გადაწყვეტილება №23291/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.08.2024
№ დოკუმენტი 23291/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23291/2/2024

05 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23291/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი;

2. ფიზიკური პირებისგან შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №001-45 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12890 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 244 665 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 725 319

დღგ - 211 587

საშემოსავლო გადასახადი - 513 732

ჯარიმა - 358 639

საურავი - 160 707

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 17.03.2021 წლიდან 1.09.2024 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №7183 ბრძანება და №001-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12890 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12890 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი, შესამოწმებელ პერიოდში, ახორციელებს ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, ექსპორტს და რეექსპორტს, ასევე, ადგილობრივ შესყიდვას და რეალიზაციას (დოკუმენტური, საცალო). მთლიან ადგილობრივ რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის წილი ფიქსირდება 10%-მდე. საერთო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 60%-ს, ხოლო საცალო რეალიზაციით კომპანია აფიქსირებს 17%-იან ფასნამატს. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით ვერ ხერხდება კონკრეტული რეალიზაციის გაშიფვრა, რა ოდენობის საქონელი გაიყიდა და რა ფასად, შესაბამისად, არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლის ოდენობის და შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელი შემოწმდა დაფუძნების თარიღიდან და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი არ უფიქსირდება.

შემოწმების მიერ, ადგილობრივი არადოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობების განსაზღვრის მიზნით, არსებული დოკუმენტაციისა და სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე, განხორციელდა თითოეული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობის აწყობა დღეების ჭრილში, ხილ-ბოსტნეულის ნაშთები, სახეობების მიხედვით, განხილული იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად იმ თარიღის მდგომარეობით, როდესაც ნაშთი გახდა „უძრავი“. აღნიშნული რაოდენობები გამრავლდა შესაბამისი პერიოდის (თვის) იმავე სახეობის დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) საქონლის საშუალო შეწონილ ფასებზე. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული არადოკუმენტური რეალიზაცია აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი და პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა განხილვის გარეშე დატოვა მათი მთავარი არგუმენტი - აუდიტორების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმების გამოყენების არაგონივრულობის შესახებ. კერძოდ, გადაწყვეტილებაში არ არის მოყვანილი არგუმენტი იმის შესახებ - სოფლის მეურნეობის პროდუქციის საცალო რეალიზაციის დროს ბაზრობებზე რომელი დოკუმენტის საფუძველზე უნდა მოხდეს ოპერაციის იდენტიფიცირება. ანუ, სოფლის მეურნეობის ბაზრობებზე, მაგალითისთვის 100 გრ. ოხრახუშის ან 1 კგ. ხილის რეალიზაცია რომელი იდენტიფიცირებადი დოკუმენტით უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული და რომელი ნორმატიული დოკუმენტით რეგულირდება ასეთი ოპერაციები. ამიტომ, წარმოადგენს შემდეგ არგუმენტებს:

საკითხის განხილვისას აუდიტორები ადასტურებენ, რომ „კომპანია ახორციელებს ხილბოსტნეულის იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს, ადგილობრივ დოკუმენტურ და საცალო რეალიზაციას და ადგილობრივ შესყიდვებს (ძირითადად შესყიდვის აქტებით საექსპორტოდ). მთლიანად ადგილობრივ რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის (სასაქონლო ზედნადებებით და ანგარიშ-ფაქტურებით) წილი ფიქსირდება 10%-მდე. საერთო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 60%-ს. ხოლო, საცალო რეალიზაციით კომპანია აფიქსირებს 17%-ან ფასნამატს. კომპანიის სააღრიცხვო მონაცემებით ვერ ხერხდება კონკრეტული რეალიზაციის გაშიფვრა, რა ოდენობის საქონელი გაიყიდა და რა ფასად. შესაბამისად არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელია ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ (არადოკუმენტალურად) რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლის ოდენობის და შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა.“

