გადაწყვეტილება №24233/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24233/2/2024
23 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --- ის 1.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24233/2/2024).
დავის საგანი:
საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ნულად მიჩნევა და აუდირებული ფასნამატის გამოყენება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №065-22 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23141 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 607 504 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 348 661
დღგ - 203 995
საშემოსავლო გადასახადი - 144 531
ქონების გადასახადი - 135
ჯარიმა - 166 528
საურავი - 92 315
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8925 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 2 აპრილამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 21 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მეწარმეს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები წარდგენილი აქვს 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8879 ბრძანებით დაინიშნა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარება. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა მომჩივნის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მდებარეობა.
დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შპს „---ში“ 2023 წლის აპრილის თვემდე იჯარით ფლობდა სავაჭრო ფართს. მეწარმე არ ეცნობა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე გაგზავნილ შეტყობინებებს და არ წარუდგენია სააღრიცხვო/დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მიმდინარე საგადასახადო შემოწმება ვერ დაუკავშირდა გადასახადის გადამხდელს, შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით. ფასნამატად გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე - 2021 წელს - 68%, 2022 წელს - 63% და 2024 წელს - 70%. დეკლარირებულ შემოსავალში გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს უჭირავს 0.08%-იანი წილი. შემოსავალი შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად აუდირებულ ფასნამატზე დაყრდნობით. აღნიშნულის შედეგად, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე, დღგ-ის დასაბეგრ ბაზასა და დეკლარირებულს შორის გამოვლინდა სხვაობა, რამაც შეადგინა 1 174 408 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ნაცვლად დეკლარირებული 94 439 ლარისა, შემოწმებით დაკორექტირდა 101 829 ლარით. ჩათვლის გრაფაში მეწარმეს არ ჰქონდა გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაცია ა---- შედეგად გადახდილი დღგ. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების წლიური საშემოსავლო გადასახადის მიხედვით, ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 2021 წელს - 749 785 ლარს, 2022 წელს - 54 721 ლარს, 2023 წელს - 10 411 ლარს. წლების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატია - 24%, 25% და 31%. ერთობლივი შემოსავლიდან გამოვქვითვას დაქვემდებარებული ხარჯებია 2021 წელს შეძენილი საქონელი - 433 739 ლარის, სხვა ხარჯები - 32 306 ლარის, 2022 წელს სხვა ხარჯები - 5 747 ლარის, 2023 წელს სხვა ხარჯები - 7 168 ლარის. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შპს „---ში“ 2023 წლის აპრილის თვემდე იჯარით ფლობდა სავაჭრო ფართს. აღნიშნულის მიხედვით გადასახადის გადამხდელის საბოლოო სმფ-ის ნაშთი მიჩნეულ იქნა ნულის ტოლად. მომჩივანი არ ეცნობა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე გაგზავნილ შეტყობინებებს და არ წარუდგენია სააღრიცხვო/დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, 2021 წლის შემოსავალმა შეადგინა 1 138 555 ლარი (სხვაობა 388 770), შეძენილმა საქონელმა - 495 020 ლარი (სხვაობა 61 281 ლარი), გამოქვითვას დაქვემდებარებულმა სხვა ხარჯებმა - 19 747 ლარი (სხვაობა 12 559). 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 70 969 ლარი (სხვაობა 16 247), გამოქვითვას დაქვემდებარებულმა სხვა ხარჯებმა - 31 609 ლარი (სხვაობა 25 862). 2023 წლის შემოსავალმა შეადგინა 779 802 ლარი (სხვაობა 769 391), გამოქვითვას დაქვემდებარებულმა სხვა ხარჯებმა - 7 155 ლარი (სხვაობა 14). ასევე, შემოწმების მიერ რეალიზაციაში იქნა ჩართული და შესაბამისად შემცირდა 2023 წლის საბოლოო სმფ-ის ნაშთი 450 034 ლარის ოდენობით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივნისის №14993 ბრძანება და №065-22 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 607 504 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 16 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 ოქტომბრის №23141 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მომიჯნავე 2021 წლის 3 საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23141 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე, მეწარმის ობიექტზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია შედეგების გამოყვანით. მომჩივანი აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელოს ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მომიჯნავე 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ასაჩივრებს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან პირველადი საგადასახადო და სხვა დოკუმენტაციით (ინვოისებით, ზედნადებებით, საკონტროლოსალარო აპარატის მეხსიერებით, საბანკო ამონაწერებით) დაბეგვრის ობიექტის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა, მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფარგლებში დაცული არ არის საგადასახადო ვალდებულების ობიექტურად და სამართლიანად განსაზღვრის პრინციპები.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თითოეული გადასახადის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსასაზღვრავად უნდა დადგინდეს შესაბამისი გარემოებები (დაბეგვრის ობიექტი). „არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას უნდა მოხდეს დაბეგვრის ობიექტის მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრა, შეგროვებული ინფორმაცია და მისი დამუშავების მეთოდი უნდა იძლეოდეს რეალობის მაქსიმალურად მოდელირებას.
