გადაწყვეტილება №23434/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2024
№ დოკუმენტი 23434/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23434/2/2024

16 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 5.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23434/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2024 წლის №10012 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2024 წლის №081-89 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 17.06.2024 წლის №14056 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 158 486.94 ლარი.

მათ შორის: დღგ - 90 225

ჯარიმა - 43 501

საურავი - 24 760.94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა თურქეთიდან იმპორტირებული, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სანტექნიკის მასალებითა და აქსესუარებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2024 წლის №3725 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 26.04.2024 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელშიც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი: გადამხდელს რეალიზაციის 73% განხორციელებული აქვს დოკუმენტურად. შემოწმებების მიმდინარეობისას წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა, სადაც არასწორად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა და პირველადი სამეურნეო ოპერაციები. კერძოდ, დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის სახეობები და რაოდენობა არ ედრება პროგრამულად ჩამოწერილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, ვერ დგინდება სამეურნეო ოპერაციის დაწყებას, მიმდინარეობასა და დასრულებას შორის კავშირი. პროდუქციის შეძენისა და რეალიზაციის სააღრიცხვო დოკუმენტაციით ზუსტად არ იდენტიფიცირდება ამავე პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, ზომის ერთეულისა და მიწოდების თარიღის შესაბამისად, პროდუქციის ერთეულის თვითღირებულება ან/და ამავე პროდუქციის ერთეულის რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (17 ჯგუფი), განისაზღვრა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი და საცალოდ რეალიზებულ საქონელზე 2021-2022 წლებში გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციისას დადგენილი ფასნამატი. საწარმოში სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარდა 4.03.2024 წელს, საქონლის ფაქტობრივად აღწერილმა რაოდენობამ საბაზრო ფასით შეადგინა 1 143 693 ლარი, ნაშთად არსებულ საქონელზე თვითღირებულებად განისაზღვრა შეძენის საშუალო შეწონილი ფასი გადამხდელის მონაწილეობით. გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, მეთოდური მითითების მიხედვით, გაანგარიშდა პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის განკარგვადი ნაშთი, თუმცა დასაბეგრი ნაშთი სალაროში არ დარჩენილა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2024 წლის №10012 ბრძანება და ამავე თარიღის №081-89 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 27.05.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.06.2024 წლის №14056 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე და 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარდგენილი პირველადი დოკუმენტებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით ვერ დგინდება დაბეგვრის ობიექტი, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (17 ჯგუფი), განსაზღვრულ იქნა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი და საცალოდ რეალიზებულ საქონელზე 2021-2022 წლებში გავრცელებულ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციისას დადგენილი ფასნამატი.

