ბრძანება N 21824
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21824
06 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ "-----")
(ფაქტ. მის.: "-----")
2023 წლის 3 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ "-----") №80785/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №006-120 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან გასული თანხის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ კაპიტალში თანხის შეტანა განხორციელებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, აღნიშნული ფიქსირდება კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში და არსებობს სალაროს შემოსავლისა და გასავლის ოდერები. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხები ვერ მოხვდებოდა სალაროში თუ არც დამფუძნებლის შენატანი იქნებოდა და არც საქმიანობიდან მიიღებდა. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ზემოაღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და მოგების/საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ კომპანიაში მუდმივად ხდებოდა დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის მოძრაობა, ასევე, სალაროში მუდმივად იყო ნაშთი, რადგან კომპანია ხე-ტყის შესყიდვას ძირითადად ახორციელებდა ნაღდი ანგარიშსწორებით. ამასთან, განმარტავს, რომ პანდემიის პერიოდში, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, კომპანიის პოლიტიკა იყო ნაღდი ფულის სალაროში და არა ბანკში შენახვა. ითხოვს შემოწმების მიერ დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის №30821 და 2023 წლის 27 მარტის №6001 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ "-----") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 5 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 აპრილის №7295 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-120 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 83 398 ლარი, მათ შორის გადასახადი 33 834 ლარი, ჯარიმა 33 834 ლარი და საურავი 15 730 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს „-----“- ის ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. კომპანიის საქმიანობის სფეროა ხე-ტყის მასალით ვაჭრობა. საწარმო საქონლის შეძენას ახდენდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით, ხოლო, რეალიზაციას მხოლოდ ადგილობრივად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა პარტნიორთა კაპიტალი 101 281 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა 2021-2022 წლებში ანაზღაურებული იყო სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კაპიტალის შეტანის მიზნობრიობას წარმოადგენდა საქონლის შეძენა, ვინაიდან საწარმოს არ ჰქონდა საკმარისი ფულადი სახსრები საქონლის შესაძენად და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის, შედეგად პერიოდულად ახდენდა ფულადი სახსრების მოზიდვას კაპიტალის შევსების გზით. შემოწმების მიერ მოხდა დაფუძნების დღიდან კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, გათვალისიწნებულ იქნა წინა შემოწმების შედეგები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ კომპანია იყო მომგებიანი და შედეგად, 2019 წელს კაპიტალის გაზრდის მიზნობრიობა არ გამოიკვეთა. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, დამფუძნებლის კაპიტალის შემცირება 69 620 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილი იყო ხანდაზმული პერიოდიდან (ფულადი სახსრების სალაროდან გასვლის დანიშნულებით) განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ხანდაზმული პერიოდიდან წარმოშობილი დამფუძნებლის კაპიტალის ნაშთი 31 661 ლარის ოდენობით, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ნაშთის შემცირება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს.
2.გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მესამე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდება გაცემული სესხის დაბრუნება, პირი უფლებამოსილი იქნება სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში ჩაითვალოს შესაბამისის მოგების გადასახადი. ამასთან, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა პარტნიორთა კაპიტალი 101 281 ლარის ოდენობით, რომელიც 2021-2022 წლებში ანაზღაურებული იყო სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. შემოწმების მიერ მოხდა დაფუძნების დღიდან კომპანიის მომგებიანობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა წინა შემოწმების შედეგები, რის შედეგადაც გამოვლინდა კომპანიის მომგებიანობა და შედეგად, საწარმოს მიერ 2019 წელს კაპიტალის გაზრდის მიზნობრიობა არ გამოიკვეთა. აგრეთვე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ხანდაზმული პერიოდიდან წარმოშობილი დამფუძნებლის კაპიტალის ნაშთი 31 661 ლარის ოდენობით, შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ნაშთის შემცირება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით აღწერილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდებოდა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ამასთან, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ "-----") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან გასული თანხის ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და მოგების/საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.მომჩივანი ითხოვს შემოწმების მიერ დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა პარტნიორთა კაპიტალი.აღნიშნული თანხა 2021-2022 წლებში ანაზღაურებული იყო სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით.შემოწმების მიერ გამოვლინდა, რომ კომპანია იყო მომგებიანი და შედეგად, 2019 წელს კაპიტალის გაზრდის მიზნობრიობა არ გამოიკვეთა.დამფუძნებლის კაპიტალის შემცირება,რომელიც წარმოშობილი იყო ხანდაზმული პერიოდიდან განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2. საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
ასევე,გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა,ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),97,982,101,154,275.