გადაწყვეტილება №25899/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25899/2/2025
13 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 26.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25899/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №007-118 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2025 წლის №18867 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 267 725.88 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 151 536.31
დღგ - 84 454.31
საშემოსავლო გადასახადი - 67 082
ჯარიმა - 75 622
საურავი - 40 567.57
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო მასალებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №7899 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 24.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენდა 842 306 ლარს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია 522 056 ლარს (დღგ-ის გარეშე 442 420 ლარს). გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 442 420 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით სმფ-ების ნაშთი, 30.04.2025 წლის მდგომარეობით, განისაზღვრა 12 932 ლარის ოდენობით საბაზრო ღირებულებით. შემოწმების შედეგად გაანალიზდა დოკუმენტური რეალიზაცია და განისაზღვრა სმფ-ის დოკუმენტური ფასნამატი 27%-ის ოდენობით (განხორციელდა დოკუმენტური რეალიზაციის 74%-ის იდენტიფიცირება).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი (27%) გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 903 659 ლარით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 25.04.2025 წელს განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შესამოწმებელ პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 903 659 ლარი. შემოწმების შედეგად განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლისა და ხარჯების გაანგარიშება და განისაზღვრა ფულის ნაშთი 268 330 ლარის ოდენობით, რომელიც არ აღმოჩნდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ან საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადაახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №14108 ბრძანება და ამავე თარიღის №007-118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2025 წლის №18867 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გავრცელება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი განისაზღვრა 27%-ით, შედეგად დაკორექტირდა ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნული განაკვეთით რეალიზაციის ფასნამატი გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის დანაკლისზე. აღნიშნულს კატეგორიულად ვერ დაეთანხმება შემდეგი მიზეზების გამო:
ა) გადათვლილი ფასნამატი არარეალურია, რადგან ერთჯერადი ზოგიერთი ოპერაცია გავრცელდა საგადასახადო შემოწმების პერიოდზე საქონლის ღირებულების, ანალოგიური საქონლის სხვა კლიენტზე რეალიზაციის და ანალოგიური ოპერაციების განხორციელების სიხშირის ერთობლიობის გათვალისწინების გარეშე, რაც მიაჩნია რომ არასწორ ქმედებას წარმოადგენს და არ შეესაბამება ობიექტურობის პრინციპებს;
ბ) აქტში ასახული დეკლარირებული, დოკუმენტური საქონელბრუნვა მხოლოდ საქონელბრუნვის ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ პირებზე, რომლებზეც გაცემული საქონლის ფასნამატი ფაქტიურად სასაქონლო კრედიტს წარმოადგენს, ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის მიყენება ეკონომიკურად დაუსაბუთებელ ფაქტს წარმოადგენს, რადგან გაანალიზებულია დოკუმენტაციის მხოლოდ 74%;
გ) ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიის დახურვის შემდგომ (როდესაც ფაქტიურად აღარ ხდებოდა კომპანიის აქტიური საქმიანობა), როდესაც კომპანიამ შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულებები, საქონლის ნაშთი გადატანილ იქნა ავტოფარეხებში და სხვა არსებულ სასაწყობო ფართებში, რამაც დროთა განმავლობაში, გარემო პირობებიდან გამომდინარე, გამოიწვია დასაწყობებული საქონლის დაზიანება და როდესაც საქონელს უკვე დაკარგული ჰქონდა სასაქონლო სარეალიზაციო სახე, უაზროდ რომ არ დაკარგულიყო არსებული ნაშთი, მოხდა მეზობლებზე, ნათესავებზე და ეკლესიის ასაშენებლადაც კი, საქონლის გაჩუქება, ხოლო დარჩენილი ნაშთი ასახულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგებში;
დ) 2022 წლის პირველი ნახევარი განეკუთვნებოდა პანდემიის პერიოდს. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პანდემიის პერიოდის შემდგომ გაუქმდა იჯარის ხელშეკრულებები და გადატანილ იქნა ავტოფარეხებში, სხვა არსებულ სასაწყობო ფართებში და აღნიშნულმა გამოიწვია სასაქონლო-მატერიალური მარაგების, ბუნებრივი პირობების გამო დაზიანება, აგრეთვე ავტოფარეხში განჩნდა ხანძარი და დაზიანებული საქონელი აღრიცხულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ.
