ბრძანება N 13724
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13724
16 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
---------- (პ/ნ ----------)
(მის: ----------. სოფ. ----------)
2023 წლის 29 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა ---------- (პ/ნ ----------) №81301/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №EL209152 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ შეცდომით არის დაჯარიმებული და განმარტავს, რომ მას სატრანსპორტო საშუალება არ შემოუტანია საქართველოში და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საქმის სრულყოფილად შესწავლას და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებულია ---------- (პ/ნ ----------) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება (VIN: ----------), რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2022 წლის 10 მაისს №------- კონტეინერით. აღნიშნული კონტეინერის დამუშავება (გახსნა/გადმოტვირთვა) საბაჟო საწყობის მიერ განხორციელდა 2022 წლის 21 მაისს.
ვინაიდან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ან/და საბაჟო პროცედურის განსაზღვრა, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, ---------- (პ/ნ ----------) მიმართ 2023 წლის 10 მაისს დაუსწრებლად შედგენილ იქნა №EL209152 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
2023 წლის 19 მაისის საბაჟო დეპარტამენტის №21-10-19/41210 შეტყობინებით ---------- (პ/ნ ----------) გაეგზავნა მის მიმართ დაუსწრებლად შედგენილი 2023 წლის 10 მაისის №EL209152 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელებისთვის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა 30 დღის ვადა წერილის ჩაბარებიდან, რომელსაც პირი შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 29 მაისს.
თანხმლები დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიმღებად დაფიქსირებულია ---------- (პ/ნ ----------).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციის ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის ან საბაჟო საწყობის მიერ საბაჟო ორგანოსათვის ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.
საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თანხმლები დოკუმენტების მიხედვით, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიმღებად დაფიქსირებულია ---------- (პ/ნ ----------).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მას სატრანსპორტო საშუალება არ შემოუტანია საქართველოში, მასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ითხოვს საქმის სრულყოფილად შესწავლას და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ორგანიზაციის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებულია მოქალაქის) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2022 წლის 10 მაისს კონტეინერით. ვინაიდან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ან/და საბაჟო პროცედურის განსაზღვრა, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, მოქალაქის მიმართ 2023 წლის 10 მაისს დაუსწრებლად შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 103; 163(1);