ბრძანება N 29517

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.11.2023
№ დოკუმენტი 29517
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 29517

29 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ოქტომბრის №20275/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 23 იანვრის №78398/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №002-275 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, რომელშიც შესამოწმებელ პერიოდში არ იყო შეყვანილი სრულყოფილი ინფორმაცია შეძენილი და იმპორტირებული სარეალიზაციო საქონლის თვითღირებულების შესახებ. აცხადებს, რომ კომპანიის ბუღალტერმა მოიძია შესყიდვის დოკუმენტაცია, დაკორექტირდა თვითღირებულებები და საბოლოოდ დადგინდა რეალიზებული პროდუქციისა და საწარმოში არსებული ნაშთის თვითღირებულებები. შესაბამისად, დადგინდა მოგების მარჟა (მეორად საბურავებზე-25%-მდე, ახალზე - 20%-მდე). ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

2. არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ საკასო ხარჯი აჭარბებს საკასო შემოსავალს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6276 და 28 დეკემბრის №33367 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33774 ბრძანება და ამავე თარიღის №002-275 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 433 855 ლარი, მათ შორის: გადასახადი 844 683 ლარი, ჯარიმა 422 115 ლარი, საურავი 167 057 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 23 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №14407 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 9 ოქტომბრის №№20275/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №14407 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ოქტომბრის №№20275/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

 „საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ არის გათვალისწინებული დარგობრივი და ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკა. კერძოდ, მეორად საბურავებში თითქმის შეუძლებელია შემოწმების მიერ მოთხოვნილი შეძენილი საქონლის სახეობრივი გაშიფვრა (ზომის, ხარისხის, ფირმის, სარგებლიანობის დონის მიხედვით). ამასთან, შედარებულ იქნა შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულ ბრუნვასთან წლების ჭრილში, განსხვავება იყო ჯერადობით ერთ და იგივე მაჩვენებლით, კერძოდ, აქტით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვა მეტი იყო დეკლარირებულზე 2.52-ჯერ, როდესაც წლების მიხედვით დეკლარირებული მარჟები სხვადასხვაა. შემოსავლების სამსახური საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2022 წლის №13378 ბრძანების შესაბამისად კომპანიაში ჩატარებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებზეც აპელირებაა შემოწმების აქტშიც, თუმცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ არსებული ნაშთის საბაზრო ღირებულებაზე. დავის მიმდინარე ეტაპზე გამოთხოვილია ინვენტარიზაციის მასალები და ფიქრობს, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი საერთოდ არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ობიექტი. დანაკლისის გამოვლენა ცვლის ჯარიმების დარიცხვის რეგლამენტსაც, დანაკლისის ფარგლებში გამოვლენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულება, აღარ არის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი ჯარიმების დაკისრების საფუძველი. ამდენად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულების დასადგენად განსაზღვრული ნამეტი მარჟა და მის მიხედვით დამატებით დარიცხული დღგ ჯერადობით მეტია დეკლარირებულ გადასახადზე, მაშინ როდესაც თავად შემოწმება აღიარებს დეკლარირებული ფასნამატს. ასევე გაუგებარია, ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი საქონლის ფაქტიური ნაშთის საბაზრო ღირებულება და აქტში საერთოდ არ არის განხილული წუნდებული საქონლის საკითხი.

 საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ არასწორად იქნა დადგენილი საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა, რომელმაც შეადგინა დღგ-ის ჩათვლით ნამეტი შემოსავლის ე.წ. აგროსილი თანხა. რაც არასწორია და მიაჩნია, რომ დაირღვა საშემოსავლო გადასახადის შემოსავლებიდან დაკავების პრინციპი. ნიშანდობლივია, რომ განსახილველ სიტუაციაში არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო ვალდებულების დადგენის მიზნით, პირობითად განსაზღვრულია გადამხდელის ნამეტი შემოსავალი და ასევე პირობითად ნამეტი შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით მიჩნეული იქნა ხელფასად. შედეგად არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ნამეტ შემოსავალს, გადააჭარბა ასევე პირობითად დადგენილმა შესაბამისმა ხელფასის ხარჯმა, რაც ნიშნავს პირობით შემოსავლებსა და შესაბამის ხარჯებს შორის დისბალანსს. თვლის, რომ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საგადასახადო ვალდებულება ტოლფასი უნდა იყოს იმისა, რაც დაექვემდებარებოდა დეკლარირებას გადამხდელის მხრიდან იდენტური შემოსავლების მიღების შემთხვევაში.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რის გამოც, შემოსავლების სამსახურის 22.06.2023 წლის №14407 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილის ახალი და მეორადი საბურავებით ვაჭრობა (მეორადი საბურავების წილი 65%-ია). კომპანიას აქვს როგორც ადგილობრივი შეძენები, ასევე ახორციელებს საქონლის იმპორტს. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის რეპორტები, საბანკო ამონაწერები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ადგილობრივ ბაზარზე საქონლის შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში და იმპორტირებული საქონლის ინვოისებში ვერ ხდება შეძენილი საქონლის სახეობრივი გაშიფვრა (ზომის, ხარისხის, ფირმის, სარგებლიანობის დონის მიხედვით) ვინაიდან, შეძენის დოკუმენტებში საქონლის დასახელებაში ძირითადად მითითებულია ზოგადი დასახელება ,,საბურავი’’. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს- 2%-ს, 2020 წელს- 17%-ს, 2021 წელს -28%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე შემოწმებით განსაზღვრული შეძენილი სმფ-ების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მეორადი და ახალი საბურავების აუდირებული ფასნამატი 2019-2022 წლებში34%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის N13378 ბრძანების შესაბამისად, კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც დადგინდა ფაქტიური ნაშთი საბაზრო ღირებულებით 708 020 ლარი. გადამხდელის განმარტებით, საინვენტარიზაციო კომისიას არასწორად მიეწოდა პროდუქციის ღირებულებები, რაზეც წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (გაიზარდა) ფაქტობრივი ნაშთის საბაზრო ღირებულება სულ 13 855 ლარით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, დათვლილი იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც გადანაწილდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პერიოდის პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს ,,----------’’ შესამოწმებელ პერიოდში არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე სალაროს ფაქტობრივი ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ვინაიდან საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომელიც მის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, კერძოდ, გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში საერთოდ არ არის განხილული წუნდებული საქონლის საკითხი. ასევე, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ იმპორტის დროს საბურავების ნაწილი შემოდის წუნდებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტებში არსებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ვინაიდან საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტებში არსებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილის ახალი და მეორადი საბურავებით ვაჭრობა (მეორადი საბურავების წილი 65%-ია). კომპანიას აქვს როგორც ადგილობრივი შეძენები, ასევე ახორციელებს საქონლის იმპორტს. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის რეპორტები, საბანკო ამონაწერები და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ადგილობრივ ბაზარზე საქონლის შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში და იმპორტირებული საქონლის ინვოისებში ვერ ხდება შეძენილი საქონლის სახეობრივი გაშიფვრა (ზომის, ხარისხის, ფირმის, სარგებლიანობის დონის მიხედვით) ვინაიდან, შეძენის დოკუმენტებში საქონლის დასახელებაში ძირითადად მითითებულია ზოგადი დასახელება ,,საბურავი’’. საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს- 2%-ს, 2020 წელს- 17%-ს, 2021 წელს -28%-ს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე შემოწმებით განსაზღვრული შეძენილი სმფ-ების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო პერიოდზე. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემებით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვერ ხერხდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მეორადი და ახალი საბურავების აუდირებული ფასნამატი 2019-2022 წლებში34%. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის N13378 ბრძანების შესაბამისად, კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის საფუძველზეც დადგინდა ფაქტიური ნაშთი საბაზრო ღირებულებით 708 020 ლარი.

2. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სხვა ხელთ არსებული მასალები, რომლის მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ვინაიდან საწარმოს სალაროს ნაშთი არ გააჩნია, ასევე არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის და აუდიტის დეპარტამენტებში არსებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული თანხების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შემოწმებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159;