გადაწყვეტილება №23483/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23483/2/2024
04 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------- -ის “ 13.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23483/2/2024).
დავის საგანი:
მიწის სანაცვლოდ ფიზიკური პირებისათვის გადაცემულ ფართებზე გაწეული სამშენებლო მომსახურების (ბარტერის) დღგ-ით დაბეგვრის დრო და დასაბეგრი ოპერაციის თანხა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №081-233 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.06.2024 წლის №14942 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 828 912 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 504 917
დღგ - 326 995
მოგების გადასახადი - 37
საშემოსავლო გადასახადი - 177 885
ჯარიმა - 247 529
საურავი - 76 466
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით იმ პირობით, რომ მოახდენდა არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალსართულიან მრავალფუნქციურ სახლს, რომელშიც ფიზიკურ პირებს გადასცემდა ინდივიდუალურ ფართებს. შესამოწმებელ პერიოდში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ აშენებულ სახლში ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ფართები. ამავდროულად, აღნიშნულ კორპუსში კომერციული მიზნით გაქირავებულია ფართები და ასევე, გამოიყენება საცხოვრებლად. ზოგიერთ ფიზიკურ პირს რეალიზებული აქვს ბარტერის ფარგლებში მიღებული ფართი.
შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ფაქტობრივი ხარჯები 10%-იანი ფასნამატით, გადასაცემი ფართის შენობის მთლიან ფართობთან შეპირისპირებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.11.2022 წლის №30047 ბრძანება და №081-233 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11827 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 6.07.2023 წლის №19990/2/2023 გადაწყვეტილებით:
1. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11827 ბრძანება;
2. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28525 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 22.02.2024 წლის №21532/2/2023 გადაწყვეტილებით:
1. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11827 ბრძანება;
2. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.06.2024 წლის №14942 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლამდე პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1.01.2021 წლიდან პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე მუხლის რ.ბ ქვეპუნქტით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 46-ე პუნქტით.
დადგენილია, რომ საწარმომ 2019 წელს ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით იმ პირობით, რომ მოახდენდა არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალსართულიან მრავალფუნქციურ სახლს, რომელშიც ფიზიკურ პირებს გადასცემდა ინდივიდუალურ ფართებს. შესამოწმებელ პერიოდში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ აშენებულ სახლში ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ფართები. ამავდროულად, აღნიშნულ კორპუსში კომერციული მიზნით გაქირავებულია ფართები და ასევე, გამოიყენება საცხოვრებლად. ხოლო ზოგიერთ ფიზიკურ პირს რეალიზებული აქვს ბარტერის ფარგლებში მიღებული ფართი. შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ფაქტობრივი ხარჯები 10%-იანი ფასნამატით, გადასაცემი ფართის შენობის მთლიან ფართობთან შეპირისპირებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს კომპანიამ ფიზიკურ პირებთან გააფორმა ბარტერული ტიპის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მიღებული მიწის სანაცვლოდ აღნიშნულ პირებს გადასცა, როგორც ფულადი თანხა, ასევე, იმავე მიწის ნაკვეთზე გაუწია სამშენებლო მომსახურება და აუშენა საცხოვრებელი ბინები. შემოწმების პროცესში განხორციელდა მშენებლობის დათვალიერება, როგორც ადგილზე, ასევე, ინტერნეტ სივრცეში. შემოწმებით დადგინდა, რომ გაქირავებულია კომერციული ფართების ნაწილი და შესახლებულია მოსახლეობა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა, ერთის მხრივ, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართებისა და ფულადი თანხის მიღება, ხოლო, მეორეს მხრივ, კომპანიისათვის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართების აშენებისა და ფულადი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღება. შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მეორეს მხრივ, (საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი და ინდივიდუალური საპარკინგე ადგილი) მიწოდება და ფულადი ვალდებულებების შესრულება (თანხის გადახდა), შემოწმების მიერ განხილულ იქნა ერთიან გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, კომპანიის მიერ განხორციელდა სამშენებლო მომსახურების გაწევა და ფულადი თანხის გადახდა.