ამ ჩანაწერით აუდიტორები იქიდან გამომდინარე, რომ მათი აზრით ბუღალტერიაში ყოველი რეალიზაციის ოპერაციის შედეგად (მიუხედავად იმისა ერთი ოპერაციაა, თუ მილიონი) სოფლის მეურნეობის ბაზრობებზე უნდა იყოს გამოყვანილი რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და დადგინდეს თითოეული საცალო ოპერაციის მიხედვით რეალიზაციის შედეგი (მოგება/ზარალი), შეუძლებელია როგორც თეორიულად (ბუღალტრული აღრიცხვის ნორმებიდან გამომდინარე), ასევე ტექნიკურად (არც ერთი ბუღალტრული პროგრამა არ არის პროგრამირებული ასეთ ოპერაციებზე). შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის (მათი დასახელების მიხედვით) შემოსავალში აყვანა ხდება შეძენის ფასად და დგინდება მისი ყოველთვიური თვითღირებულება. საანგარიშო პერიოდის (თვე) ჭრილში რეალიზებული პროდუქციის ცალკეული სახეების (მიუხედავად იმისა რეალიზებულია საქონელი ბითუმად თუ საცალოდ) თვითღირებულების გაანგარიშება ხდება თვითღირებულების საშუალო შეწონილი მეთოდის გამოყენებით, რაც შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი-მე-4 ნაწილების ნორმას. საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნორმა ითხოვს საქონლის მიწოდებისას, მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკის ამორტყმას, მიუხედავად იმისა, საბითუმო თუ საცალო მიწოდებაა. საცალოდ რეალიზებული საქონლის იდენტიფიკაციას არ მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საგადასახადო აღრიცხვის წესს და არც ერთი სხვა ნორმატიული აქტი (მათ შორის ბასს-ის სტანდარტები). ასეთი მოთხოვნა გამოჩნდა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდურ მითითებაში. ამ მითითებაში არ არის მოყვანილი მოთხოვნები რა წესით, ხერხებით და ტექნიკური საშუალებებით უნდა განხორციელდეს საცალო ოპერაციების იდენტიფიცირების ოპერაციები. ეს მითითება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, მისი მე-4 მუხლის თანახმად მითითებების გამოყენება ევალებათ აუდიტორებს და ეს მოთხოვნა არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელებზე.

დღეს არსებულ არც ერთ ნორმატიულ დოკუმენტში არ არის მოცემული მოთხოვნა აქტში ჩამოყალიბებული არგუმენტის თაობაზე, რომ „არსებული დოკუმენტებით შეუძლებელია ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ (არადოკუმენტურად) რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლის ოდენობის და შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა“. აქტში მოყვანილი არგუმენტის საფუძველზე აუდიტორები დარიცხვის საფუძვლად იყენებენ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებულ არაპირდაპირ მეთოდს. მიუთითებს აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილით ჩამოყალიბებულ მოთხოვნებზე და აღნიშნავს, რომ მოთხოვნებში არ არსებობს არავითარი მითითება იმის თაობაზე, რომ „კომპანიის სააღრიცხვო მონაცემებით ვერ ხერხდება კონკრეტული რეალიზაციის გაშიფვრა რა ოდენობის საქონელი გაიყიდა და რა ფასად“.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები (აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2024 წ. №7183 ბრძანება და 2024 წლის 29 მარტის №384 საგადასახადო შემოწმების აქტი) დაუსაბუთებელია. შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელია კომპანიის ნებისმიერი დაბეგვრის ობიექტების დადგენა, ამიტომ არგუმენტაცია, რომ „კომპანიის სააღრიცხვო მონაცემებით ვერ ხერხდება კონკრეტული რეალიზაციის გაშიფვრა რა ოდენობის საქონელი გაიყიდა და რა ფასად“ არ შეესაბამება სინამდვილეს და იურიდიულად იწვევს ბათილად ცნობას.

აუდიტორები აფიქსირებენ, რომ „საერთო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 60%-ს, ხოლო საცალო რეალიზაციით კომპანია აფიქსირებს 17%-იან ფასნამატს.“

არ ეთანხმება აუდიტორების მიერ გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებულ პრინციპს. კერძოდ, შემოწმების აქტიდან არ ჩანს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების ქვეთავი 31 „ფასნამატის მეთოდი“ (მუხლი 16-21) გათვალისწინებული წესების გამოყენება. მაგალითისათვის მოიყვანს დანართს, რომელშიც მოყვანილია კომპანიის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების მონაცემები დღეების მიხედვით, რომლიდანაც ჩანს, რომ:

