ბრძანება N 3641

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.02.2026
№ დოკუმენტი 3641
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3641

18 თებერვალი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2026 წლის 19 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 19 იანვრის №100064/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 დეკემბრის №127-33 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან შეძენილი სამშენებლო მასალების შემოწმების მიერ ხარჯებში გაუთვალისწინებლობას. განმარტავს, რომ ეტაპობრივად ახორციელებდა ფიზიკური პირებისგან სხვადასხვა სამშენებლო მასალის შესყიდვას, შესამოწმებელ პერიოდში სულ შეიძინა 79 073 ლარის ღირებულების მასალა. მიუთითებს, რომ მოცემული მასალები იყო მეორეული, თუმცა ფიზიკურმა პირებმა თავდაპირველად შეიძინეს პირადი მიზნებისთვის და არა გასაყიდად, ხოლო მოგვიანებით ნაწილმა გადაწყვიტა მათი რეალიზაცია (აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს შესყიდვის აქტები). გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს ფიზიკური პირებისგან სხვადასხვა მასალის შეძენას. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შესყიდული მასალა ასახულია ფორმა 2-ებში, რაც გულისხმობს იმას, რომ მოახდინა მისი რეალიზაცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს შეფარდებული ჯარიმის შემცირებას და საურავის სრულად გაუქმებას. აცხადებს, რომ კომპანიას არ გააჩნია აღნიშნული ვალდებულებების შესრულების ფინანსური სახსრები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის №8520 და 10 დეკემბრის №27230 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის მიზნებისათვის 2025 წლის 2 მაისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 22 დეკემბრის №28036 ბრძანება და ამავე თარიღის №127-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 128 628 ლარი, მათ შორის, გადასახადი 68 566 ლარი, ჯარიმა 36 166 ლარი, საურავი 23 896 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება გაცემული ხელფასები. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ კომპანიას ხელშეკრულებების საფუძველზე დაქირავებული ჰყავს ინდივიდუალური მეწარმისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ასრულებენ ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს. შემოწმებით ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები, სალაროს გასავლის ორდერები და ურთიერთშედარების აქტები. აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ აქვს ბუღალტრული პროგრამა და არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადება დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. კომპანიას შემოსავალი მიღებული აქვს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო ხარჯი გაწეული აქვს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების მიერ დადგენილ იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული ხარჯი, მათ შორის დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ების შეძენის ხარჯი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული და დებიტორული/კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თავისუფალი განკარგვადი თანხა. შემოწმების მიერ, აღნიშნული ფულის ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პრველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას ხელშეკრულებების საფუძველზე დაქირავებული ჰყავდა ინდივიდუალური მეწარმე და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ასრულებენ ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს. თუმცა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა გაცემული ხელფასები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული და დებიტორული/კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული განკარგვადი თანხა, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილი სამშენებლო მასალების ხარჯებში გაუთვალისწინებლობას და აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილ შესყიდვის აქტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების მიერ ფორმა 2-ებსა და მიღება-ჩაბარების აქტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სატენდერო საქმიანობის ფარგლებში კომპანია იყენებს დაქირავებულ ფ/პირებს და სატრანსპორტო საშუალებებს (მცირე მეწარმეებს). მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემი შესაბამისობაშია ფორმა 2-ებში გაწერილ შრომით დანახარჯებთან და სატრანსპორტო ხარჯთან. შემოწმებით ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. შემოწმებისთვის კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა ბანკის ამონაწერები და ხელშეკრულებები, შემოსავალი მიღებული აქვს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ხოლო ხარჯი როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმებას წარუდგინა ფ/პირებთან გაფორმებული სმფ-ების შესყიდვის აქტები, ფორმა 2-ებზე დაყრდნობით დადგენილ იქნა გახარჯული სმფ და გათვალისწინებული იქნა გაწეულ ხარჯში. არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილი ფულის ნაშთი. ჩაითვალა, რომ გადამხდელს არ გააჩნია დებიტორული-კრედიტორული დავალიანება. შედეგად, დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ხოლო, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულ შესყიდვის აქტებთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ გადამხდელს აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდა შემოწმების პროცესშიც. შემოწმების ფარგლებში შესყიდვის აქტებით ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონელი შედარებულ იქნა ფორმა 2-ებში ჩამოწერილ და სამშენებლო პროექტით გათვალისწინებულ საქონელთან. შედეგად, შემოწმების მიერ ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა საქონლის ის ნაწილი რისი საჭიროებაც დასტურდებოდა სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან შეძენილი სამშენებლო მასალების შემოწმების მიერ ხარჯებში გაუთვალისწინებლობას.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. გადამხდელი ითხოვს შეფარდებული ჯარიმის შემცირებას და საურავის სრულად გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება გაცემული ხელფასები. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ კომპანიას ხელშეკრულებების საფუძველზე დაქირავებული ჰყავს ინდივიდუალური მეწარმისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ასრულებენ ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს. შემოწმებით ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები და ხელშეკრულებები, სალაროს გასავლის ორდერები და ურთიერთშედარების აქტები. აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ აქვს ბუღალტრული პროგრამა და არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განცხადება დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. კომპანიას შემოსავალი მიღებული აქვს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო ხარჯი გაწეული აქვს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების მიერ დადგენილ იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეული ხარჯი, მათ შორის დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ების შეძენის ხარჯი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული და დებიტორული/კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თავისუფალი განკარგვადი თანხა. შემოწმების მიერ, აღნიშნული ფულის ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,106,154,275.