მომჩივანი განმარტავს, რომ ფართების რეგისტრაცია მოხდა მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე 2021 წლის დეკემბრამდე, როგორც 2020 წელს, ასევე, 2021 წელს სხვადასხვა თვეებში და არა 2021 წლის დეკემბერში. გამომდინარე აქედან, გაუგებარია, რის საფუძველზე დადგინდა 2021 წლის დეკემბერი ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროდ ყველა უძრავ ქონებასთან მიმართებაში. 2021 წლის დეკემბრის პერიოდისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ იყო შესრულებული, ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსში არ იყო კომუნალური გადასახადების გამრიცხველიანება, ასევე, არ იყო ლიფტი და დასრულებული ფასადი და კორიდორები. შესაბამისად, არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მხრიდან დღგ-ით დაბეგვრის პერიოდის განსაზღვრას. ასევე, მიაჩნია, რომ ბარტერული ოპერაცია უნდა დაბეგრილიყო გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასით, რასაც ითვალისწინებს კიდეც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება კომპანიის მიერ მიწის მესაკუთრე პირებისთვის გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი, ანუ ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობების პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია განსახილველი მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრი თანხა (გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი) უნდა განისაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ ფასით, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ კომპანიამ ბარტერის ოპერაცია დაბეგრა 2022 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანების გაცნობის შემდგომ, ხოლო შემოწმებით ბარტერის ოპერაცია დაიბეგრა საკუთრების გადაცემის პერიოდში. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა ასაშენებელ ჯამურ ფართში მიწის მესაკუთრე პირებისთვის ასაშენებელი ფართების წილის პროპორციული დანახარჯები.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ ბარტერული ოპერაციის ფარგლებში კომპანიის მიერ სამშენებლო მომსახურება გაიწევა 2021 წლამდე საკუთრებაში მიღებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი დრო განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი. მომსახურების გაწევის მომენტად კი მიჩნეულ უნდა იქნას ის მომენტი, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგება ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის, მაგრამ არაუგვიანეს მომენტისა, როდესაც მომსახურების მიმღები ფაქტობრივად მიიღებს მომსახურებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1. შპს „------- -სა“ და მებარტერე ფიზიკურ პირებს შორის შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც მითითებულია, რომ მებარტერე ფიზიკურმა პირმა გამყიდველს გადასცა უძრავი ქონება მრავალსართულიანი სახლის ასაშენებლად, ამ უკანასკნელმა კი ააშენა მრავალსართულიანი სახლი და გადასცა ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინები. მხარეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ბინების გადაცემით გამყიდველს შესრულებული აქვს მყიდველის მიმართ არსებული ყველა ვალდებულება სრულად და ჯეროვნად;
2. კომპანიამ 2022 წლის 16 ივნისს, გასვლითი საგადასახადო შეტყობინების დანიშვნის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ივნისის N21-14/52510 შეტყობინების გაცნობის შემდგომ წარმოდგენილი აქვს მაისის თვის დღგ-ის დეკლარაცია, სადაც დაბეგრილი აქვს ბარტერის ოპერაცია. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა 2021 წლის დეკემბერში, რადგან 2022 წლიდან საწარმოს აღარ უფიქსირდებოდა მშენებლობაზე გაწეული არსებითი ხარჯი. მთლიან მშენებლობაზე გამოყენებული მასალის ხარჯი შეადგენს 2 784 992 ლარს. 2019-2021 წლებში მასალაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 2 636 087 ლარს, 2022 წლის 1 მაისამდე (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) გაწეული ხარჯი - 33 113 ლარს, 2022 წლის მაისიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით - 81 612 ლარს, 2023 წელს - 35 591 ლარს (მათ შორის საოფისე, სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯები), 2024 წელს - 6 843 ლარის (ძირითადად საოფისე ხარჯები);
3. 2021 წლის მარტის და 2021 წლის ოქტომბრის თვეში შიდა გადაზიდვით გარე ფასადის ამწეები მოხსნილია და გადატანილია სხვა მისამართზე, ხოლო უკან დაბრუნება არ ფიქსირდება. ამავდროულად, 2022 წლის დასაწყისიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მიხედვით მშენებარე ობიექტის მისამართზე დარეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი, რაც ადასტურებს და ამყარებს მოსაზრებას, რომ მშენებლობა დასრულდა 2021 წლის ბოლოს. ამასთან, კორპუსში მცხოვრები ფიზიკური პირების მიერ 2020-2021 წლებში შეძენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიღებული გადაწყვეტილება, რომელთა პოზიციებიც და არგუმენტებიც სამწუხაროდ ყველა მიღებული გადაწყვეტილების დროს არის განსხვავებული, არაერთგვაროვანი, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან, არ არის გამართული შინაარსობრივად, მოკლებულია ობიექტურობასა და სამწუხაროდ რჩება ისეთი შთაბეჭდილება აღნიშნული საკითხის განხილვა ხდება ზედაპირულად, არ ხდება მის მიერ წარდგენილი საჩივრის გაცნობა თანდართული ფაილებით, რომელიც მიწოდებული იყო ასევე შემოწმების დროს აუდიტის დეპარტამენტისთვისაც.
მაშინ როცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა დეტალურად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ არსებული საკითხის განხილვა მოხდეს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ყველა არსებითი მტკიცებულებების/არგუმენტების გათვალისწინებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა გარემოება გამოიკვლიოს და გადაწყვეტილება მიიღოთ ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
თავდაპირველად აუდიტორების და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უარის საფუძვლად მითითებული აქვს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების დროს აუდიტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქრონოლოგიურად მიყვება მათ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს.
პირველ რიგში სამწუხარო ფაქტია ის, რომ არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის განხილვა, რათა დამატებით წარედგინა პოზიცია და არგუმენტები არსებული ბარტერულ სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებით. როგორც პირადი, ასევე სხვა კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომლებიც იყვნენ მშენებლობის ანალოგიურ ეტაპზე, შემოწმების პროცესში მოხდა აუდიტორების მიერ გათვალისწინება და არ მომხდარა ბარტერული ოპერაციის დაბეგვრასთან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება. თავიდანვე ისეთი არასწორი პოზიციის, არასწორი არგუმენტებით, რომელიც მის შეთხვევაში იყო. აი მაგალითად,- აუდიტორების მიერ მოხდა დაბეგვრის დროის ცვლილება და ნაცვლად 2022 წლის მაისისა, როდესაც მოხდა მის მიერ ოპერაციის დაბეგვრა, დაბეგრეს 2021 წლის დეკემბრის თვეში. დღემდე ვერ მიიღო პასუხი, რატომ მაინცდამაინც 2021 წლის დეკემბერი. მათი პირველი არგუმენტები იყო შემდეგნაირი:
1. 2021 წლის დეკემბერში მოხდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია; - ჯერ აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ბარტერულ ოპერაციებზე, არც ერთი, არც ძველი და არც ახალი რედაქციით არ ყოფილა დაბეგვრის დრო საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია. ანუ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, კოდექსის ამ ჩანაწერის მისადაგება არასწორია. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, მის მიერ მოხდა ცხრილის მიწოდება, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ 2021 წლის დეკემბრის თვეში არცერთ მებარტერეზე არ მომხდარა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (იხილეთ დანართი 5). გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ უჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ 2021 წლის დეკემბერი?
