ბრძანება N 16546

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.07.2026
№ დოკუმენტი 16546
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16546

21 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 24 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 61) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 27652/2/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივნისის N EL317844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოში განხორციელდა შერეული საკვები თესლეულის იმპორტი, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიოდა კანაფის თესლი. საქონელს თავიდანვე მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი სატარიფო კოდი და წარმოდგენილი იყო სრული დოკუმენტაცია. დეკლარირების ეტაპზე, საბაჟო დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, საქონელი განთავსდა საბაჟო საწყობში და გაიგზავნა ექსპერტიზაზე სსიპ ,,-----". ,,-----" ჩაატარა კვლევა და გამოსცა დადებითი დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული თესლეულის იმპორტი და დეკლარირება იყო სრულიად უვნებელი. მიუხედავად წარდგენილი ოფიციალური საექსპერტო დასკვნისა და იმ გარემოებისა, რომ საქონელს უკვე ჰქონდა მინიჭებული სატარიფო კოდი, საბაჟო ორგანოს წარმომადგენელმა უარი განაცხადა დეკლარირების დასრულებაზე. მან ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნისა და კოდის ხელახალი დადგენის შესახებ. საბაჟო ორგანოს მიერ ინიცირებული დამატებითი ექსპერტიზა დღეის მდგომარეობითაც კი არ დასრულებულა, რის გამოც დეკლარირების პროცესი კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის შეჩერებული. მომჩივანს მიაჩნია, რომ დაკისრებული ჯარიმა დაუსაბუთებელია.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 6 ივნისს, საბაჟო საწყობის მფლობელის შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ, ამავე საწყობში ( ----- ) განთავსებულ საქონელზე წარდგენილ იქნა დროებით შენახვის დეკლარაცია N ----- და დროებით შენახვის ვადად განისაზღვრა 175 დღე (არაუგვიანეს 2025 წლის 28 ნოემბერი). აღნიშნული დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, საქონლის მიმღებს წარმოადგენს შპს „-----“ (ს/ნ ----- ).

შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 21 ნოემბრის N ----- განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული დროებით შენახვის ვადა გაგრძელდა 180 დღით (არაუგვიანეს 2026 წლის 27 მაისი).

ვინაიდან შპს „-----“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საქონლის დეკლარირება, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა N EL317844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ საქონლის „-----“ ეტიკეტზე მითითებულია „-----“ (კანაფის თესლი), თანმხლებ დოკუმენტში (ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის დანართად წარმოდგენილ შეფუთვის ფურცელში) კი აღნიშნული საქონელი კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 12040090 კოდში, რაც სეს ესნ-ის მიხედვით შეესაბამება სხვა საქონელს – სელის თესლს. ამასთან, გადამხდელმა მოგვიანებით წარმოადგინა ექსპორტიორის მიერ გაცემული წერილი, სადაც შეცვლილია სეს ესნ-ის კოდი (ნაცვლად „12040090“-ის – „210690“ („კვების პროდუქტები სხვა ადგილას დაუსახელებელი“)).

ვინაიდან საქონლის დასახელება და სეს ესნ-ის კოდი არ იყო შესაბამისობაში, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ გადამხდელს სატელეფონო კომუნიკაციით განემარტა, რომ მითითებული საქონლის სწორად დეკლარირებისა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისთვის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით უნდა განსაზღვრულიყო საქონლის შემადგენლობა და სეს ესნ-ის კოდი. რის შემდეგაც შპს „-----“ მომართვის საფუძველზე, 2025 წლის 6 ივნისს, დარეგისტრირდა დროებით შენახვის დეკლარაცია N -----.

2026 წლის 18 მაისს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) განცხადებით (ID:----- ) მიმართა საბაჟო დეპარტამენტს, წარადგინა სსიპ ,,-----" ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა N ----- და ითხოვა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება. წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ საქონელი არ შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს, თუმცა მითითებული დასკვნით არ არის განსაზღვრული საქონლის სეს ესნ-ის კოდი. გამომდინარე აქედან, კოდის განსაზღვრის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაინიშნა ექსპერტიზა. აღნიშნულის შესახებ ეცნობა იმპორტიორს და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრისთვის ეთხოვა საქონლის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა, რაც დღემდე არ არის შესრულებული.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა, ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი ვადები არაუმეტეს 180 დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

კანონმდებელი ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევაში, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ დეკლარირების პროცესი კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის შეჩერებული და ექსპერტიზის დაუსრულებლობა სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრისთვის საქონლის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობაა. ამდენად, საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ.თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ კომპანიის საქონელი დროებით იყო შენახული, თუმცა დადგენილ ვადაში არ გაფორმდა, რის გამოც დაჯარიმდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ დოკუმენტებს შორის შეუსაბამობა არსებობდა, საჭირო გახდა დამატებითი კვლევა. საჭირო ინფორმაციის არწარდგენის გამო საქონლის საბოლოო გაფორმება ვერ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 78; 165; 163;.