ბრძანება N 21533
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21533
02 ოქტომბერი 2024
ბრძანება
შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------" )
(მის.:"-------")
2024 წლის 26 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 აგვისტოს №22798/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------- -ის “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 26 იანვრის №87235/1/2024 და №87234/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №002-319 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ინვენტარიზაცია ვერ განხორციელდა, რადგან სასაქონლომატერიალური ფასეულობები საწარმოს ყოფილი დირექტორის განკარგულებაშია, რომელთანაც მიმდინარეობს სასამართლო დავა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17781 და 2023 წლის 4 ოქტომბრის №24459 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------- -ის “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 9 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 21 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბერს №33350 ბრძანება და ამავე თარიღის №002-319 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 672 756 ლარი, მათ შორის, გადასახადი 368 684 ლარი, ჯარიმა 184 342 ლარი და საურავი 119 730 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. რომლის 2024 წლის 26 თებერვლის №4099 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 13 აგვისტოს №22798/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4099 ბრძანება და იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მაინერების საბაზრო ფასით მიწოდებულად განხილვა და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 1 123 445 ლარის მაინერების იმპორტის განხორციელებისას საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.
იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით. პირმა განახორციელა მაინერების იმპორტი საქართველოში. 2021 წლის 23 დეკემბრის წერილში, რომლითაც პირი საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის უკან დაბრუნებას ითხოვდა, აუდიტის დეპარტამენტს განუმარტა შემდეგი (დირექტორი "-------" პ/ნ "-------"): „დღგ-ს დეკლარაციის მიხედვით დეკლარირებული ოპერაციები (ჩათვლები) შეადგენს საქონლის იმპორტს, კერძოდ 30 ცალი მაინერის შეძენა - იმპორტი (საქ. კოდი: 8471), სატარიფო ღირებულება 1 123 445 ლარი. ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა, ახლად წამოწყებულია და იგი შექმნის პროცესშია, ამ ეტაპზე საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ იმპორტით, საქონლის რეალიზაცია კი განხორციელდება ეტაპობრივად. კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს დღგ 202 220 ლარი, შესაბამისად, შპს ,,-------- -ის “ (ს/კ "-------") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჰქონდეს, როგორც დღგ-ს გადახდის, აგრეთვე, დღგს ჩათვლის და ზედმეტობის დაბრუნების უფლებაც“.
2021 წლის 28 დეკემბერს დირექტორის/დამფუძნებლის "-------"-ს მიერ განხორციელდა წილის რეალიზაცია "-------"-ზე (პ/ნ "-------") 1000 ლარად, ამ თარიღიდან დირექტორად/დამფუძნებლადაც გვევლინება "-------" (პ/ნ "-------").
2023 წლის 21 ივლისის №17781 ბრძანებით დაინიშნა საწარმოს საგადასახადო შემოწმება, ხოლო 2023 წლის 18 სექტემბრის №22820 ბრძანებით - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. "-------"-მ სმფ-ის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით მონიტორინგის დეპარტამენტს წერილობით განუმარტა, რომ "-------"-ს დირექტორობის პერიოდში შემოტანილი მაინერები მას ფიზიკურად არ მიუღია, გახდა მხოლოდ წილის 100%-იანი მესაკუთრე და დირექტორი. მან აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის წარდგენილი სარჩელი, სადაც აღნიშნავს, რომ "-------"-მ და მან 2021 წლის 28 დეკემბერს ფიქტიური 1000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმეს წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც "-------" გახდა საწარმოს დირექტორი, ხოლო "-------"-ს მისთვის მაინერები არ გადაუცია. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტს განუმარტა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, 2021 წლის 29 დეკემბერს, საბანკო ანგარიშიდან გატანილი 168 253 ლარიდან (ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული დღგ) "-------"-ს გადაეცა მთლიანი თანხა, ხოლო მას თოდუასაგან უკან ეჩუქა დაახლოებით 30 000 ლარი.
საგადასახადო შემოწმებისათვის "-------"-ს განმარტებით,"-------"-მ პირადი ნაცნობობით და ნდობით გადააფორმებინა შპს მომჩივანის წილი და გადასცა მაინერები ქ. "-------"-ში,"-------"- ის ქ. №5-ში "-------"-ის მიერ გაგზავნილ პირებს. სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩამტარებელ პირებზე "-------"-ის მიწოდებული ახსნა-განმარტების და დირექტორების საგადასახადო შემოწმებისთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არცერთი არ ფლობს ფიზიკურად მაინერებს, შესაბამისად, 1 123 445 ლარის ღირებულების მაინერები შემოწმებით დირექტორის ცვლილების მომენტში (2021 წლის დეკემბრის თვე) განხილულ იქნა მიწოდებად საბაზრო ფასით (დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების და გადასახადის თანხის ბიუჯეტში გადახდის თარიღი 17.01.2022 წელი). ასევე, დღგ-ის მიზნებისთვის დაბეგვრას დაექვემდებარა"-------"-ის დირექტორობის პერიოდში საბანკო ანგარიშის მეშვეობით ჩარიცხული იურიდიული მომსახურების გაწევის საფუძველზე მიღებული შემოსავალი 2022 წლის საანგარიშო პერიოდში.
საგადასახადო შემოწმებით ირკვევა, რომ საწარმოს "-------"-ს ხელმძღვანელობის ქვეშ განხორციელებული აქვს 1 123 445 ლარის მაინერების იმპორტი, რომლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობა შემოწმებით მიწოდებად განხილულ მაინერების ღირებულებასა და იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდილად ჩათვლილ თანხას შორის, დაიბეგრა დირექტორზე"-------"-ზე (პ/ნ "-------") გაცემულ ხელფასად 2021 წლის 27 დეკემბერს. დირექტორ "-------"-ის (პ/ნ "-------") მიერ საბანკო ანგარიშიდან 2021 წლის 29 დეკემბერს გატანილი 167 900 ლარი (დანიშნულებით მაინერების შეძენა), რომლის დოკუმენტურად გახარჯვა არ ფიქსირდება, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების მიხედვით, შემოწმებით განხილულ იქნა "-------"-ის (პ/ნ "-------") ხელფასად, 2021 წლის 29 დეკემბერს. ასევე, "-------"-ის ხელფასის სახით განაცემებად იქნა განხილული 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხები. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო 2024 წლის 19 სექტემბერს 11:30-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე და ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, საბჭომ მიიჩნია, რომ მაინერების საბაზრო ფასით მიწოდებულად განხილვა და დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 1 123 445 ლარის მაინერების იმპორტის განხორციელებისას საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებული მაინერების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, (მათ შორის, ინვოისები, გადახდის დოკუმენტები ან შედარების აქტები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "--------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებული მაინერების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, (მათ შორის, ინვოისები, გადახდის დოკუმენტები ან შედარების აქტები);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17781 და 2023 წლის 4 ოქტომბრის №24459 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 9 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 21 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბერს №33350 ბრძანება და ამავე თარიღის №002-319 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 672 756 ლარი, მათ შორის, გადასახადი 368 684 ლარი, ჯარიმა 184 342 ლარი და საურავი 119 730 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებული მაინერების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),97,101,154.