გადაწყვეტილება №26912/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26912/2/2026
06 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------ი (პ/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ის 16.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26912/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახდო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-582 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №4236 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 25 249,93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 10 370,12
დღგ - (-12 335,05)
საშემოსავლო გადასახადი - 22 705,17
ჯარიმა - 13 154,36
საურავი - 1 725,45
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ახალი და მეორადი ავტონაწილების იმპორტი -----დან და რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 23.03.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-582 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.02.2026 წლის №4236 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახდო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. წარმოადგინა შეძენა/რეალიზაციის ექსელის ცხრილები, თვის ჭრილში, ჯამურად. წარმოდგენილი გაანგარიშებები არ შეესაბამებოდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
შესყიდული საქონლის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არის 398 447 ლარი, დეკლარირებული შემოსავალი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე 114 691 ლარი, ხოლო რეგისტრაციის შემდეგ 120 406 ლარი, დეკლარირებული ფასნამატი 29%, დოკუმენტური რეალიზაცია (ზედნადებით) 64 590 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 373 357 ლარი. შედეგად, შეიცვალა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და ნაცვლად 2023 წლის სექტემბრისა განისაზღვრა 25.03.2023 წელს. დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობამ შეადგინა - 152 951 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 195 838 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი - 313 525 ლარს. სხვაობამ, ერთობლივი შემოსავლის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით შეადგინა 117 441 ლარი. მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელს 25.03.2023 წლის მდგომარეობით წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ამ პერიოდში ნაშთად რიცხულ სმფ-ზე, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირების პერიოდში მიღებულ ნაშთად არსებულ სმფ-ზე (13 778 ლარი) არ აქვს განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, დეკლარირებულ წლიურ საშემოსავლო გადასახადშიც არ ჰქონდა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდზე სმფ-ის ნაშთებისა და გამოქვითვების დღგ-ის თანხით კორექტირების საკითხი. მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა.
მოცემული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის მასალებისა და ნედლეულის, ასევე სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთები 2023 და 2024 წლების წლიურ საშემოსავლო გადასახადში, კერძოდ, 2023 წლის საბოლოო ნაშთმა შეადგინა 178 290 ლარი, ნაცვლად 196 921 ლარისა, ხოლო 2024 წლის საბოლოო ნაშთმა ნაცვლად 172 888 ლარისა შეადგინა 158 313 ლარი. 2023 წელს შესყიდული სმფ-ის ღირებულებამ კი 85 714 ლარი (შესყიდვა 111 802 - ლარი, აღსადგენი დღგ - 26 088 ლარი). გარდა ზემოთ აღწერილი საკითხისა, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა 2022 წლის შესყიდული სმფ-ის ღირებულება და გაიზარდა 1 315 ლარით, ხოლო 2024 წელს 341 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 145-ე მუხლზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა მარკის (-----; ----; ---- და სხვა,) იმპორტირებული მეორადი ავტონაწილებით ვაჭრობა.
საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტიდან გამოითხოვა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დაადგინა, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გაკეთებული ახსნა - განმარტებები და მიწოდებული დოკუმენტაცია და შემოსავლები დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომელზეც გავრცელდა სხვა აუდირებული კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის ფასნამატი, რომელიც შეადგენს 60%-ს.
აუდიტორებს მიაწოდა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე ახსნა - განმარტებები:
1.იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებები თავისი გაანგარიშების ცხრილებით;
2.რეალიზებული საქონლის დეტალური გაშიფვრა თავისი დასახელებებით და ფასებით;
3.ახსნა-განმარტება, რომ ზოგიერთი შეძენილი საქონელი წარმოადგენს ე.წ ჩაწოლილ საქონელს ვინაიდან მინიმალურია მათზე მოთხოვნა ავტომობილების წლოვანებიდან გამომდინარე.
ფასნამატის ანალიზისთვის, ანალოგიური პრინციპის (არაპირდაპირი მეთოდი) გამოყენების შემთხვევაშიც კი, მიღებული შედეგები მკვეთრად განსხვავდება (ნაკლებია) შემოწმებით დადგენილი მონაცემებისაგან (თვალსაჩინოებისთვის იხ. დანართი). კერძოდ, დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი მერყეობს 35-40% შორის, მაშინ როცა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი შეადგენს 60%-ს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ფასნამატის დასადგენად გამოყენებულია სხვა კომპანიის მონაცემები, თუმცა, არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ აღნიშნული კომპანია შესაძლოა ახორციელებდეს სხვა მარკის და წლოვანების ავტომობილების, როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტონაწილების შეძენა რეალიზაციას, რაც არსებით განსხვავებას გამოიწვევდა სარეალიზაციო ფასებში.
ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში იჯარით აღებულ ქონებას ჩაუტარდა რემონტი, რაზეც გაიწია სხვადასხვა ოდენობის ხარჯები, რომლის ძირითადი ნაწილის დოკუმენტური დადასტურება ვერ ხდება. ამასთან, კომპანიის მიერ შეძენილია სხვადასხვა დასახელების და ღირებულების ძირითადი საშუალებები, თუმცა, აღნიშნული ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გამოიწვია სალაროს ნაშთის ვირტუალური ზრდა.
მომჩივანი ითხოვს მოყვანილი ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებას და მის წარმომადგენლებთან ერთად ფასნამატის გაანგარიშების ცხრილების დეტალურ გავლას; მიღებული შედეგების გათვალისწინებით როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის თანხებისა; ერთობლივი შემოსავლის დათვლისას სხვადასხვა ხარჯების გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებდა. მომჩივნის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელ პერიოდში განისაზღვრა მთლიანი რპთ და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი - 60%, რამაც გამოიწვია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის ცვლილება, ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის კორექტირება.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტებს ხარჯების გამოქვითვასთან დაკავშრებით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია კანონმდებლობით დადგენილი და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შეუძლებელია მონაცემების იდენტიფიცირება და ერთმანეთთან დაკავშირება. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, დოკუმენტურად რეალიზებული საქონელის გაშიფვრა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და აუდირებული ფასნამატის გავრცელება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-582 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა: ჯარიმა - 13 154,36 ლარი, საურავი 1 725,45 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახდო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 23.03.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. წარმოადგინა შეძენა/რეალიზაციის ექსელის ცხრილები, თვის ჭრილში, ჯამურად. წარმოდგენილი გაანგარიშებები არ შეესაბამებოდა საგადასახოდო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს.ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების, ასევე „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების საფუძველზე შემოწმებამ დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშების მიზნით იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, შემოწმების მიერ ჩატარდა აუდირებული კომპანიის ფასნამატების ანალიზი და გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 373 357 ლარი. შემოწმებით შეიცვალა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და ნაცვლად 2023 წლის სექტემბრისა განისაზღვრა 2023 წლის 25 მარტით. დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით სხვაობამ შეადგინა - 152 951 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 195 838 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი - 313 525 ლარს. სხვაობამ, ერთობლივი შემოსავლის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით შეადგინა 117 441 ლარი. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობაზე პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 25 მარტის მდგომარეობით აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება, შესაბამისად, ამ პერიოდში ნაშთად რიცხულ სმფ-ზე არ აქვს განხორციელებული 26 088,6 ლარის დღგ-ს ჩათვლა. მეწარმეს არც მის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირების პერიოდში აქვს მიღებული ნაშთად არსებულ სმფზე 13 778 ლარის დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, დეკლარირებულ წლიურ საშემოსავლო გადასახადში არ ჰქონდა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდზე სმფ-ის ნაშთებისა და გამოქვითვების დღგ-ის თანხით კორექტირების საკითხი.მოცემული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული შეძენილი საქონლის მასალებისა და ნედლეულის, ასევე სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთები 2023 და 2024 წლების წლიურ საშემოსავლო გადასახადში, კერძოდ, 2023 წლის საბოლოო ნაშთმა შეადგინა 178 290 ლარი, ნაცვლად 196 921 ლარისა, ხოლო 2024 წლის საბოლოო ნაშთმა ნაცვლად 172 888 ლარისა შეადგინა 158 313 ლარი. 2023 წელს შესყიდული სმფ-ის ღირებულებამ კი 85 714 ლარი (შესყიდვა 111 802 - ლარი, აღსადგენი დღგ - 26 088 ლარი). გარდა ზემოთ აღწერილი საკითხისა, შემოწმების მიერ დაკორექტირდა 2022 წლის შესყიდული სმფ-ის ღირებულება და გაიზარდა 1 315 ლარით, ხოლო 2024 წელს 341 ლარით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-582 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №4236 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და აუდირებული ფასნამატის გავრცელება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მართებულია შესაბამისად არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1); 73(5„ა“); 79( „ა“); 80(1); 81(1); 100(1); 102(1,,ა“); 105(1); 145(1.2.3); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 164(1); 165(1.2); 269(7); 282(1);