ა) 1 კგ. ბადრიჯნის ფასი 2022 წლის თებერვალში მერყეობდა 1.27 ლარიდან 1.9 ლარამდე, მარტის თვეში 1.27 ლარიდან 1.6 ლარამდე, აპრილში 1.35 ლარიდან 5.50 ლარამდე, მაისში 1.50 ლარიდან 4.0 ლარამდე, ანუ მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის მარჟა შეადგენს 4.23 ლარს და მაქსიმალური ფასი 4.3-ჯერ აღემატება მინიმალურ ფასს;

ბ) 1 კგ. ბროწეულის ფასი 2022 წლის მარტში მერყეობდა 1.22 ლარიდან 2.50 ლარამდე, აპრილში 2 ლარიდან 5.50 ლარამდე, მაისში 4 ლარიდან 4.5 ლარამდე, ანუ მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის მარჟა შეადგენს 4.28 ლარს და მაქსიმალური ფასი 4.5-ჯერ აღემატება მინიმალურ ფასს; ვ) 1 კგ. ბულგარული წიწაკის ფასი 2022 წლის აპრილში მერყეობდა 1.80 ლარიდან 8.50 ლარამდე, მაისში 2 ლარიდან 7.1 ლარამდე, ანუ მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის მარჟა შეადგენს 6.70 ლარს და მაქსიმალური ფასი 4.7-ჯერ აღემატება მინიმალურ ფასს;

გ) 1 კგ. პამიდვრის ფასი 2021 წლის ივნისში მერყეობდა 1.0 ლარიდან 1.50 ლარამდე, 2022 წლის თებერვალში 1.20 ლარიდან 1.60 ლარამდე, მარტში 1.20 ლარიდან 1.60 ლარამდე, აპრილში 1.20 ლარიდან 7.00 ლარამდე, მაისში 1.35 ლარიდან 4.50 ლარამდე, მინიმალური და მაქსიმალური ფასებს შორის მარჟა შეადგენს 6.0 ლარს და მაქსიმალური ფასი 6-ჯერ აღემატება მინიმალურ ფასს.

ანალოგიური მდგომარეობა ფიქსირდება რეალიზებულ სხვა პროდუქტებზეც (ბროკოლი, გრეიპფრუტი, ვაშლი, კივი, კიტრი და ა.შ.).

აქტის მონაცემებიდან არ ჩანს ფასნამატის გაანგარიშებისას არის თუ არა საქონელი დაჯგუფებული მწარმოებლების და შეძენის თვითღირებულების მიხედვით, ხარისხით, შენახვის პირობებით, ვადით და სხვა მსგავსი პარამეტრებით.

სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს და შენახვის დროს განიცდის წონის დაკარგვას (აშრობას) და ფასის შემცირებას, ან საერთოდ დაკარგავს ფასს საქონლის გაფუჭების შემთხვევაში, მაგრამ ფასნამატის გაანგარიშებისას არის თუ არა მიღებული მხედველობაში ასეთი პირობები.

გარდა ამისა, მათთვის უცნობია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას აუდიტორებს აქვთ თუ არა მიღებული მხედველობაში სასოფლო სამეურნეო ბაზრობის სპეციფიკა, კერძოდ:

ა) სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქციას და მისი ფასი ყალიბდება საანგარიშო პერიოდის და დღის განმავლობაში მრავალი გარემოებიდან გამომდინარე (მყიდველის ხარისხობრივი მოთხოვნები, საქონლის სიახლე, შენახვის პერიოდი და ადგილი, მექანიკური დაზიანება, ხარისხი, რეალიზაციის პერიოდი - დილა, შუადღე, საღამო);

ბ) ბითუმად საქონლის რეალიზაცია - საქონელი ბითუმად იყიდება უფრო მაღალ ფასად, ვიდრე საცალო რეალიზაციის დროს. ეს განპირობებულია იმით, რომ კომპანიის ბითუმად საქონლის მყიდველები არიან მსხვილი სავაჭრო კომპანიები (შპს „------“, შპს „ჯი აი ტი სი-------“, შპს „-------“, შპს „-------“, სხვადასხვა რესტორნები, საზკვების სხვა ობიექტები და ა.შ.), რომლებიც არჩევენ მხოლოდ ახალ და უმაღლესი ხარისხის პროდუქტს (რასაც აქვს უფრო მაღალი ფასი დანარჩენ საქონელთან და სხვა პირობებთან შედარებით), მსხვილ მყიდველებს საქონელი მიაქვთ, როგორც წესი, კონსიგნაციით. ამიტომ, ბაზრებზე და ბაზრობებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტის საცალო შეძენა ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე მაღაზიებში და საზკვების ობიექტებში. ამით განპირობებულია ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ბითუმად ყიდის უფრო ძვირად, ვიდრე საცალო მიწოდების შემთხვევაში. შესაბამისად, ბითუმად გაყიდული საქონლის ფასის გავრცელება საცალო რეალიზაციაზე არ შეესაბამება რეალობას და ქმნის არარეალურ სურათს;

