ბრძანება N 18470

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.08.2025
№ დოკუმენტი 18470
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18470

15 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: -------------------------;

იურ. მის.:----------------------------)

2025 წლის 29 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) 2025 წლის 29 ივლისის №97204/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №070-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ შემოსავალს. განმარტავს, რომ შემოწმებამ 2023-2024 წლებში მიღებული შემოსავალი განუსაზღვრა 268 847 ლარის ოდენობით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ზემოაღნიშნულ პერიოდში მიღებული შემოსავალი 2023 წელს შეადგენდა 121 380 ლარს, ხოლო 2024 წელს 125 435 ლარს. სხვაობამ შემოწმებით განსაზღვრულსა და გადასახადის გადამხდელის გაანგარიშებას შორის შეადგინა 22 032 ლარი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ხარჯებს. აცხადებს, რომ შემოწმებას მხედველობაში უნდა მიეღო ტრანსპორტის მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯები, კერძოდ: საპოხი მასალების, სამუხრუჭე ხუნდების, საბურავების და ა.შ, რომელიც აუცილებელია გადაზიდვის მომსახურების გაწევისთვის. აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებას ითხოვს სატვირთო მანქანისთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად, რომელიც უნდა ჩაერთოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. ასევე, მიუთითებს, 2023 წელს შეძენილ სატრანსპორტო საშუალებასა და მისაბმელზე დაერიცხა ქონების გადასახადი, თუმცა შემოწმებამ არ გაითვალისწინა მისი ცვეთის ხარჯები. აცხადებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და მისაბმელი ხანძრის შედეგად 2024 წელს სრულად განადგურდა, შესაბამისად მიიჩნევს, რომ მისი ღირებულება სრულად უნდა გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან შემოსავლის მიღება ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვის შედეგად, ხარჯებში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მივლინების ხარჯები, რომელიც დადგენადია მეწარმის მიერ საზღვრის კვეთებს შორის არსებული დღეების დაჯამებით.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ქონების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 მაისის №8757 და 17 ივნისის №12823 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის №14261 ბრძანება და ამავე თარიღის №070-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 461 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 791 ლარი, ჯარიმა 16 899 ლარი, საურავი 6 771 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1-2. --------ს 2023 წლის პირველი მარტიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი ტრანსპორტით მომსახურებაზე (გადაზიდვის მომსახურება, საქართველოს ტერიტორიაზე). 2023 წლის კალენდარული წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად პირს დაფიქსირებული აქვს 82 224 ლარი, ხოლო 2024 წელს- 89 718 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ --------ი იღებს ორმხრივ ნებართვას (დგინდება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით) და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. 2023 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენს 148 791 ლარს, ხოლო 2024 წელს- 120 056 ლარს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის, ასევე „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მეწარმეს შეუმცირდა 1%-იანი საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფლად ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშებულ იქნა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). 2023 წლის ხარჯი შეადგენს 54 640 ლარს: მათ შორის საწვავის ხარჯი 50 589 ლარი, სხვა ხარჯი 4 015 ლარი; 2024 წლის ხარჯი შეადგენს 45 818 ლარს: მათ შორის საწვავის ხარჯი 40 819 ლარი, სხვა ხარჯი 4 999 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, -------ს შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი. შესაბამისად, 2023 წლის მდგომარეობით შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 822.24 ლარით, ხოლო 2024 წლის მდგომარეობით კი 897.19 ლარით.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ინფორმაციით ირკვევა, რომ ფ/პ ------------ის საკუთრებაშია სატრანსპორტო საშუალება. 2023 წლის პირის დასაბეგრმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა;

ბ) პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა;

გ) პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას;

დ) პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის;

ე) პირი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას.

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამტკიცებულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება (დანართი N4), კერძოდ, საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნებართვის სახეებია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.

ასევე საქართველოს მთავრობის №32 დადგენილებით დამტკიცებულია ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი”.

საქართველოს მთავრობის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის (შემდგომში − ნებართვა) პირობებს, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, ნებართვის მოქმედების ვადას, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.

