ამ ბიზნეს-სეგმენტის შედარებით ობიექტური ეკონომიკური სინამდვილის - მეორე ხარისხის, მალფუჭებადი პროდუქციის ყველაზე დაბალ ფასში განხორციელებული გაყიდვის - ყველაზე ზუსტ ასახვას ახდენდა, და მეორე მხრივ, ყველა ხელმისაწვდომი მიდგომიდან გამოიღებდა დეკლარირებული მონაცემებისადმი შედარებით მიახლოებულ შედეგს.

ზემოაღნიშნული ალტერნატიული მიდგომაც სამართლებრივად მცდარია, რადგან ფისკალური ჩეკებითა და ტერმინალებით დაფიქსირებული 23%-იანი ბრუნვა 100%-ით ზუსტ, უტყუარ, კანონმდებლობით სრულად აღიარებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტს წარმოადგენს და საერთოდ არ საჭიროებს „კორექტირებას“, თუმცა თუ ორგანო მაინც ჩათვლის, რომ არაპირდაპირი მეთოდი გარდაუვალია, სწორედ ეს მინიმალური ფასის მეთოდი იქნება ერთადერთი, რომელიც №22708 ბრძანების, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს ერთდროულად აკმაყოფილებს.

იმ შემთხვევაში, თუ დავების განმხილველი ორგანო სრულად არ გაიზიარებს მომჩივნის ძირითად არგუმენტებს სალაროს ფისკალური მონაცემების უტყუარობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ბრუნვის 23%- იან ნაწილში არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების თეორიული საფუძველი, უნდა შეიცვალოს შემოწმების მიერ გამოყენებული მანკიერი და არასწორი მეთოდოლოგია (მთელ ბრუნვაზე პირველი ხარისხის საქონლის საშუალო შეწონილი ფასების მექანიკური გავრცელება).

შემოსავლების სამსახურის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს რეალურ ეკონომიკურ ანალიზს და მაქსიმალურად უნდა ასახავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ობიექტურ მოცემულობას. აუდიტორის მიერ გამოყენებული მიდგომა კი სრულად უგულებელყოფს ბიზნესის სპეციფიკას შემდეგი გარემოებების გამო:

ბანანი წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქციას, რასაც ადასტურებს საწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდში ინტენსიურად და სისტემატურად განხორციელებული აქტირებები და შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) გაგზავნილი ჩამოწერის მრავალრიცხოვანი განცხადებები. ეკონომიკური და ბუღალტრული პრინციპების მიხედვით, მალფუჭებადი საქონლით ვაჭრობისას, ჩამოწერილი და განადგურებული პროდუქციის თვითღირებულება (ხარჯი) პირდაპირ და პროპორციულად გადანაწილდება და ზრდის დარჩენილი, ფაქტობრივად სარეალიზაციოდ ვარგისი პროდუქციის თვითღირებულებას. შესაბამისად, საწარმო იძულებულია იმუშაოს ძალიან დაბალ ფასნამატზე (მარჟაზე), რათა პროდუქცია ბაზარზე საერთოდ გაიყიდოს. საგადასახადო შემოწმებამ საერთოდ არ გაითვალისწინა ეს ფაქტორი და დანაკარგები სათანადოდ არ ასახა კალკულაციაში.

უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სამართლიანი მიდგომა (მინიმალური ფასნამატის მეთოდი): თუკი საგადასახადო ორგანო ახდენს საცალო/არადოკუმენტური ბრუნვის (23%-ის) კორექტირებას, ყველაზე სამართლიანი და ობიექტური მიდგომა იქნებოდა არა თეორიული საშუალო ფასის აღება, არამედ შემდეგი ეტაპობრივი ეკონომიკური მოდელის გამოყენება:

- შემოწმებას უნდა აეღო კომპანიის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული (77%-იანი) მაღალი ხარისხის პროდუქციის ფასები;

- ამ მონაცემებისათვის უნდა გამოეკლო შესაბამის პერიოდში ოფიციალურად ჩამოწერილი, გაფუჭებული პროდუქციის რეალური ხარჯი, რაც ობიექტურად გაზრდიდა თვითღირებულებას;

- ამ კალკულაციის შედეგად უნდა გამოეყვანა კომპანიის რეალური, ფაქტობრივი დაბალი ფასნამატი (მარჟა), რომელიც გაცილებით მცირეა აუდიტორის მიერ დათვლილ ვირტუალურ მარჟაზე;

- სწორედ ეს რეალური, მინიმალური ფასნამატი (და არა პირველი ხარისხის საქონლის საშუალო ფასი) უნდა გაევრცელებინა საცალო/არადოკუმენტურ წერტილებში ყუთებით რეალიზებულ მეორე ხარისხის პროდუქციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ არაპირდაპირი მეთოდის ნებისმიერი ფორმით გამოყენება მოცემულ შემთხვევაში ამძიმებს მეწარმის მდგომარეობას (ვინაიდან ჩეკებით ასახული ბრუნვა 100%-ით ზუსტია), ზემოაღნიშნული მიდგომა იქნებოდა ერთადერთი ეკონომიკურად დასაბუთებული, ლოგიკური და სამართლიანი ალტერნატივა, რომელიც ნაწილობრივ მაინც ასახავდა ხილის იმპორტის ბიზნესის სპეციფიკას.

შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით (ვირტუალური ფასებით) გამოთვლილი სხვაობები ჩათვალა დირექტორის ხელფასად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ხელფასი არის ფიზიკური პირის მიერ მიღებული რეალური სარგებელი. ვინაიდან სადავო თანხა წარმოადგენს აუდიტორების მიერ კაბინეტური, თეორიული გაანგარიშების შედეგად მიღებულ „სხვაობას“ და რეალურად კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის სახით არასდროს შესულა, ფიზიკურ პირს (დირექტორს) ფიზიკურად ვერ ექნებოდა აღებული აღნიშნული სარგებელი. საგადასახადო ორგანოს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება ფულადი სახსრების დირექტორის მიერ პირადი მიზნებისთვის მითვისებისა. დარიცხვა სრულად მოკლებულია მატერიალურ საფუძველს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით, ძირითადად ბანანით. დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 77%-ზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეალიზებულია საცალოდ. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისის საშუალებით, შემოწმებისთვის წარმოდგენილია მოთხოვნილი ინფორმაცია. საცალო რეალიზაციის შემთხვევაში იკვეთება არაიდენტიფიცირებადი რეალიზაციები, როდესაც პროდუქციის შეძენის და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა. ბუღალტრულად ყოველი თვის ბოლოს ხდება ერთი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ჩამოწერა რაოდენობრივად და თანხობრივად. ბუღალტრულად ჩამოწერილ ადგილობრივად რეალიზებული პროდუქციის რაოდენობებს გამოაკლდა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული რაოდენობა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწერილი (ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი) რაოდენობები. გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან თითოეული სახეობის (სულ 15) მიხედვით გაანგარიშდა ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასი. ყოველი კალენდარული თვის მიხედვით ცალ-ცალკე სახეობაზე შესაბამისად გავრცელდა აღნიშნული ფასები და დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო თანხა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, რაზეც მომჩივანი მიუთითებს წარმოდგენილ საჩივარში.

საბჭო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 10.09.2026 წელს საჩივრის განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის მიერ მითითებული იქნა, რომ გაანგარიშებებში დაშვებული იყო მექანიკური/ტექნიკური შეცდომები, რაც უნდა შესწავლილიყო აუდიტორთან ერთად. საბჭოს აღნიშნულ სხდომაზე საჩივრის განხილვა გადაიდო საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 2023 წლის დეკემბერში გამოყენებული ანანასის ფასი მკვეთრად განსხვავებულია და ძალიან მაღალია. ამ თვეში შესაძლებელია საშუალო ფასის გამოყენების საკითხის შესწავლა.

ამდენად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 979 964 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2026 წლის №007- 124 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 274 265,83 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის №17043 ბრძანებით მე-3 სადავო საკითხი (არარეზიდენტი თურქული სატრანსპორტო კომპანიების მომსახურების გადახდის წყაროსთან 10%-ით დაბეგვრა) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კომპანიას დაევალა რეზიდენტობის ცნობების წარდგენა 15 დღის ვადაში.

აღნიშნული დოკუმენტაცია („--------“-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის ცნობები - Tax Residency Certificates) შემოსავლების სამსახურში წარდგენილ თავდაპირველ საჩივარზევე იყო თანდართული ნოტარიულად ნათარგმნი ქართულ ენაზე. კომპანია სრულად ასრულებს პროცედურულ მოთხოვნას და აღნიშნულ ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანებს დედნებთან ერთად განმეორებით წარადგენს აუდიტის დეპარტამენტში ვალდებულების სრულად ჩამოსაწერად. უნდა გაუქმდეს არარეზიდენტების სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდის წყაროსთან დაკისრებული გადასახადი, წარდგენილი ნოტარიულად ნათარგმნი რეზიდენტობის სერტიფიკატების საფუძველზე.

საგადასახადო შემოწმების აქტით კომპანიას დაეკისრა სანქციები - ჯარიმა 979 964 ლარის და საურავი 274 265,83 ლარის ოდენობით (სულ: 1 254 229,83 ლარი). საწარმოს მრავალწლიანი უზადო საგადასახადო ისტორიისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს უპირობო სამართლებრივი საფუძველი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოსაყენებლად და კომპანიის სანქციებისგან სრულად გასათავისუფლებლად.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან (გარდა საურავისა), თუ პირი მოქმედებდა კეთილსინდისიერად, საგადასახადო კანონმდებლობის შეცდომით ინტერპრეტაციის ან/და სამართალდარღვევის აშკარა უმნიშვნელოობის გამო.