2. მებარტერე ფიზიკური პირების მიერ მოხდა უძრავი ქონების გადაყიდვა და ფიზიკურმა პირებმა მიიღეს ეკონომიკური სარგებელი.
- ანუ უნდა მომხდარიყო კონტროლი ვინ როდის გადაყიდდა უძრავ ქონებას, ეწარმოებინა ფიზიკური პირების ბუღალტრული აღრიცხვაც და აქედან გამომდინარე, დაებეგრა, რაც გაუგებარია.
შემოსავლების სამსახურის მიერ საკითხის განხილვა გადამხდელის დასწრების გარეშე, საბჭოს მიერ საკითხის ხელახლა (პირველი) განსახილველად მიბრუნების შემდეგ.
როდესაც შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად მიუბრუნდა აღნიშნული საკითხი, რომლის განხილვაც მოხდა დამოუკიდებლად, საწარმოს წარმომადგენლის დასწრების გარეშე, გაჩნდა ახალი „გარემოება“, რომელიც ასევე არის ტყუილზე დაფუძნებული. მართალია დაადასტურეს ის ფაქტი, რომ დიახ დაბეგვრის დრო უნდა იყოს მომსახურების გაწევის მომენტი, როდესაც მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულება, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ კომპანიასა და მებარტერე ფიზიკურ პირებს შორის მოხდა „მიღება - ჩაბარების აქტების გაფორმება“, თან თურმე დეკემბრის თვეში, ითვლება რომ მის მიერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. აღნიშნულ ფაქტს, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას ადგილი არ ჰქონია. მიღებაჩაბარების აქტების არარსებობა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს 22.02.2024 წლის
განხილვაზეც, რითაც ეს ზემოთ არსებული არგუმენტიც გაქარწყლდა და საბჭოს მიერ მოხდა საკითხის კიდევ ერთხელ განსახილველად, უკვე მეორედ, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
- შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 6 ივნისის სხდომაზე საკითხის განხილვისას კიდევ ერთხელ უთხრა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგი არგუმენტებით:
1. ბარტერული ოპერაცია აუდიტორების მიერ დაიბეგრა 2021 წლის დეკემბერში, რადგან 2022 წლიდან საწარმოს აღარ უფიქსირდებოდა მშენებლობაზე გაწეული არსებითი ხარჯი. მთლიან მშენებლობაზე გამოყენებული მასალის ხარჯი შეადგენს 2 784 992 ლარს. 2019-2021 წლებში მასალაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 2 636 087 ლარს, 2022 წლის 1 მაისამდე (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო) გაწეული ხარჯი - 33 113 ლარს, 2022 წლის მაისიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით - 81 612 ლარს, 2023 წელს - 35 591 ლარს (მათ შორის საოფისე, სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯები), 2024 წელს - 6 843 ლარის (ძირითადად საოფისე ხარჯები);
- აღნიშნული არგუმენტით ხაზი გაესვა ფაქტს, რომ 2022 წლიდან კომპანიის მიერ არ გაწეულა არსებითი ხარჯი და მოყვანილ ციფრებში ნახსენებია მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით შეძენილი მასალის ხარჯი. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, იგივე შესყიდვის დოკუმენტი შეიძლება იყოს გარდა სასაქონლო ზედნადებისა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, შესყიდვის აქტი. ხარჯის დათვლის დროს არ ყოფილა გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი მომსახურების, ასევე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი/მომსახურების გათვალისწინება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული ხარჯია და რადიკალურად ცვლის სურათს, რაც ზემოთ არის წარმოდგენილი და ნაცვლად 148 905 ლარის შესყიდვისა, განხორციელდა 448 891,48 ლარის საქონელი/მომსახურების შესყიდვა, მათ შორისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის, როგორიცაა ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით აღჭურვა კორპუსის, რაც ზემოთ დავების მიერ ამ შესყიდვების უგულებელყოფა მოხდა რადგან მოხდენილიყო ხარჯების მინიმიზაცია და ისეთი სურათის წარმოჩენა თითქოს გაწეული ხარჯი არის არაარსებითი, ასევე 2022 წლიდან გაცემულია 112 239,96 ლარის შრომითი დანახარჯი, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია მზა პროდუქციის შესაქმნელად. 1.01.2022 წლიდან სახარჯთაღრიცხვო ღირებულებასთან მიმართებით გაწეული ხარჯი შეადგენს 15,33 % -ს, რაც ნამდვილად არსებითია.
2. 2021 წლის მარტის და 2021 წლის ოქტომბრის თვეში შიდა გადაზიდვით გარე ფასადის ამწეები მოხსნილია და გადატანილია სხვა მისამართზე, ხოლო უკან დაბრუნება არ ფიქსირდება.
