გადაწყვეტილება №23262/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.08.2024
№ დოკუმენტი 23262/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23262/2/2024

13 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------------ი“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 16.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23262/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დირექტორზე გადარიცხული თანხების გაუთვალისწინებლობა;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმება;

3. დღგ-ში დარიცხული თანხები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №066-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13703 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 352 713 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 213 469

დღგ - 26 378

საშემოსავლო გადასახადი - 187 091

ჯარიმა - 105 241

საურავი - 34 003

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და შემდგომი ექსპლოატაციისათვის საჭირო სამუშაოების ჩატარება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №9630 ბრძანება და №066-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დირექტორზე გადარიცხული თანხების გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტები და საგადახდო დოკუმენტები, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა, რის გამოც, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით. კომპანიის შემოსავლები ასევე გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, შედარდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების საქმიანობის მარჟასთან და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მაჩვენებლები ერთმანეთთან შესაბამისობაში იყო, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება არ დამდგარა.

შემოწმების პროცესში განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა ანაზღაურებულად, ასევე, ანაზღაურებულად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული შესყიდვის აქტები (აღნიშნული ნაწილობრივ ანაზღაურებულია საბანკო გადარიცხვებით). ამასთანავე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ნაწილში, გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშებიდან მეწარმე პირებთან გადარიცხული თანხები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, აგრეთვე, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული მომსახურებები და გაანგარიშდა შესაბამისი საქმიანობის მოგების მარჟა.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მოძიებული იქნა, აუდიტის დეპარტამენტში არსებული, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი და მოგების მარჟა, რომელთანაც შედარდა შემოწმების მიერ მიღებული მონაცემები, რომლებიც ერთმანეთთან მოვიდა თანხვედრაში.

ამასთან, შემოწმების სრულყოფილად ჩატარებისა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 18 იანვრის №660 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - „ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ“, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას სალარო არ გაჩნია და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და აღნიშნული თანხა განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე, მომჩივნის არგუმენტზე, რომ დირექტორის პირადი ანგარიშებიდან, საქონლის შესყიდვის მიზნით, გადარიცხულია თანხები და აღნიშნული შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა ხარჯებში, აღნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების ღირებულება შესრულებული სამუშაოების შესაბამისია და საკმარისია იმ მოცულობის სამუშაოებისთვის, რაც კომპანიის მიერ არის შესრულებული შესამოწმებელ პერიოდში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ როდესაც გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი, არ იქნა გათვალისწინებული დირექტორზე გადარიცხული თანხები, რომელიც შემდგომ, დირექტორის პირადი ანგარიშიდან გადარიცხულია (უნაღდო ანგარიშსწორებით) ავტოსათადარიგო ნაწილების შესაძენად სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, ხოლო აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ ე.წ. დაშლილი მანქანების სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრეებს. აუდიტის დეპარტამენტში, შემოწმებისას დაისვა ეს საკითხი და წარდგენილი იქნა პირადი საბანკო ანგარიშის ამონაწერი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ პირადი ანგარიშიდან ხდებოდა სათადარიგო ნაწილების შეძენა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია არ არის გათვალისწინებული ფულის ხარჯვით ნაწილში.

ფულის ხარჯვის ნაწილში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასეთი ხარჯები და შესაბამისად, უნდა შემცირდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

საჩივარზე დამატებით (18.07.2024 წ)

კომპანიას წლების მიხედვით მიღებული აქვს შემოწმებით დადგენილი შემოსავალი: 2021 წელს 158 714 ლარი, ხელფასად ჩაითვალა 120 249 ლარი; 2022 წელს 521 734 ლარი, ხელფასად ჩაითვალა 254 020 ლარი; 2023 წელს 1 966 465 ლარი, ხელფასად ჩაითვალა 628 568 ლარი. სულ ხელფასის ფონდი აუდიტორის მიერ განისაზღვრა 1 002 837 ლარით, როცა, კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები (როგორც კომპანიის ანგარიშის, ისე დირექტორის საბანკო ანგარიშის), სადაც ინდ. მეწარმეებზე და ფიზიკურ პირებზე მომსახურებისათვის და მეორადი სათადარიგო ნაწილებისათვის გადარიცხულია:

