გადაწყვეტილება №26574/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.03.2026
№ დოკუმენტი 26574/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26574/2/2026

05 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 4.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26574/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2025 წლის №005-233 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2026 წლის №2065 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 184 773,89 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 119 007,20

დღგ - 39 797,36

საშემოსავლო გადასახადი - 79 209,84

ჯარიმა - 61 076,90

საურავი - 4 689,79

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს ---დან და ---დან მანქანის ნაწილების იმპორტი. ადგილობრივი შეძენა არ აქვს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 16 იანვრიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 16.01.2024 წლიდან 1.11.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. კომპანიის ბუღალტერთან მოხდა დაკავშირება, თუმცა არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იქნა მოწოდებული,რისთვისაც საწარმოს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს სულ შეძენილი აქვს 550 368 ლარის (დღგ-ის გარეშე) საქონელი, დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 123 429 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად განისაზღვრა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი არ გააჩნია.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 48%) და განისაზღვრა საქონლის კატეგორიების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობა (სულ 685 681 ლარი) დაიბეგრა დღგ-ით.

შემოწმების პროცესში, „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, განისაზღვრა განკარგვადი თანხის ოდენობა, რაც ჩაითვალა მიღებულად და ამავდროულად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2025 წლის №005-233 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.02.2026 წლის №2065 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 22 იანვარს ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის თხოვნის საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 29 იანვარს -:- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ თვითღირებულების განსაზღვრისას საბაჟოზე აფასებული ღირებულების გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებული არ ყოფილა საბაჟოზე აფასებული ღირებულება და არც შემოწმების მიერ ყოფილა აფასება განხორციელებული თვითღირებულების განსაზღვრისას.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და შემოწმებისათვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი საქონლის კატეგორიების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რევიზიის აქტის მიხედვით, დღგ-ის დარიცხვა უკავშირდება საწარმოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის, კერძოდ, ფასნამატის გამოყენებას: შემოწმების აქტის მიხედვით კომპანიას არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული აქვს მიღებული/მისაღები შემოსავალი, მაშინ როდესაც ასეთი შემოსავალი არ ჰქონია კომპანიას. ასევე განბაჟების დროს იქნა ინვოისთან შედარებით გაზრდილი - აფასებით განბაჟება პროდუქციის. აქედან გამომდინარე ფასნამატი ძალიან დიდია. შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი რადგან, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული მიღებული/მისაღები შემოსავლებით და ხარჯებით გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა და სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო ორგანოს პოზიციას ვერ ეთანხმებიან, შემდეგი გარემოებების გამო: არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ასევე ზედმეტად დარიცხული შემოსავალი, რომელიც გამოიწვია არაპირდაპირმა მეთოდმა და რის გამოც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი არარეალურია და ამიტომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა. ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც სზაკ-ის მე-601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია. ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა. საკითხისათვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოაღნიშნული და ბათილად იქნას ცნობილი: შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2026 წლის 3 თებერვლის №2065 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №---21-14 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში კომპანიის ბუღალტერთან მოხდა დაკავშირება, თუმცა არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ იქნა გამოგზავნილი არანაირი დოკუმენტაცია/გაანგარიშება/საბანკო ამონაწერები ან სხვა რაიმე ინფორმაცია, რის გამოც დაჯარიმებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო ორგანომ მიმართა სასამართლოს ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია მიმდინარე კონტროლის ღონისძიება, რა დროსაც მოხერხდა გადასახადის გადამხდელის ბუღალტერთან დაკავშირება და ნაშთად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციის მოძიება, კერძოდ 13 ნოემბრის მდგომარეობით, გადამხდელის ბუღალტრის ინფორმაციით სმფ-ის ნაშთი 0-ის ტოლია. შემოწმებისთვის არ იქნა მოწოდებული არანაირი ინფორმაცია იჯარის შესახებ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განისაზღვრა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ნაშთი არ გააჩნია. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით (საბაჟო პროცედურების განხორციელებისას), განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 48%) და განისაზღვრა საქონლის კატეგორიების შესაბამისად დღგით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით დაერიცხა დღგ. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც განსაზღვრული განკარგვადი თანხა ჩაითვალა მიღებულად და ამავდროულად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. მომჩივნის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ შემოწმების მიერ თვითღირებულების განსაზღვრისას საბაჟოზე აფასებული ღირებულება იქნა გამოყენებული, საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებული არ ყოფილა საბაჟოზე აფასებული ღირებულება და არც შემოწმების მიერ ყოფილა აფასება განხორციელებული თვითღირებულების განსაზღვრისას. თვითღირებულებისას საინვოისო ღირებულებაზე დამატებული იქნა გეზის თანხა და ფაქტურით გამოწერილი ტრანსპორტირების თანხა.

დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში და არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 16.01.2024 წლიდან 1.11.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. კომპანიის ბუღალტერთან მოხდა დაკავშირება, თუმცა არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იქნა მოწოდებული,რისთვისაც საწარმოს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს სულ შეძენილი აქვს 550 368 ლარის (დღგ-ის გარეშე) საქონელი, დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 123 429 ლარს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად განისაზღვრა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი არ გააჩნია.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 48%) და განისაზღვრა საქონლის კატეგორიების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობა (სულ 685 681 ლარი) დაიბეგრა დღგ-ით.

შემოწმების პროცესში, „სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, განისაზღვრა განკარგვადი თანხის ოდენობა, რაც ჩაითვალა მიღებულად და ამავდროულად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2025 წლის №005-233 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №2065 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1„ა“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);