ბრძანება N 26633
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26633
19 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 27 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 27 ნოემბრის №93064/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 ნოემბრის №041-62 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საქონლის რეალური ფასნამატი საცალო და საბითუმი პოზიციაზე წარმოადგენს 15%-ს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, ასევე, ბაზარზე არსებული კონკურენციით. გადასახადის გადამხდელი აპელირებს, რომ ფასნამატი არასწორად არის გამოთვლილი, კერძოდ, არ არის გათვალისწინებული შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები და ქრონომეტრაჟი.
ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმებით არასწორად განისაზღვრა სალაროს გონივრული ნაშთი, რაც განპირობებულია არასწორად გაანგარიშებული ფასნამატით. არ ეთანხმება მიღებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობის დირექტორზე გახემულ ხელფასად განხილვას, აცხადებს, რომ უცხოელი მომწოდებლისთვის თანხები სრულად აქვს გადახდილი და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი, ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №14412 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 28 სექტემბრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 6 ნოემბრის №23699 ბრძანება და ამავე თარიღის №041-62 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 552 964 ლარი, მათ შორის, გადასახადი 943 853 ლარი, ჯარიმა 484 626 ლარი, საურავი 124 485 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლის/ფეხსაცმლის თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე (------- და სხვა). გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ უფიქსირდება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ შეძენილი პროდუქცია დაიყო კატეგორიებად (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა შერეული საქონელი) და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). გარდა ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო შემოწმებისას, განხორციელდა გადამხდელის შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი. შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2024 წლის 12 დეკემბერს 14:00 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ის არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ უფიქსირდება დებიტორული/კრედიტორული დავალიანებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი პროდუქცია დაიყო კატეგორიებად (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა შერეული საქონელი) და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). გარდა ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო შემოწმებისას, განხორციელდა საწარმოს შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, რის საფუძველზეც შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი, კერძოდ არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟის შედეგები. ამასთან მიუთითებს, რომ კომპანიას არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად აქვს გადახდილი იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული თანხები და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და არც საარქივო სამმართველოს წერილით არ დგინდება გადასახადის გადამხდელთან აღნიშნული მიმდინარე კონტრილის ღონისძიების განხორციელება. ამასთან, შემოწმებას ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას სრულად აქვს გათვალისწინებული არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხები.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საქონლის კატეგორიების შესაბამისად აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლის/ფეხსაცმლის თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ უფიქსირდება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ შეძენილი პროდუქცია დაიყო კატეგორიებად და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). გარდა ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო შემოწმებისას, განხორციელდა გადამხდელის შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი. შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 101; 154; 159