ბრძანება N 27420
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27420
26 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------)
(მის.: -----------------------------------)
2024 წლის 18 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 18 ივლისის №90795/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივნისის №006-312 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2024 წლის თებერვლის თვეში, ინვენტარიზაციის დანიშვნამდე შპს „------ა“ განახორციელა სულ 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაცია განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი იდენტიფიცირებაც ხდება სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკებით. აღნიშნული რეალიზაციის დეკლარირება განხორციელდა შესაბამის თვეშივე. ასევე, შემმოწმებლის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით 2022 წელს ფქვილის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი შეადგენდა 11%-ს, თუმცა გამოყენებულ იქნა 12%, შეიძლება აღნიშნული გამოწვეული იყოს ტექნიკური შეცდომით. 2024 წლის თებერვლის თვეშივე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით ფულის ნაშთი. მიუხედავად ამისა, შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული რეალიზაცია, კომპანიის მიერ დეკლარირებული აღიარებული საგადასახადო ვალდებულება და დეკლარირებული თანხის მიუხედავად იგივე ბრუნვა მეორედ დაბეგრა. გასათვალისწინებელია ისიც რომ კომპანიას კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია მომწოდებელთან. მომჩივანი ითხოვს გონივრულ ვადას, რათა წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებს იმპორტზე შემოტანილი პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას სრულად. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ კომპანია იყენებს მცირე მეწარმეების მომსახურებას სხვადასხვა საქმიანობაში და შეუძლია წარმოადგინოს მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3821 და 27 მარტის №6650 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2024 წლის 27 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 3 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 18 ივნისის №14279 ბრძანება და 19 ივნისის №006-312 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 195 488 ლარი, მათ შორის, გადასახადი 125 093 ლარი, ჯარიმა 61 908 ლარი, საურავი 8 487 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 26 ივლისის №17532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 12 დეკემბრის №24050/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №17532 ბრძანება და საჩივარი, ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის №24050/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
საბჭო მიუთითებს მომჩივნის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ინვენტარიზაციის დანიშვნამდე, 2024 წლის თებერვალში, შპს ,,------ა’’ განახორციელა სულ 701 613 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) რეალიზაცია. აღნიშნული რეალიზაცია განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი იდენტიფიცირებაც ხდება სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკებით. აღნიშნული რეალიზაციის დეკლარირება განხორციელდა შესაბამის თვეშივე. ასევე, 2024 წლის თებერვლის თვეშივე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით აღნიშნული შემოსავლიდან გამოწვეული ფულის ნაშთი. მიუხედავად ამისა, აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს აღნიშნული რეალიზაცია, საზოგადოების მიერ დეკლარირებული აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და იგივე ბრუნვა მეორედ დაბეგრეს, რასაც საზოგადოება არ ეთანხმება.
აუდიტის გაანგარიშების ცხრილიდან ირკვევა რომ 2022 წელს ფქვილის დოკუმენტური საშუალო ფასნამატი შეადგენდა 11 %, თუმცა მათ მიერ გამოყენებულ იქნა 12%. შეიძლება აღნიშნული გამოწვეული იყოს ტექნიკური შეცდომით, მომჩივანი ითხოვს აღნიშნული საკითხის ხელახლა შესწავლას და დარიცხული თანხის კორექტირებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე სათანადოდ არ არის შეფასებული და დამატებით შესწავლას საჭიროებს, მათ შორის ინვენტარიზაციის ჩატარებამდე პირის მიერ მითითებული საქონლის რეალიზაციის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით დამატებით შესწავლას საჭიროებს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული სალაროში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ოდენობა.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ადგილობრივი და იმპორტირებული საკვებით (ფქვილი, შაქარი, ზეთი, კარაქი, რძის ფხვნილი) ვაჭრობა. პირი აღნიშნულ საქმიანობას ეწევა იჯარით აღებული ფართიდან. გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 27 თებერვალს ჩატარდა სასაქონლომატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგები არ გააჩნია. ამავე თარიღში გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში სალაროში ფულის ნაშთი არ უფიქსირდებოდა. შემოწმების პროცესში პირმა წარმოადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, სხვადასხვა ხელშეკრულებები, შედარების აქტები კრედიტორებთან). პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ფასნამატები თითოეული შესამოწმებელი წლისთვის, სასაქონლო კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული იქნა დოკუმენტური რეალიზაციიდან და გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შედეგად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე, შემოწმებისას შედგა ნაღდი ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რჩება განკარგვადი თანხები, რომლის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. გადამხდელთან 2024 წლის 27 თებერვალს ჩატარდა სასაქონლომატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგები არ გააჩნია. ამავე თარიღში გადამხდელთან ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში სალაროში ფულის ნაშთი არ უფიქსირდებოდა. ფასნამატები თითოეული შესამოწმებელი წლისთვის, სასაქონლო კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული იქნა დოკუმენტური რეალიზაციიდან და გავრცელებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შედეგად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმებისას შედგა ნაღდი ფულის მოძრაობის ცხრილი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რჩება განკარგვადი თანხები, რომლის გახარჯვის მიზნობრიობაც ვერ დგინდება. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ინვენტარიზაციის ჩატარებამდე პირის მიერ მითითებული საქონლის რეალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანებას გაეცნო 2024 წლის 23 თებერვალს, რის შემდეგაც პირმა სალაროსა და სმფ-ს ინვენტარისაციის ჩატარების თარიღამდე (27.02.2024) ამობეჭდა 701 613 ლარის ( დღგ-ს ჩათვლით) ჩეკი. აღნიშნული რეალიზაცია შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ვინაიდან, პირს აღნიშნულ რეალიზაციაზე არ არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამასთან, 2023 წლის ოქტომბრის მერე კომპანიას არ განუხორციელებია რეალიზაცია, რაც დგინდება მის მიერ წარდგენილი დღგ-ს დეკლარაციებით (2023 წლის ნოემბერსა და დეკემბერში პირს დღგ-ს დეკლარაციაში ნაჩვენები აქვს ნულოვანი დასაბეგრი ბრუნვა), გადასახადის გადამხდელს მისი რეგისტრაციიდან შემოწმების დაწყებამდე არასდროს ჰქონია იმხელა ბრუნვა, რაც საგადასახადო შემოწმების ჩატარების ბრძანების ჩაბარებიდან ინვენტარიზაციის ჩატარებამდე (3 დღეში) დააფიქსირა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში, ბიუჯეტში გადახდილი აქვს 19 227 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 81 732 ლარი.
რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, ფქვილის ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადამხდელთან გაგზავნილ გაანგარიშებებში ფქვილის ფასნამატად მითითებულია 12% და ასევე, გავრცელებულია 12%.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური რეალიზაციიდან სასაქონლო კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3821 და №6650 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2024 წლის 27 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14279 ბრძანება და ს №006-312 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 195 488 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №17532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №24050/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №17532 ბრძანება და საჩივარი, ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2„ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1 და მე-2); 164(1);