ბრძანება N 5580

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.03.2024
№ დოკუმენტი 5580
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5580

15 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 3 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 3 მარტის №88219/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 თებერვლის №007-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ქონების გადაცემა არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და აღნიშნული განხილულ უნდა იქნეს სესხად, რას გამოიწვევს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილებას და მნიშვნელოვნად შემცირდება როგორც დღგ, ასევე ჯარიმის თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27845 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2825 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი ვალდებულებების, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის, კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27845 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 25 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 59 744 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 2 თებერვლის №007-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით შესაწავლილ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ნასყიდობაგამოსყიდვის უფლებით განხორციელებული ოპერაციების ასახვის სისწორე და შესაბამისად, დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციების სასესხო გარიგებად ჩათვლის შემთხვევაში არ ხდება ძირითად თანხის კორექტირება, ვინაიდან გარიგებები დაწყებული და დასრულებულია შესამოწმებელ პერიოდში. რაც შეეხება დარიცხული ჯარიმის ოდენობას, აღნიშნული იზრდება. კერძოდ, როცა ხდება სასესხო გარიგების დასრულება და საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებული ბრუნვის აღდგენა, ამასთან, იმავე საანგარიშო პერიოდში შემოწმებით გამოვლენილია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში სხვაობა სხვა თემიდან გამომდინარე, შემოწმებით დგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად (10%-იანი განაკვეთი) მე-2 ნაწილით განსაზღვრული განაკვეთის გამოყენების (50%-იანი განაკვეთი) აუცილებლობა, რაც იწვევს ჯარიმის გაზრდას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გაიზარდა ჯარიმა 100 718 ლარის ოდენობით, ხოლო პირველი ნაწილით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას 23 209 ლარის ოდენობით, ამასთან, დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით შეცვლილი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და კვლავ განისაზღვრა 15.09.2020 წელი. ამასთან, შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა 17 767 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე, 270-ე და 298-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან საგადასახადო ვალდებულება თავის თავში არ მოიაზრებს სანქციას და კანონმდებელი ამ ორ ცნებას მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისაგან, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, სალდირებულად საგადასახადო დავის შედეგად გადამხდელს გაეზარდა ჯარიმა 59 743 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, დამატებით შესაწავლილ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით განხორციელებული ოპერაციების ასახვის სისწორე და შესაბამისად, დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საკითხი. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციების სასესხო გარიგებად ჩათვლის შემთხვევაში არ ხდება ძირითად თანხის კორექტირება, ვინაიდან გარიგებები დაწყებული და დასრულებულია შესამოწმებელ პერიოდში. რაც შეეხება დარიცხული ჯარიმის ოდენობას, აღნიშნული იზრდება. კერძოდ, როცა ხდება სასესხო გარიგების დასრულება და საგადასახადო შემოწმების აქტით შემცირებული ბრუნვის აღდგენა, ამასთან, იმავე საანგარიშო პერიოდში შემოწმებით გამოვლენილია დღგით დასაბეგრ ბრუნვაში სხვაობა სხვა თემიდან გამომდინარე, შემოწმებით დგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაცვლად (10%-იანი განაკვეთი) მე-2 ნაწილით განსაზღვრული განაკვეთის გამოყენების (50%-იანი განაკვეთი) აუცილებლობა, რაც იწვევს ჯარიმის გაზრდას. შედეგად, დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით შეცვლილი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და კვლავ განისაზღვრა 15.09.2020 წელი, ხოლო, სალდირებულად საგადასახადო დავის შედეგად გადამხდელს გაეზარდა ჯარიმა 59 743 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე, 270-ე და 298-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან საგადასახადო ვალდებულება თავის თავში არ მოიაზრებს სანქციას და კანონმდებელი ამ ორ ცნებას მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისაგან, დავის ეტაპზე შესაძლებელია სანქციის დამატებით დარიცხვა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27845 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის) საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27845 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 25 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)