გადაწყვეტილება №24598/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24598/2/2025
07 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------13.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24598/2/2025).
დავის საგანი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №007-171 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2024 წლის №26948 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 193 283,36 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 111 062
დღგ - 81 743
საშემოსავლო გადასახადი - 29 319
ჯარიმა - 55 219
საურავი - 27 002,36
პროცედურული გარემოებები/პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვა (იმპორტის გზით/ადგილობრივ ბაზარზე) და იჯარით აღებულ ფართში რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 29 ივნისიდან 2024 წლის პირველ მარტამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა და არ აწარმოებდა სმფ-ების ჩამოწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11543 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და გადამხდელს დაუდგინდა სმფ-ების 162 198 ლარის ფაქტობრივი ნაშთი (სარეალიზაციო ფასის მიხედვით). ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიას სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოუვლინდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების ურთიერთშეპირისპირებით დადგინდა რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულება (საწყის ნაშთს+შეძენები-საბოლოო ნაშთი), რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (26%) და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, მომჩივანს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, კომპანიას გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 428 ლარით.
პირველი საკითხის გათვალისწინებით, შემოწმების პროცესში განხორციელდა კომპანიაში არსებული ფულადი რესურსების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად მიღებული განკარგვადი თანხა 117 276 ლარი აიგროსა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივლისის №15855 ბრძანება და 5 ივლისის №007-171 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.09.2024 წლის №19739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.11.2024 წლის №23991/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.09.2024 წლის №19739 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 5 და 19 დეკემბერს გამართულ სხდომებზე განიხილა ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 23.12.2024 წლის №26948 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანმა დაითვალა დასარიცხი თანხები აუდიტის დეპარტამენტის ცხრილის მიხედვით, რომლის დეტალური განხილვისას დაეთანხმა პირველ გვერდზე არსებული ცხრილის სისწორეს, საიდანაც დაანგარიშდა დანაკლისი, მაგრამ აღმოჩენილი ცდომილებების გამო ვერ დაეთანხმა მეორე გვერდზე ნაღდი ფული გამოანგარიშებას, რომელზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 29 219.22 ლარის ოდენობით, ხოლო გადამხდელს საკუთარი გაანგარიშებით უნდა დარიცხვოდა 4 051.55 ლარი. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია.
მომჩივანმა, მითითებულ ცხრილში, სხვადასხვა ფერით მონიშნა ციფრები, რომლებსაც არ დაეთანხმა, ასევე საჩივართან ერთად ატვირთა ბანკის ამონაწერი, რომელზეც იმავე ფერებით მონიშნა შესაბამისი ციფრები. ასევე ატვირთა შეძენილი საქონლის ანგარიშფაქტურების რეესტრი, რომლითაც მომჩივნის აზრით დასტურდება მისი პოზიციის სისწორე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების ურთიერთშეპირისპირებით დადგინდა რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (26%) და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან კომპანიაში არსებული ფულადი რესურსების მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივანის განმარტებით, ვერ დაეთანხმა ნაღდი ფულის გაანგარიშებას. მის გაანგარიშებით უნდა დარიცხვოდა გაცილებით ნაკლები. აუდიტის დეპარტამენტის ცხრილში, სხვადასხვა ფერით მონიშნა ციფრები, რომლებსაც არ დაეთანხმა, ასევე საჩივართან ერთად ატვირთა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მისი პოზიციის სისწორე.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2025 წლის №-------- წერილი, რომლის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პერიოდში არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა და არ აწარმოებს სმფ-ს ჩამოწერას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11543 ბრძანების თანახმად დაინიშნა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც გამოვლინდა 162 197.84 ლარის ნაშთი (სარეალიზაციო ფასის მიხედვით). ბუღალტრულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (29.02.2024) უფიქსირდება 705 540.66 (თვითღირებულებით) ლარის ნაშთი. შემოწმებით, 01.03.2024 დან 21.05.2024 წლამდე პერიოდში შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მიხედვით გამოყვანილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ების ღირებულება, რომელმაც შეადგინა 558 719.43 ლარი (თვითღირებულებით). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს გამოაკლდა შემოწმების მიერ დადგენილი საბოლოო სმფ, რომელზეც გავრცელებილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი (26%), რის შედეგადაც შემოსავალმა შეადგინა 1 699 924 ლარი, საიდანაც გაიმიჯნა დასაბეგრი/დაუბეგრავი ბრუნვა, ხოლო სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა დღგ-ით.
ამავე წერილში ასევე აღნიშნულია, რომ გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი, რომლის შესწავლის შედეგადაც გამოირკვა, რომ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები არ იყო წაშლილი/გაუქმებული, ასევე ხარჯის გამოქვითვის დროს არ იყო გათვალისწინებული კორექტირებული ფაქტურები, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვდა ხარჯების გამოქვითვას. გარდა ამისა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ცხრილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაუბეგრავი და დასაბეგრი ნაშთის პროპორციის ცვლილებას და ითხოვს პროპორციის განსაზღვრას: დასაბეგრი59,31%; დაუბეგრავი 40,69%; რომელიც გამოყავს შეძენილი და რეალიზებულს შორის სხვაობის პროპორციით, ხოლო შემოწმების მხრიდან გაიმიჯნა შეძენილი პროდუქციის მიხედვით, რომელმაც შეადგინა: დასაბეგრი- 64,9%; დაუბეგრავი-35,1%. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდა შემმოწმებელს სრული აღრიცხვა, არსებული ინფორმაციით კი არ დგინდებოდა, რეალური რეალიზაციის რა წილს მოიცავდა დასაბეგრი/დაუბეგრავი ბრუნვა, შემოწმებამ სწორად მიიჩნია პროპორცია გამოყენებულიყო შეძენების მიხედვით.
რაც შეეხება საჩივარზე დართულ დოკუმენტს (საბანკო ამონაწერი), მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ იგი არ შეესაბამება შესამოწმებელ პერიოდს (29.06.2021-1.03.2024), აქედან გამომდინარე ვერ იქნებოდა გათვალისწინებული აღნიშნული თანხები, ასევე დამფუძნებლის შენატანში ვერ იქნებოდა გათვალისწინებული თანხები, რომელსაც აქვს განსხვავებული დანიშნულება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით მართებულია. ამასთან, ვინაიდან, საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციით არ იკვეთება შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი, დადგენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასად ჩათვლა ასევე მართლზომიერია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების ურთიერთშეპირისპირებით დადგინდა რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (26%) და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან კომპანიაში არსებული ფულადი რესურსების მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. სევე, საწარმოს დაერიცხა განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, კომპანიას გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. შემოწმების მიერ განხორციელდა კომპანიაში არსებული ფულადი რესურსების მოძრაობის ანალიზი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);159(1);101(1);154(1);