ბრძანება N 1213

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.01.2026
№ დოკუმენტი 1213
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1213

28 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ის (ს/ნ ------------)

(მის.:--------------------------------)

2025 წლის 16 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ ------------) 2025 წლის 16 დეკემბრის №------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 დეკემბრის №007-325 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ითხოვს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხის შემცირებას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ხარჯებში არ იქნა გათვალისწინებული მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენლებისათვის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები, რასთან დაკავშირებითაც საჩივარზე თანდართულია აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, მომწოდებელი კომპანიის სპეციალური წარმომადგენლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, იმის შესახებ, რომ მან როგორც მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენელმა შესაბამისი თარიღების მიხედვით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო პროდუქციის ღირებულებასთან დაკავშირებული თანხები, 33 000 დოლარის ოდენობით. ამასთან წარმოდგენილია შესაბამისი ინვოისებიც, სადაც მითითებულია, რომ თანხის 30% უნდა იქნას გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული ოპერაციის საჭიროება დადგა, რადგან მომწოდებელი კომპანია წარმოადგენს ---- კომპანიას და აღნიშნულ პერიოდში გართულებული იყო დოლარის ვალუტაში -----ი თანხის გადარიცხვა. ამასთან, ბანკი ითხოვდა დიდი რაოდენობით საკომისიოს.

2.გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული ჯარიმის და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლებას. გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა, სრულად ეთანხმება შემოწმების შედეგებს და განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა არ ყოფილა განზრახი და გამოწვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის არასრულყოფილი ცოდნით, რადგან თანხის დაბეგვრას გეგმავდნენ ერთიანად, 2025 წლის ბოლოს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 ივნისის №13381 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 3 დეკემბრის №26586 ბრძანება და ამავე თარიღის №007-325 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 228 106 ლარი, მათ შორის, გადასახადი 143 265 ლარი, ჯარიმა 71 632 ლარი, საურავი 13 209 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „--------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობაა გაზის მილებითა და ფიტინგებით, შპალერითა და ლამინატით ვაჭრობა. საწარმო საქონლის შემოტანას ძირითადად ახორციელებს იმპორტის გზით ---დან, ---დან და ---დან. ამასთან, უფიქსირდება ადგილობრივი შეძენაც. გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა ორისში. პროგრამა შეიცავს ხარვეზებს. შემოწმება საბუღალტრო პროგრამას დაეყრდნო მხოლოდ საქონლის მიღების და დოკუმენტური რეალიზაციების ჩამოწერების ნაწილში. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ჯამურად გაცემული ხელფასის ოდენობა შეადგენს 48 951 ლარს. დივიდენდი არ აქვს გაცემული, ხოლო 2023 წლის ოქტომბრიდან აღარ გასცემს ხელფასსაც. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12850 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 2025 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 7 730 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების დანართ №9-ზე („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ") დაყრდნობით შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებულმა არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 573 061 ლარი. აღნიშნული თანხა ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული აქვს, რომ არარეზიდენტ მომწოდებლებზე თანხის ნაწილი გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით საჩივარზე თანდართულია ----ის მოქალაქე ------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც ადასტურებს, რომ კომპანიის დირექტორისგან მიღებული აქვს 33 000 აშშ დოლარი სამ ნაწილად. აქედან ერთხელ თანხა მიღებული აქვს საქართველოში, ხოლო ორჯერ -----ი. განცხადებაში არ არის დაფიქსირებული საქართველოში თანხის მიღების თარიღი, რომლითაც ვერ იდენტიფიცირდება მის მიერ აღნიშნულ თარიღში საზღვრის კვეთის ფაქტი. ასევე, ----ი თანხის გადაცემის თარიღში კომპანიის დირექტორი იმყოფებოდა საქართველოში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ -----ი ნამდვილად არის არარეზიდენტი კომპანიის „LTD --------.“-ს წარმომადგენელი. ამასთან, ნაღდი ანგარიშსწორებით არარეზიდენტ მომწოდებლებზე თანხის გადახდა არ დასტურდებოდა ბუღალტრული პროგრამის მიხედვითაც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ ხარჯებში არ იქნა გათვალისწინებული მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენლებისათვის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხები, რასთან დაკავშირებითაც საჩივარზე თანდართულია აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, მომწოდებელი კომპანიის სპეციალური წარმომადგენლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, იმის შესახებ, რომ მან როგორც მომწოდებელი კომპანიის წარმომადგენელმა შესაბამისი თარიღების მიხედვით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო პროდუქციის ღირებულებასთან დაკავშირებული თანხები, 33 000 დოლარის ოდენობით. ამასთან, წარმოდგენილია შესაბამისი ინვოისებიც, სადაც მითითებულია, რომ თანხის 30% უნდა იქნას გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ითხოვს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგრილი თანხის შემცირებას.

2.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული ჯარიმის და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13381 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №26586 ბრძანება და №007-325 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 228 106 ლარი, მათ შორის, გადასახადი 143 265 ლარი, ჯარიმა 71 632 ლარი, საურავი 13 209 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ჯამურად გაცემული ხელფასის ოდენობა შეადგენს 48 951 ლარს. დივიდენდი არ აქვს გაცემული, ხოლო 2023 წლის ოქტომბრიდან აღარ გასცემს ხელფასსაც. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №12850 ბრძანების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. 2025 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობამ შეადგინა 7 730 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების დანართ №9-ზე („სალაროში ნაღდი ფულის შესახებ") დაყრდნობით შესწავლილ იქნა ნაღდი ფულის მოძრობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებულმა არაგონივრულმა ნაშთმა შეადგინა 573 061 ლარი. აღნიშნული თანხა ჩათვლილ იქნა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პიველი სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 269(7);