ბრძანება N 501
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 501
16 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 23 იანვრის და 20 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმები №1) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის №20833/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) №78322/1/2023 და N458720 (რეგ. №30989/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №227-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების პოზიცია დაუსაბუთებელია, რადგან არ გამოვლენილა/არ ფიქსირდება არცერთი დამატებითი მასალის შეძენისა და გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამატებითი ხელფასის გაცემის ფაქტი ან/და დამატებითი პროდუქციის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ ერთმანეთს არ დააკავშირა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებსა და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემები, რადგან ტრანსპორტირების დასრულების ადგილიდან საქონელი რეალიზდებოდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო დანარჩენი საქონელი ბრუნდებოდა საწარმოში და შემდგომ გადაიზიდებოდა სხვა შიდა გადაზიდვის ზედნადებით ან რეალიზდებოდა სასაქონლო ზედნადებით. მომჩივანი ითხოვს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის და საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების შედეგად აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივნისის №15869 და 14 დეკემბრის №31454 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32852 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №227-26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 235 329 ლარი, მათ შორის გადასახადი 127 142 ლარი, ჯარიმა 63 670 ლარი და საურავი 44 517 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 31 აგვისტოს №21448 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 15 დეკემბრის №20833/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21448 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის №20833/2/2023 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:
„გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მომჩივნის მიერ საჩივრისთვის დართული მტკიცებულება - „ექსელის“ ცხრილი, რომელშიც ყველა „პრობლემურ“ შიდა გადაზიდვის ზედნადებთან მიმართებაში მითითებულია რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), რომლებითაც განხორციელდა შიდა გადაზიდვის ზედნადებში მითითებული პროდუქციის რეალიზაცია.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------" ახორციელებს გაურჩეველი თხილის შეძენას ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით, ახდენს მის გადამუშავებას და მზა პროდუქციის სახით (თხილის კალიბრირებული გული, დაბალი ხარისხის თხილის გული, ნაჭუჭი) მიწოდებას ადგილობრივ მსხვილ შემძენებზე. საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №9983/15-04-10 წერილის და დადგენილების მიხედვით, შემოწმებას ეცნობა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შპს „-------“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით გადასახადის თავიდან არიდების ფაქტზე. კერძოდ, დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ შპს „-------“ შიდა გადაზიდვის ზედნადებებით ------- სოფელ ------- (მისი საწარმოდან) -------, ------- არსებულ შპს „-------“ ქარხნის ტერიტორიაზე მიტანილი ჰქონდა 74 680 კგ. თხილის გული, რაც დასაწყობებული უნდა ყოფილიყო ამ ტერიტორიაზე. შემდგომში დანიშნული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით აღნიშნული მარაგების არსებობა არ დადასტურდა. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები საწარმოს მიერ გამოწერილი ამ და სხვა შიდა გადაზიდვის ზედნადებებთან დაკავშირებით. კერძოდ, თხილის გულის გადაზიდვები ამ ზედნადებებში დაფიქსირებული საბოლოო მისამართებიდან აღარ გრძელდებოდა რეალიზაციის ზედნადებებით და შესაბამისად, არ იყო ასახული საწარმოს დეკლარირებულ შემოსავლებში. ვინაიდან, საწარმოს მიერ წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არ იყო აღრიცხული აღნიშნული ოპერაციები, გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ, ზემოაღნიშნულ შიდა გადაზიდვის ზედნადებში მითითებული რაოდენობები მიჩნეულ იქნა რეალიზებულად (საწარმოს მიერ შესაბამის პერიოდებში დაფიქსირებული საშუალო სარეალიზაციო ფასებით). ამასთან, გათვალისწინებულ იქნა დამატებითი შემოსავლები კალიბრირებული თხილის გულის თანმხლები დაბალხარისხიანი/მეორადი პროდუქტების დამატებითი რეალიზაციის გამოც, ასევე დამატებითი ხარჯები დამატებით რეალიზებული პროდუქციის ნედლეულის შეძენის გამო (საწარმოს მიერ პერიოდების მიხედვით დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასებით), ასევე სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის შედეგებით. ანგარიშის მიხედვით, სალაროში დარჩენილი ფულადი ნაშთი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენება არ დადასტურდა, შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმებამ ერთმანეთს არ დააკავშირა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებსა და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მონაცემები, რადგან ტრანსპორტირების დასრულების ადგილიდან საქონელი რეალიზდებოდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო დანარჩენი საქონელი ბრუნდებოდა საწარმოში და შემდგომ გადაიზიდებოდა სხვა შიდა გადაზიდვის ზედნადებით ან რეალიზდებოდა სხვა სასაქონლო ზედნადებით.
შემოსავლების სამსახური ასევე, მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებზე, კერძოდ:
„გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მომჩივნის მიერ საჩივრისთვის დართული მტკიცებულება - „ექსელის“ ცხრილი, რომელშიც ყველა „პრობლემურ“ შიდა გადაზიდვის ზედნადებთან მიმართებაში მითითებულია რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), რომლებითაც განხორციელდა შიდა გადაზიდვის ზედნადებში მითითებული პროდუქციის რეალიზაცია.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 31 აგვისტოს №21448 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. 2023 წლის 15 დეკემბრის №20833/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21448 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარმოდგენილი მტკიცებულებები. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154;