- 2021 წელს 43 861 ლარი, ხოლო კომპანიებზე 24 648 ლარი, სულ 68 509 ლარი;

- 2022 წელს 278 229 ლარი, ხოლო კომპანიებზე 93 740 ლარი, სულ 371 969 ლარი;

- 2023 წელს 1 314 216 ლარი, ხოლო კომპანიებზე 603 835 ლარი, სულ 1 918 051 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სათადარიგო ნაწილების შეძენის ფაქტის დადასტურება, როცა ფიზიკურ პირებზე თანხა გადახდილია საბანკო ანგარიშიდან გადარიცხვით და ამ ფიზიკურ პირს, ბოლო ერთ წელიწადში, შეძენილი აქვს ათი და მეტი ერთეული ავტომობილი, დაშლის შემდგომ ახდენს მისი ნაწილების რეალიზაციას, ზოგიერთ ფიზიკურ პირს მხოლოდ მათი კომპანიიდან აქვს 100 000 ლარამდე მიღებული შემოსავალი და არანაირ დეკლარაციას არ აგზავნის საგადასახადო ორგანოში.

აღნიშნული ფაქტების შესახებ მიწოდებული იქნა ინფორმაცია შემოწმების მიმდინარეობისას, მაგრამ ასეთი შეძენები ჩაითვალა გაცემულ ხელფასად, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვაზე აიყვანოს ყველა გადამხდელი, გამოავლინოს აღურიცხავი გადამხდელები, დააყენოს აღრიცხვაზე და მას დააკისროს კუთვნილი გადასახადი. ასე რომ ასეთი სახით დარიცხული გადასახადი უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.

ასევე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა კომპანიიდან 2023 წლის 14 მარტს მოპარული 12 500 ლარი, აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მაინც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმება

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 2014 წლის 15 აგვისტო. რეგისტრაციის თარიღიდან კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი -------------ა. ამასთან, ამავე მონაცემთა ბაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირ ----------ას (პ/ნ ----------) 2022 წლის 20 აპრილს დაფუძნებული აქვს შპს „--------------ი“ (ს/ნ ----------------) , რომლის დირექტორიც რეგისტრაციის დღიდან არის ასევე ---------ა. შპს ბბ -------ი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 21 აპრილს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის ურთიერთდამოკიდებულ პირს, შპს ------სს არ უფიქსირდება დაქირავებით მომუშავე პირები, საქონლის/მომსახურების შეძენის ოპერაციები, იჯარით აღებული ქონება. ამასთან, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს სამი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-------; ეა------; ეა-------) შპს ---------ისგან ავტოტექმომსახურებაზე სულ 125 576 ლარის ღირებულების (106 420 ლარი დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ოპერაცია შპს ------მა იმავე საანგარიშო პერიოდში დაადეკლარირა, თუმცა ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია.

ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 122 994 ლარს. გადასახადის გადამხდელმა შპს ------სგან მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, იმავე პერიოდში მიიღო დღგ-ის ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დრო და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი. ამასთან, აღნიშნულ ოპერაციაზე შემოწმების მიერ ვერ მოხდა ავტოტექმომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება, გადასახადის გადამხდელის მიერ არაა წარდგენილი გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, შესრულებული სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ა.შ. ასევე, საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად არ დგინდება შპს --------თან თანხის ანაზღაურება და არ დგინდება აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს --------სგან მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებზე, აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან არც დავის წარმოების პროცესში წარდგენილა დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაუქმებულია ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც მიღებული აქვს შპს --------საგან ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით, ხოლო ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გაუქმდა იმ მიზეზით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დრო და დასაბეგრი ოპერაციებში გამოყენება, ამასთან აღნიშნულ ოპერაციაზე შემოწმების მიერ ვერ მოხდა ავტოტექმომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება, გადასახადი გადამხდელის მიერ არაა წარდგენილი გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება შესრულებული სამუშაოს შესახებ, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, ასევე საბანკო ანგარიშის ამონაწერში არ არის თანხის ანაზღაურება, არ დგინდება აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი.

