ბრძანება N 18641

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.08.2025
№ დოკუმენტი 18641
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18641

20 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------------“-ის (ს/ნ ---------------)

(მის.:---------------------------------------)

2025 წლის 9 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „-------------“-ის (ს/ნ ---------------) №107550/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 13 ივნისის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №-----/------ (№006-142) საგადასაახდო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ პირველად მოხდა საბორნე გადაზიდვებისთვის განკუთვნილი გემის „-----” (---------) შეძენა და შემოყვანა საქართველოში. გემი გატარდა საზღვაო რეგისტრში და საქართველოს დროშის აღების შემდგომ დაიწყო ოპერირება. ბორანის შეძენა განხორციელდა ბანკიდან აღებული დიდი ოდენობის კრედიტით. უცნობი იყო ის ფაქტი, რომ უნდა მომხდარიყო ამ გემის განბაჟება და დღგ-ს დეკლარირება.

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია განბაჟების პროცედურებისაგან შეგნებულად თავის არიდებას, ვინაიდან მისი სრულყოფილად და დროულად ჩატარების პირობებში, გემის განბაჟების ანგარიშში დამატებით გადასახდელი თანხა არ ექნებოდა (თითქმის ერთი და იგივე სავადოთი მოხდებოდა როგორც იმპორტის დღგ-ს ჩათვლა და ასევე მისი დარიცხვაც).

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ეპატიოს სადავო აქტებით დარიცხული თანხა (218613,29 ლარის, მათ შორის საურავი 218613,29 ლარი და ჯარიმა 1000 ლარი).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 13 ივნისს შპს „---------“-მა ელექტრონული განცხადებით (ID:-------) მომართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა --- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემის ------- („-----“) IMO:------ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება. აღნიშნული განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების, მათ შორის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს №--/-- (16.05.2025) წერილის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული საზღვაო ტრანსპორტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა 2025 წლის 30 იანვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განუხორციელებია დეკლარირება.

ვინაიდან შპს „------“-ის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საქონლის (სამგზავრო გემი -------“) IMO:-----) დეკლარირება, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „---“-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 13 ივნისს შედგენილ იქნა №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------------“-ს (ს/ნ ---------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

2025 წლის 13 ივნისს გამოიცა №-----/---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საურავი – 217613.29 ლარი.

------- ტიპის ძრავიანი სამგზავრო გემი ------ („-------“) IMO:------- 2025 წლის 13 ივნისს მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (№----------/-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ შეადგენს 4 184 871 ლარს).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

ამავე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა: ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270–ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ საზღვაო ტრანსპორტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა 2025 წლის 30 იანვარს. დადგენილია ასევე, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განორციელებულა მისი დეკლარირება და გადასახდელი თანხის გადახდა. შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165- ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272- ე მუხლის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის საურავის დარიცხვა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

მომჩივნის მოთხოვნაზე, სადავო აქტებით დაკისრებული თანხის პატიებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კი, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ეპატიოს სადავო აქტებით დარიცხული თანხა .

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანმა ელექტრონული განცხადებით მომართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა სამგზავრო გემის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირება. აღნიშნული განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტების, მათ შორის, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წერილის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული საზღვაო ტრანსპორტი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა 2025 წლის 30 იანვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განუხორციელებია დეკლარირება.

ვინაიდან მომჩივანის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა საქონლის (სამგზავრო გემის) დეკლარირება, ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.ასევე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საურავი .სამგზავრო გემი 2025 წლის 13 ივნისს მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (საქონლის საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ შეადგენს 4 184 871 ლარს).

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1.11); 165;

ასევე,საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 270; 272;