- ვერ იტყვის, რომ ეს ფაქტი რაიმე მნიშვნელოვანი იყოს, რადგან შიდა გადაადგილება გაკეთებულია ლითონკონსტრუქციის სართულის პლათფორმასა და გარე ფასადის ამწეზე (პლათფორმა), იმ დამხმარე მოწყობილობებზე რითაც ხდება სამშენებლო მასალების სართულებზე ტრანსპორტირება და რომლის არსებობაც ხელს უშლიდა ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელებას, რადგან ფიზიკურად შეუძლებელი იყო სამღებრო სამუშაოების განხორციელება იმ ადგილებზე სადაც ზემოთ აღნიშნული ამწეები იყო დამონტაჟებული. თუ ეს ფაქტი იყო ცალკე გამოსაყოფი, იქვე მარტივად იყო შესაძლებელი 2022 წელს სხვა შიდა გადაზიდვების ნახვაც სხვა სამშენებლო ინვენტარზეც რითაც ასევე დასტურდება, რომ ობიექტზე მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები.
3. ამავდროულად, 2022 წლის დასაწყისიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, მშენებარე ობიექტის მისამართზე დარეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი, რაც ადასტურებს და ამყარებს მოსაზრებას, რომ მშენებლობა დასრულდა 2021 წლის ბოლოს. ამასთან, კორპუსში მცხოვრები ფიზიკური პირების მიერ 2020-2021 წლებში შეძენილია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
- ხშირად ხდება მეწარმის საწინააღმდეგოდ 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება რითაც უპირატესობა ენიჭება ოპერაციის შინაარს და არა მის ფორმას. როდესაც საუბარია საცხოვრებელი კორპუსების, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით, იმ კონდიციებამდე მიყვანაში, როდესაც ფიზიკურ პირს შეეძლება არსებული უძრავი ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენება, რისთვისაც აუცილებელი პირობაა პირველ რიგში კომუნალური მომსახურების მიწოდება, სადარბაზოების მოპირკეთება, ლიფტების მონტაჟი, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერთან პირველ სართულზე კომერციულ ფართში სალარო აპარატის რეგისტრაციას, ასევე ფიზიკური პირების მიერ ავეჯის - ტექნიკის შეძენის პერიოდს, რადგან როგორც აღნიშნავენ 2020 წელსაც შეუძენიათ, ანუ როგორც უძრავი ქონების გადაყიდვის შემთხვევაში, ასევე ვინ რა და რატომ შეიძინა მაგის კონტროლიც უნდა გაეწია და ამ ფაქტით ემსჯელა დაბეგვრა/არ დაბეგვრის საკითხი.
გაუგებარია რატომ გახდა სადავო ეს საკითხი, რადგან არსებული ოპერაცია მოითხოვს გარკვეულ მსჯელობას კომპანიის ხელძღვანელობის მხრიდან, რადგან სამშენებლო სამუშაოების წარმართვა ხდება მათი ზედამხედველობის ქვეშ და არა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ. შემოსავლების სამსახური ვერ იქნება მხარე მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რაც აიღო ფიზიკურ პირებთან, მათ არ შეუძლიათ ფიზიკურ პირებს დაუდასტურონ ან არ დაუდასტურონ ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამუშაოები კომპანიის მხრიდან იქნა სრულად გაწეული და რომ რაიმე პრეტენზია მათ აღარ უნდა ჰქონდეთ.
პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც მიზანმიმართულად ხდებოდა სამშენებლო სამუშაოების გახანგრძლივება იმ მიზნით, რომ არ დამდგარიყო საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფაქტი და არსებული სიტუაციით ხდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადავადება, რაც ცნობილი ფაქტია და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით მსგავსი ხარვეზები აღმოიფხვრა. ძალიან კარგია ბოლო ცვლილებები იმ კუთხით რომ დაზუსტდა დაბეგვრის დროც და თანხაც, ასევე გამოცემული საჯარო გადაწყვეტილებით ფაქტიურად არ რჩება კითხვითი ნიშანი რა უნდა დაიბეგროს, როდის და რა ღირებულებით, რასაც ვერ იტყვის სამწუხაროდ ძველ რეგულაციაზე. მის მიერ ბარტერული ოპერაციის დაბეგვრა მოხდა შესაბამისი პერიოდის კანონმდებლობითა და დამკვიდრებული პრაქტიკით.
კომპანიამ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო 2019 წლის დეკემბრის თვეში, ხოლო ძირითადი სამუშაოების დაწყება მოხდა 2020 წელს. ყველას ახსოვს 2020 წელს პანდემიის პერიოდი როდესაც შეუძლებელი იყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება, მიუხედავად ამისა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, რაც დასტურდება მშენებლობის ნებართვით (ბრძანება: ბ 14.14211164 - იხილეთ დანართი 14) და რომლის ვადაც არის 2022 წლის 30 ოქტომბრამდე, მოხდა მშენებლობის დასრულების დასრულება. ანუ უნდა ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 30 ოქტომბრამდე არის გონივრული ვადა იმისათვის რომ ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები და ამ ვადაზე 1 წლით ადრე ვერ შეძლებდა მშენებლობის დასრულებას. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა არსებული გეგმის მიხედვით კანონით გათვალისწინებულ ვადაში. ბარტერული ოპერაციის დაბეგვრის საკითხიც სწორედ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების დასრულებაზე იყო დამოკიდებული. 2022 წელი წარმოადგენდა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც შეეძლო ჩაეთვალა, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების არსებითი ნაწილი იქნა შესრულებული, გამომდინარე აქედან, ითხოვს უცვლელად დარჩეს მის მიერ ბარტერული ოპერაციის დაბეგვრა.
კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვას იმ ფაქტს, რომ მისი პოზიცია, განსხვავებით შემოსავლების სამსახურის და აუდიტორებისა, უცვლელია და გამყარებულია არსებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით, ასევე დამკვიდრებული პრაქტიკით, რომელზეც განსხვავებული პოზიცია არ მოუსმენია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ დაორგანიზებულ ტრენინგებზე.
წარმოადგენს დეტალურად პოზიციას განსახილველ საკითხზე, რომელიც როგორც აღნიშნა უცვლელია და იგივე შინაარსისაა, რაც წარმოდგენილი ჰქონდა N19990/2/2023 საჩივარში.
განიხილავს სამეურნეო ოპერაციას, რომელსაც არ ეთანხმება.
საკითხი ეხება ბარტერულ ოპერაციას საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის, რის საფუძველზეც მოხდა მიწის შეძენა, ხოლო სანაცვლოდ კომპანიამ აიღო ვალდებულება ზემოთაღნიშნულ მიწაზე ფიზიკური პირებისთვის აეშენებინა საცხოვრებელი ბინები, ანუ გაეწია სამშენებლო მომსახურება. აღნიშნული საკითხი თავის მხრივ ჩაშლილია ქვე-საკითხებად, ესენია: დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, დაბეგვრის დრო და დასაბეგრი თანხა.
პირველ ქვე-საკითხთან მიმართებაში სრულიად იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, ნამდვილად 2019 წელს გაფორმდა მიწის მფლობელებთან უძრავი ქონების ნასყიდობის და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის (იგივე ბარტერული ტიპის) ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც საწარმოს საკუთრებაში გადმოვიდა მიწის ნაკვეთები იმ პირობით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე საზოგადოება ააშენებდა მრავალსართულიან მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლს და ფიზიკურ პირებს აღნიშნულ სახლში გადასცემდა იზოლირებულ ფართებს, ხელშეკრულებით დადგენილ მდგომარეობაში. მსგავსი ოპერაციის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ მრავალწლიანი პერიოდის განმავლობაში გამოიცა არაერთი წინასწარი გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდა პრაქტიკა და ოპერაცია შეფასდა ბარტერული ტიპის სამეურნეო ოპერაციად, რომლის დროსაც საზოგადოება იღებს მიწას საკუთრებაში, ხოლო სანაცვლოდ ფიზიკურ პირებს უწევს სამშენებლო მომსახურებას, რომელიც წარმოადგენს დღგ-ით 18 %-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციას.
კატეგორიულად არ ეთანხმება დარჩენილ 2 ქვე-საკითხს მთელი რიგი ფაქტორების გამო.
2018 წლის 1 იანვრამდე არსებული კანონმდებლობითა და დამკვიდრებული პრაქტიკით იდენტური სამეურნეო ოპერაცია იბეგრებოდა გრძელვადიანი კონტრაქტის პრინციპით, ანუ კანონმდებლობით დადგენილი იყო დაბეგვრის დრო და ეს იყო არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს პროპორციულად, ანუ დაბეგვრის დრო მკაფიოდ იყო გაწერილი კანონმდებლობით. იდენტურ ოპერაციაზე ასევე მკაფიოდ არის გაწერილი დაბეგვრის დრო 2018 წლის 1 იანვრიდან არსებული კანონმდებლობით და ეს ჩანაწერი წლების მიხედვით გამოიყურებოდა შემდეგნაირად:
2021 წლის 1 იანვრამდე დღგ-ს ახალი კარის ჩამოყალიბებამდე მუხლი 161. დასაბეგრი ოპერაცია, ოპერაციის თანხა და დრო
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ანალოგიური შინაარსის მატარებელია დღგ-ს ახალ კარში არსებული ჩანაწერი, რომელზედაც აქტში ასევე მიუთითებენ აუდიტორები.
