ბრძანება N 19274
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19274
27 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--- ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 17 და 30 ივლისის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივლისსა და 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმები №68 და №72) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №103521/1/2026 და №103758/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №002-76 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ თავდაპირველად სრულფასოვნად ვერ ითანამშრომლა შემოწმებასთან. ვიანდაინ ახორციელებდა ღვინის სააგენტოს ახალ პროექტს „---“. ასევე, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კონკრეტული ხარჯების გაღება საჭირო იყო ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის მომსახურების გასაწევად, რაც მის ეკონომიკურ საქმიანობას უკავშირდება. ხარჯი გაწეულია ანგარიშვალდებული პირის მიერ, რაც სავარაუდოდ არ არის გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სხვა შემთხვევაში ანგარიშვალდებულ პირზე ფულადი ნაშთი არ არ უნდა აღემატებოდეს 27 311 ლარს, თუმცა შემოწმების მიერ გაანგარიშებულია 91 257 ლარი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 თებერვლის №2225 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები.
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 11 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2026 წლის 15 ივნისის №13029 ბრძანება და ამავე თარიღის №002-76 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 147 482 ლარი, მათ შორის გადასახადი 77 745 ლარი, ჯარიმა 38 839 ლარი და საურავი 30 898 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიღებული და გაცემული ფულადი სახსრების ანალიზი. კომპანიას ნაღდი ფულის ბრუნვა არ უფიქსირდება, შესაბამისად შემოსავალი ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე, ხოლო ხარჯები გადახდილია საბანკო გადარიცხვით. შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის ანგარიშიდან ანგარიშვალდებული პირების მიერ გატანილია 218 214 ლარი, ხოლო შემოტანილია 68 355 ლარი. აღნიშნული პირების მიერ დაფარულია კომპანიის კრედიტორული დავალიანება, ჯამურად 7 465 ლარის ოდენობით. 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კომპანიას დირექტორის მიმართ უფიქსირდებოდა სასესხო ვალდებულება 51 137 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სესხის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა კომპანიიდან ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები, რამაც შეადგინა 91 257 ლარი. ამასთან ერთად, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაწეულია სასტუმროს, რესტორნების და ტაქსის მომსახურების ხარჯები, ღირებულებით - 8 140 ლარი, რომლებზეც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, შესაბამისად ვერ დგინდება ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობა და ჩაითვალა ხელმძღვანელი პირების სარგებლად. გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხა შეადგენს 17 343 ლარს. აღნიშნულ პერიოდზე კომპანიას წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება:
ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;
ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან; გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ნაღდი ფულის ბრუნვა არ უფიქსირდება, შესაბამისად შემოსავალი ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე, ხოლო ხარჯები გადახდილია საბანკო გადარიცხვით. შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის ანგარიშიდან ანგარიშვალდებული პირების მიერ გატანილია 218 214 ლარი, ხოლო შემოტანილია 68 355 ლარი. აღნიშნული პირების მიერ დაფარულია კომპანიის კრედიტორული დავალიანება, ჯამურად 7 465 ლარის ოდენობით. 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კომპანიას დირექტორის მიმართ უფიქსირდებოდა სასესხო ვალდებულება 51 137 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სესხის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა კომპანიიდან ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები, რამაც შეადგინა 91 257 ლარი. ამასთან ერთად, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაწეულია სასტუმროს, რესტორნების და ტაქსის მომსახურების ხარჯები, ღირებულებით - 8 140 ლარი, რომლებზეც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, შესაბამისად ვერ დგინდება ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობა და ჩაითვალა ხელმძღვანელი პირების სარგებლად. გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხა შეადგენს 17 343 ლარს. აღნიშნულ პერიოდზე კომპანიას წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები.
აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განამრტავს, რომ ანგარიშვალდებული პირების მიერ კომპანიიდან გატანილი და შემოტანილი თანხების ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ ანგარიშვალდებულმა პირებმა დაფარეს კრედიტორული დავალიანება 7 465 ლარის, ოდენობით. ამასთან, როგორც საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზისას გათვალისწინებულია კომპანიის დირექტორის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების საწყისი ნაშთი და აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები, რამაც შეადგინა 91 257 ლარი. აღნიშნულისა და იმ ხარჯების გათვალისწინებით, რომელიც გადახდილია, როგორც ფიზიკურ პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, ასევე, სასტრუმროს, რესტორნებისა და ტაქსის მომსახურებაში, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობა ვერ დადგინდა შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ჯამურად აღნიშნული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ნაღდი ფულის ბრუნვა არ უფიქსირდება, შესაბამისად შემოსავალი ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე, ხოლო ხარჯები გადახდილია საბანკო გადარიცხვით.
შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიის ანგარიშიდან ანგარიშვალდებული პირების მიერ გატანილია 218 214 ლარი, ხოლო შემოტანილია 68 355 ლარი. აღნიშნული პირების მიერ დაფარულია კომპანიის კრედიტორული დავალიანება, ჯამურად 7 465 ლარის ოდენობით. 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კომპანიას დირექტორის მიმართ უფიქსირდებოდა სასესხო ვალდებულება 51 137 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სესხის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით, გაანგარიშდა კომპანიიდან ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები, რამაც შეადგინა 91 257 ლარი. ამასთან ერთად, კომპანიის საბანკო ანგარიშიდან გაწეულია სასტუმროს, რესტორნების და ტაქსის მომსახურების ხარჯები, ღირებულებით - 8 140 ლარი, რომლებზეც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, შესაბამისად ვერ დგინდება ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნობრიობა და ჩაითვალა ხელმძღვანელი პირების სარგებლად. გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხა შეადგენს 17 343 ლარს. აღნიშნულ პერიოდზე კომპანიას წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და პირს დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101 (1); 154 (1,2); 105 (2); 12 (1).