არსებობს ობიექტური და დოკუმენტურად დადასტურებული კრიტერიუმები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტს. შპს „--------“ არ არის ე.წ. „ფასადური“ ან რისკის შემცველი საწარმო, არამედ წარმოადგენს რეალურ სექტორში მოქმედ, ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორ სუბიექტს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს. მხოლოდ მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში (2023-2025 წლებში) კომპანიის მიერ სრულად დეკლარირებულმა და აღიარებულმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 46 084 871,66 ლარი, ხოლო უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით ფაქტობრივად გადახდილი და მობილიზებულია 12 323 671 ლარი. ეს რიცხვები ნათლად ადასტურებს, რომ კომპანიის მიზანი და ბიზნეს-სტრატეგია არის არა გადასახადებისგან თავის არიდება, არამედ გამჭვირვალე, კანონშესაბამისი საგადასახადო პოლიტიკის გატარება. კომპანიის კეთილსინდისიერების ყველაზე მყარი ინდიკატორი არის ის უტყუარი ფაქტი, რომ 2016 წლიდან დღემდე, ოპერირების მთელი პერიოდის განმავლობაში, საწარმო არცერთხელ არ ყოფილა დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან ჩეკის ამოურტყმელობის გამო. საცალო გაყიდვების პუნქტებში (ბაზრობებზე) არსებული 23%-იანი ბრუნვა 100%-იანი სიზუსტით აისახებოდა ფისკალურ მეხსიერებაში. ეს ადასტურებს, რომ მენეჯმენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა შიდა კონტროლის მკაცრ სისტემას და არა შემოსავლების მალვის მცდელობას. 2020 წელს, საგადასახადო ორგანოს მიერ იმავე ბუღალტრულ ბაზაზე და იდენტურ აღრიცხვის მეთოდოლოგიაზე ჩატარდა სრული საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული შემოწმების შედეგად, კომპანიას დამატებით გადასახდელად დაეკისრა სულ რაღაც 310 ლარი, რაც გამოწვეული იყო წმინდა წყლის ტექნიკური, არაარსებითი ხასიათის არითმეტიკული შეცდომით. აღნიშნული ფაქტი ორ გარემოებაზე მიუთითებს: საწარმოს ბუღალტერია ყოველთვის იყო და არის იდეალურად გამართული (310-ლარიანი ცდომილება მრავალმილიონიან ბრუნვაში არის მათემატიკური ნული) და წინა შემოწმების მიერ საცალო ბრუნვის აღრიცხვის მეთოდის სრულმა აღიარებამ კომპანიაში შექმნა სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა (ნდობის დაცვის პრინციპი). თუკი საგადასახადო ორგანოს მიაჩნდა, რომ საცალო ვაჭრობის სპეციფიკა (თვის ბოლოს ინვენტარიზაციით ასახვა) ხარვეზიანი იყო, მას ეს წინა შემოწმებისას უნდა მიეთითებინა.

აუდიტორების მიერ დღეს წარმოდგენილი 3 მილიონიანი დარიცხვა არ ეფუძნება გადამალული/აღურიცხავი საქონლის ან ფარული საწყობების აღმოჩენას. სხვაობა ხელოვნურად წარმოიშვა იმის გამო, რომ აუდიტმა გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და მალფუჭებად, მეორე ხარისხის პროდუქტზე გაავრცელა პირველი ხარისხის საქონლის საშუალო ფასები. სახეზეა წმინდა წყლის საგადასახადო ინტერპრეტაციისა და ბიზნესის სპეციფიკის შეუთანხმებლობის საკითხი.

ამგვარ პირობებში, როდესაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში შეტანილი აქვს 12,3 მილიონი ლარი, არ გააჩნია არცერთი მიმდინარე ჯარიმა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებაზე, ხასიათდება აბსოლუტური კეთილსინდისიერებით და წარსულში მხოლოდ 310 - ლარიანი ტექნიკური ხარვეზი უფიქსირდება, მისი დასჯა თითქმის მილიონიანი ჯარიმით ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, კომპანია სრულად უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმებისა და საურავებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.07.2026 წლის №17043 ბრძანება;

3.საჩივარი პირველი დავის საგნის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული მეთოდის გამოსაყენებლად.

2.მომჩივანი მიიჩნვს,რომ 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, კომპანია სრულად უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმებისა და საურავებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანი გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2016 წლის 16 დეკემბერს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა.საქონლის შეძენას ახორციელებს იმპორტის სასაქონლო რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებიდან.

დეკლარირებული ბრუნვის 22% წარმოადგენს რეექსპორტის ოპერაციებს.რეალიზაცია ხორციელდება აგრეთვე ადგილობრივ ბაზარზე. დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 77%-ზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეალიზებულია საცალოდ.

გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებიდან თითოეული სახეობის მიხედვით გაანგარიშდა ყოველთვიური დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასი. ყოველი კალენდარული თვის მიხედვით ცალ-ცალკე სახეობაზე შესაბამისად გავრცელდა აღნიშნული ფასები და დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო თანხა.შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმებით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის, რეექსპორტის სასაქონლო რეჟიმის ბუღალტრულად აღრიცხულსა და ბაზის მონაცემებს შორის სხვაობის, აგრეთვე სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დასადგენად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგსა და საბუღალტრო მონაცემს შორის სხვაობის მიხედვით, რომელსაც ბოლოს გამოაკლდა საბუღალტრო ანგარიშზე „ვალდებულება პარტნიორზე“ კრედიტში ნაშთად არსებული თანხა, ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ დავის საგნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,269.