საგადასახადო კოდექსის მოქმედი ნორმების სრული გათვალიწინებით, რეალურად უნდა იქნას გადათვლილი ფასნამატი და აღნიშნულით რეალურად დაკორექტირდეს დღგ-ის ბრუნვა, გათვალისწინებულ იქნას ბუნებრივი პირობების გამო საქონლის გაფუჭება და ისე იქნას დარიცხული გადასახადი, არ წარმოადგენდეს მხოლოდ არითმეტიკული ფაქტების კრებულს. გათვალისწინებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პრინციპები და დაკორექტირდეს საქონლის დანაკლისის ოდენობა.
კალკულაციაში გათვალისწინებული ზემოაღნიშნული საქონლის ფასნამატით დაუსაბუთებელი ე.წ ფულადი ნაკადები კომპანიის დირექტორს ჩაეთვალა მიღებულ შემოსავლად, როგორც ხელფასი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნულს კატეგორიულად ვერ დაეთანხმება შემდეგი მიზეზების გამო:
ა) რეალურად არ არის გადათვლილი ფასნამატი და მის საფუძველზე თანხის ე.წ „ხელფასად“ გატანის საფუძველი არ არსებობს და ხელახლა გადათვლას საჭიროებს;
ბ) არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ რეალურად არ მოხდა დარჩენილი სასაქონლომატერიალური მარაგების რეალიზაცია და აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს მიღებულ შემოსავალს და არ მიუღია კომპანიის დირექტორს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის ნორმების გათვალისწინებით რეალურად იქნას გადათვლილი ფულადი ნაკადების ოდენობა, გათვალისწინებულ იქნას ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების სხვაობა და დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაკორექტირებულ იქნას. გათვალისწინებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პრინციპები, დაკორექტირდეს საქონლის დანაკლისის ოდენობა და დანაკლისი საქონელი არ ჩაითვალოს რეალიზებულად, ხოლო თანხა ხელფასად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივნის განმარტებით შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი არარეალურია, რადგან წარმოადგენს ერთჯერადი ოპერაციის გავრცელებას შემოწმებულ პერიოდზე, საქონლის ღირებულების, ანალოგიური საქონლის, სხვა კლიენტზე რეალიზაციის და ანალოგიური ოპერაციების განხორციელების სიხშირის ერთობლიობის გათვალისწინების გარეშე, აგრეთვე პირებზე, რომლებზეც გაცემული საქონლის ფასნამატი ფაქტიურად სასაქონლო კრედიტს წარმოადგენს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კომპანიამ დახურვის შემდგომ შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულებები, საქონლის ნაშთი გადატანილ იქნა ავტოფარეხებში და სხვა არსებულ სასაწყობო ფართებში, რაც დროთა განმავლობაში დაზიანდა და მოხდა საქონლის გაჩუქება, ხოლო დარჩენილი ნაშთი ასახულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგებში. რეალური ფასნამატი არ არის განსაზღვრული და მის საფუძველზე თანხის ე.წ „ხელფასად“ გატანის საფუძველი არ არსებობს, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ რეალურად არ მოხდა დარჩენილი სასაქონლომატერიალური მარაგების რეალიზაცია და აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს მიღებულ შემოსავალს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გავრცელება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
საჩივართან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2025 წლის №- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით:
- გადასახადის გადამხდელი არ ახდენდა სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვას, ვერ წარადგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენს - 842 306 ლარს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია - 522 056 ლარს (დღგ-ის გარეშე - 442 420 ლარს). დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს - 442 420 ლარს. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და სმფ-ის ნაშთი 30.04.2025 წლის მგომარეობით, განისაზღვრა - 12 932 ლარის საბაზრო ღირებულებით. შემოწმების შედეგად გაანალიზდა დოკუმენტური რეალიზაცია, განისაზღვრა იდენტიფიცირებადი რეალიზაციები, განხორციელდა საქონლის დაჯგუფება ერთი სახეობის მიხედვით და საშუალო შეწონილი მეთოდით დადგინდა იდენტიფიცირებული საქონლის და ჯგუფების დოკუმენტური ფასნამატი - 27% (იდენტიფიცირება მოხდა დოკუმენტური რეალიზაციის 74%-ის). შემოწმებით დადგენილი იდენტიფიცირებული საქონლის და ჯგუფების დოკუმენტური ფასნამატი (27%) გავრცელდა არაიდენტიფიცირებად რეალიზაციაზე და ფასნამატის მეთოდის გამოყენებით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში მისაღები შემოსავალი. დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა - 903 659 ლარი.
- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 29.04.2025 წელს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შესამოწმებელ პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა - 903 659 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლის და ხარჯების შეპირისპირებით განისაზღვრა ფულის ნაშთი - 268 330 ლარი, რომელიც არ აღმოჩნდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ან საბანკო ანგარიშებზე. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საქმეში წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი კომპანიის დირექტორის ახსნაგანმარტება, რომელშიც მითითებულია, რომ „კომპანია ბუღალტერიას აწარმოებდა ჟურნალებში არსებული ჩანაწერების, საბანკო ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის პორტალზე არსებული ჩანაწერების საშუალებით და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხდებოდა ბანკის ამონაწერისა და შემოსავლების სამსახურის პორტალის საშუალებით. კომპანიას არ განუხორციელებია საკონტროლო სალარო აპარატით (ნაღდი ფულით) ანგარიშსწორება, შესაბამისად სალაროში არსებული ფულადი ნაშთების ფორმირება ხდებოდა საქონლის შესასყიდად საბანკო ანგარიშებიდან გატანილი ფულადი სახსრების საშუალებით, რომლებიც დროებით (საქონლის შესყიდვამდე) ხვდებოდა სალაროს ნაშთებში. შესაბამისად, შემოწმების პერიოდის დასაწყისში კომპანიას არ უფიქსირდება სალაროში ფულადი ნაშთის არსებობა. კომპანია ახორციელებდა საქონლის შესყიდვას და შემდგომ რეალიზაციას ძირითადად შეკვეთების საშუალებით ანუ ფაქტიურად ახორციელებდა მხოლოდ დისტრიბუციას, ხოლო დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური საშუალებების დასაწყობება ხდებოდა საცხოვრებელ მისამართზე. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში სმფ-ების ფაქტიური ნაშთი კომპანიას არ უფიქსირდებოდა, ხოლო საბოლოო ნაშთის შესახებ ინფორმაცია ცნობილია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციის აქტის საშუალებით“.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №7899 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენდა 842 306 ლარს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია 522 056 ლარს (დღგ-ის გარეშე 442 420 ლარს). გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 442 420 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით სმფ-ების ნაშთი, 30.04.2025 წლის მდგომარეობით, განისაზღვრა 12 932 ლარის ოდენობით საბაზრო ღირებულებით. შემოწმების შედეგად გაანალიზდა დოკუმენტური რეალიზაცია და განისაზღვრა სმფ-ის დოკუმენტური ფასნამატი 27%-ის ოდენობით (განხორციელდა დოკუმენტური რეალიზაციის 74%-ის იდენტიფიცირება).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი (27%) გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 903 659 ლარით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შესამოწმებელ პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 903 659 ლარი. შემოწმების შედეგად განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი შემოსავლისა და ხარჯების გაანგარიშება და განისაზღვრა ფულის ნაშთი 268 330 ლარის ოდენობით, რომელიც არ აღმოჩნდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ან საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადაახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14108 ბრძანება და №007-118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №18867 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);