გადაწყვეტილება №27329/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27329/2/2026
30 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 12.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27329/2/2026).
დავის საგანი:
1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურების თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
3. ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება საწვავის შეძენის ნაწილში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №023-26 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5346 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 393 518,15 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 216 301,98
დღგ - (- 2 294,32)
მოგების გადასახადი - 44 043,31
საშემოსავლო გადასახადი - 174 552,99
ჯარიმა - 119 761
საურავი - 57 455,17
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 12.02.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №023-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურების თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებიდან სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვები (აღნიშნულ ოპერაციებზე გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები), რომელთა გარკვეულ ნაწილს მინიჭებული აქვთ მიკრო ბიზნესის სტატუსი. საწარმო აღნიშნულ ოპერაციებს არ ბეგრავდა მოგების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 5 მარტს 14:15 საათზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებული ფაქტობრივ გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს სატრანსპორტო მომსახურება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისაგან, რისთვისაც გადახდილი თანხები გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ცხრილთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც აცხადებს, რომ სატრანსპორტო მომსახურება შეძენილი აქვს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებისგან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მომსახურების გაწევის და თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდში აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს.
ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს სატრანსპორტო მომსახურება აქვს შეძენილი მხოლოდ მცირე მეწარმეებისაგან, შესაბამისად ითხოვს დაევალოს აღნიშნულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს საკითხის დამატებით შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებიდან სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვები (აღნიშნულ ოპერაციებზე გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები), რომელთა გარკვეულ ნაწილს მინიჭებული აქვთ მიკრო ბიზნესის სტატუსი.
საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და გადასახადის გადამხდელთა მონაცემების შესწავლით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომსახურება შესყიდულია მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან, რაც ასახული არ არის მოგების გადასახადის დეკლარაციებში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ან/და მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემები), რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვები (აღნიშნულ ოპერაციებზე გაფორმებულია მიღებაჩაბარების აქტები), რომელთა გარკვეული ნაწილი მომსახურების გაწევის და თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდში არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული განაცემები არ აქვს დაბეგრილი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს სატრანსპორტო მომსახურება ფიზიკური პირებისგან, რომლებიც მომსახურების გაწევის და თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდში არ არიან რეგისტრირებულნი ინდივიდუალურ მეწარმეებად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს სატრანსპორტო მომსახურება აქვს შეძენილი მხოლოდ მცირე მეწარმეებისაგან, შესაბამისად ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის დამატებით შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვები (აღნიშნულ ოპერაციებზე გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები), რომელთა გარკვეული ნაწილი მომსახურების გაწევის და თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდში არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ.
საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და გადასახადის გადამხდელთა მონაცემების შესწავლით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომსახურება შესყიდულია გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან, ხოლო გადახდილი თანხები გადახდის წყაროსთან დაბეგრილი არ არის, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის შესახებ მონაცემები), რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 463 912 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1682 ბრძანების საფუძველზე საწარმოში დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მათ მიერ ვერ განხორციელდა იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, შესაბამისად ვერ მოხდა აღნიშნული გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის ჩატარება და ჩაითვალა, რომ საწარმოში ნაღდი ფულის ნაშთი არის ნულის ტოლი.
გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ხელმოწერილი ბრუნვითი უწყისიდან დგინდება, რომ სალაროს ნაშთი ბუღალტრულად 12.02.2025 წლის მდგომარეობით შეადგენს 547 900 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი 547 900 ლარის ოდენობით ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს საწვავის ხარჯის გათვალისწინებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების პროცესში შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.
ამასთან, შემოწმების პროცესში განხორციელდა მძღოლებისგან ინფორმაციის/ახსნა-განმარტების მიღება, სადაც მძღოლები აფიქსირებენ, რომ სატრანსპორტო მომსახურების თანხის ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ბანკში ჩარიცხვის გზით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ---- ის (ს/ნ ---) საქმიანობის საგანს წარმოადგენს ---ს მუნიციპალიტეტში განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე, ---ის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. თავის მხრივ სატრანსპორტო მომსახურებას კომპანია ახორციელებს ქვეკონტრაქტორი ფიზიკური პირების (მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირები) მეშვეობით, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებენ მოსწავლეთა ტრანსპორტირებას. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს შეძენილი საწვავის გამოქვითვას. შემმოწმებელმა, სულად დაბეგრა სალაროს ნაშთი და არ გაითვალისწინა მძღოლებთან დადებული მომსახურების ხელშეკრულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ საწვავის ხარჯი იყო დამკვეთზე, კერძოდ, მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელ საწვავს, მომსახურების ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე, წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, უზრუნველყოფდა დამკვეთი თავისი სახსრებით. საწვავის თანხებს დამკვეთი ნაღდი ანგარიშსწორებით აძლევდა შემსრულებელს. აღნიშნულ საკითხებზე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დროს, საწვავის ხარჯი იქნა გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე, კერძოდ შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმეზე და შპს ---ის (ს/ნ ---) საქმეზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 463 912 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მათ მიერ ვერ განხორციელდა იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაკავშირება, შესაბამისად ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის ჩატარება და ჩაითვალა, რომ საწარმოში ნაღდი ფულის ნაშთი არის ნულის ტოლი. გადასახადის გადამხდელის მიერ ხელმოწერილი ბრუნვითი უწყისიდან დგინდება, რომ სალაროს ნაშთი ბუღალტრულად 12.02.2025 წლის მდგომარეობით შეადგენს 547 900 ლარს.
საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი 547 900 ლარის ოდენობით ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სალაროს ბუღალტრული ნაშთი განსაზღვრულია გადასახადის გადამხდელის მიერ ხელმოწერილი ბრუნვითი უწყისიდან, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის ჩატარება, სალაროს ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთის მიხედვით განსაზღვრა მართებულია და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრულია გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
ვინაიდან სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები (დოკუმენტაცია განკარგვადი თანხის გახარჯვასთან დაკავშირებით, საბანკო გადარიცხვა, თანხის მიმღები პირების დადასტურება (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწვავის შეძენისთვის თანხის მიღების დადასტურება)), რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმეზე და შპს ---ის (ს/ნ ---) საქმეზე მომჩივნის მიერ მითითებული გადაწყვეტილებებით არ დგინდება სადავო საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელი გარემოებები.
4. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება საწვავის შეძენის ნაწილში
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი მითითებული მე-3 დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა საწვავის ღირებულება დღგ-ის მიზნებისათვის, რაც არასწორია, ვინაიდან საწვავის ღირებულებაში ყოველთვის მოიაზრება დღგ და შესაბამისად, საწვავის ღირებულება უნდა იქნეს გათვალისწინებული დღგ-ის გაანგარიშების (დღგ-ის ჩათვლის) მიზნებისათვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საწვავის შეძენაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლის თაობაზე მომჩივნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დასაბეგრი პირის უფლება, ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, არ დასტურდება კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის შეძენასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ით, მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურების თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
3. ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება საწვავის შეძენის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს სატრანსპორტო მომსახურება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისაგან, რისთვისაც გადახდილი თანხები გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. ამდენად, საგადასახადო შემოწმებით განხორციელდა მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა.
საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი 547 900 ლარის ოდენობით ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. აგრეთვე, გამოვლინდა ტექნიკური სხვაობები გადამხდელის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დაფიქსირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებსა და საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში დაფიქსირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 98 2(1,გ) ; 154 (1); 73 (9); 101 (1); 154 (1); 174; 175; 176.