გადაწყვეტილება №20732/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20732/2/2023
25 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 1.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20732/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.07.2023 წლის №EL218125 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21039 ბრძანება. დარიცხული თანხა: ჯარიმა - 6 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა – შპს „-------“-მა 1.07.2023 წლის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოს წარუდგინა 28.07.2023 წელს (შემოსული დოკუმენტის რეგ. №-------), რითაც დაარღვია საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, ამასთან, ვინაიდან იგივე ქმედება მის მიერ ჩადენილია წინა 12 თვის განმავლობაში (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები №EL199171 3.02.2023წ.; №EL182784 9.09.2022წ.), საბაჟო დეპარტამენტის 28.07.2023 წლის №EL218125 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი 9.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2023 წლის №21039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით მე-8 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით, არ დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ჯარიმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნული სამართალდარღვევის პატიების თხოვნით კომპანიამ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 25.08.2023 წელს №21039 ბრძანებით არ დააკმაყოფილა აღნიშნული თხოვნა, რადგან სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული ჯარიმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მიუხედავად ამისა, ითხოვს ეპატიოს აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევა, რამდენადაც ეს კომპანიისთვის აღნიშნული ტიპის მეორე სამართალდარღვევაა, რომელსაც განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, კომპანიას ხელთ არსებული ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ივლისს ან არასრული და არაჯეროვანი ინფორმაცია უნდა წარედგინა, რადგან ამ დროისთვის გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობდა ან წარედგინა დაგვიანებით, სრული ინფორმაცია. შესაბამისად, პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხის გამო, ჯეროვანი ინფორმაციის წარდგენის მიზნით, 1.07.2023 წლის მდგომარეობით არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოს წარუდგინა დაგვიანებით.
ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიას ხელთ არსებული ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ივლისს ან არასრული და არაჯეროვანი ინფორმაცია უნდა წარედგინა, რადგან ამ დროისთვის გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობდა ან წარედგინა დაგვიანებით, სრული ინფორმაცია. შესაბამისად, პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხის გამო, ჯეროვანი ინფორმაციის წარდგენის მიზნით, 1.07.2023 წლის მდგომარეობით არსებული საქონლის ნაშთების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოს წარუდგინა დაგვიანებით. ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჟო დეპარტამენტის მიერ, საჩივარში მითითებულ გარემოებებზე წარმოდგენილი 6.09.2023 წლის №89268-21-10 წერილით, ირკვევა რომ მომჩივანი იმავე სანებართვო პირობის დარღვევაზე დაჯარიმებულია ასევე: 3.02.2023 წელს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL199171); 9.09.2022 წელს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL182784); 6.05.2022 წელს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL162848); 20.08.2021 წელს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL142853) და 23.02.2021 წელს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL127693).
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა – 1.07.2023 წლის მდგომარეობით არსებული ნაშთების შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოს წარუდგინა 28.07.2023 წელს, რითაც დაარღვია საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, ამასთან, ვინაიდან იგივე ქმედება მის მიერ ჩადენილია წინა 12 თვის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის 28.07.2023 წლის №EL218125 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი 9.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2023 წლის №21039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(2); 163(11);