ბრძანება N 15531

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.07.2026
№ დოკუმენტი 15531
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

10 ივლისი 2026

N 15531

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 8 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 11 და 25 ივნისის სხდომებზე (ოქმი N 50 და N 56) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 ივნისის N 27389/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) 2026 წლის 8 აპრილის N 27117/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის N 001-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნაწილი, ხოლო ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც დასტურდება ინდ. მეწარმის მომსახურება, მის მიერ თანხის მიღება, არ იქნა გათვალისწინებული იმ არგუმენტით, რომ საბანკო ამონაწერში დანიშნულებაში სწორად არ არის მითითებული თანხის გაცემის დანიშნულება. მომჩივანი მიუთითებს, რომ გადარიცხვებისას ხდებოდა ტრანზაქციის გამეორება და თანხის გაცემისას თანამშრომლის მიერ არ ექცეოდა ყურადღება დანიშნულების ნაწილს, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იყოს დარიცხვის საფუძველი, ვინაიდან, მიღებული შემოსავალი მეწარმის მიერ დაბეგრილია და კომპანიას არ შეიძლება ქონდეს წყაროსთან მისი დაბეგვრის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 5 მაისის N 9832 ბრძანების საფუძველზე შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) 2026 წლის 8 აპრილის საჩივარი კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 2 ივნისის N 27389/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 5 მაისის N 9832 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 ივნისის N 27389/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა დასკვნის ფარგლებში წარმოადგინა რიგი დოკუმენტაცია, რომლის შესწავლა/გამოკვლევა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადაანგარიშებისას განხორციელდა სხვადასხვა დოკუმენტაციის ბანკიდან განაღდებულ თანხებთან დაკავშირება, კერძოდ: გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მივლინების ხარჯები, ინდ. მეწარმეზე გადახდილი თანხები, გაცემული „სესხი" რომელიც დაბრუნდა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და სატენდერო საქმიანობისთვის სადაზღვევო კომპანიაზე გადახდილი თანხები. ფიზიკურ პირებთან გადარიცხული და ისეთი თანხები, რომელსაც დანიშნულებაში ეწერა ხელფასი მათი გათვალისწინება აღნიშნული გადაანგარიშების ფარგლებში არ მომხდარა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, კომპანია მომსახურების ანაზღაურებას უხდიდა ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით და მას საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად მათ მიერ წარდგენილ იქნა მომსახურების ხელშეკრულებები, მიღება - ჩაბარების აქტები და გასავლის ორდერები. შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა წარდგენილი დოკუმენტების ნაწილი, ხოლო ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც დასტურდება ინდ. მეწარმის მომსახურება, მის მიერ თანხის მიღება, არ იქნა გათვალისწინებული იმ არგუმენტით, რომ საბანკო ამონაწერში დანიშნულებაში სწორად არ არის მითითებული თანხის გაცემის დანიშნულება. განმარტავს, რომ გადარიცხვისას ხდებოდა ტრანზაქციის გამეორება და თანხის გაცემისას თანამშრომლის მიერ ყურადღება არ ექცეოდა დანიშნულების ნაწილს, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იყოს დარიცხვის საფუძველი. ვინაიდან, მიღებული შემოსავალი მეწარმის მიერ დაბეგრილია, კომპანიას არ შეიძლება ჰქონდეს წყაროსთან მისი დაბეგვრის ვალდებულება. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურში წარადგინა ინდივიდუალური მეწარმის მიერ ნოტარიულად დადასტურებულ ახსნა - განმარტება, რომლის საფუძველზეც დასტურდება მის მიერ მიღებული მომსახურების ანაზღაურების ოდენობა, მიღებული ფულადი სახსრების დანიშნულება და შემოსავლების სამსახურთან ანგარიშსწორება.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, კომპანიის საბანკო ამონაწერებში ფიქსირდება თანხის გადახდა დანიშნულებით: ხელფასი, ხელფასი მუშებისთვის ასპინძა, ხელფასი კრანი, ხელფასი -----, და ა.შ. გადამხდელის არგუმენტის მიხედვით, ფ/პ ----- (პ/ნ ----- ) არის მცირე მეწარმის სტატუსი მქონე პირი. აღნიშნული პირი მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2023 წლის პირველ აგვისტოს, ხოლო ხელფასის დანიშნულებით თანხები ერიცხება 2022 წლის 27 აგვისტოდან. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულმა პირმა მცირე მეწარმის დეკლარაციები დააზუსტა, დაირიცხა და გადაიხადა კიდეც შესაბამისი გადასახადი, შპს „-----“-ის შემოწმების შემდეგ.

ასევე, გადასახადის გადამხდელმა ყველა სადაო განაღდებულ თანხაზე წარმოადგინა მიღება - ჩაბარების აქტები გაფორმებული ფ/პ -----, სადაც ფიქსირდება (მეორდება) შემდეგი სახის მომსახურებები: განათების ბოძისთვის ბეტონის ჩასხმა; განათების ბოძისთვის ორმოების ამოჭრა ნიჩბით; განათების ბოძებზე კაბელის გაჭიმვა; განათების ბოძების შედუღება; განათების ბოძების შეღებვა; მიწის გაჭრა და საკომუნიკაციო მილების ჩალაგება; ფანჩატურის მოწყობა; განათების ბოძისთვის მიწის მომზადება გასაჭრელად. ასევე, 65 530 ლარი გადარიცხულია ----- (პ/ნ ----- ), რომლის ახსნა - განმარტებით დგინდება, რომ აღნიშნული თანხები გამოჰქონდა საბანკო ანგარიშიდან და აძლევდა ფ/პ ----- კომპანიისთვის ზემოაღნიშნული მომსახურებების გაწევის სანაცვლოდ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის ფაქტი, აღნიშნული ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხის ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს (საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის ფაქტი, აღნიშნული ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხის ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგინდა, რომ საჩივარი თავდაპირველად არ დაკმაყოფილდა, თუმცა შემდგომ გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა. ამის საფუძველი იყო ის, რომ ფაქტობრივი გარემოებები სრულად არ იყო გამოკვლეული და საჭირო გახდა დამატებითი შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია: თუ დადასტურდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის ფაქტი, აღნიშნული ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხის ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9,,ბ");.