აუდიტის დეპარტამენტის ზემოთ აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება იმის გამო, რომ შპს ------ის მიერ გაწეული მომსახურება დაკავშირებული იყო ავტომობილების რემონტთან და გადახდილი იქნა ნაღდი ფული, ხოლო ჩათვლის გაუქმება აუდიტის ზემოთ დასახელებული მსჯელობით ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კოდექსს, ვინაიდან ასეთი საფუძვლით ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმება არც ერთ მუხლში არ არის მითითებული.

 

3. დღგ-ში დარიცხული თანხები

ფაქტების აღწერა

შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე ატვირთული დოკუმენტაცია (მიღება ჩაბარებები და საგადასახადო დოკუმენტები), რომელთა ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია გარკვეული სამუშაოები, რომელიც შესაბამისი პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აუსახველი სამუშაოებია: შპს ---------თვის გაწეული მომსახურება 500 ლარი, -----თვის გაწეული მომსახურება 2 683.25 ლარი, თბილისის -------სთვის გაწეული მომსახურება 4 560 ლარი, ------ ბანკში ჩარიცხული გაწეული მომსახურების ღირებულება 4 848 ლარი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტი არ აკონკრეტებს კერძოდ, რომელი სამუშაოებია შესრულებული და არ არის ასახული წარდგენილ დეკლარაციებში. როდესაც დამკვეთთან გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, ყველაზე იწერება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციით აიტვირთება შემოსავლების სამსახურში, ასე რომ გაურკვეველია თუ, რომელი შესრულებული სამუშაოები არ არის დღგ-ით დაბეგრილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით დადგენილია, რომ:

- განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (მათ შორის, შესყიდვის აქტები) ჩაითვალა ანაზღაურებულად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშებიდან მეწარმე პირებთან გადარიცხული თანხები, გაანგარიშდა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და გამოყენებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, მიღებული მომსახურებები და შესაბამისი საქმიანობის მოგების მარჟა, რაც შესაბამისობაშია აუდიტის დეპარტამენტში არსებული, იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებულ მონაცემებთან. სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას სალარო არ გაჩნია და ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გაანგარიშდა განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად;

- გადასახადის გადამხდელს, 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე, ურთიერთდამოკიდებული პირისგან შპს ------სგან მიღებული აქვს სამი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავტოტექმომსახურებაზე და მიღებული აქვს ჩათვლა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დრო და დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენების ფაქტი. აღნიშნულ ოპერაციაზე არ არის წარდგენილი ავტოტექმომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, შესრულებული სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ა.შ. ასევე, საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად არ დგინდება შპს -----სთან თანხის ანაზღაურება და აღნიშნული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენების ფაქტი. ამდენად, კომპანიის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას;

- გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პლატფორმაზე, შესრულებული სამუშაოების თაობაზე, ატვირთული დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია გარკვეული სამუშაოები, რომელიც შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული.

მომჩივანი სადავო საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს:

- ფულის მოძრაობის ანალიზისას არ იქნა გათვალისწინებული დირექტორზე გადარიცხული თანხები, რომელიც შემდგომ, დირექტორის პირადი ანგარიშიდან, გადარიცხულია (უნაღდო ანგარიშსწორებით) ავტოსათადარიგო ნაწილების შესაძენად სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, ხოლო აღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენენ ე.წ. დაშლილი მანქანების სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრეებს. აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა პირადი საბანკო ანგარიშის ამონაწერი, სადაც ჩანდა, რომ პირადი ანგარიშიდან ხდებოდა სათადარიგო ნაწილების შეძენა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია არ არის გათვალისწინებული ფულის ხარჯვით ნაწილში. მიაჩნია, რომ ასეთი ხარჯები უნდა იქნეს გათვალისწინებული და შესაბამისად, უნდა შემცირდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი;

- შპს -------ის მიერ გაწეული მომსახურება დაკავშირებული იყო ავტომობილების რემონტთან და გადახდილი იქნა ნაღდი ფული, ხოლო ჩათვლის გაუქმება აუდიტის მიერ დასახელებული მსჯელობით ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კოდექსს, ვინაიდან ფაქტობრივ გარემოებებში დაფიქსირებული საფუძვლით ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმება არც ერთ მუხლში არ არის მითითებული;

