ბრძანება N 7105
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7105
01 აპრილი 2024
ბრძანება
შპს „------“ (ს/ნ "-------")
(მის.: "------")
2023 წლის 8 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №221152/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------ - ის“ (ს/ნ "------") №82155/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივნისის №006-250 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს და მის შესაბამისად დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიას 2020 წლის მაისის თვეში ერთჯერადად განხორციელებული აქვს 2 შეძენა, ფეხსაცმლის (ადგილობრივი) და თეთრეულის (იმპორტირებული), რომლის რეალიზაცია განხორციელებული აქვს საბითუმო მიწოდებით "-------"-ის ტერიტორიაზე ("-------"-ის ბაზრობა). საწარმო ფეხსაცმლის საბითუმო მიწოდებას ახორციელებდა 20%-იანი ფასნამატით, ხოლო თეთრეულის რეალიზაცია განხორციელებული აქვს 40%-იანი ფასნამატით. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ ფასნამატს, მიუთითებს, რომ საბითუმო საქონლის მიწოდებაზე შემოწმებას გამოყენებული აქვს საცალო რეალიზაციის ფასნამატი, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ზრდის კომპანიის საგადასახადო ვალდებულებას, იწვევს ზედმეტად გადასახდელი თანხების დარიცხვას დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4897 და 12 აპრილის №8110 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ -ის“ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 18 მარტიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 12 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 14 ივნისის №13409 ბრძანება და ამავე თარიღის №006-250 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 210 582 ლარი, მათ შორის, გადასახადი 118 502 ლარი, ჯარიმა 59 251 ლარი, საურავი 32 829 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 8 ივლისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №24133 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 22 თებერვლის №221152/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №24133 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №221152/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხი განიხილა, გადასახადის გადამხდელის პოზიციების მოსმენის გარეშე.“
„საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ,,------“ დაფუძნდა 2020 წლის 18 მარტს. 2020 წლის მაისის თვეში გადამხდელს შეძენილი აქვს იმპორტით 8 760 ცალი საწოლის თეთრეული ჩინეთიდან, ხოლო ა/ფ ეა-"-------" საფუძველზე 8 726 ცალი ფეხსაცმელი შპს ,,N1-დან“. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის ბრძანება N6127-ის მიხედვით გადამხდელის სმფ-ების ნაშთი შეადგენს ნულს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შემოწმება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი საწოლის თეთრეულზე (77%) და ფეხსაცმელზე (45%), რომელიც გავრცელებული იქნა შეძენილი სმფ-ების თვითღირებულებაზე. შემოწმებით სმფ-ები რეალიზებულად განხილულ იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად დარიცხულ იქნა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და შემოწმების ხელთ არსებული სხვა დოკუმენტები. 2023 წლის 06 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N4181 ბრძანების საფუძველზე უნდა ჩატარებულიყო მომჩივანის ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, თუმცა გადამხდელთან დაკავშირება და მოძიება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, 2022 წლის 5 აპრილის N8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ წყაროებზე დაყრდნობით ჩაითვალა, რომ გადამხდელის სალაროში ფიქსირდება ნული ლარი. შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, 2020 წლის მაისის თვეში გადამხდელს იმპორტით შეძენილი აქვს 8 760 ცალი საწოლის თეთრეული ჩინეთიდან, ხოლო 8 726 ცალი ფეხსაცმელი შპს ,,N1-დან“. ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის ბრძანება N6127-ის მიხედვით გადამხდელის სმფ-ების ნაშთი შეადგენს ნულს. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი (საწოლის თეთრეულზე 77% და ფეხსაცმელზე 45%), რომელიც გავრცელებული იქნა შეძენილი სმფ-ების თვითღირებულებაზე. შემოწმებით სმფ-ები რეალიზებულად განხილულ იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2023 წლის 06 მარტის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N4181 ბრძანების საფუძველზე უნდა ჩატარებულიყო მომჩივანის ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია, თუმცა გადამხდელთან დაკავშირება და მისი მოძიება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 აპრილის N8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ წყაროებზე დაყრდნობით ჩაითვალა, რომ გადამხდელის სალაროში ფიქსირდება ნული ლარი. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და შემოწმების ხელთ არსებული სხვა დოკუმენტები. მიჩნეულ იქნა, რომ გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე. შედეგად, განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა ფიქსირდებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ ახორცილებდა საქონლის საბითუმოდ მიწოდებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის საცალო ფასნამატის გავრცელება, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია საქონლის საბითუმოდ რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილ საქონელზე შესაბამისი კატეგორიის მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ანალიზისას ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს და მის შესაბამისად დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის სფეროს მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი საწოლის თეთრეულზე და ფეხსაცმელზე,რომელიც გავრცელებული იქნა შეძენილი სმფ-ების თვითღირებულებაზე. შემოწმებით სმფ-ები რეალიზებულად განხილულ იქნა 2020 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, შესაბამისად დარიცხულ იქნა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,159,160,161.