არაპირდაპირი მეთოდი გულისხმობს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას ისეთი მონაცემებით, როგორებიცაა: აქტივების სიდიდე, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარება, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზი“ (იხ. 15.04.2024 წ. სუსგ №ბს-902 (კ-19)).
„საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო დანაწესის მიზანია სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე დადგინდეს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო ორგანოს უფლება - გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე.
საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ოფიციალური ინფორმაციით/დოკუმენტაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას“ (იხ. 19.09.2023 წ. სუსგ №ბს-554 (2კ-22)). განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა პერიოდი 1.01.2021 წლიდან 2.04.2024 წლამდე. შესამოწმებელ პერიოდში უნდა ჩატარებულიყო სმფ-ების ინვენტარიზაცია, მაგრამ ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ვინაიდან შემოწმების აქტის თანახმად, „ვერ დადგინდა პირის ადგილსამყოფელი, ვერც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლომატერიალური ფასეულობების მდებარეობა“.
ამასთან დაკავშირებით შემოწმებამ მიიჩნია, რომ არც სმფების იყო სახეზე და, შესაბამისად, არც ინვენტარიზაციის ფასნამატის დადგენა იყო შესაძლებელი. ამასთან, ვერც დოკუმენტური ფასნამატი დადგინდებოდა, რადგან მეწარმეს ფაქტიურად არ ჰქონდა დოკუმენტური რეალიზაციები. აქედან გამომდინარე, შემოწმებამ საბოლოო სმფ-ები მიიჩნია ნულის ტოლად და საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გამოიყენა აუდირებული ფასნამატი.
პირველ რიგში, მომჩივანი არ ეთანხმება, რომ საბოლოო სმფ-ები შემოწმების მიერ ნულის ტოლად იქნა მიჩნეული. საგადასახადო ორგანომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენა მეწარმის მოძიების ყველა შესაძლებლობა. აღნიშნულზე მიუთითებს ის გარემოება, რომ შემოწმების აქტის საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნისთანავე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ გადასახადის გადამხდელს და შეადგინეს კიდეც მისი გამოკითხვის ოქმი, რომელშიც მეწარმემ დააფიქსირა, რომ მას საწყობში მიბარებული ჰქონდა სმფ-ები.
დავის პერიოდში მომჩივნის მიერ აღწერილ იქნა სმფ-ები, რომელთა მოცულობამ თვითღირებულებით შეადგინა 273 921 ლარი. შესაბამისად, შემოწმებას 2023 წლის საბოლოო ნაშთი უცვლელად უნდა დაეტოვებინა და 2024 წელს რეალიზებულად განეხილა 2023 წლის საბოლოო ნაშთსა და სახეზე არსებულ ნაშთს შორის სხვაობა. მეორე რიგში, მომჩივანი არ ეთანხმება, რომ შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. შემოწმებამ პირდაპირ დაარღვია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ (შემდგომში - მეთოდური მითითება) ფასნამატის კონკრეტული მეთოდის შერჩევასთან დაკავშირებით. მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ფასნამატების დადგენის წყარო შეიძლება იყოს:
ა) პირველი - სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია (შემდგომში - „დოკუმენტური ფასნამატი“);
ბ) მეორე - პირთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებ(ებ)ით, კერძოდ, ინვენტარიზაციითა და დათვალიერებით, დაფიქსირებული ინფორმაცია (შემდგომში - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“);
გ) მესამე - შესადარისი პირის ან ამავე პირის სხვა საგადასახადო შემოწმების მასალები (შემდგომში - „სხვა შემოწმების ფასნამატი“);
დ) მეოთხე - შესადარისი მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (შემდგომში - „მესამე პირების ფასნამატი“);
ე) მეხუთე - საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (შემდგომში - „სხვა ფასნამატი“)“. მეთოდური მითითების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“;
ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“;
გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“;
დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“;
ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი““.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა“.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, აუდიტორი უფლებამოსილია ფასნამატები გამოიყენოს შესაბამისი რიგითობის დაცვის გარეშე“. მომჩივანთან სმფ-ები არსებობდა და, შესაბამისად, შესაძლებელი იყო ინვენტარიზაციის ფასნამატის განსაზღვრა. ამის გარდა, მეწარმესთან ჩატარებული იყო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.02.2020 წლის №3464 ბრძანებით დანიშნული ინვენტარიზაცია (შედეგების გამოყვანით).