ხოლო, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თითოეული საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ხორციელდება ცალკეული სპეციალური ნებართვის/სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის წარდგენით, თუ ამ წესით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს, განახორციელოს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა, ვალდებულია გააჩნდეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში ახორციელებდა მომსახურებას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის საქმიანობა, საერთაშორისო გადაზიდვა, წარმოადგენს ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმანობას, რის საფუძველზეც აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით, 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

შემოწმებით დგინდება, რომ პირს 2023 წლის კალენდარული წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად დაფიქსირებული ჰქონდა 82 224 ლარი, ხოლო 2024 წელს89 718 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ ---------ი იღებდა ორმხრივ ნებართვას (დგინდება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით) და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. 2023 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენს 148 791 ლარს, ხოლო 2024 წელს- 120 056 ლარს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, მეწარმეს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები და აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმანობას, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა განხორციელდა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართლზომიერად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პრველ ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ხოლო, მე-3 ნაწილის მიხედვით, ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით: 1 ჯგუფი- 20 % ამორტიზაციის ნორმა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით, კერძოდ, ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით. 2023 წლის ხარჯმა შეადგინა 54 640 ლარს, მათ შორის საწვავის ხარჯი 50 589 ლარი, სხვა ხარჯი 4 015 ლარი. ხოლო 2024 წლის ხარჯმა შეადგინა 45 818 ლარი, მათ შორის საწვავის ხარჯი 40 819 ლარი, სხვა ხარჯი 4 999 ლარი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ითხოვს ტრანსპორტის მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა და 2023 წელს შეძენილ სატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელის ცვეთის ხარჯების გათვალისწინებას. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასა და მისაბმელთან დაკავშირებით ასევე მიუთითებს, რომ 2024 წელს განადგურდა ხანძრის შედეგად და მიიჩნევს, რომ სრულად ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას. ამასთან, მეწარმე ითხოვს სამივლინებო ხარჯების გათვალისწინებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მივლინებასთან დაკავშირებით). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2023 წელს პირის დასაბეგრმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს და პირს საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მივლინებასთან დაკავშირებით);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ შემოსავალს,ხარჯებს და ქონების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8757 და №12823 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14261 ბრძანება და №070-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 59 461 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 791 ლარი, ჯარიმა 16 899 ლარი, საურავი 6 771 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანს 2023 წლის პირველი მარტიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი ტრანსპორტით მომსახურებაზე . 2023 წლის კალენდარული წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად პირს დაფიქსირებული აქვს 82 224 ლარი, ხოლო 2024 წელს- 89 718 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ მომჩივანი იღებს ორმხრივ ნებართვას და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. 2023 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენს 148 791 ლარს, ხოლო 2024 წელს- 120 056 ლარს.ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის, ასევე „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მეწარმეს შეუმცირდა 1%-იანი საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფლად ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშებულ იქნა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). 2023 წლის ხარჯი შეადგენს 54 640 ლარს: მათ შორის საწვავის ხარჯი 50 589 ლარი, სხვა ხარჯი 4 015 ლარი; 2024 წლის ხარჯი შეადგენს 45 818 ლარს: მათ შორის საწვავის ხარჯი 40 819 ლარი, სხვა ხარჯი 4 999 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მომჩივანს შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი. შესაბამისად, 2023 წლის მდგომარეობით შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 822.24 ლარით, ხოლო 2024 წლის მდგომარეობით კი 897.19 ლარით.

შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის საკუთრებაშია სატრანსპორტო საშუალება. 2023 წლის პირის დასაბეგრმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს.გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმანობას, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა განხორციელდა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართლზომიერად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მივლინებასთან დაკავშირებით). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო, დარიცხული ქონების გადასახადი და ჯარიმის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 79(„ა“); 81(1); 88(1); 89(1..2.4); 100(1.3„ბ“); 102; 105(1); 106(,,ა“); 111(1); 201(1); 202(5); 205(1);