ბრძანება N 10569

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.05.2025
№ დოკუმენტი 10569
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10569

23 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ს“ (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------;

იურ. მის.: ------------------------)

2025 წლის 30 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 მაისის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „----------ს“ (ს/ნ -------------) 2025 წლის 30 აპრილის №-----/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №050-3 საგადასახადო მოთხოვნასა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის №5993 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმება ჩატარდა არასრულფასოვნად, რადგან ვერ მოახერხა შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა დამატებით განაცხადა, რომ არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ 37%-იან ფასნამატს და 30 000 ლარის საქონლის რეალიზებულად განხილვას, რადგან აღნიშნული საქონელი მაღაზიიდან მოიპარეს. გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1623 და 31 მარტის №5993 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ს“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 აპრილის №6258 ბრძანება და ამავე თარიღის №050-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 147 811 ლარი, მათ შორის, გადასახადი 87 677 ლარი, ჯარიმა 43 824 ლარი, საურავი 16 310 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში საკვები და სხვა პროდუქტებით (სურსათი). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას სრულად ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, საკონტროლო-სალარო აპარატისა და პოს-ტერმინალის ამონაწერი) და დადგინდა, რომ რეალიზაციის 3% არის დოკუმენტური, ხოლო 97% წარმოადგენს საცალოდ გაყიდულ პროდუქციას. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3%-ს. რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო (პოს-ტერმინალი) ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერებს, კერძოდ, დასახელებების მიხედვით აღრიცხვას, ასევე, უცნობია რეალიზებული პროდუქციის ტიპი, რაოდენობა და ფასი, შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, პირის მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადები) რეალიზაცია შეადგენს 1%-ს, შესაბამისად, ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატიც. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 7 თებერვალს განხორციელებული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სმფ-ების ნაშთი ნულის ტოლია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის სხვა მსგავსი ტიპის აუდირებული კომპანიის ფასნამატი და დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

. შემოწმების მიერ საწარმოს მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება, ასევე არ ფიქსირდება დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის დაჯგუფება საქონლის სახეობების მიხედვით, მათზე შესაბამისი სახეობის ჯგუფის სხვა მსგავსი ტიპის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა 20%-იანი საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელსაც გადასახადის გადამხდელიც დაეთანხმა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციასთან, შემოწმების მიერ 37%-იანი ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტაცია დაუსაბუთებელია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში (მათ შორის, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას) გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული ჯარიმა განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5993 ბრძანებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად:

1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.

3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:

1.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1623 და 31 მარტის №5993 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა შპს „----------ს“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „----------ს“ (ს/ნ -------------) კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №5993 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------ს“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ 37%-იან ფასნამატს და 30 000 ლარის საქონლის რეალიზებულად განხილვას.ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1623 და №5993 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6258 ბრძანება და №050-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 147 811 ლარი, მათ შორის, გადასახადი 87 677 ლარი, ჯარიმა 43 824 ლარი, საურავი 16 310 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას სრულად ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმებამ შეისწავლა საწარმოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ რეალიზაციის 3% არის დოკუმენტური, ხოლო 97% წარმოადგენს საცალოდ გაყიდულ პროდუქციას. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3%-ს. რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო (პოს-ტერმინალი) ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და საქონლის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერებს.აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, პირის მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადები) რეალიზაცია შეადგენს 1%-ს, შესაბამისად, ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატიც. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ნულის ტოლია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 7 თებერვალს განხორციელებული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სმფ-ების ნაშთი ნულის ტოლია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის სხვა მსგავსი ტიპის აუდირებული კომპანიის ფასნამატი და დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

ასევე, შემოწმების მიერ საწარმოს მიღებული შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება, ასევე არ ფიქსირდება დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული ჯარიმა განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 269(7); 270(1); 275(2);