ბრძანება N 8480
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8480
15 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----)
(მის.:------)
2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №20870/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----“ (ს/ნ -------) 2022 წლის 26 დეკემბრის №77586/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №007-257 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 მაისის №11116 და 30 ივნისის №17035 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 16 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 7 ოქტომბრის №25637 ბრძანება და ამავე თარიღის №007-257 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 465 509 ლარი, მათ შორის, გადასახადი 784 006 ლარი, ჯარიმა 392 103 ლარი, საურავი 289 400 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 12 ივნისის №12989 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 15 აპრილი 2024 N8480 კერძოდ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლებზეც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება ან ფიქსირდება მცირე/უმნიშვნელო ოდენობით, განეხორციელებინა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 22 თებერვლის №20870/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №12989 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებაში სადავო საკითხთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშებისას დამატებით შეფასებას საჭიროებს მომჩივნის მიერ მითითებული ელექტრონული საფულეების (შპს ------ის (ს/ნ ------) და ---------ის მიერ გამოყენებული) მონაცემების გათვალისწინების საკითხი, რომლის იდენტიფიცირება და დავის განმხილველი ორგანოსთვის (შემოსავლების სამსახურისთვის) წარდგენა უნდა უზრუნველყოს მომჩივანმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „------“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები. გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელდა შპს „-------“ კაპიტალში 1 024 073 ლარის კომპიუტერული ტექნიკის შეტანა, აღნიშნული კომპიუტერული ტექნიკა წარმოადგენს კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილ აპარატურას. შემოწმების პროცესში დანიშნულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და დათვალიერების პროცედურა (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №15128 ბრძანება), რომლის შედეგებიდან დგინდება, რომ კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურა მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ------ №- (ს/კ: -------), აპარატურა განთავსებულია თაროებზე კრიპტოაქტივის გამოსამუშავლებლად საჭირო საექსპლოატაციო მდგომარეობაში.
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ საწარმოს შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შპს „---“ კაპიტალში შეტანილი მაინერების რაოდენობა, მათი მოდელების მიხედვით კრიპტოაქტივის გამომუშავების სიმძლავრე და კრიპტოაქტივის საბაზრო ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 853 757 ლარი. რომელიც შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2018 წლის ივნისის თვეში კომპანიის დამფუძნებელმა შპს „-------“ განახორციელა შპს „------“ კაპიტალში 1 024 073 ლარის კომპიუტერული ტექნიკის, კერძოდ, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილ აპარატურის შეტანა. ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის და დათვალიერების პროცედურით დადგინდა, რომ აპარატურა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისი,-----ის ქ. №--ში (ს/კ: -------), განთავსებულია თაროებზე კრიპტოაქტივის გამოსამუშავლებლად საჭირო საექსპლოატაციო მდგომარეობაში. ამასთან, გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ამ მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი შემოწმებით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ დათვალიერების პროცედურით ვერ დადგინდებოდა კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურა, რომელიც განთავსებული იყო თაროებზე, იყო თუ არა კრიპტოაქტივის გამოსამუშავებლად საჭირო საექსპლუატაციო მდგომარეობაში. ამასთან, მიუთითებს, რომ კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურის ნაწილი ყუთიდანაც კი არ იყო ამოღებული. ხოლო დათვალიერების პროცედურის შედეგი არაა საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დათვალიერების პროცედურის ჩატარების თარიღის მდგომარეობა გავრცელდეს ძველ პერიოდზეც. მომჩივანი მიუთითებს, რომ კრიპტოაქტივის გამომუშავების სიმძლავრე, არ შეიძლება იყოს მუდმივი რიცხვი, როდესაც იგი ბევრ მდგენელზეა დამოკიდებული და ამასთან, დროთა განმავლობაში კრიპტოაქტივის გამომუშავებას მეტი დრო და სიმძლავრე სჭირდება. გაუგებარია, რა პრინციპით შეარჩია შემოწმებამ თუ რომელ კრიპტოაქტივს რა საბაზრო ღირებულება აქვს, ვინაიდან არსებობს კრიპტოაქტივის მრავალი სახეობა, განსხვავდება მათი საბაზრო ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით და ასევე მრავალ კრიპტობირჟაზე განსხვავებულია ფასები. გადამხდელის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოწმების აზრით, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეიძლებოდა გაანგარიშებული შემოსავლის მიღება 1 024 073 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკით. მისი განმარტებით, აქტივის ფლობა (თუნდაც ექსპლუატაციაში მისაღებად გამზადებულის) არაა საკმარისი პირობა იმისათვის, რომ შემოწმებამ ჰიპოთეტურად გამოთვალოს, რა შემოსავლის მიღების პოტენციალი გააჩნდა აღნიშნულ აქტივს.
მომჩივანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივრებში მიუთითებს, რომ რადგან წარმოდგენილია ამონაწერი ელექტრონული საფულიდან, უნდა მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გაუქმება და თანხა დაანგარიშდეს მოცემული ელექტრონული საფულის ამონაწერის მიხედვით. უნდა მოხდეს იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ შემოწმების პერიოდში, შემოწმების ადგილზე (ქ. თბილისი, -------- ქ. №-; საკ კოდი: -------) ფიზიკური პირი -------- თავისი კუთვნილი ე.წ. მაინერებით ეწეოდა კრიპტოვალუტის მოპოვების საქმიანობას და მოცემულ ფართზე ფიქსირებული ელ. ენერგიის საფასურს თავად რიცხავდა მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან. მას 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდში აბონენტზე გადარიცხული/დაფარული აქვს 269 419 ლარი. ასევე, 01.05.2020 წლიდან 31.12.2021 წლამდე გარკვეული ფართი ნაქირავები ჰქონდა ფიზიკურ პირს -------ს (პ/ნ -------), რომელიც აღნიშნულ პერიოდში დაკავებული იყო ისეთი საქმიანობით, როგორიცაა საკვებით მობილური მომსახურება (ლობიანი, ხაჭაპური და ა.შ). შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე 01.05.2020 წლიდან 31.12.2021 წლამდე პერიოდში დაფიქსირებულ ელ. ენერგიის ხარჯის ნაწილის მომხმარებელს წარმოადგენს ფიზიკური პირი -------. 01.01.2022 წლიდან დღემდე გარკვეული ფართი ნაქირავები აქვს შპს „-------“ (ს/ნ -----), რომელიც აღნიშნულ პერიოდში დაკავებული იყო ისეთი საქმიანობით, როგორიცაა საკვებით მობილური მომსახურება (ლობიანი, ხაჭაპური და ა.შ). შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე 01.01.2022 წლიდან დღემდე პერიოდში დაფიქსირებულ ელ. ენერგიის ხარჯის ნაწილის მომხმარებელს წარმოადგენს შპს „------“.
2023 წლის 12 ივნისის №12989 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ ობიექტის მისამართსა და საკადასტრო კოდზე დენის ხარჯვა ფიქსირდება 2019 წლის ივლისის თვიდან, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია და დარიცხვა განხორციელებულია 2019 წლის იანვრიდან. ასევე, გარკვეულ თვეებში არ ფიქსირდება დიდი ოდენობით დენის მოხმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლებზეც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება ან ფიქსირდება მცირე/უმნიშვნელო ოდენობით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, წარმოდგენილია ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და თანხა უნდა დაანგარიშდეს მოცემული ელექტრონული საფულის ამონაწერის მიხედვით. შემოწმების პერიოდში, შემოწმების ადგილზე (ქ. თბილისი, ------ს ქ. №-; ს/კ ------) ფიზიკური პირი ----- თავისი კუთვნილი ე.წ. მაინერებით ეწეოდა კრიპტოვალუტის მოპოვების საქმიანობას და მოცემულ ფართზე ფიქსირებული ელ. ენერგიის საფასურს თავად რიცხავდა მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშებისას მომჩივნის მიერ მითითებული ელექტრონული საფულეების მონაცემების გათვალისწინების საკითხი. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, მონაცემები/ამონაწერები შპს „------“ და ------ს მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელმა), ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, მონაცემები/ამონაწერები შპს „-------“ და ------ის მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელმა);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლის დირექტორის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლებზეც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება ან ფიქსირდება მცირე/უმნიშვნელო ოდენობით, განეხორციელებინა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 22 თებერვლის №20870/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №12989 ბრძანება და საჩივარი პირველი დავის საგნის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მიღებული შემოსავლების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის) ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“, 9); 101(1); 154(1„ა“); 275.