გ) სოფლის მეურნეობის პროდუქცია მალფუჭებადია, მოკლე დროში მისი ხარისხი და ფასი ვარდება, დიდი ოდენობით პროდუქცია ფუჭდება, მისი შენახვა და ჩამოწერა საგადასახადო ორგანოს მეშვეობით წარმოადგენს რთულ პროცესს და იძულებულია განახორციელოს მისი ნაგავსაყრელში გადაყრა;

დ) სოფლის მეურნეობის პროდუქციას ახასიათებს, ტრანსპორტირებისას და დროის შენახვის პერიოდში, წონის დაკარგვა (აშრობა), რომელიც პრაქტიკულად შეადგენს პროდუქციის 10-15%-ს, მაგრამ ასეთი ნორმები არ არის დამტკიცებული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ;

ე) გაუგებარია არის თუ არა ფასნამატის გაანგარიშებისას გამოთიშული საქართველოში შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქცია არ გამოიყენება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე-სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში. ანუ, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დროს არავითარი პირველადი დოკუმენტის შედგენას საგადასახადო კოდექსი არ მოითხოვს;

ვ) არ ეთანხმება ფასნამატის დადგენის დროს აუდიტორების მიერ გამოყენებულ მეთოდს. კერძოდ, საკითხის განხილვისას აუდიტორები აფიქსირებენ, რომ „განხორციელდა თითოეული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობის აწყობა დღეების ჭრილში, ხილ-ბოსტნეულის ნაშთები სახეობების მიხედვით განხილული იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად იმ თარიღის მდგომარეობით, როდესაც ნაშთი გახდა „უძრავი“. აღნიშნული რაოდენობები გამრავლდა შესაბამისი პერიოდის (თვის) იმავე სახეობის დოკუმენტური საქონლის საშუალო შეწონილ ფასებზე. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული არადოკუმენტური რეალიზაცია აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.“

მიაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე მომენტი, როდესაც საქონლის ნაშთი გახდა „უძრავი“ ნიშნავს იმას, რომ მისი ფასი დავიდა მინიმუმამდე და ამ ნაშთზე საშუალო შეწონილი ფასის გავრცელება არ არის მართებული.

ვინაიდან, რეალიზებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია უმეტეს წილად წარმოადგენს იმპორტირებულ პროდუქციას, მის ფასზე საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენდა უცხოური ვალუტის კურსის მერყეობა და ინფლაცია, რომელიც აუდიტორების მიერ მხედველობაში არ არის მიღებული.

შესაბამისად თვლის, რომ ამ ეპიზოდში დღგ-ით დასაბეგრი თანხის, აუდიტორების მიერ გამოყენებული მეთოდით თანხების დარიცხვა არ შეესაბამება რეალობას და ექვემდებარება გაუქმებას.

გარდა ამისა, თავად აუდიტორები აქტში აღნიშნავენ, რომ საცალო რეალიზაციით კომპანია აფიქსირებს 17%-იან ფასნამატს. ანუ კომპანიას არ აქვს დარღვეული საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტი (საბაზრო ფასი საქონლისთვის - ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები), საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილი (დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება: ა) ფასდაკლება წინასწარი გადახდისთვის; ბ) საქონლის/მომსახურების შემძენისთვის მინიჭებული და მის მიერ მიწოდების მომენტისთვის მიღებული ფასდაკლება ან სხვა დათმობა) და როგორც აღნიშნა ზემოთ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ნორმები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს პასუხს არის თუ არა ფასნამატის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიღებული მათი არგუმენტები და ბათილად იქნეს ცნობილი საჯარიმო სანქციების დარიცხვა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილში არ არის ხსენებული ისეთი დარღვევა, როგორიცაა საქონლის საცალო რეალიზაციის კონკრეტული ოპერაციის იდენტიფიცირება, დადგინდეს საცალო რეალიზაციის ოპერაციებზე ფასნამატის გაანგარიშებისას არის თუ არა სრულად გათვალისწინებული, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებით დამტკიცებული „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების „ფასნამატის მეთოდი“ (მუხლი 16-21) განსაზღვრული წესები, ითხოვს ფასნამატის გაანგარიშების წესის ბათილად ცნობას და საცალო რეალიზაციის ოპერაციებზე ფასნამატის გაანგარიშების მასალას.

