ბრძანება N 16861
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16861
24 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 29 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 ივლისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 ივლისის №27526/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----“ (ს/ნ -----) №102054/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №038-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განხორციელებულ დარიცხვას. აცხადებს, რომ დარიცხვა გამოწვეულია არასწორად წარდგენილი დეკლარაციებისგან, სადაც ავანსები და მომსახურეები არაა გაქვითული. მიუთითებს, რომ შეუძლია წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც დაადასტურებს ყველა ოპერაციის კანონიერად განხორციელებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №1345 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის ივლისის, ნოემბრის, 2024 წლის იანვრის, მარტის, მაისის, ივნისის, ივლისისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2026 წლის 2 აპრილის №7540 ბრძანება და 2026 წლის 3 აპრილის №038-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 115 662 ლარი, მათ შორის გადასახადი 61 740 ლარი, ჯარიმა 31 777 ლარი და საურავი 22 145 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 15 მაისის №10773 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 8 ივლისის №27526/2/2026 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 მაისის №10773 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
,,მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურს არ აქვს ის გარემოება გათვალისწინებული, რომ აღნიშნული დარიცხვები ფაქტიურად შედგება არასწორად დადეკლარირებული დეკლარაციებისგან, სადაც ავანსები და მომსახურეები არაა გაქვითული. მათი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც დაადასტურებს რომ ყველა ოპერაცია კანონიერად განხორციელდა. ითხოვს თავიდან გადათვლას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება და მოითხოვს დამატებით შესწავლას.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.”
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დეკლარირება განხორციელებულია არასწორად, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშფაქტურებში ასახული დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისაგან.
გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი, მათ შორის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს სხვადასხვა გადასახადის გადამხდელებისგან მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ასახული და ჩათვლილი ჰქონდა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებში. კომპანიას ამავე პერიოდებში იგივე საწარმოებისგან მიღებული ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც გამყიდველებს შესაბამის პერიოდებში განაშთული ჰქონდათ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო მყიდველის მიერ ჩათვლა განხორციელებული იყო სრულად (დუბლირებული იყო ჩასათვლელი დღგ-ის თანხები). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მერ კომპანიას შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხები, რაზეც დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საკითხის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ შემოწმებით დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა ძირითადად განპირობებულია ავანსისა და საბოლოო მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების დუბლირებული დაბეგვრით. აცხადებს, რომ აღიშნულთან დაკავშირებით შეუძლია წარმოადგინოს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისად კორექტირებას, ხოლო დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინა არგუმენტი/მტკიცებულებები.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ავანსის განაშთვასთან დაკავშირებით, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ავანსის განაშთვასთან დაკავშირებით;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განხორციელებულ დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ანალიზით დადგინდა, რომ დასაბეგრი ბრუნვა არასწორად იყო დეკლარირებული. ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემები არ ემთხვეოდა დეკლარირებულს. შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
ასევე გაანალიზდა მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დადგინდა, რომ კომპანიას ჩათვლილი ჰქონდა როგორც ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, ისე ამავე კონტრაგენტების მიერ მოგვიანებით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, რომლებითაც ეს ავანსები უკვე განაშთული იყო. შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხები დუბლირებული აღმოჩნდა. აღნიშნულის საფუძველზე კომპანიას შემცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხები და დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ავანსის განაშთვასთან დაკავშირებით.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164;175;176