ბრძანება N 8475

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2023
№ დოკუმენტი 8475
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8475

19.04.2023

ფ/პ ------------- (პ/ნ ------------)

(მის.: -------------------)

2022 წლის 21 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა ფ/პ ---------------- (პ/ნ -----------) №75651/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №001-115 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დარიცხულ თანხებს. დარიცხულ დღგ-ს დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შემოწმებით დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა 921 956 ლარის ოდენობით, საიდანაც დღგ-მ შეადგინა 165 952 ლარი. აღნიშნულ თანხას დაემატა ჩასათვლელი დღგ-ს შემცირების საფუძველზე დასარიცხი 16 307 ლარი და დასარიცხმა დღგ-მ შეადგინა 182 259 ლარი. მიუთითებს, რომ შემოწმების პოზიციით, გადამხდელს დღგ-ს დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ დეკლარირებული აქვს 162 531 ლარი, ბაზების შესწავლის შემდეგ შემოწმებით შემცირდა ჩასათვლელი თანხები 16 307 ლარით. გადამხდელის განმარტებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანაგრიშებულ დღგ-ს თანხას უნდა გამოაკლდეს ის ჩათვლილი დღგ-ს თანხის ოდენობა (146 224 ლ.), რომელიც დარჩა შემოწმების მიერ გადამხდელის დეკლარირებული ჩათვლის შემცირების შემდგომ (162 531-16 307=146 224). აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას და უთითებს, რომ დარიცხული დღგ უნდა ყოფილიყო 36 035 ლარი (182 259-146 224).

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ იგი არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას. არ არსებობს არც ერთი ფაქტი რომლითაც დასტურდება თუნდაც 1 კგ. შაქრის ან სხვა სახის საქონლის რეალიზაცია. აღნიშნავს, რომ სალარო აპარატიც არ ჰქონია. გადამხდელის განმარტებით, მისი შეცდომა იყო ის რომ მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები, ვინაიდან აპირებდა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას, თუმცა პანდემიის გამო გადაიფიქრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა შეძენილი საქონელი. შესაბამისად, მიაჩნია, რომ თანხების დარიცხვა არ არის მართლზომიერი და შემმოწმებელს უნდა გაეუქმებინა მხოლოდ მიღებული დღგ-ის ჩათვლები.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6865 და ამავე წლის 18 მაისის №12441 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ --------------- (პ/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 13 ივლისის №18487 ბრძანება და 14 ივლისის №001-115 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 344 407 ლარი, მათ შორის, გადასახადი 225 759 ლარი, ჯარიმა 109 215 ლარი, საურავი 9 432 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

 გადასახადის გადამხდელი შემოწმების მიმდინარეობისას არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს 912 213 ლარის პროდუქცია, ძირითადად შაქარი და რძის ფხვნილი, სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირების დასრულების ადგილია --------------. გადამხდელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან ვერ დადგინდა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დღგ-ის ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა დეკლარირებული აქვს 152 000 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით. აგრეთვე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებზე დაყრდნობით და ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული მონაცემები და შეძენილი სმფ რეალიზებული იქნა შესაბამისი ფასნამატით. შესაბამისად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 ფ/პ ----------- (პ/ნ ------------) შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ს დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ დეკლარირებული აქვს 162 531 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი დღგ-ს თანხა 16 307 ლარით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. ასევე საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს 912 213 ლარის პროდუქცია, ძირითადად შაქარი და რძის ფხვნილი, სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირების დასრულების ადგილია --------------. გადამხდელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან ვერ დადგინდა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელს დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა დეკლარირებული აქვს 152 000 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არც შემოწმების და არც დავის ეტაპზე იქნა წარდგენილი სათანადო არგუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული მონაცემების გამოყენება და შეძენილი სმფ-ს შესაბამისი ფასნამატით რეალიზებულად განხილვა მართლზომიერად განხორციელდა.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს შემოწმებით დადგენილი დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვის მიხედვით დარიცხული გადასახადის თანხაში, შემოწმების მიერ ჩათვლილი თანხების შემცირების შემდგომ დარჩენილი თანხის (162 531-16 307=146 224) გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგინდა დამატებით დასაბეგრი დღგ-ს ბრუნვა, რომელმაც შეადგინა 921 956 ლარი, ხოლო აქედან გადასახადმა შეადგინა 165 952 ლარი. გადამხდელის მიერ მითითებული თანხა (162 531- 16 307=146 224) კი წარმოადგენს მის მიერ უკვე დეკლარირებულ ჩათვლილ თანხებს. შესაბამისად, მითითებული დღგ-ს თანხებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დღგ-ის შემცირების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, შემოწმებით დადგენილია, რომ დღგ-ს დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ გადამხდელს დეკლარირებული აქვს 162 531 ლარის ოდენობით. რაც შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) 16 307 ლარით. ხოლო აღნიშნულზე, გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტაცია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ჩასათვლელი თანხების შემცირება, ასევე არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ ------------ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დარიცხულ თანხებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელი შემოწმების მიმდინარეობისას არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს 912 213 ლარის პროდუქცია, ძირითადად შაქარი და რძის ფხვნილი. გადამხდელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. ვერ დადგინდა გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილი. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმებამ ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ გამოყენებული იქნა მსგავს საქონელზე დადგენილი აუდირებული მონაცემები და შეძენილი სმფ რეალიზებული იქნა შესაბამისი ფასნამატით. შესაბამისად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ს დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ დეკლარირებული აქვს 162 531 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი დღგ-ს თანხა 16 307 ლარით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3), 73(5)"ა", 136(1)(3), 159(1)"ა", 163(1), 164(1), 174(1)(2), 175(1), 80(1), 100(3)"ბ", 102(1)"ა".

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1), 173(1), 174(1)(2)"ა.ა".