ბრძანება N 21926
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21926
08 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ამხანაგობა „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 1 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ამხანაგობა „----------“ (ს/ნ ----------) №83376/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №066-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე და შემდგომ პერიოდში შეძენილ საქონელზე დღგ-ის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13919 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ამხანაგობა „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 1 აგვისტოს №18837 ბრძანება და 2 აგვისტოს №066-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 76 381 ლარი, მათ შორის, გადასახადი 52 968 ლარი, ჯარიმა 14 713 ლარი, საურავი 8 700 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს კვების პროდუქტების (ნახევარფაბრიკატები: ვარენიკი, ხინკალი, პილმენი, კატლეტი) წარმოება და ადგილობრივ ბაზარზე საცალო/საბითუმო რეალიზაცია. გადამხდელის საქმიანობის ადგილია ----------. ამხანაგობა სმფ-ების შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებსა და წარმოდგენილ საბანკო ამონაწერს, რის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მიღებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი აღემატებოდა 100 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, 2022 წლის 11 აპრილს გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე და შემდგომ პერიოდში შეძენილ საქონელზე დღგ-ის ჩათვლას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ამხანაგობა „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სმფ-ების ნაშთზე და შემდგომ პერიოდში შეძენილ საქონელზე დღგ-ის ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
ემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 1 აგვისტოს ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს კვების პროდუქტების (ნახევარფაბრიკატები: ვარენიკი, ხინკალი, პილმენი, კატლეტი) წარმოება და ადგილობრივ ბაზარზე საცალო/საბითუმო რეალიზაცია. ამხანაგობა სმფ-ების შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებსა და წარმოდგენილ საბანკო ამონაწერს, რის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მიღებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი აღემატებოდა 100 000 ლარს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 175(1„ა“„ბ“); 176(1„ა“); 282;