გადაწყვეტილება №27700/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27700/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ,,-----" (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 30.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27700/2/2026).
დავის საგანი:
1. საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის N EL315403 სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის N EL11116/15 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივნისის N 12997 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 13 697,48 ლარი (N EL11116/15 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
დღგ - 8 586,48 ლარი;
იმპორტის გადასახადი - 5 111 ლარი;
დარიცხული თანხა: 13 697,48 ლარი (N EL315403 სამართალდარღვევის ოქმი).
ჯარიმა - 13 697,48 ლარი (საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი);.
ფაქტების აღწერა:
2026 წლის 11 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, N ----- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, შემოტანილ იქნა მომჩივნის კუთვნილი, N -----/----- (08.05.2026) საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი (პომიდორი – 22 000 კგ). მითითებული საქონლის ღირებულება საჭიროებდა დაზუსტებას, რის გამოც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ არ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის შეფასება. შესაბამისად, გამოიწერა N -----/----- აღრიცხვის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალება და მასში განთავსებული საქონელი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ში.
მომჩივნის 2026 წლის 22 მაისის N -----/----- 21-10-22 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ N -----/----- (08.05.2026) საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა, საქონლის გადმოტვირთვა და რეალიზაცია.
აღნიშნული ქმედება ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მხრიდან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვად, რაზეც მომჩივანს, 2026 წლის 22 მაისის N EL315403 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 13 697.48 ლარის ოდენობით. ამასთან, იმავე დღეს გამოიცა N EL11116/15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი 13 697.48 ლარი. N -----/----- (08.05.2026) საბაჟო დეკლარაცია კი გაუქმდა.
მომჩივანმა სადავო აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივნისის N 12997 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
შპს ----- 2026 წლის 7 მაისს შეიძინა პამიდორი, რომლის ნეტო წონამაც შეადგინა 19 810 კგ, მისმა ბრუტო წონამ კი 21 500 კგ, რასაც დაემატა 33 პადონის წონა 500 კგ ოდენობით და რამაც ჯამში ტვირთის წონამ შეადგინა 22 000 კგ. ტვირთის ღირებულება შეადგენდა 14 857.50 აშშ დოლარს, ხოლო გადაზიდვის ღირებულებამ შეადგინა 1000 დოლარი. ტვირთს თან ახლდა წარმოშობისა და ფიტოსანიტარული სერტიფიკატი.
2026 წლის 7 მაისს შედგა CMR, დაიბეჭდა ექსპორტის დეკლარაცია და ტვირთი გამოიგზავნა საქართველოში. აღნიშნული ტვირთზე გაკეთებული იყო წინასწარი დეკლარირება, მოხდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბაჟოსთვის, რაზედაც 2026 წლის 8 მაისს დაიბეჭდა წინასწარი იმპორტის დეკლარაცია N -----.
საქართველოს საბაჟოზე ტვირთი შემოვიდა 2026 წლის 11 მაისს. ამ დროისთვის მისი მხრიდან უკვე გადახდილია იმპორტის მომსახურების გადასახდელი 100 ლარი, ფიტოსანიტარული მომსახურების 400 ლარი. აგრეთვე გადახდილია იმპორტის გადასახდელი 7670.68 ლარი.
გადაზიდვას ახორციელებდა ----- მოქალაქე, რომელმაც არ იცის ქართული ენა. საბაჟო გამშვებ პუნქტზე მისცეს ტვირთის საბუთებთან ერთად ორი სააღრიცხვო მოწმობა ----- და -----. ----- -ში არ არის მითითებული, რომ ტვირთი დამატებით უნდა მისულიყო გეზში შესამოწმებლად. აღნიშნული ინფორმაცია მითითებულია მხოლოდ მეორე დეკლარაციაზე. შესაბამისად მძღოლს როდესაც დაუბრუნეს საბუთების შეკვრა სადაც ზემოთა მხრიდან იდო სააღრიცხვო მოწმობა -----, ნათლად ჩანდა რომ ტვირთი აღარ საჭიროებდა დამატებით შემოწმებას. ამიტომ პირდაპირ წავიდა დაცლის ადგილზე. ეს მიუთითებს მის უნებლიე შეცდომაზე და არა განზრახვაზე. ის რომ დამატებით არც მძღოლისთვის და არც კომპანიისთვის არ მომხდარა შეტყობინება იმის თაობაზე რომ ტვირთი საჭიროებდა დამატებით გეზში შესვლას მიუთითებს საბაჟო ორგანოების მხრიდან კომუნიკაციის ხარვეზზე. დაახლოებით 10 დღის დაგვიანებით გახდა ცნობილი კომპანიისთვის რომ ტვირთი უნდა გამოცხადებულიყო გეზში. ის, რომ ტვირთი უნდა შესულიყო გეზში დამატებით გაირკვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლს უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია და საბაჟო საზღვარზე აღმოჩნდა, რომ სისტემაში აღნიშნული მანქანა ჩანდა კვლავ კიდე დატვირთული ვინაიდან არ გამოცხადებულა გეზში.