საწარმოში ინვენტარიზაცია ჩატარდა 4.03.2024 წელს, ინვენტარიზაციისას გამოვლენილ ნაშთზე საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად, გადამხდელის მონაწილეობით, განსაზღვრული იქნა სარეალიზაციო ფასები. თვითღირებულებები კი განისაზღვრა გადამხდელის მიერ, რაც შემოწმების პროცესში გადამოწმდა პირველად დოკუმენტებთან. შემოწმებამ, ინვენტარიზაციისას დადგენილი სარეალიზაციო ფასები შეადარა სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულს, რაც ხშირ შემთხვევაში ედრებოდა, ზოგ შემთხვევაში კი ზედნადებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი აღემატებოდა ინვენტარიზაციისას დადგენილს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილმა ინვენტარიზაციის ფასნამატმა შეადგინა 51%. გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, რეალიზაციისას საქონლის დაკომპლექტებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი ახორციელებს ზემოაღნიშნული კომპლექტების შეძენასაც, ამდენად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას რეალიზაციის ნაწილში, ვერ გაიმიჯნა გადამხდელის მიერ კომპლექტად შეძენილი საქონლის და თავისივე აწყობილი კომპლექტების რეალიზაცია. ფასნამატი კი დათვლილ იქნა ზუსტად იდენტიფიცირებადი საქონლის გასაყიდ და შეძენის ფასებს შორის სხვაობით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობის სფეროსა და სახეს წარმოადგენს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, აგრეთვე იმპორტირებული სანტექნიკის-აბაზანის მასალა-აქსესუარებით საცალო და საბითუმო რეალიზაცია. გადამხდელი პირველ რიგში არ ეთანხმება აქტში მითითებულ გარემოებას, რომ გადამხდელს რეალიზაციის 73% განხორციელებული აქვს დოკუმენტალურად, თუმცა აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტებით არაა დადგენილი 73%-ია თუ 100%. მომჩივანი საბუღალტრო პროგრამის წარმოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პროგრამასთან დაკავშირებულ არგუმენტებს საქმესთან კავშირი არ აქვს, იმ თვალსაზრისით, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადამხდელთა უმეტესობას საერთოდ არ გააჩნია პროგრამა და აღნიშნული კანონმდებლობით მკაცრად სავალდებულო არაა, არც რაიმე სანქციას ითვალისწინებს და საერთოდ გაუგებარი და არაფრის მომცემია იმის დადგენა თუ რა პრინციპით აწარმოებს გადამხდელი საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას. მომჩივანი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონშეუსაბამოა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის ასპექტში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და ვირტუალური ფასნამატის განსაზღვრა.

აგრეთვე გაუგებარია ნაშთად არსებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებზე თვითღირებულების დადგენისას საშუალო შეწონილი ფასის განსაზღვრა. გადამხდელი არ დაეთანხმა შემოწმების შედეგებს და განმარტავს, რომ რეალიზაციისას ხდებოდა საქონლის დაკომპლექტება, კერძოდ: აბაზანასთან და ნიჟარასთან აკომპლექტებდა „სიფონებსა“ და სხვა მექანიზმებს, თუმცა საანგარიშსწორებო დოკუმენტებში სრულად არ არის ასახული ინფორმაცია მაკომპლექტებლების შესახებ, რაც არის ტექნიკური გადაცდომა და არა დანაშაული, რის გამოც მოხდა ფასნამატის გაზრდა და გადასახადის დარიცხვა.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ ზუსტად ესაა ის ძირითადი ფაბულა და პრობლემა რაზედაც გვიწევს მსჯელობა უარყოფითი პოზიციის კუთხით. მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიას არც გადასახადების დამალვასთან და არც რაიმე სახის ფინანსურ დანაშაულთან კავშირი არა აქვს. მისი თქმით, შემმოწმებელი ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ ე/წ ბაზრობებზე ხორციელდება თავისუფალი ვაჭრობა მაღალი კონკურენციის პირობებში, ხოლო მყიდველი კი ამ მხრივ თავისუფალია და იგი ხელმისაწვდომი ფასისა და სხვადასხვა შემოთავაზებების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ანუ მყიდველს ვისი პირობებიც მოეწონება იქ ყიდულობს მისთვის სასურველ ნივთს.

