ბრძანება N 16547

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.07.2026
№ დოკუმენტი 16547
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16547

21 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 22 იანვრის და 25 მარტის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 ივლისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის №27322/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----“

(ს/ნ ------4) 2026 წლის 22 იანვრის №100171/1/2026 და 25 მარტის №101451/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №021-155 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, რეალიზებული საცხოვრებელი ბინების ნაწილზე რეალიზაციის თანხების გაზრდას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიას აქვს ბუღალტრული აღრიცხვა და შემოწმებას არ ჰქონდა არც ერთი სამართლებრივი საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისთვის. მიუთითებს, რომ შემოწმება ედავება 2022-2023 წლებში 7 ფიზიკურ პირზე რეალიზებული ბინების ფასს და აღნიშნულზე წარმოდგენილი აქვს ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები, სადაც პირები ადასტურებენ ხელშეკრულებაში მითითებულ ფასს. მომჩივანი არ ეთანხმება ელექტრონულ საიტზე ------ზე არსებული ფასების გამოყენებას და აცხადებს, რომ იმ პერიოდში საიტზე გაცხადებული ფასები 10%-ითაც კი არ აღემატებოდა მათ ფასებს, ასევე, ფასის გადაანგარიშება მოხდა 593 ან 594 დოლარად რეალიზებულ ფართებზე და არ მომხდარა 603 დოლარად რეალიზებულზე და ამ ფასებს შორის სხვაობა 2%-საც არ აღწევს. ასევე, აღნიშნავს, რომ კომპანიამ მოახდინა ბოლო შემორჩენილი ბინების რეალიზაცია ფასდაკლებით, რომლებიც 4-5 წელი არ გაყიდულა. აგრეთვე, მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022-2023 წლებთან შედარებით 2025 წელს ფასები საშუალოდ 40%-ით გაიზარდა და შემოწმებამ გამოიყენა აღნიშნული ფასები ძველ პერიოდზე. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, საჩივრებში წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22404 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 29 დეკემბრის №28725 ბრძანება და ამავე თარიღის №021-155 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 320 578 ლარი, მათ შორის გადასახადი 178 216 ლარი, ჯარიმა

89 277 ლარი, საურავი 53 085 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2026 წლის 22 იანვარს და 25 მარტს წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №9045 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 24 ივნისის №27322/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 24 აპრილის №9045 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის №27322/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა/გადაანგარიშება ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებული შედეგების არსებითობის საკითხი (არ ფიქსირდება არსებითი განსხვავება იმ ბინების ღირებულებებს შორის, რომლებზეც გავრცელდა საბაზრო ფასი და რომლებზეც აღნიშნული ფასი არ გავრცელებულა) საჭიროებს ხელახალ, სიღრმისეულ მსჯელობას, შესაბამისად, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარმოდგენილი მასალები, მ.შ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა შედარება მოხდა საჯარო წყაროებში მოძიებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა კომპანიების შესადარის მონაცემებთან, მ.შ. საცხოვრებელი ფართის ერთეულზე (1კვ.მ-ზე) დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასებთან. შედარების შედეგად გამოიკვეთა არსებითი სხვაობები, კერძოდ, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში ამ წყაროებში (მ.შ. ელექტრონულ საიტზე - -----) აღნიშნულ ადგილმდებარეობაზე (ქ. -----) დაფიქსირებული გარიგების მინიმალური ფასების საშუალო მნიშვნელობები 30%-ით აღემატებოდა შპს „------“ მიერ წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულ სარეალიზაციო ფასებს. ზემოთაღწერილი გარემოების საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები, ცალკეულ შემთხვევებში, გადასახადების შემცირების მიზნით იყო დამახინჯებული და არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს. ასეთ შემთხვევებში, დაბეგვრის მიზნებისათვის, მიწოდების ფასების კორექტირების საფუძვლად აღებულ იქნა ელექტრონულ საიტზე - ------ მოცემულ ადგილმდებარეობაზე (ქ. -----) და შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე სხვა კომპანიების მიხედვით დაფიქსირებული მიწოდების მინიმალური ფასების გასაშუალებული მნიშვნელობები. არაპირდაპირი ანგარიშის მეთოდებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში საწარმოს დაერიცხა დღგ და აგრეთვე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოვლენილი დამატებით დასაბეგრი შემოსავლები, ასახული არ იყო არც საწარმოს საბანკო ანგარიშებზე და წარმოდგენილი მონაცემებით არც მისი სალაროში შესვლა ან ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდებოდა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფულადი შემოსულობები განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო ანაზღაურებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის დებულებების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის №----- გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა/გადაანგარიშება ეფუძნება, მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიღებული შედეგების არსებითობის საკითხი (არ ფიქსირდება არსებითი განსხვავება იმ ბინების ღირებულებებს შორის, რომლებზეც გავრცელდა საბაზრო ფასი და რომლებზეც აღნიშნული ფასი არ გავრცელებულა) საჭიროებს ხელახალ, სიღრმისეულ მსჯელობას.

ამასტან შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემმოწმებლის მიერ ფასის გადაანგარიშება მოხდა 593 ან 594 დოლარად რეალიზებულ ფართებზე, მაგრამ არ მომხდარა 603 დოლარად რეალიზებულზე და მიაჩნია, რომ ამ ფასებს შორის განსხვავება პრაქტიკულად არ არსებობს და სხვაობა 2%-საც არ აღწევს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არუმენტების და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ----“ (ს/ნ ----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, რეალიზებული საცხოვრებელი ბინების ნაწილზე რეალიზაციის თანხების გაზრდას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებამ დაადგინა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული ფასები საშუალოდ 30%-ით ჩამორჩებოდა საჯარო წყაროებში დაფიქსირებულ ანალოგიურ საბაზრო ფასებს იმავე ადგილმდებარეობისთვის და პერიოდისთვის.

ამის საფუძველზე დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ ცალკეულ შემთხვევებში ხელშეკრულებებში ასახული ღირებულებები დამახინჯებული იყო დაბეგვრის ბაზის შემცირების მიზნით. შესაბამისად, დაბეგვრისთვის ფასების კორექტირება მოხდა საბაზრო მაჩვენებლების საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით. ასევე დადგინდა, რომ ამგვარად გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი არ იყო ასახული საწარმოს საბუღალტრო/საბანკო მონაცემებში და არ დასტურდებოდა მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, რის გამოც იგი განხილულ იქნა ხელმძღვანელ პირზე გაცემულ ანაზღაურებად და დაექვემდებარა შესაბამის დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არუმენტების და მისი მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);158(1);159(1):163(1);164(1);101(1);154(1)