ბრძანება N 24188

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 24188
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24188

02 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“(ს/ნ "------")

(ფაქტ. მის. : "------")

2023 წლის 18 და 28 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭომ 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----- -ს “(ს/ნ "------") 2023 წლის 18 აპრილის №80421/1/2023 და 28 აპრილის №80631/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 მარტის №007-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი და 2023 წლის 21 მარტის №007-58 საგადასახდო მოთხოვნა, სხვა დასაბუთებული არგუმენტი არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 იანვრის №155 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ს “(ს/ნ "------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 მარტის №5565 ბრძანება და ამავე თარიღის №007-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 672 911 ლარი, მათ შორის, გადასახადი 399 952 ლარი, ჯარიმა 200 056 ლარი, საურავი 72 903 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, ვინაიდან საჩივრებში არ იყო მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელსაც ემყარებოდა პირის მიერ შემოწმების შედეგებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №10577 ბრძანებით საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 27 ივლისის №19732/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 მაისის №10577 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ივლისის №19732/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია საჩივარი თანდართული დოკუმენტებით.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა საჩივარი საიდანაც ირკვევა მოთხოვნის არსი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის საგანია სხვადასხვა სახის სამშენებლოსარემონტო საღებავების, ლაქების, გამხსნელების და ანალოგიური პროდუქციის, ასევე წებო-ცემენტის წარმოება, რაზედაც საწარმოს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე იმპორტირებული აქვს სხვადასხვა სახის ნედლეული და დამხმარე მასალები და მიღებული პროდუქცია რეალიზებული აქვს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერი, შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ბუღალტრული პროგრამა და ვერც რეალიზებული პროდუქციის სახეობების და თვითღირებულების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტაცია/მასალები, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი კალკულაციის (წარმოების პროცესის) ამსახველი დოკუმენტაცია/მასალები, შესაბამისად დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვინაიდან წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და რეალიზებულ სასაქონლო მარაგებზე გავრცელებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი, რამაც შეადგინა საშუალოდ 18.66%, აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება (გაზრდა) შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, რის შედეგადაც განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა სალაროში, კერძოდ შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით განისაზღვრა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რომელსაც გამოაკლდა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება, გამოაკლდა სხვა გაწეული ხარჯი, გადახდილი ხელფასები და სხვა მომსახურების თანხები, გადახდილი გადასახადები და ბანკის სესხზე გადახდილი პროცენტები, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა, რამაც შეადგინა 714 839 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირს საქართველოს საგადასახდო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლით.

ასევე პირს წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის არასწორად წარმოდგენისათვის დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

 შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ იმპორტირებული და უცხოელ მომწოდებლებზე საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სულ იმპორტირებული აქვს 731 047 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური მარაგები, ხოლო საბანკო ამონაწერების მიხედვით უცხოელ მომწოდებლებზე სულ გადარიცხულია 396 533 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი, ვინაიდან გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ამსახველი ვერანაირი მასალა/დოკუმენტაცია, (ბუღალტრული პროგრამა, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, შედარების აქტები და სხვა) შემოწმების მიერ სხვაობის თანხა 334 514 ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

 არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ნაწარმოები დადგენილი წესის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა, წარმოების პროცესის ამსახველი კალკულაცია, ასევე რეალიზებული პროდუქციის სახეობებისა და თვითღირებულების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტაცია/მასალები. ვინაიდან წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტებით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და რეალიზებულ სასაქონლო მარაგებზე გავრცელებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი, რამაც შეადგინა საშუალოდ 18.66%. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი.

 საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრისას შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება, გადახდილი ხელფასები, სხვა მომსახურების თანხები, გადახდილი გადასახადები, ბანკის სესხზე გადახდილი პროცენტები და სხვა გაწეული ხარჯი, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით.

 არარეზიდენტ მომწოდებელზე ასანაზღაურებელი თანხის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სულ იმპორტირებული აქვს 731 047 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ხოლო უცხოელ მომწოდებლებზე გადარიცხულია 396 533 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი, ვინაიდან გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სხვაობის თანხის აღრიცხვის ამსახველი ვერანაირი მასალა/დოკუმენტაცია, (ბუღალტრული პროგრამა, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ ცნობები, შედარების აქტები და სხვა) შემოწმების მიერ სხვაობის თანხა 334 514 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში გაცემულ სესხად და დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "------" ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი და 2023 წლის 21 მარტის №007-58 საგადასახდო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და რეალიზებულ სასაქონლო მარაგებზე გავრცელებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი, რამაც შეადგინა საშუალოდ 18.66%, აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება (გაზრდა) გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით განისაზღვრა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რომელსაც გამოაკლდა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება, გამოაკლდა სხვა გაწეული ხარჯი, გადახდილი ხელფასები და სხვა მომსახურების თანხები, გადახდილი გადასახადები და ბანკის სესხზე გადახდილი პროცენტები, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

ასევე პირს წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის არასწორად წარმოდგენისათვის დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

 ვინაიდან გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი აღრიცხვის ამსახველი ვერანაირი მასალა/დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ სხვაობის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით, ასევე დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),97,982,101,136,154,159,160,163,164.