 

2. ფიზიკური პირებისგან შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ხილ-ბოსტნეული ადგილობრივად, ფიზიკური პირებისგან. აღნიშნული შეძენები ფიქსირდება კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, წარდგენილ განცხადებებზე მიტვირთულია შესყიდვის აქტები (არასრულად). გადასახადის გადამხდელს შესყიდვის აქტები შემოწმების პროცესში მატერიალური ფორმით არ წარუდგენია. შემოწმების შედეგად, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციადოკუმენტაციის ანალიზით, აღნიშნული შესყიდვის აქტების რეალურობა არ დადასტურდა, ასევე, შეძენების ნაწილზე არ ფიქსირება ატვირთული შესყიდვის აქტები და არ არის გადასახადის გადამხდელის მხრიდან მიწოდებული. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების შესაბამისად, სააღრიცხვო პროგრამით ფიზიკურ პირებზე ნაჩვენები გადახდების 75% მიჩნეულ იქნა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი საფუძვლები, ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აუდიტორების პოზიციას სადავო საკითხის ნაწილში შემდეგი გარემოებების გამო:

1. შესყიდვის აქტებით შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რეალურად იყო შეძენილი და ექსპორტის რეჟიმით მიწოდებულია საზღვარგარეთის პარტნიორებზე;

2. განბაჟებისას შესყიდვის აქტები თანდართული იყო განბაჟების დოკუმენტებს, საქონლის წარმოშობის მტკიცებულების სახით;

3.კომპანიის მიმართ არც ერთ კონტრაგენტს არ წაუყენებია პრეტენზია მიწოდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობის შესახებ (არ არსებობს კრედიტორული დავალიანება).

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 2019 წლის 8 ივლისს. ეს მითითება (თავისი დამატებებით) შედგებოდა 10 დანართიდან, მათ შორის: დანართი 8-ით რეგულირდება კრედიტორული დავალიანების განსაზღვრის წესი (კრედიტორული დავალიანების (75%-ჩაითვლება ანაზღაურებულად), ხოლო დანართი 6 და 7 არეგულირებდნენ არა ანაზღაურებად ჩათვლილი კრედიტორული დავალიანების (25%) დაბეგვრის საკითხს.

2023 წლის 3 ოქტომბერს მიღებული იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანება №24392, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ცნობილი იქნა 2019 წლის 8 ივლისის ბრძანების დანართი 6 და 7, რომლებიც არეგულირებდნენ კრედიტორული დავალიანების დაბეგვრის საკითხს. ანუ, დღეს არსებული ნორმატიული აქტის - ბრძანების მე-8 დანართით რეგულირდება მხოლოდ კრედიტორული დავალიანების აღიარების ან არაღიარების საკითხი, ხოლო 25% საქონლის/მომსახურების (ე.წ. არაღიარებული) თანხის და საჯარიმო სანქციების საკითხი ბრძანებით ჩათვლილია ძალადაკარგულად.

შესაბამისად, ამ ეპიზოდით დარიცხული თანხა უნდა ჩაითვალოს ბათილად ცნობილი. ეს არგუმენტი შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში საერთოდ არ არის განხილული და არავითარი პასუხი მათ პრეტენზიაზე არ არის გაცემული.

ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ადგილობრივ ფიზიკური პირებისგან შეძენილი ხილბოსტნეულის 25% ღირებულების დირექტორის სარგებლად აღიარება და დაბეგვრა, ვინაიდან „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში 2024 წლის 1 იანვრიდან შეტანილია ცვლილება და დანართი 6 და 7 (რომლებიც არეგულირებდნენ ამ საკითხს) გამოცხადებულია ძალადაკარგულად.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