მომჩივანი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ალბათ არ არსებობს ადამიანი ვისაც არ ჰქონია შეხება ბაზრობასთან და სააბაზანო ინვენტარის შეძენასთან. საყოველთაოდ ცნობილია და არც შემმოწმებელი ორგანოს თანამშრომლებისთვისაც იქნება უცხო, რომ როდესაც ბაზრობაზე ყიდულობ აბაზანას, მას თან მოჰყვება მაკომპლექტებელი საშუალებები, აგრეთვე უნიტაზის შემთხვევაშიც თან მოჰყვება თავსახური, დასაჯდომი, „გარმოშკა“ და სხვა მექანიზმები, აგრეთვე ნიჟარასაც, სიფონი და ასე შემდეგ. ამგვარი ვაჭრობა კი დღეს ყველგან გვხვდება, მაგალითად როდესაც სუბიექტი თავისი ავტომობილისთვის ყიდულობს საპოხ მასალას (ზეთს) მას მხოლოდ საპოხ მასალაში ახდევინებენ თანხა, ხოლო ამ მხრივ კი ზეთის შეცვლა და ზეთის ფილტრის შეცვლა უფასოა, გადამხდელი საპოხ მასალასთან ერთად აკომპლექტებს/აჯგუფებს ზეთის ფილტრისა მომსახურების თანხას, შემდგომ კი ამას როგორ ასახავს საანგარიშსწორებო დოკუმენტაციაში ეს ტექნიკური საკითხია და არა დანაშაული. მოცემულ შემთხვევაშიც იდენტურ მოცემულობასთან გვაქვს საქმე და არა რაიმე სახის გადასახადების დამალვასთან. მომჩივნის თქმით, შემმოწმებელი ორგანოს მიერ არ მოხდა ბაზრის შესწავლა და გარკვეული ოდენობის მყიდველის გამოკითხვა, შესაბამისად მიაჩნია, რომ ყოვლად უსაფუძვლოდ აისახა ფასნამატი და მაკოპლექტებელი საშუალებები არ იქნა იმ შესაბამის ჯგუფში შეყვანილი რითაც გაიზრდებოდა თვითღირებულების ფასი, ხოლო სარევიზიო აქტში მოყვანილი შედეგები კი არ ასახავს რეალობას.

მომჩივანი მიუთითებს, ის რომ გადამხდელის პოზიცია მხოლოდ განხილული იქნა კამერალურად, მოცემული არგუმენტი ვერ ამყარებს მათ გადაწყვეტილებას, ვინაიდან არ მოხდა ბაზრის შესწავლა და არც მომხმარებელთა გამოკითხვა, რაც სირთულეს არ წარმოადგენდა საგადასახადო სამსახურებისთვის, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს საკითხი შესაბამისი მოწმეების გამოკითხვითა და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით სასამართლო სხდომაზე ზეპირი მოსმენით დადგინდება. მომჩივანი არ ეთანხმება სადავო აქტებს და ითხოვს საგადასახადო შემოწმების ხელახლა დანიშვნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივნის განმარტებით, მომჩივანი საბუღალტრო პროგრამის წარმოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პროგრამასთან დაკავშირებულ არგუმენტებს საქმესთან კავშირი არ აქვს, იმ თვალსაზრისით, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადამხდელთა უმეტესობას საერთოდ არ გააჩნია პროგრამა და აღნიშნული კანონმდებლობით მკაცრად სავალდებულო არაა, არც რაიმე სანქციას ითვალისწინებს და საერთოდ გაუგებარი და არაფრის მომცემია იმის დადგენა თუ რა პრინციპით აწარმოებს გადამხდელი საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონშეუსაბამოა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის ასპექტში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და ვირტუალური ფასნამატის განსაზღვრა. აგრეთვე გაუგებარია ნაშთად არსებული სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებზე თვითღირებულების დადგენისას საშუალო შეწონილი ფასის განსაზღვრა. რეალიზაციისას ხდებოდა საქონლის დაკომპლექტება, კერძოდ: აბაზანასთან და ნიჟარასთან აკომპლექტებდა „სიფონებსა“ და სხვა მექანიზმებს, თუმცა საანგარიშსწორებო დოკუმენტებში სრულად არ არის ასახული ინფორმაცია მაკომპლექტებლების შესახებ, რაც არის ტექნიკური გადაცდომა და არა დანაშაული, რის გამოც მოხდა ფასნამატის გაზრდა და გადასახადის დარიცხვა.

შესაბამისად მიაჩნია, რომ ყოვლად უსაფუძვლოდ აისახა ფასნამატი და მაკოპლექტებელი საშუალებები არ იქნა იმ შესაბამის ჯგუფში შეყვანილი რითაც გაიზრდებოდა თვითღირებულების ფასი და სარევიზიო აქტში მითითებული შედეგები არ ასახავს რეალობას.

