გადაწყვეტილება №27521/2/2026
📄 სრული ტექსტი
№27521/2/2026
24 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 7.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27521/2/2026).
დავის საგანი:
შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №086-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის № ბრძანება.
დარიცხული თანხა: 155 823.8 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 103 632.45
დღგ - 37 159.57
საშემოსავლო გადასახადი - 66 472.88
ჯარიმა - 48 048
საურავი - 4 143.35
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ძირითადად ნაჭუჭგაცლილი კაკლით ვაჭრობა. ასევე უფიქსირდება ქლიავის ჩირის და ქიშმიშის რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №2514 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 16.05.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 9.02.2026 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2026 წლის №AR022770 საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ: გადასახადის გადამხდელის მიერ ნაჭუჭგაცლილი კაკლის იმპორტს ახორციელებს ძირითადად ჩინეთიდან, ქლიავის ჩირის და ქიშმიშის შემოტანა უფიქსირდება უზბეკეთიდან. საქონლის იმპორტით შემოტანამდე (2024 წლის სექტემბერი) გადასახადის გადამხდელს აქვს ადგილობრივი შეძენებიც (ძირითადად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული), რომელიც იმპორტის დაწყების შემდგომ აღარ უფიქსირდება.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით კომპანიას კონკრეტული სავაჭრო ობიექტი არ გააჩნია. დისტრიბუციის მეშვეობით ახორციელებენ ბაზრობებზე საქონლის მიწოდებას საქართველოს მასშტაბით. გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა FMG-ში. საბუღალტრო პროგრამა წარდგენილია 1.01.2026 წლის მდგომარეობით. ამავე პერიოდისთვის კომპანიას უფიქსირიდება 194 893 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. საბუღალტრო პროგრამაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვისას დაშვებულია შეცდომები. კერძოდ, საქონლის ნაწილი აღრიცხულია საბაჟოზე აფასებული თვითღირებულებით და ადგილობრივი შეძენიდან (დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული შეძენა) ამოღებულია დღგ. აღნიშნული შეცდომის გამო საქონლის თვითღირებულება განსხვავებულია შემოწმების შედეგად გაანგარიშებული თვითღირებულებისგან, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს როგორც დოკუმენტურ, ასევე არადოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატზე.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.02.2026 წლის №2780 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რომლის დროსაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. კომპანიას 2026 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის თარიღამდე არ აქვს განხორციელებული იმპორტი და არც ადგილობრივი შეძენა უფიქსირდება. 2026 წლის იანვარში დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 3 305 ლარს. გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია საერთო რეალიზაციის 51%-ს შეადგენს. შემოწმებით განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი, რომლის საფუძველზეც ნაჭუჭგაცლილი კაკლის ფასნამატმა შეადგინა 7%, ქლიავის ჩირის ფასნამატმა 46%, ხოლო ქიშმიშის ფასნამატმა 60%. ნაჭუჭგაცლილი კაკლის შეძენა საერთო შეძენის 99%-ია. დეკლარირებული ფასნამატი 1%-ია.
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სამ ჯგუფზე დადგენილია დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილია დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე, გაიზარდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა 3 359 ლარით. შემოწმების შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №2598 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნავს, რომ კომპანიას არ გააჩნია ისეთი დანახარჯები, რომელიც არ არის ასახული შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში. ასევე, 1.01.2026 წლის მდგომარეობით არ გააჩნია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები. აღნიშნული პერიოდიდან ინვენტარიზაციის თარიღამდე არ აქვს განხორციელებული იმპორტი და არც ადგილობრივი შეძენა უფიქსირდება. დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 3 305 ლარს.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ დანართი №9-ის მიხედვით, გაანგარიშდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოთ აღნიშნულის შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №7739 ბრძანება და ამავე თარიღის №086-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.05.2026 წლის №11009 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, საქონლის სახეობების რაოდენობიდან გამომდინარე ფასნამატის თითოეული საქონლის მიხედვით, თვეების ჭრილში გაანგარიშების, ასევე, მაღალი ხარისხობრივი ნაჭუჭგაცლილი კაკლის ცალკე კატეგორიად გამოყოფის მოთხოვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საქონლის ინვოისებით შეუძლებელია საქონლის ხარისხობრივად იდენტიფიცირება. იმპორტით შემოტანილი საქონლის ყველა ინვოისში საქონლის დასახელების გასწვრივ მითითებულია „ნაჭუჭგაცლილი კაკალი“, რაც გამორიცხავს საქონლის თვითღირებულების ჩაშლას შეძენილი საქონლის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, თვითღირებულება ერთნაირია ყველა ხარისხის საქონლისთვის. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია სულ 2 130 513 ლარის კაკალი, მათ შორის დასახელებით „ნაჭუჭგაცლილი კაკალი“ რეალიზებულია 1 991 513 ლარის ღირებულების საქონელი (ფასნამატი - 5%), დასახელებით „კაკალი ბაბოჩკა“ – 17 000 ლარის ღირებულების საქონელი (ფასნამატი - 17%) და დასახელებით „კაკალი ელიტა“ - 122 000 ლარის ღირებულების საქონელი (ფასნამატი - 42%). გადასახადის გადამხდელის ხარისხობრივად გადარჩეული საქონელი დოკუმენტური რეალიზაციის 7%-ს შეადგენს, რაც საშუალო შეწონილ ფასნამატზე ვერ ახდენს არსებით გავლენას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას ეთანხმება, თუმცა არ ეთანხმება შემოწმების მიდგომას ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. ამასთან, არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი განკარგვადი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და ითხოვს კომპანიის მიერ გაცემულ დივიდენდად განხილვას, ვინაიდან საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი დირექტორი ერთი და იგივე პირია და ვინაიდან ხელფასად კვალიფიცირებული თანხა შეუსაბამოა ქვეყანაში დირექტორზე ხელფასად გაცემული თანხის გონივრულ ოდენობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, თვლის, რომ აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის უარი საფუძველს მოკლებულია და სადავო აქტებით დარიცხული თანხა ექვემდებარება კორექტირებას. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით იზიარებს შემმოწმებლის პოზიციას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ვერ იზიარებს შემმოწმებლის მიდგომას ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემმოწმებელი მიუთითებს, რომ განხორციელდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი, რომლის საფუძველზეც ნაჭუჭგაცლილი კაკლის ფასნამატმა შეადგინა 7%, ქლიავის ჩირის ფასნამატმა 46%, ხოლო ქიშმიშის ფასნამატმა 60%. ასევე, ვერ იზიარებს შემმოწმებლის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სამ ჯგუფად დაყოფას და დოკუმენტური ფასნამატის დადგენას, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომ შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილია დოკუმენტური ფასნამატი. ამ ნაწილში საქონლის სახეობების რაოდენობებიდან გამომდინარე ითხოვს ფასნამატი გაანგარიშებული იქნას თითოეული საქონლის მიხედვით თვეების ჭრილში. აქვე ყურადსაღებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რიგ შემთხვევებში დაკვეთებიდან გამომდინარე ადგილი აქვს ნაჭუჭგაცლილი კაკლის გადარჩევას და მაღალი ხარისხობრივი მახასიათებლის ნაჭუჭგაცლილი კაკლის განსაკუთრებულად მაღალ ფასში რეალიზაციას. ამ ნაწილშიც ითხოვს, ასეთი განსაკუთრებულად განსხვავებული მახასიათებლის, საქონლის ცალკე გამოყოფას და მასზე ცალკე ფასნამატის გაანგარიშებას. თვლის, რომ სწორად აღნიშნული მიდგომით უნდა დაზუსტდეს ამონაგები რეალიზაციიდან და საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში.
შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავალი, გადამხდელის მიერ პირველ საკითხში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებითად შეიცვლება, რაც შეცვლის შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებულ სალაროს ნაშთს და გამომდინარე დაბეგვრის ობიექტს საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების ნაწილში. სწორედ აღნიშნულ ნაწილში ითხოვს სალაროს ნაშთის დაზუსტებას და გამომდინარე დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას. აქვე ითხოვს, სალაროს ნაშთი განხილული იქნას როგორც დამფუძნებელ პარტნიორზე გაცემული დივიდენდი, რამდენადაც შემმოწმებლის მიერ განსაზღვრული ფულის ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება არსებული პერიოდისა და ამონაგების გათვალისწინებით სცდება ქვეყნის შიგნით დირექტორებზე განაცემის ხელფასების გონივრულ თანხებს. ითხოვს ეს საკითხი უფრო დეტალურად იქნას გავლილი და შესწავლილი რათა დადგეს ჭეშმარიტი შედეგი, რომ მომწოდებელს გარდა ყირგიზეთიდან და ჩინეთიდან საქონლის შეძენისა, უფიქსირდება საქონლის ადგილობრივი ფერმერებიდან შეძენა, იმ საქონლისა რაც ფაქტობრივად მოწოდებული იქნა კომპანიაზე, რაზეც არსებობს საქონლის შეძენის პირველადი დოკუმენტები.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა დეტალურად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ითხოვს შემმოწმებელთან ერთად ფასნამატის გაანგარიშების შესწავლას და ურთიერთშეჯერებით განსაზღვრული ფასნამატის საფუძველზე განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება გადამხდელზე. ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანიას აქვს ისეთი მტკიცებულებები რომელიც ქმნის კომპანიის პოზიციის სისწორის განცდას და შესაბამისად, ითხოვს კომპანიის პოზიციის გაზიარებას და საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადამხდელის პოზიციიდან გამომდინარე დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის სპეციალისტებთან ერთად მოახდინოს ფასნამატის დაზუსტება (ფასნამატის ნაწილში პოზიციების შეჯერება), აღნიშნულიდან გამომდინარე გადაიანგარიშოს (შეამციროს) დარიცხული თანხა და გამოსცეს ახალი საგადასახადო შემოწმების აქტი საჩივარში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით. ითხოვს საბჭომ გაითვალისწინოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საზოგადოების მიერ რეალიზებული საქონლის ძირითადი ნაწილის რეალიზაცია იდენტიფიცირებულია, რომ ფასნამატი შეესაბამება მსგავსი სმფ-ის რეალიზაციით დაკავებული ფირმების ფასნამატს, რომ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია გადასახადის გადამხდელის მიერ სმფ-ის ნაშთების გაანგარიშებაში დაშვებული უზუსტობით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მითითებული უფლებამოსილების ფარგლებში კოპანია გათავისუფლდეს ფინანსური სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საჩივარში მითითებულია, რომ მომჩივანი ითხოვს:
- საქონლის სახეობების რაოდენობებიდან გამომდინარე ფასნამატი გაანგარიშდეს თითოეული საქონლის მიხედვით თვეების ჭრილში;
- განსაკუთრებულად განსხვავებული მახასიათებლის საქონელი გამოიყოს ცალკე და მასზე ფასნამატი გაანგარიშდეს ცალკე;
- სალაროს ნაშთი განხილულ იქნას დამფუძნებელ პარტნიორზე გაცემულ დივიდენდად.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემმოწმებელი მიუთითებს რომ ნაჭუჭგაცლილი კაკლის ფასნამატმა შეადგინა 7%, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს საქონლის თვითღირებულება ასახული ჰქონდა სტატისტიკური ღირებულებით და ამით იყო გამოწვეული გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ნაკლები ფასნამატი, თუმცა აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ფასნამატი მაინც ნაკლებია 7%-ზე და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შემმოწმებელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა FMG-ში. საბუღალტრო პროგრამაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვისას დაშვებულია შეცდომები. კერძოდ, საქონლის ნაწილი აღრიცხულია საბაჟოზე აფასებული თვითღირებულებით და ადგილობრივი შეძენიდან (დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული შეძენა) ამოღებულია დღგ. აღნიშნული შეცდომის გამო საქონლის თვითღირებულება განსხვავებულია შემოწმების შედეგად გაანგარიშებული თვითღირებულებისგან, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს როგორც დოკუმენტურ, ასევე არადოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატზე.
შემმოწმებელი დაეყრდნო საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციებისთვის დართული ინვოისების მონაცემებს. შემოწმების შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სამ ჯგუფზე დადგენილია დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილია დოკუმენტური ფასნამატი.
აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, საქონლის სახეობების რაოდენობიდან გამომდინარე ფასნამატის თითოეული საქონლის მიხედვით, თვეების ჭრილში გაანგარიშების, ასევე, მაღალი ხარისხობრივი ნაჭუჭგაცლილი კაკლის ცალკე კატეგორიად გამოყოფის მოთხოვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმაც განმარტა, რომ საქონლის ინვოისებით შეუძლებელია საქონლის ხარისხობრივად იდენტიფიცირება. იმპორტით შემოტანილი საქონლის ყველა ინვოისში საქონლის დასახელების გასწვრივ მითითებულია „ნაჭუჭგაცლილი კაკალი“, რაც გამორიცხავს საქონლის თვითღირებულების ჩაშლას შეძენილი საქონლის ხარისხის მიხედვით.
შესაბამისად, თვითღირებულება ერთნაირია ყველა ხარისხის საქონლისთვის. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია სულ 2 130 513 ლარის კაკალი, მათ შორის დასახელებით „ნაჭუჭგაცლილი კაკალი“ რეალიზებულია 1 991 513 ლარის ღირებულების საქონელი (ფასნამატი - 5%), დასახელებით „კაკალი ბაბოჩკა“ - 17 000 ლარის ღირებულების საქონელი (ფასნამატი - 17%) და დასახელებით „კაკალი ელიტა“ - 122 000 ლარის ღირებულების საქონელი (ფასნამატი - 42%). გადასახადის გადამხდელის ხარისხობრივად გადარჩეული საქონელი დოკუმენტური რეალიზაციის 7%-ს შეადგენს, რაც საშუალო შეწონილ ფასნამატზე ვერ ახდენს არსებით გავლენას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით კომპანიის მოთხოვნას გათავისუფლდეს ფინანსური სანქციისაგან, საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში 30.04.2026 წელს წარდგენილი საჩივრით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა ძირითადად ნაჭუჭგაცლილი კაკლით ვაჭრობა. ასევე უფიქსირდება ქლიავის ჩირის და ქიშმიშის რეალიზაცია.
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხროციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების სამ ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა არადოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატები და დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე გაიზარდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვაც 3 359 ლარით. შემოწმების მიერ გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
ასევე, გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1)