გადაწყვეტილება №25719/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25719/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------ი (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 25.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25719/2/2025).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №075-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17630 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 151 939.68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 87 453.74
დღგ - 63 980.49
საშემოსავლო გადასახადი - 23 473.25
ჯარიმა - 43 504
საურავი - 20 981.94
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით (ბენზინი, დიზელი) ----- რაიონის, სოფელ ---- ტერიტორიაზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 15 ნოემბრიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №8137 და 28 მაისის №10812 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 9 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა, შემდეგი გარემოებები:
მომჩივანი აწარმოებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებას „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალის“ რეგისტრაციისა და წარმოების წესის დარღვევით. აღნიშნულ დარღვევაზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, იგი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა (2025 წლის 20 მაისის ბრძანება №10190) და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა (2025 წლის 28 აპრილის №7814 ბრძანება).
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს სარეალიზაციო საქონლის 6% აქვს რეალიზებული დოკუმენტურად. ამავე ბაზაზე დაყრდნობით განისაზღვრა ბენზინის და დიზელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატები წლების მიხედვით, აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა რეალიზებულ საქონელზე (ამისთვის გამიჯნულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი). ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ იყო ჩათვლაში გამოყენებული: სერია ეა--№----, ეა-- №----, ეა-- №-----, ეა-- №-----, ეა-- №-----, ეა-- №-----, ეს-№-----, ეს-№----, ეს-№---, ეს-№----, დღგ-ის თანხით ჯამში 6 808 ლარი.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლი მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითების და მასში შესული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მოძიებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი 88 408 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია თანხები ფიზიკურ პირებზე, ხელფასისა და გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახით, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №13587 ბრძანება და ამავე თარიღის №075-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17630 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, მე-12, 154-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და შემოწმებისათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ვინაიდან კომპანიას გააჩნია ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია. ამასთან, დოკუმენტური ფასნამატი არის შეუსაბამოდ დიდი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დარიცხული გადასახადის ოდენობაზე. ითხოვს აუდიტორთან ერთად ფასნამატის ოდენობის შესწავლას.
გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას. ასევე, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2025 წლის №------ წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივანი აწარმოებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებას „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალის“ რეგისტრაციისა და წარმოების წესის დარღვევით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, იგი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამდენად, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს სარეალიზაციო საქონლის 6% აქვს რეალიზებული დოკუმენტურად. ამავე ბაზაზე დაყრდნობით განისაზღვრა ბენზინისა და დიზელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი წლების მიხედვით, აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა რეალიზებულ საქონელზე (გაიმიჯნა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი). ამასთან, მომჩივნის ახსნა-განმარტების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციას ახდენდა საშუალოდ 10%-იანი ფასნამატით, ხოლო შემოწმების მიერ დადგენილი და გამოყენებული საშუალო დოკუმენტური ფასნამატი, დიზელის შემთხვევაში შეადგენს 10%, ხოლო ბენზინის შემთხვევაში 10.8%.
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, ვინაიდან კომპანიას გააჩნია ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია. ამასთან, დოკუმენტური ფასნამატი არის შეუსაბამოდ დიდი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დარიცხული გადასახადის ოდენობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მომჩივანი არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ამასთან, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი სადავოდ ხდიდა მხოლოდ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატის ოდენობას, შესაბამისად, დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების საკითხი შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში ასახული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №8137 და №10812 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი აწარმოებს ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებას „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალის“ რეგისტრაციისა და წარმოების წესის დარღვევით. აღნიშნულ დარღვევაზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, იგი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა ( ბრძანება №10190) და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა ( №7814 ბრძანება).მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს სარეალიზაციო საქონლის 6% აქვს რეალიზებული დოკუმენტურად. ამავე ბაზაზე დაყრდნობით განისაზღვრა ბენზინის და დიზელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატები წლების მიხედვით, აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა რეალიზებულ საქონელზე (ამისთვის გამიჯნულ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი). ჩათვლაში გათვალისწინებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ იყო ჩათვლაში გამოყენებული: დღგ-ის თანხით ჯამში 6 808 ლარი.გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლი მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითების და მასში შესული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მოძიებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი 88 408 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულია თანხები ფიზიკურ პირებზე, ხელფასისა და გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახით, რომლებიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13587 ბრძანება და №075-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №17630 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ხოლო,დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლების საკითხი შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში ასახული არ არის.შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 101(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 269(7); 302(3);