ის, რომ ტვირთი უნდა შესულიყო გეზში დამატებით გაირკვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლს უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია და საბაჟო საზღვარზე აღმოჩნდა, რომ სისტემაში აღნიშნული მანქანა ჩანდა კვლავ კიდე დატვირთული ვინაიდან არ გამოცხადებულა გეზში. მანამდე არც საბაჟოს მხრიდან, არც შემოსავლების სამსახურის მხრიდან და არც გადამზიდავი კომპანიის მხრიდან არ მომხდარა შეტყობინება.
ზემოთმოყვანილი დაცლამდე ფაქტობრივი გარემოებები ასახავს იმ რეალობას, რაც მოხდა ტვირთის შესყიდვიდან მის მომხდარ ფაქტებს. რაც შეეხება იმ ფაქტს თუ რატომ მოხდა დამატებით ტვირთის შემოწმება გეზში. შესასყიდ ინვოისში ტვირთის ბრუტო მასსა შეადგენდა 21 500 კგ. ამას ემატებოდა პადონების მასა 500 კგ ოდენობით. თავდაპირველ დოკუმენტებში მითითებული იყო ბრუტო მასა 21 500 კგ ოდენობით, თუმცა ფიტოსანიტარულმა სამსახურმა მოითხოვა რომ ბრუტო მასად დაფიქსირებულიყო 22 00 კგ. შესაბამისად დაკორექტირდა დოკუმენტები 22 000 კგ-ზე. დიდი ალბათობით საბაჟო დეპარტამენტი დაინტერესდა რით იყო გამოწვეული ეს 500 კილოგრამიანი ცვლილება. მანქანა რომ გამოცხადებულიყო გეზში და ტვირთი გაეხსნათ მარტივად დარწმუნდებოდნენ ამაში.
საგულისხმოა ის ფაქტიც რომ თავად მიმართეს საბაჟო ორგანოს განცხადებით 2026 წლის 22 მაისს და აცნობეს შექმნილი ვითარების შესახებ. ზედმიწევნით მოახსენეს ფაქტობრივი გარემოებები და აუხსნეს თუ რამ გამოიწვია მძღოლის მიერ გეზში არ გამოცხადება. თუმცა მიუხედავად ამისა მაინც გამოიწერა საგადასახადო მოთხოვნა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
არასწორად არის დათვლილი, როგორც საგადასახადო მოთხოვნა ისე, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. კერძოდ კი მის მიერ განხორციელდა პომიდორის იმპორტი, რომელზეც განსაზღვრულია 12 პროცენტიანი იმპორტის და 18 პროცენტიანი დღგ-ის გადასახადი. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ განხორციელდება წინასწარი დეკლარირება და წარდგენილი იქნება ფიტო სერტიფიკატი, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი თავისუფლდება 18 პროცენტიანი განაკვეთისგან. მოცემულ შემთხვევაშიც მოხდა წინასწარი ფიტოსერტიფიკატის წარდგენა და წინასწარი იმპორტის დეკლარირების გაკეთება. 2026 წლის 8 მაისს დაიბეჭდა იმპორტის დეკლარაცია N -----. საქართველოს საბაჟოზე ტვირთი შემოვიდა 2026 წლის 11 მაისს. ამ დღისთვის ფიტოსანიტარული მისი მხრიდან უკვე გადახდილი იყო იმპორტის მომსახურების გადასახდელი 100 ლარი, მომსახურების 400 ლარი. აგრეთვე გადახდილი იყო დღგ 7670.68 ლარი.
შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით იმპორტის გადასახდელის დამატება ზედმეტ ტვირთად აწვება გადასახადის გადამხდელს. ჯარიმის და საგადასახდო მოთხოვნის სრულად დაკისრების შემთხვევაში კომპანია გახდება გადახდისუუნარო და შესაბამისად გამოიწვევს მის გაკოტრებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:
ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი, პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
მომჩივანი უთითებს, რომ როგორც იმპორტიორმა კომპანიამ ზედმიწევნით კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები. საქონელი ოფიციალურად სრულად იყო დეკლარირებული, რაც დასტურდება ინვოისით CMR, ფიტოსანიტარული და წარმოშობის დოკუმენტებით. იმპორტზე გადახდილია გადასახადები სრულად. საქონელი არ დაკარგულა და განადგურდა, არამედ მოხდა მისი სრული რეალიზაცია. ვინაიდან პამიდორი წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქტს და საჭირო იყო მისი დროული რეალიზაცია. ის რომ იმპორტის პროცედურები დასრულებული იყო და მისი მხრიდან თანხა გადახდილი მიუთითებს მომჩივნის კეთილსინდისიერებაზე. ხოლო ის რომ მძღოლი არ გამოცხადდა გეზში მიუთითებს შეცდომაზე და მის დაუდევრობაზე. ის რომ კეთილსინდისიერი გადამხდელები არიან მოწმობს ისიც, რომ აქამდე არ დაჯარიმებულა არცერთხელ. გადაზიდვას ახორციელებდა ----- მოქალაქე, რომელმაც არ იცის ქართული ენა. საბაჟო გამშვებ პუნქტზე მისცეს ტვირთის საბუთებთან ერთად ორი სააღრიცხვო მოწმობა D ----- და D -----. D ----- - ში არ არის მითითებული, რომ ტვირთი დამატებით უნდა მისულიყო გეზში შესამოწმებლად. აღნიშნული ინფორმაცია მითითებულია მხოლოდ მეორე დეკლარაციაზე. შესაბამისად მძღოლს როდესაც დაუბრუნეს საბუთების შეკვრა სადაც ზემოთა მხრიდან იდო სააღრიცხვო მოწმობა D -----, ნათლად ჩანდა რომ ტვირთი აღარ საჭიროებდა დამატებით შემოწმებას. ამიტომ პირდაპირ წავიდა დაცლის ადგილზე.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტი საქმეზე წარმოდგენილ 09.07.2026 წლის N ----- წერილში განმარტავს, რომ საქონელი წარმოადგენდა ფიტოსანიტარიული კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჯერ გამოიწერა N ----- აღრიცხვის მოწმობა, ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების შემდეგ კი, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოიწერა N ----- აღრიცხვის მოწმობა, რომელზეც დატანილ იქნა შტამპი „ყურადღება! საქონელი წარსადგენია საბაჟო კონტროლის ზონაში“ და საქონელი გაიგზავნა გეზ „-----“-ის დანიშნულებით. ორივე აღრიცხვის მოწმობა გადაეცა მძღოლს, რასაც მომჩივანი თავადაც ადასტურებს.
ამდენად, სადავო არ არის, რომ მომჩივნის მიერ 08.05.2026 წლის N -----/----- საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილია საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით, თუმცა საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ განხორციელებულა საბაჟო დეკლარაციის შეფასება. საქონელი შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაიგზავნა გაფორმების ზონა „-----“-ში. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი გამოცხადდა მეწარმის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა, საქონლის გადმოტვირთვა და რეალიზაცია.
საბჭოს იზიარებს, საბაჟო დეპარტამენტის შეფასებას, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ლუქის მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, შესაბამისად, მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გათვალისწინების საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ კანონიერად განხორციელდა, როგორც კუთვნილი იმპორტის გადასახდელების დარიცხვა, ასევე, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება;.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი, რომ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგეს. რის გამოც, კომპანიას დაეკისრა ჯარიმა და იმპორტის გადასახდელი თანხა. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავა გაგრძელდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ კანონიერად განხორციელდა, როგორც კუთვნილი იმპორტის გადასახდელების დარიცხვა, ასევე, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტი; 172;.