მუხლი 163. დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ დაბეგვრის დროის დადგენის მიზნით უნდა ვიხელმძღვანელოთ ზემოთ აღნიშნული ჩანაწერებით, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის, ისევე როგორც დავის განმხილველი ორგანოს მიერ მოყვანილი იქნა არგუმენტები რომელიც არც კანონმდებლობიდან და არც სამეურნეო ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარეობს. ისინი თვლიან, რომ საზოგადოების მიერ ბარტერული ოპერაცია უნდა დაბეგრილიყო მაშინ, როდესაც მოხდა ფიზიკურ პირებზე ფართების საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2021 წლის დეკემბრის თვეში არცერთი ბინა ან ფართი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში (იხილეთ დანართი 5), ფართების რეგისტრაცია მოხდა მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე 2021 წლის დეკემბრამდე, როგორც 2020 წელს, ასევე 2021 წელს სხვადასხვა თვეებში და არა 2021 წლის დეკემბერში, როგორც აღნიშნავენ აუდიტორები, გამომდინარე აქედან, გაუგებარია რის საფუძველზე დადგინდა 2021 წლის დეკემბერი ბარტერული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის დროდ ყველა უძრავ ქონებასთან მიმართებაში, ასევე გაუგებარია ის არგუმენტი რომ თურმე მებარტერეებმა მოახდინეს ფართების გადაყიდვა, კანონმდებლობით არანაირი ვალდებულება არ აქვს ეკონტროლებინა ის ოპერაციები თუ როდის გადაყიდდნენ ფართებს მებარტერეები და როდესაც გადაყიდდნენ მაშინ დაებეგრა, რადგან ეს მათი სამეურნეო ოპერაციაა და არანაირი კავშირი არ აქ მასსა და მებარტერეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მის მიერ მათთვის ნაკისრ ვალდებულებებს შორის. აუდიტორების მიერ მოყვანილია ასევე კიდევ ერთი გაუგებარი არგუმენტი. ისინი აღნიშნავენ, რომ შემოწმების პერიოდში მათ მიერ მოხდა მშენებარე კორპუსის დათვალიერება რა დროსაც ნამდვილად იყო მოსახლეობა შესახლებული, რასაც ადასტურებს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ გასვლითი საგადასახდო შემოწმება დაინიშნა 2022 წლის 8 ივლისს N17929 ბრძანების საფუძველზე (იხილეთ დანართი 6), ხოლო ფაქტიურად გადამხდელის ობიექტზე შემოწმება განხორციელდა 2022 წლის აგვისტოს თვეში რა დროსაც ჩვენს მიერ აღნიშნული ბარტერული ოპერაცია უკვე დაბეგრილი იყო, დაბეგვრა განხორციელდა 2022 წლის მაისის პერიოდზე, ხოლო გაუგებარია აუდიტების არგუმენტები, რადგან შეუძლებელია 2022 წლის აგვისტოს დათვალიერების საფუძველზე დაადგინო რა მდგომარეობაში იყო სამშენებლო ობიექტი და რა ფართები იყო გაქირავებული 2021 წლის დეკემბრის პერიოდით რაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო რადგან იმ პერიოდისთვის საცხოვრებელი კორპუსში არ იყო კომუნალურის გამრიცხველიანება, ასევე არ იყო ლიფტი და დასრულებული როგორც ფასადი, ასევე კორიდორები. დამატებით წარმოადგენს პოზიციას ამ ოპერაციასთან დაკავშირებით , როგორც მის მიერ ფიზიკურ პირებზე, ასევე ფიზიკური პირების მიერ სხვა პირებზე გადაყიდვის დროს ფაქტიურად გაიყიდა უფლება, რადგან გადაფორმების მომენტში უძრავი ქონება არ იყო წარმოდგენილი მზა პროდუქციის, იმ დათქმული მდგომარეობის სახით რა ვალდებულებაც აიღო კომპანიამ ფიზიკური პირების მიმართ.
საჯარო რეესტრში ფიზიკური პირების რეგისტრაცია არის ფორმა და არა შინაარსი, მესაკუთრედ რეგისტრაცია იდენტურ შემთხვევებში ხდება მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე და ეს გამომდინარეობს ფიზიკური პირის მოთხოვნებიდან რადგან ისინი იყვნენ დაზღვეულნი და გადაეცეთ სწორედ იმ ოდენობის, სართულის და ხედის უძრავი ქონება სამომავლოდ რაზედაც კომპანიამ აიღო ვალდებულება. სწორედ მსგავს სიტუაციას ჰქონდა ადგილი, მებარტერეებზე უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში გადაფორმდა მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე, გამომდინარე აქედან საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იყოს განხილული მომსახურების გაწევის დროდ.
დღგ-ის მუხლი არ განმარტავს რა ითვლება მომსახურების გაწევის მომენტად, შესაბამისად უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ ჩანაწერით სადაც ის განმარტებულია, ანუ საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლით, რომელიც მდგომარეობს შემდეგში საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.
ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში გაწერილია გარდა ფართების ოდენობისა მთელი რიგი ვალდებულებები როგორ მდგომარეობაშიც უნდა გადაეცეთ ბინები. ესენია:
- სრულად დასრულებული სამშენებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამუშაოები (კონსტრუქციები, ფასადები და სახურავი დასრულებული, კეთილმოწყობილი ეზო);
- მოპირკეთებული და შეღებილი სადარბაზოები და დერეფნები, შესასვლელი რკინის კარები;
- ლიფტები დამონტაჟებული და გამართულ მდგომარეობაში;
-სამეზობლო კონტურის კედლები (პროექტის შესაბამისად);
- აივნებზე მოწყობილი მოაჯირები (პროექტის შესაბამისად);
- დამონტაჟებული ფანჯრები (პროექტის შესაბამისად);
- კომუნალურები მიყვანილი ბინამდე, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რომელიც ეხება წყალს, ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს.
აუდიტორებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დაბეგვრის დროსთან მიმართებაში ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, რადგან 2021 წლის დეკემბრის პერიოდისათვის ზემოთ აღნიშნული მთელი რიგი ვალდებულებებიდან არ იყო შესრულებული. არ იყო დასრულებული მოსაპირკეთებელი სამუშაოები, როგორც ფასადზე, ასევე კორიდორებში, არ იყო სრულად ექსპლუატაციაში გაშვებული ლიფტი, რადგან ლიფტის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა შესაბამისი ძაბვა, რომლით აღჭურვაც მოხდა სწორედ 2022 წელს, როდესაც ენერგო პრო ჯორჯიას მიერ მოხდა კორპუსის ინდივიდუალური გამრიცხველიანება (იხილეთ დანართი 16) და შესაბამისი სამსახურის მიერ ვარგისად მიღებული იქნა და გაიცა ნებართვა მის გამოყენებაზე სწორედ 2022 წელს (იხილეთ დანართი 15), არ იყო კომუნალური მრიცხველების ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების, როგორიცაა ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი (იხილეთ დანართი 17), რომელიც მომსახურებებითაც კორპუსის აღჭურვა მოხდა როგორც ზემოთ აღნიშნა 2022-2023 წელს, ასევე პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა სამუშაოები მათ შორის ისეთი არსებითი ღირებულების როგორიცაა პროექტით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი. აქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად სირთულეებისა რომელიც არამარტო კომპანიას არამედ მთელ მსოფლიოს დაატყდა პანდემიის სახით კომპანიის მიერ მიზანმიმართულად არ მომხდარა აღნიშნული სამუშაოების გაჭიანურება იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა გადასახადების გადახდას და საზოგადოება აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს, რათა გონივრულ ვადაში დაესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2022 წლის მაისის თვეში, როდესაც სამუშაოების ძირითადი ნაწილი იქნა შესრულებული საზოგადოების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ჯერ კიდევ არ იყო შეყვანილი ბუნებრივი აირი, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი და რადგან მის ხელთ არ იყო დაზუსტებული ინფორმაცია იმისა, თუ რა პერიოდი დაჭირდებოდა დარჩენილი სამუშაოს შესასრულებლად, რადგან აღნიშნული დამოკიდებული იყოს მესამე მხარის მიერ სამუშაოებს დროულ და ჯეროვან შესრულებაზე, მის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება 2022 წლის მაისის თვე ეღიარებინა დაბეგვრის დროდ და კეთილსინდისიერად დაბეგრა აღნიშნული ზემოთ აღნიშნული სადავო ოპერაცია.
რაც შეეხება ბარტერულ ოპერაციაზე დღგ-ით დასაბეგრ თანხას, მართალია კანონმდებლობის ნაწილში განსხვავებული პოზიცია არ აქვს, თუმცა პოზიციები არ ემთხვევა აღნიშნული კანონმდებლობის აღქმაში. აუდიტორები მართალია თვლიან, რომ ბარტერულ ოპერაციაზე მის მიერ უნდა დაბეგრილიყო გაწეული სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა დაეთვალათ არა საბაზრო ფასით, არამედ დანახარჯთა მეთოდით, რომელიც მხოლოდ მიდგომების დონეზე შეიძლება დაიშვას ისიც გარკვეულ შემთხვევებში.
წარმოადგენს კანონმდებლობის ჩანაწერსაც აღნიშნულთან დაკავშირებით:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.
გამომდინარე აქედან, სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასის დასადგენად როდესაც ფიზიკურ პირებთან გაფორმდა ბარტერული ტიპის ხელშეკრულებები, ანუ როგორც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული „შესაბამის დროს“, კომპანიის მიერ მოწვეულ იქნა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომლის მიერაც საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად შემუშავდა გეგმიური ხარჯთაღრიცხვა იმ პერიოდისათვის არსებული კვარტალური ფასების შესაბამისად (იხ. დანართი 7), რითაც დადგინდა სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი 1 კვ.მ. ანალოგიურად დადგინდებოდა სამშენებლო მომსახურების საბაზრო ფასი გაშლილი ხელის პრინციპით, როდესაც მხარეებს ფასზე ვერანაირი ზეწოლის მოხდენა შეეძლებოდათ თუ ნაცვლად ფიზიკური პირებისა სამშენებლო მომსახურების დამკვეთი იქნებოდა სახელმწიფო, იგივე პრინციპით შედგებოდა ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა ანგარიშსწორება და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრა. მის მიერ აუდიტორებისთვის მიწოდებული იქნა ზემოთ აღნიშნული ხარჯთაღრიცხვა შემოწმების პერიოდშივე, ასევე ის ფაქტობრივი გარემოება და პოზიცია რატომ უნდა დაებეგრა ოპერაცია საბაზრო ფასით და არა თვითღირებულებით, რადგან კანონმდებლობის ყველა ჩანაწერი საბაზრო ფასით დაბეგვრას გულისხმობს. მსგავსი შინაარსის მატარებელია დავის განმხილველი ორგანოს N26684 გადაწყვეტილება განხილული სამეურნეო ოპერაცია, სადაც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი მიუთითებს იმ ფაქტის შესახებ, რომ თავდაპირველად მის მიერ მოთხოვნილი იქნა საპროექტო (გეგმიური) ხარჯთაღრიცხვა, ხოლო როდესაც გადამხდელის მიერ ვერ იქნა მიწოდებული შესაბამისი დოკუმენტი, მხოლოდ შემდეგ გამოიყენეს დანახარჯებით დათვლის მოდელი, რასაც ითვალისწინებს კიდეც კანონმდებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა.
ასევე გაამახვილოს ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა არამართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არამართლზომიერ გარიგებებს.
შესაბამისად გამომდინარე იქედან, რომ სადავო სამეურნეო ოპერაცია თავისი არსითა და შინაარსით არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან, არ ყოფილა არანაირი თვალთმაქცური, მოჩვენებითი გარიგება მის მიერ გაჟღერებულ არცერთ მხარესთან, აუდიტის დეპარტამენტს არ აქვს უფლება შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია და ნაცვლად მის მიერ გამოყენებული კანონით გათვალისწინებული საბაზრო ფასისა, გაანგარიშება აწარმოოს დანახარჯთა მეთოდით.