საჩივართან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №68574-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პროცესში გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის, რის შემდეგაც წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა, სადაც არასწორად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა და პირველადი სამეურნეო ოპერაციები.

საჩივარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებულია შემდეგი: საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საწარმოში დეკლარირებული ბრუნვის 73% განხორციელებული არის დოკუმენტურად, არის მხოლოდ ფაქტობრივი გარემოების აღწერა, ეს ფაქტი არ ყოფილა გამოყენებული არც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და არც დარიცხვის საფუძვლად. რაც შეეხება, აღრიცხვის წარმოებასა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში საბუღალტრო პროგრამა წარდგენილია რამდენჯერმე, მათ შორის გადამხდელისვე განმარტებით საბოლოოდ წარდგენილი პროგრამა იყო სრულყოფილი.

შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა საბუღალტრო პროგრამა, პროგრამაში სწორად იყო ასახული შეძენილი საქონლის ღირებულებები, თუმცა ჩამოწერის ნაწილში პროგრამაში დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ნაწილში ხშირ შემთხვევაში ჩამოწერილი საქონელი განსხვავდებოდა სახეობებისა და კატეგორიის მიხედვით იმავე თარიღისა და ნომრის ზედნადებში მითითებული საქონლისგან.

საცალოდ რეალიზებული საქონელი კი ჩამოწერილი იყო ჯამურად. ამდენად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, საგადასახადო კოდექსის 73-ს მუხლის 5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას გაანგარიშებული იქნა არა ვირტუალური, არამედ დოკუმენტური ფასნამატი, რაც განსაზღვრული იყო თითოეული რეალიზაციის ზედნადებში მითითებული საქონლის სარეალიზაციო ფასსა და თვითღირებულებას შორის სხვაობით.

ინვენტარიზაციისას გამოვლენილ ნაშთზე საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად გადამხდელისვე მონაწილეობით მიწერილი და განსაზღვრულია სარეალიზაციო ფასები, თვითღირებულებები კი მხოლოდ გადამხდელის მიერ, რაც გადამოწმებულ იქნა შემოწმების პროცესში პირველად დოკუმენტებთან, ასევე შედარებული იყო ინვენტარიზაციისას დადგენილი სარეალიზაციო ფასები ზედნადებებში დაფიქსირებულთან, რაც ხშირ შემთხვევაში ედრებოდა, ზოგ შემთხვევაში კი ზედნადებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი აღემატებოდა ინვენტარიზაციისას დადგენილს.

ამგვარად, დადგენილმა ინვენტარიზაციის ფასნამატმა შეადგინა 51%. რაც შეეხება, საქონლის კომპლექტაციის ნაწილში გადამხდელის პოზიციას, გადამხდელი ახორცილებს როგორც ზემოაღნიშნული კომპლექტების შეძენას, ასევე ცალკე მაკომპლექტებლების რეალიზაციასაც. ამ ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას რეალიზაციის ნაწილში სად გაყიდა უკვე კომპლექტად შეძენილი საქონელი და სად გაყიდა თავისივე აწყობილი კომპლექტაცია დადგენილი ვერ იქნა. ფასნამატი კი დათვლილ იქნა ზუსტად იდენტიფიცირებადი საქონლის გასაყიდ და შეძენის ფასებს შორის სხვაობით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (17 ჯგუფი), განისაზღვრა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი და საცალოდ რეალიზებულ საქონელზე 2021-2022 წლებში გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2023-2024 წლებზე ინვენტარიზაციისას დადგენილი ფასნამატი. საწარმოში სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარდა 4.03.2024 წელს, საქონლის ფაქტობრივად აღწერილმა რაოდენობამ საბაზრო ფასით შეადგინა 1 143 693 ლარი, ნაშთად არსებულ საქონელზე თვითღირებულებად განისაზღვრა შეძენის საშუალო შეწონილი ფასი გადამხდელის მონაწილეობით. გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მისი არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).