- დამკვეთთან ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, ყველაზე იწერება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციით აიტვირთება შემოსავლების სამსახურში, ამდენად, გაურკვეველია რომელი შესრულებული სამუშაოები არ არის დღგ-ით დაბეგრილი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ტენდერებზე, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე, იჯარით აღებულ პროფილაქტიკაში და მანქანებს არემონტებს, სხვა შემოსავალი მას არ გააჩნია და მხოლოდ ამ ფარგლებში აქვს მიღებული შემოსავალი. აუდიტის დეპარტამენტმა მაშინ როდესაც შემოსავალი 2021 წელს დაუდგინა 158 714 ლარი, ხელფასად ჩაუთვალა 120 249 ლარი, 2022 წელს შემოსავალი განუსაზღვრა 521 734 ლარი, ხელფასად ჩაუთვალა 254 020 ლარი, ხოლო 2023 წელს შემოსავლად დადგენილი 1 966 465 ლარიდან ხელფასად ჩაუთვალა 628 568 ლარი. აღნიშნულის თაობაზე საჩივარზე დამატებით წარადგინა ინფორმაცია, რომლითაც გამოდის, რომ თუ შემოსავალი დათვლილი იქნა 2 მილიონამდე, მათგან 1 მლნ-ზე მეტი ხელფასად იქნა ჩათვლილი, ამ დროს კი შემმოწმებელი ამბობს, რომ მარჟა დათვლილიაო. სათადარიგო ნაწილებს ყიდულობდნენ როგორც კომპანიებიდან, ისე ფიზიკური პირებიდან და ინდ. მეწარმეებიდან, რომლებიც დაშლილ მანქანებს ყიდიან. სატენდერო ხელშეკრულებებით კომპანიას მიეცა მეორადი სათადარიგო ნაწილების შეძენის უფლება. დირექტორის პირად ანგარიშზე ხდებოდა თანხების ჩარიცხვა სათადარიგო ნაწილების შესაძენად, იგი მოელაპარაკებოდა ფიზიკურ პირს რა ნაწილი სჭირდებოდა და ამის შემდგომ ხდებოდა მის მიერ ფიზიკურ პირებზე თანხის გადარიცხვა, ხოლო დოკუმენტში მითითებულია, რომ ხდებოდა გადარიცხვა სათადარიგო ნაწილების შესაძენად. ითხოვდნენ ფიზიკური პირებისათვის გადარიცხული თანხების გამოკვლევას, კერძოდ ინფორმაციის გამოთხოვას მათგან, რადგან მაგალითისათვის, ერთ-ერთს 18 ავტომობილი აქვს დარეგისტრირებული და გაყიდული, ფიზიკური პირებიდან უმეტესი დღგ-ის გადამხდელად უნდა იყვეს დარეგისტრირებული, საგადასახადო ორგანოს ევალება მათი აღრიცხვაზე აყვანა, შემოწმებით კი, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელი, რომელსაც ნამდვილად აქვს შეძენილი სათადარიგო ნაწილები და გადახდილი თანხები, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე დაიბეგრა მოპარული თანხები 12 500 ლარი საშემოსავლო გადასახადით. პოლიციას მიმართეს აღნიშნულ ფაქტზე და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პირზე, რომელმაც ბანკიდან გამოიტანა აღნიშნული თანხები. შემოსავლების სამსახურს განხილვაზე არ დაუბარებიათ და მათი მონაწილეობის გარეშე მოხდა საჩივრის განხილვა. დადგენილი შემოსავლების და ხელფასად ჩათვლილი ოდენობების შესახებ, საჩივარზე დამატებით წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ზოგიერთ არგუმენტთან დაკავშირებით არ აქვს ამ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მაგრამ შეუძლია დოკუმენტურად წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.06.2024 წლის №13703 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას დირექტორზე გადარიცხული თანხების გაუთვალისწინებლობა;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმება;

3. დღგ-ში დარიცხული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9630 ბრძანება და №066-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №13703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №13703 ბრძანება , საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 174(1); 175(1 „ა“);