ამასთან, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიმართ 28.07.2020 წელს შედგენილი იყო საგადასახადო შემოწმების აქტი. შესაბამისად, სანამ შემოწმება სხვა პირების ანუ აუდირებულ ფასნამატს გამოიყენებდა, მას უნდა გამოეყენებინა შესამოწმებელი გადამხდელის „სხვა შემოწმების ფასნამატი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო მიზანშეწონილი სხვა გადამხდელის ფასნამატის გამოყენება. თუმცა, ამგვარ დასაბუთებას არ შეიცავს შემოწმების აქტი.
მეწარმეს, შემოწმების აქტის მიხედვით, 2021 წლის შემდეგ სმფ-ები არ შეუძენია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საქმიანობდა „მილევად რეჟიმში“ და ნაშთად არსებული სმფ-ების ამოყიდვას აწარმოებდა. შესაბამისად, აუდირებული ფასნამატის გამოყენების წინაპირობის არსებობის შემთხვევაშიც, შემოწმებას უნდა მოეძებნა „მილევად რეჟიმში“ მყოფი მეწარმის ფასნამატი. თუმცა, შემოწმებას ამგვარი ფასნამატიც არ მოუპოვებია, რასთან დაკავშირებითაც შემოწმების აქტი დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოწმების მიერ არსებული ფასნამატებიდან საკმაოდ მაღალი აუდირებული ფასნამატია შერჩეული. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მომიჯნავე 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია გაიზიარა 2021 წელთან მიმართებაში, მაგრამ მხოლოდ იმ მოტივით, რომ 2022-2023 წწ. არ ემიჯნებოდა ინვენტარიზაციის ჩატარების წელს (2020), 2022-2023 წწ. საანგარიშო პერიოდებზე დატოვა ე.წ. აუდირებული ფასნამატები (შესაბამისად 63% და 70%), რომლებიც ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატს რამდენჯერმე აღემატება. ფასნამატების ზრდა კი რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობა, როგორც აღინიშნა, იმყოფება მილევად რეჟიმში და 2022-2023 წლებში მეწარმე მხოლოდ საქონლის ე.წ. ამოყიდვას ახორციელებდა.
შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ იმსჯელა არსებითი მნიშვნელობის საკითხზე, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთთან დაკავშირებით, რის გამოც მოცემულ საკითხში საჩივრის არგუმენტაცია და მოთხოვნა უცვლელი რჩება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები 2022-2023 წწ. პერიოდზეც გამოანგარიშებულ უნდა იქნეს 2020 წლის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გამოყენებით (როგორც დღგ-ის, ისე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში), ხოლო სმფ-ების საბოლოო ნაშთად მიჩნეულ იქნეს სახეზე არსებული სმფ-ები. მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს სადავო აქტები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მომიჯნავე 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია გაიზიარა 2021 წელთან მიმართებაში, მაგრამ მხოლოდ იმ მოტივით, რომ 2022-2023 წლები არ ემიჯნებოდა ინვენტარიზაციის ჩატარების წელს (2020), 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე დატოვა ე.წ. აუდირებული ფასნამატები (63% და 70%), რომლებიც ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატს რამდენჯერმე აღემატება. ფასნამატების ზრდა კი რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობა იმყოფება მილევად რეჟიმში და 2022-2023 წლებში მეწარმე მხოლოდ საქონლის ე.წ. ამოყიდვას ახორციელებდა. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მეწარმეს საქონლის შეძენა 2021 წლის შემდგომ არ განუხორციელებია და მიუხედავად იმისა თუ როდის მოხდა რეალიზაცია, მიზანშეწონილია გავრცელდეს ინვენტარიზაციის ფასნამატი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მომჩივანს 2021 წლის შემდეგ საქონლის შეძენა არ უფიქსირდება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მომიჯნავე 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე, ხოლო გადასახადის გადამხდელს 2021 წლის შემდეგ საქონლის შეძენა არ უფიქსირდება, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის ჩათვლით (2022 წლამდე) შეძენილ საქონელზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23141 ბრძანება;
3. დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის ჩათვლით (2022 წლამდე) შეძენილ საქონელზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ნულად მიჩნევა და აუდირებული ფასნამატის გამოყენება.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს მომიჯნავე 2021 წლის 3 საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23141 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 13 თებერვლის №3465 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის ჩათვლით (2022 წლამდე) შეძენილ საქონელზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73 (5); 102; 105.