პირველ სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ადგილობრივ რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის წილი ფიქსირდება 10%-მდე, საერთო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 60%-ს, ხოლო საცალო რეალიზაციით კომპანია აფიქსირებს 17%-იან ფასნამატს. გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით ვერ მოხერხდა კონკრეტული რეალიზაციის გაშიფვრა, კერძოდ, რა ოდენობის საქონელი გაიყიდა და რა ფასად, შესაბამისად, არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელი გახდა ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლის და შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი არადოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, არსებული დოკუმენტაციისა და სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე განხორციელდა თითოეული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობის განსაზღვრა დღეების ჭრილში, ხილ-ბოსტნეულის ნაშთები, სახეობების მიხედვით განიხილა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად იმ თარიღის მდგომარეობით, როდესაც ნაშთი გახდა „უძრავი“. აღნიშნული რაოდენობები გამრავლდა შესაბამისი პერიოდის (თვის) იმავე სახეობის დოკუმენტური საქონლის საშუალო შეწონილ ფასებზე და აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული არადოკუმენტური რეალიზაცია აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

ამგვარად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით ვერ მოხერხდა კონკრეტული რეალიზაციის გაშიფვრა, რა ოდენობის საქონელი გაიყიდა და რა ფასად, არსებული დოკუმენტაციით კი შეუძლებელი გახდა ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლის ოდენობის და შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საკმარისი საფუძველი არსებობდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალურად მიღებული შემოსავლების და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი.

მეორე სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ხილ-ბოსტნეული ადგილობრივად, ფიზიკური პირებისგან. გადასახადის გადამხდელს შესყიდვის აქტები მატერიალური ფორმით არ წარუდგენია. ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაციის ანალიზით, აღნიშნული შესყიდვის აქტების რეალურობა არ დადასტურდა, ასევე, შეძენების ნაწილზე არ ფიქსირდება შესყიდვის აქტების ატვირთვა და გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა მიწოდებული. ფიზიკურ პირებზე გადახდების 75% მიჩნეული იქნა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადი გადამხდელმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების/პოზიციების ანალოგიური გარემოებები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა დარიცხვა, საცალოდ რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ამასთან აცდენა იყო დოკუმენტურ და საცალოდ რეალიზებულ ფასნამატებს შორის, კერძოდ, საცალო რეალიზაციაზე დაფიქსირებული იყო ფასნამატი 17% თავად გადასახადის გადამხდელის მიერ, ხოლო დოკუმენტურმა ფასნამატმა 60% შეადგინა. რაც შეეხება გაანგარიშების მეთოდს, საქონლის კონკრეტულ სახეებზე, კონკრეტული სახეობის დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი იქნა გამოყენებული. ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა გაანგარიშებას გაეცნო და გაეგზავნა მაშინდელ წარმომადგენელს (ბუღალტერს). რაც შეეხება მე-2 საკითხს, გადასახადის გადამხდელს შესყიდვის აქტები გააჩნდა, თუმცა საგამოძიებო სამსახურის მიერ შესყიდვის აქტების რეალურობა არ დადასტურდა, არაპირდაპირი მეთოდით, ფიზიკურ პირებზე გადახდების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო 25% ხელფასად.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, სადავო საკითხების ნაწილში შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს ფასნამატის გაანგარიშების წესის ბათილად ცნობას და საცალო რეალიზაციის ოპერაციებზე ფასნამატის გაანგარიშების მასალას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტორების პოზიციას სადავო საკითხის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობების განსაზღვრის მიზნით, არსებული დოკუმენტაციისა და სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე, განხორციელდა თითოეული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობის აწყობა დღეების ჭრილში, ხილ-ბოსტნეულის ნაშთები, სახეობების მიხედვით, განხილული იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად იმ თარიღის მდგომარეობით, როდესაც ნაშთი გახდა „უძრავი“. აღნიშნული რაოდენობები გამრავლდა შესაბამისი პერიოდის იმავე სახეობის დოკუმენტური საქონლის საშუალო შეწონილ ფასებზე. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული არადოკუმენტური რეალიზაცია აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2. შემოწმების შედეგად, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციადოკუმენტაციის ანალიზით, აღნიშნული შესყიდვის აქტების რეალურობა არ დადასტურდა, ასევე, შეძენების ნაწილზე არ ფიქსირება ატვირთული შესყიდვის აქტები და არ არის გადამხდელის მხრიდან მიწოდებული. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების შესაბამისად, სააღრიცხვო პროგრამით ფიზიკურ პირებზე ნაჩვენები გადახდების 75% მიჩნეულ იქნა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, სადავო საკითხების ნაწილში შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,275.