ბრძანება N 29032
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 29032
27 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 20 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 სექტემბრის №19783/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“(ს/ნ ----------) №79221/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №006-45 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ 2020 წლის თებერვლის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა (რეალიზაცია) დაკორექტირდა და დამკვეთთან შეთანხმებით გარიგების ოდენობა შემცირდა. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები შემოწმების მიერ სრულად არ არის შესწავლილი.
2. გადამხდელი აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე სრულად არ არის განხილული მის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც საშემოსავლო გადასახადის ანულირებას გამოიწვევდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 ივლისის №18885 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 27 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2020 წლის 2 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2020 წლის 14 დეკემბრის №37150 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006- 725 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 590 160 ლარით, მათ შორის: გადასახადი 342 613 ლარი, ჯარიმა 169 334 ლარი, საურავი 78 213 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2021 წლის 13 მაისის N14025 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’
„საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №14025 ბრძანება არ არის აღსრულებული ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამასთან, საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ განხილულია მომჩივნის პოზიციის მოსმენის გარეშე. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადაწყვეტილების შესაბამისად გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის ანალიზითაც ირკვევა, რომ შპს „----------“ 2020 წლის მაისში დააკორექტირა 2020 წლის თებერვალში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს 2020 წლის მაისში შედგენილი შეთანხმება.
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან და არ დაექვემდებარა კორექტირებას (საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა თავდაპირველ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში (----- ანგარიშ-ფაქტურა) ასახული დასაბეგრი ბრუნვა).
ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმომ იურიდიულ პირებს სესხად გადასცა თანხა 139 000 ლარის ოდენობით.
გადაანგარიშების პროცესში აღნიშნული თანხით შემცირდა გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმებით ჩათვილია დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაბეგრილია 20%- იანი განაკვეთით. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 12 ოქტომბერს 12:40 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, მომჩივანმა 2023 წლის 11 ოქტომბერს წარმოადგინა განცხადება №170799/21, რომლითაც მოითხოვა საჩივრის განხილვის გადადება, შესაბამისად, საჩივრის განხილვა გადაიდო. აღნიშნულის შემდგომ, საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩაინიშნა 2023 წლის 2 ნოემბერს 12:30 სთ-ზე, მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ხოლო, ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბიუჯეტში შესატანი დღგ მოიცავს დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგის თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაციის (2020 წლის პირველი მაისის შეთანხმება) მიხედვით ირკვევა, რომ შპს „---------“ 2020 წლის მაისის თვეში დააკორექტირა 2020 წლის თებერვალში გამოწერილი საგადასახაო ანგარიშ-ფაქტურა ---------, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ შპს „-----------“ საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანებით, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, შესაბამისად, შემოწმებას 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდი არ მოუცვია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ოპერაცია კორექტირებას ექვემდებარება 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ ექვემდებარება კორექტირებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციის სრულად არ გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე განხილულია გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რის საფუძველზეც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.გადამხდელი აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე სრულად არ არის განხილული მის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც საშემოსავლო გადასახადის ანულირებას გამოიწვევდა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა, 2020 წლის მაისის თვეში დააკორექტირა 2020 წლის თებერვალში გამოწერილი საგადასახაო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა.
ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა სესხის ხელშეკრულებები და თანხის გადაცემის დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმომ იურიდიულ პირებს სესხად გადასცა თანხა. აღნიშნული თანხით შემცირდა გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმებით ჩათვილია დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაბეგრილია 20%- იანი განაკვეთით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1);