ყოველი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა დამატებით აღნიშნა შემდეგი:
1. აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური აპელირებს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით შეძენილი მასალის ხარჯის გაწევაზე, თუმცა მხედველობაში არ იღებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი მომსახურების, ასევე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასის/მომსახურების თაობაზე გაწეულ ხარჯებს, რომ თითქოს 2022 წლიდან გაწეული ხარჯი არის არაარსებითია. 2022 წლიდან გაცემულია 112 239,96 ლარის შრომითი დანახარჯი, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია მზა პროდუქციის შესაქმნელად. 1.01.2022 წლიდან სახარჯთაღრიცხვო ღირებულებასთან მიმართებით გაწეული ხარჯი შეადგენს 15,33%-ს, რაც ნამდვილად არსებითია.
2. 2021 წლის მარტის და 2021 წლის ოქტომბრის თვეში შიდა გადაზიდვით გარე ფასადის ამწეების მოხსნა განპირობებული იყო იმის გამო, რომ ხელს უშლიდა და ფიზიკურად შეუძლებელი იყო მოსაპირკეთებელი/სამღებრო სამუშაოების განხორციელება იმ ადგილებზე სადაც ზემოთ აღნიშნული ამწეები იყო დამონტაჟებული.
3. საცხოვრებელი კორპუსების, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით, იმ კონდიციებამდე მიყვანა გულისხმობს, კომუნალური მომსახურების მიწოდებას, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით აღჭურვა კორპუსის მომხდარია შესაბამისად, 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, სადარბაზოების მოპირკეთებას, ლიფტების მონტაჟს, გაუგებარია რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერთან პირველ სართულზე კომერციულ ფართში სალარო აპარატის რეგისტრაციას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე პუნქტების თანახმად:
46. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი. 48. თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.
შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით იმ პირობით, რომ მოახდენდა არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალსართულიან მრავალფუნქციურ სახლს, რომელშიც ფიზიკურ პირებს გადასცემდა ინდივიდუალურ ფართებს.
შესამოწმებელ პერიოდში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ აშენებულ სახლში ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ფართები. ამავდროულად, აღნიშნულ კორპუსში კომერციული მიზნით გაქირავებულია ფართები და ასევე, გამოიყენება საცხოვრებლად. ზოგიერთ ფიზიკურ პირს რეალიზებული აქვს ბარტერის ფარგლებში მიღებული ფართი. შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ფაქტობრივი ხარჯები 10%-იანი ფასნამატით, გადასაცემი ფართის შენობის მთლიან ფართობთან შეპირისპირებით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, სადავო ოპერაციები ეხება მშენებარე სტატუსით არსებულ, ფიზიკურ პირებზე გადაფორმებულ ფართებს, რომელიც რეგულირდება საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლით და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 112-ე მუხლის 48- ე პუნქტით. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მომჩივანს წარმოდგენილი აქვს სს ენერგო - პრო ჯორჯიას მიერ 2022 წლის თებერვლის თვეზე 2022 წლის 11 მარტს მომჩივნისათვის გამოწერილი №ეა"-------" საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მომსახურების ღირებულება 146 700 ლარის ოდენობით. ასევე, შპს"-------"-თან 10.01.2023 წელს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი სამუშაოს შესრულებაზე, რომელზეც 7.02.2023 წელს გამოწერილია №ეა-"-------" საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მომსახურების ღირებულება 113 300 ლარის ოდენობით. ამრიგად, ირკვევა, რომ მომჩივანს ობიექტის დასასრულებლად და სრულ კონდიციამდე მისაყვანად გარკვეული ხარჯების ნაწილი გაწეული აქვს 2021 წლის დეკემბრის შემდეგაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ოპერაციის (ბარტერის) შემთხვევაში საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროდ 2021 წლის დეკემბერის განსაზღვრა არ არის სათანადოდ დასაბუთებული და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს მიწის სანაცვლოდ ფიზიკური პირებისათვის გადაცემულ ფართებზე გაწეული სამშენებლო მომსახურების (ბარტერის) დღგ-ით დაბეგვრის დროის განსაზღვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.06.2024 წლის №14942 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (მიწის სანაცვლოდ ფიზიკური პირებისათვის გადაცემულ ფართებზე გაწეული სამშენებლო მომსახურების (ბარტერის) დღგ-ით დაბეგვრის დრო) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა 2019 წელს ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით იმ პირობით, რომ მოახდენდა არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალსართულიან მრავალფუნქციურ სახლს, რომელშიც ფიზიკურ პირებს გადასცემდა ინდივიდუალურ ფართებს. შესამოწმებელ პერიოდში,მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ აშენებულ სახლში ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული ფართები. ამავდროულად, აღნიშნულ კორპუსში კომერციული მიზნით გაქირავებულია ფართები და ასევე, გამოიყენება საცხოვრებლად. ზოგიერთ ფიზიკურ პირს რეალიზებული აქვს ბარტერის ფარგლებში მიღებული ფართი. შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში გაწეული ფაქტობრივი ხარჯები 10%-იანი ფასნამატით, გადასაცემი ფართის შენობის მთლიან ფართობთან შეპირისპირებით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ოპერაციის შემთხვევაში საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრის დროდ 2021 წლის დეკემბერის განსაზღვრა არ არის სათანადოდ დასაბუთებული და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს მიწის სანაცვლოდ ფიზიკური პირებისათვის გადაცემულ ფართებზე გაწეული სამშენებლო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის დროის განსაზღვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),159,160,164.